კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

ათსაათიან მატარებელზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ამიტომ ფიგარომ თერთმეტსაათიანი მატარებლის სამი ბილეთი შეიძინა და ყველანი ბაქანზე გავიდნენ. ყველაზე ბნელი ადგილი მოძებნეს და სკამზე ჩამოსხდნენ, რომ თვალში არავის მოხვედროდნენ. მატარებელი რომ ჩამოდგა, ვაგონში ავიდნენ და თავიანთ კუპეში მოკალათდნენ.
– მაინც იაღლიში მოგვივიდა, – უთხრა სედოიმ ფიგაროს.
– რა იაღლიში? – ჰკითხა ფიგარომ.
– ოთხი ბილეთი უნდა გვეყიდა. რა იცი, ვინ შეგვხვდება მეოთხე მგზავრი. რომ გვიცნოს, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება, – თქვა სედოიმ, –  მე და დიმკა დავწვებით, ვითომ გვძინავს. შენ კი მეოთხე მგზავრს დახვდი, ჩიჩმე და გაარკვიე, რა მასტია.
დიმკა და სედოი ქვემოთა ადგილებზე დაწვნენ და კედლისკენ გადაბრუნდნენ, რომ სახეები დაემალათ, ფიგარო კი დერეფანში გავიდა, ფანჯარასთან დადგა და იქ დაელოდა მეოთხე მგზავრს.
მატარებლის გასვლამდე თხუთმეტი წუთით ადრე ვაგონში ორმოცდახუთიოდე წლის ათლეტი მამაკაცი ამოვიდა. ფიგარომ მას თვალი მოარიდა და ფანჯრისკენ შეტრიალდა. მამაკაცი გვერდითა კუპეში შევიდა. ფიგარო თავის კუპეში შებრუნდა და სედოის აღელვებულმა უთხრა:
– სედოი, მგონი, გვეძებენ, აქედან უნდა ავახვიოთ.
– საიდან მოიტანე? – ჰკითხა სედოიმ.
– ახლახან გვერდითა კუპეში ოპერი ლეგაჩოვი შევიდა. არ გახსოვს? როსტოვის მილიციის სამმართველოში რომ მუშაობდა და „ლეგაჩს“ რომ ეძახდნენ?
– მახსოვს, მაგრამ, რატომ ფიქრობ, რომ ჩვენ გვეძებს? იქნებ, უბრალოდ, მგზავრობს?
– მასე რომ არ იყოს და გვეძებდეს?
– არა მგონია. თუ მასეა, მაშინ სხვებიც იქნებიან აქ... მე ვერ გავიქცევი, თქვენ კი წადით.
– რას ამბობ, სედოი, სად უნდა წავიდეთ? – ერთდროულად უთხრეს სედოის დიმკამ და ფიგარომ.
ამ დროს კუპეს კარზე დააკაკუნეს და ფიგარომ ჩურჩულით თქვა:
– აი, მგონი, მოგვადგნენ.
– მშვიდად იყავი და კარი გააღე. ჩვენ კი გადავბრუნდებით, – ჩურჩულითვე მიუგო სედოიმ და კედლისკენ გადაბრუნდა. იგივე გაიმეორა დიმკამაც.
ფიგარომ ხელის კანკალით გააღო კარი და ახალგაზრდა, მოღიმარი ქალი შერჩა, რომელმაც უთხრა:
– საღამო მშვიდობისა. ამ კუპეთი ვმგზავრობ. შეიძლება, შემოვიდე?
ამ სიტყვებმა ისე გაახარა ფიგარო, რომ ქალს გაუღიმა, კუპეში შეიპატიჟა და უთხრა:
– თქვენი ადგილი, ალბათ, მარჯვენა ზემო საწოლია. მე თქვენ პირდაპირ ვწევარ. უხერხული კია თქვენი ზემოთ დაწვენა, მაგრამ, ქვემო ადგილებზე უკვე სძინავთ. ერთი დაღლილი სტუდენტია, მეორე კი – ომის ინვალიდი და ეგრევე ჩაეძინათ. ინვალიდის რა გითხრათ, მაგრამ, ამ ბიჭს რომ ეღვიძოს, ზემოთ ავაგდებდი.
– ნუ წუხდებით, მე მეორე სართულზე მიყვარს მგზავრობა. თანაც, გვიან ვწვები. გვერდითა კუპეში ჩემი მეგობარი მგზავრობს და ცოტას ვიჭორავებთ ღამით. თქვენ კი ნუ უხერხულობთ, შეგიძლიათ, დაიძინოთ. მე მხოლოდ ჩანთას დავდებ საწოლზე და გავალ.
– კარგი, როგორც გენებოთ. ცოტა ხანში მეც დავწვები. კუპეს კი მივხურავ და არ გადავრაზავ, რომ შემოხვიდეთ.
– მოვილაპარაკეთ, – მიუგო ქალმა და ჩანთა მეორე სართულზე შემოდო. ამ დროს ქალს სვიტრი წელზე შემოეტმასნა და ფიგარომ პისტოლეტის ტარს მოჰკრა თვალი, რომელიც ქამარში ჰქონდა გარჭობილი. ჩანთა რომ დააბინავა, ქალი შემოტრიალდა, ფიგაროს გაუღიმა და კუპედან გავიდა, თან კარი გაიხურა.
ფიგარომ კუპეს კარს ყური მიადო, შემდეგ მაგიდასთან ჩამოჯდა და კოლეგებს ჩურჩულით უთხრა:
– ხომ ვთქვი, გვეძებენ-მეთქი. ეს ქალიც „ძაღლია” და ჩვენს დასაჩიჩმად შემოგზავნეს. მე მგონი, გავებით.
– რას ბოდავ, ფიგარო, საიდან მოიტანე? – უთხრა სედოიმ.
– საიდან და, ჩანთა რომ საწოლზე შემოდო, შარვალში გარჭობილი პისტოლეტი დაუნახე. ალყაში ვართ. ახლა, ალბათ, თავისიანებს მოიყვანს და აგვყრიან.
– მართლა პისტოლეტი იყო თუ მოგეჩვენა? – ჰკითხა სედოიმ.
– მართლა ედო, მართლა...
– აქ რაღაც სხვა პონტია. თუ მართლა ჩვენ გვისადკავებენ, გაქცევა უაზრობაა, მაგრამ, არ მგონია, რომ მასე იყოს. შენს კოიკაზე დაწექი და გაისუსე. ვნახოთ, რა მოხდება, – უთხრა სედოიმ და გაჩუმდა.
ფიგარო ტანზე გაუხდელად აძვრა თავის საწოლზე და სმენად იქცა. ამასობაში მატარებელიც დაიძრა. ხუთიოდე წუთის შემდეგ გვერდითა კუპეში ბრაგა-ბრუგი ატყდა, ამას გინებაც თან დაერთო. შემდეგ მატარებლის მუხრუჭის ხმა გაისმა და შემადგენლობა გაჩერდა. მეზობელი კუპე ხმაურით გაიღო. ცოტა ხანში ძებნილების კუპეც გაიღო და პისტოლეტმომარჯვებული ქალი გამოჩნდა. მის დანახვაზე ფიგარო შეხტა და გაიფიქრა, გვიჭერენო, მაგრამ ქალი თავის ჩანთას დასწვდა და, სანამ კუპედან გავიდოდა, წამოწოლილი ფიგარო შენიშნა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, მოქალაქევ, ხმაურისთვის. მოსკოვის მილიციამ დაკავების ოპერაცია ჩაატარა და განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი ავიყვანეთ. ნურავის გეშინიათ, მშვიდად იძინეთ. ღამე მშვიდობისა!
– ღამე მშვიდობისა! გმადლობთ, – მიუგო ფიგარომ და, როგორც კი მილიციელი ქალი კუპედან გავიდა, კარი გადარაზა და დიმკას ფეხებთან ჩამოუჯდა.
– ხომ გითხარი, სხვა პონტია-მეთქი, – უთხრა ფიგაროს სედოიმ და გააბოლა.
– კი მითხარი, მაგრამ, ჯერ ლიგაჩის, შემდეგ კი პისტოლეტიანი ქალის დანახვამ დამაიზმენა და ვიფიქრე, გვიჭერენ-მეთქი, – თავი იმართლა ფიგარომ.
– იმედია, მეტი არაფერი მოხდება და ლენინგრადში მშვიდობით ჩავალთ. დავიძინოთ, – თქვა სედოიმ და გაჩუმდა.
დიმკასა და სედოის მალევე დაეძინათ. ფიგარო კი ორიოდე საათი ფხიზლობდა, შემდეგ ისიც დამშვიდდა და დაეძინა.
***
მატარებელი ლენინგრადში რომ ჩავიდა, ჯერ დილის 7 საათიც არ იყო. სედოი დიმკასა და ფიგაროს დახმარებით ჩამოვიდა ვაგონიდან. მშვიდობიანად გააღწიეს ქუჩაში და ტელეფონ-ავტომატის ჯიხურში შევიდნენ, საიდანაც სედოიმ თავის ბავშვობის მეგობარს დაურეკა. კარგა ხნის შემდეგ ტელეფონში ნამძინარევი მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა:
– გისმენთ!
– ვასკას მხურვალე სალამი მშობლიური როსტოვიდან, – მიუგო სედოიმ გენერალ პოპოვს, რითაც მიახვედრა, ვინც ურეკავდა.
– ეს შენ ხარ, ძამიკო?  – იკითხა პოპოვმა, – სად ხარ?
– ახლახან ჩამოვედით დედაქალაქიდან. ვაგზლიდან გირეკავ, მარტო არ ვარ.
– გასაგებია. თხუთმეტ წუთში მოვალ. მანდვე გაზეთების მწვანე კიოსკია და იქ დამელოდეთ. შავი „ვოლგით” ვიქნები.
– ხომ მარტო ხარ სახლში?
– ყველაფერი რიგზეა, მოვდივარ, – მიუგო გენერალმა და ყურმილი გათიშა.
ფიგარომ და გაქცეულებმა მწვანე კიოსკთან გადაინაცვლეს. გენერალი პოპოვი კი თორმეტ წუთში მოგრიალდა შავი „ვოლგით“. წინ ფიგარო ჩაჯდა, უკან დიმკა და სედოი მოთავსდნენ და მანქანა ადგილიდან დაიძრა.
მთელი გზა უხმოდ იარეს. ოცი წუთის შემდეგ გენერლის სახლში მივიდნენ, რომელიც პრესტიჟულ რაიონში მდებარეობდა. როგორც კი ბინაში შედგეს ფეხი და კარი მიხურეს, პოპოვი სედოის გადაეხვია, ზურგზე ხელები დაუტყაპუნა და უთხრა:
– სიომკა, შე ძველო, როგორ ხარ?
– ძველებურად, ვასკა, როგორ ვიქნები. შენ? შენ როგორ ხარ, შე ძველო?
– მეც ძველებურად. პენსიაზე ვარ და ჩემები მენატრებიან, განსაკუთრებით კი ჩემი შვილიშვილი ვასკა, – მიუგო გენერალმა, შემდეგ პაუზა გააკეთა და დაამატა: – შენი ამბავი ვიცი – პაბეგში ხარ და მთელი საბჭოთა მილიცია გეძებს. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით ჩამოაღწიე.
– კი, გამიმართლა.
– აქ რას ვდგავართ, ოთახში შევიდეთ, – თქვა მასპინძელმა, ბავშვობის მეგობარს მიეხმარა და სავარძელში ჩასვა, შემდეგ დიმკა შეათვალიერა და სედოის ჰკითხა:
– ეს ახალგაზრდა, თუ არ ვცდები, დიმიტრი კანდელაკია.
– კი, ეგაა, – მიუგო სედოიმ.
– თქვენი სურათებითაა მოფენილი მთელი ქალაქი, – თქვა გენერალმა და დაამატა: – ახლა ისეთი დროა, ყველა ფულის შოვნითაა დაკავებული. თავიანთი პრობლემები აქვთ და სხვებს ყურადღებას არ აქცევენ. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ძველი დრო რომ იყოს, პირველივე გამვლელი ამოგიცნობდათ. მილიციას შეატყობინებდა და კამერაში ისხდებოდით. მილიციაც მოდუნდა... კი, კი, მოდუნდა. აი, ჩემი უფროსობის დროს კი სულ სხვაგვარად მქონდა დაყენებული საქმე და ჩვენს ბიჭებს წრუწუნაც კი არ ეპარებოდათ მხედველობიდან.
მონოლოგი რომ დაასრულა, გენერალმა ფიგაროს გახედა და უთხრა:
– შენ ფიგარო არ ხარ?
– დიახ, – მორცხვად მიუგო ფიგარომ.
– მერე, მე ვერ მიცანი? – გაეცინა გენერალს.
– გიცანით, ვასილი ანდრეევიჩ, – წამოწითლდა ფიგარო.
გენერალმა ერთი ნაბიჯი გადადგა ფიგაროსკენ, უზარმაზარი ხელი გაიშვირა, ჩამოართვა და რიხიანად უთხრა:
– გამარჯობა, ფიგარო!
– გაგიმარჯოთ, ვასილი ანდრეევიჩ.
გენერალმა ახლა დიმკას ჩამოართვა ხელი და წარუდგა:
– ვასილი პოპოვი!
– დიმიტრი კანდელაკი, – მიუგო დიმკამ.
– დასხედით, სტუმრებო, – გენერალმა სავარძლებისკენ მიუთითა დიმკასა და ფიგაროს, თავადაც დაჯდა და თქვა:
– აბა, სიომკა, დაწვრილებით მომიყევი, რა ხდება. ზოგადი ინფორმაცია მაქვს. მიდი, გისმენ.
სედოიმ გენერალ პოპოვს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ერთი დეტალიც არ გამორჩენია.
– წარმოგიდგენია, რა გაგვიჩალიჩა იმ ქირურგმა? მხოლოდ სამასი მანეთი დაგვიტოვა და, აი, ეს დამცინავი წერილი, – სედოიმ ჯიბიდან ექიმის წერილი ამოიღო და მასპინძელს მისცა.
გენერალმა ყურადღებით წაიკითხა წერილი, კვლავ სედოის დაუბრუნა და კოპებშეკრულმა თქვა:
– მდაა, დიდი ძაღლიშვილი ყოფილა ეგ თქვენი იური სერგეევიჩი, კაცმა ყვერებით უნდა დაკიდოს კაუჭზე.
– დავკიდებ კიდეც, ერთი ფეხზე დავდგე! – თქვა სედოიმ და დაამატა: – ცოტას შენც თუ დაგვეხმარები, უფრო გაგვიადვილდება ეს საქმე.
– როგორც უკვე ვთქვი, ეგ ქირურგი დიდი ძაღლიშვილი და გამოქექილი ვინმეა. მაგის მოხელთება არაა იოლი, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ. ჯერ კიდევ მაქვს ძველი არხები და საჭირო ხალხსაც ჩავრთავ ამ ამბავში. აბა ერთი ამ გარეწრის გვარი მითხარით.
– ზალკინი, – უთხრა პოპოვს დიმკამ.
– აჰა, ზალკინი იური სერგეევიჩი, – გაიმეორა პოპოვმა, – ხვალიდან ამ კაცზე ფარული საკავშირო ძებნა გამოცხადდება და, იმედია, წარმატებას მივაღწევთ. გაგონილა ასეთი რამ? მილიონები წაიღო, მხოლოდ სამასი მანეთი დატოვა და ხალხი ბედის ანაბარა მიატოვა. იცით, მეგობრებო, ყველაზე მეტად რა მაცოფებს? რა და, ეგ დამცინავი, ამბიციური წერილი. ჭკვიანი ვარო, არა? ჭკვიანი არა, ვირის ტრაკი! ჭკვიანი კაცი სხვაგვარად მოიქცეოდა – მშვიდად ჩაიდებდა ჯიბეში თავის წილს და იცხოვრებდა უზრუნველად და ტკბილად. მან კი რა გააკეთა? მთელი კუში აიღო, მოტყდა და ახლა მთელი ცხოვრება უნდა იმალოს. უნდა იმალოს, აბა, რა უნდა ქნას? ასეთი სერიოზული ხალხი გადაგვიკიდა. რა ჭკვიანი, რის ჭკვიანი. მე თუ მკითხავთ, მაგ ზალკინზე სულელი კაცი ამქვეყნად არ დადის. ხარბია ეგ თქვენი იური სერგეევიჩ ზალკინი. ხარბები კი, ადრე თუ გვიან, უფსკრულში იჩეხებიან. გვეყოფა დარდი და ვარამი, მოშიებულები იქნებით და, მოდი, ვისაუზმოთ. ფიგარო, წამომყევი, საუზმე მოვამზადოთ.
მონოლოგი რომ დაასრულა, პოპოვმა ფიგარო სამზარეულოში წაიყვანა საუზმის მოსამზადებლად. სედოიმ კი დიმკას ჰკითხა:
– რას იტყვი, როგორი ტიპია ვასკა?
– კარგი ბიძაა. ცოტა ლაპარაკი კი უყვარს, მაგრამ, საინტერესოდ ბაზრობს.
– გეთანხმები, მაგაში ბადალი არ ჰყავს. შემყვანი ბაზარი აქვს და ბევრი ჩვენი კოლეგა დაუბამს თავისი ენით, მაგრამ, არასდროს გნიდურად არ მოქცეულა და არავინ „გადაუგდია”. თუკი ვინმეს რამეს შეჰპირდებოდა, აუცილებლად ასრულებდა და არავინ გაუცურებია. მაგრამ, მტრისას, თუკი ვინმე შეეცდებოდა მის „გადაგდებას.” უპირო ხალხს ვერ იტანს და მათ მიმართ დაუნდობელია მოკლედ, ასეა, ძმაო. კი მილიციელია, მაგრამ, ძმობაც იცის და მტრობაც.
– როგორ ფიქრობ, სედოი, ამ საქმიდან გამოვა რამე?
– ქირურგის დათრევას გულისხმობ? ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ. ვასკაც ყველა ღონეს იხმარს და, იმედია, იმ გნიდას მოვიხელთებთ, – მიუგო სედოიმ დიმკას და პაუზის შემდეგ დაამატა: – ცუდი ისაა, რომ უკაპიკოდ ვართ დარჩენილები და ვასკას კისერზე უნდა ვიცხოვროთ. უბრალოდ, მრცხვენია, თორემ, კი არაფერს გვაგრძნობინებს და დაგვამადლის.
დიმკამ  სიგარეტი მოქაჩა, კვამლი გამოუშვა და სედოის უთხრა:
– უკაპიკოდ არ ვართ, არის მაყუთი. უბრალოდ, თბილისში ჩასვლა და წამოღება უნდა. ეს კი ძალიან სარისკოა და კარგი მოფიქრება სჭირდება ყველაფერს.
– ზონაში რომ მითხარი, ერთი საქმიდან პატარა ქეში მაქვს დაზაგაჟნიკებულიო, იმას გულისხმობ?
– არა, – თავი გააქნია დიმკამ და გაეცინა.
– აბა, რა? – ჰკითხა სედოიმ.
– ჯერ ვისაუზმოთ და მერე გეტყვით, – მიუგო დიმკამ.
– იყოს მერე... – დაეთანხმა სედოი და დაამატა, – გული მიგრძნობს, რომ რაღაც კარგი ამბავი გაქვს სათქმელი.
ნასაუზმევს ყველანი სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ, გააბოლეს და სედოიმ თქვა:
– ყურადღება, ძმებო! დიმკას რაღაც აქვს სათქმელი და მოვუსმინოთ.
დიტომ სიგარეტი ჩააქრო და კუკიის სასაფლაოზე დამარხული ოქროს კუბოს ისტორია დაწვრილებით მოყვა, ბოლოს კი თქვა:
– აი, სულ ესაა. ჭაღარას პირობა მივეცი, რომ მისი შვილის ამბავს დაწვრილებით გავიგებდი და, თუ საჭირო იქნებოდა, დავეხმარებოდი. ასე რომ, განძის პოვნა და წამოღება მხოლოდ ნახევარი საქმეა. სიტყვა ბოლომდე უნდა შევასრულო. ეს კი ჩვენს მდგომარეობაში მყოფთათვის არცთუ იოლი გასაკეთებელია და ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქროთ.
დიმკას მონათხრობმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ფიგაროზე მოახდინა. ის სავარძლიდან წამოხტა, ოთახში სირბილი დაიწყო და იმეორებდა: გული მიგრძნობდა, გული, რომ ასე მშრალზე არ დავრჩებოდით. ღმერთი არიფი არაა, ის ყველაფერს ხედავს და ჩვენი გასაჭირი რომ დაინახა, დიდი კუში გვიბოძა.
– ფიგარო, ნუ ცქმუტავ და დაჯექი, – უთხრა ფიგაროს სედოიმ და დანარჩენებს მიუბრუნდა: – საქმის ასეთ შემობრუნებას ნამდვილად არ ველოდი. მაგარია. ჩვენ თუ ეს განძიც გავმაზეთ, მაშინ მართლა არაფრის ღირსები არ ვყოფილვართ და ციხეში უნდა ამოგვალპონ. ყველაფერი კარგადაა მოსაფიქრებელი, რომ მცირე შეცდომაც არ მოგვივიდეს.
– დიდი მოფიქრება ამას არ უნდა, სიომკა, – უთხრა გენერალმა სედოის, – თბილისში მე და დიმკა გავემგზავრებით ჩემი „ვოლგით“. ბიჭს ისე შევნიღბავთ, რომ ის ფოტოგრაფიც ვერ იცნობს, ვინც მისი ძებნილობის სურათები დაამზადა. შენ და ფიგარო კი აქ დარჩებით და მოთმინებით დაგველოდებით. ვფიქრობ, ერთი კვირა გვეყოფა ყველაფრისთვის. ჭაღარას შვილის ამბავსაც გავარკვევთ და, საერთოდ, ყველაფერი კარგად იქნება.
***
დიმკა და გენერალი სამი დღე ემზადებოდნენ თბილისში გასამგზავრებლად. თეატრალურ მაღაზიაში ვასილ პოპოვმა პარიკი და წვერ-ულვაში შეიძინა. დიმკას მოარგო და უთხრა:
– აი, ახლა სულაც არ ჰგავხარ იმ ძებნილს, რომლის სურათებიც მთელ ქვეყანაში, ყოველ კუთხე-კუნჭულშია გაკრული.
– კი. კარგია, – დაამატა სედოიმ. ფიგარომ კი თქვა:
– მუქი სათვალეც ხომ არ მოგვერგო დიმკასთვის, რომ თვალებიც დაგვეფარა?
– თვალებს სხვაგვარად დავფარავთ, – მიუგო გენერალმა და ბამბიანი ბინტი დაანახვა, – აი, ამით ავუხვევთ თვალებს. ამ ყმაწვილს თვალების ოპერაცია აქვს გაკეთებული და სამხრეთში, ზღვაზე მიმყავს დასასვენებლად და სარეაბილიტაციოდ.
– მთელი გზა თვალებახვეული უნდა იყოს? – იკითხა ფიგარომ.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სადმე რეიდი იქნება და შეგვამოწმებენ.
– საბუთებიც რომ მოითხოვონ? – დაინტერესდა სედოი.
– ჩემი ვაჟის სამხედრო ქსივას ვუჩვენებთ. მაქვს მე აქ ერთი ძველი წიგნაკი და მასში ფოტოს შევცვლით. დიმკას კი მე გადავუღებ სურათს, – გაეცინა გენერალს, – თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისე წავალთ და წამოვალთ, მილიციასთან არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება. მანქანაში ჩემს გენერლის მუნდირს დავკიდებ, ეს კი ყველა საბუთზე მეტად ჭრის. განძს ისე კოხტად ჩამოვიტანთ, რომ თქვენი მოწონებული. ვფიქრობ, ერთი კვირა გვეყოფა. შეიძლება, ხუთ-ექვს დღეშიც ჩავეტიოთ.
გენერალს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა. მაგრამ, აქამდე ჩუმად მყოფმა დიმკამ პოპოვის პაუზით ისარგებლა და უთხრა:
– ვასილ ანდრეევიჩ, ჩვენ ხომ ნუცა მგელაძეც უნდა მოვძებნოთ, ჭაღარას ქალიშვილი. ამიტომ, შეიძლება, ერთი კვირა არც კი გვეყოს და თბილისში უფრო მეტხანს დავრჩეთ.
– მოვძებნით, მოვძებნით. სად წაგვივა? მთავარია, მილიციამ არ მოგძებნოთ შენ და სედოი. შენ ჩემ გვერდით იქნები და საფრთხე არ გემუქრება, – გენერალმა ჯერ სედოის შეხედა, შემდეგ ფიგაროზე შეაჩერა მზერა და თქვა:
– სიომკას უსაფრთხოება შენზეა და ხომ იცი, ძალიან ფრთხილად უნდა იყო? თვალებში არავის შეეჩხირო. ჩალიჩი არც კი გაივლო გონებაში. მხოლოდ გასტრონომი, აფთიაქი და სახლი... გასაგებია?
– გასაგებია, ვასილ ანდრეევიჩ. როგორც შევთანხმდით, ზუსტად ისე მოვიქცევი, – მიუგო ფიგარომ.
– არ დაგავიწყდეს, რომ სატელეფონო ზარებს მხოლოდ შენ პასუხობ და ეუბნები, რომ მე ზღვაზე ვარ დასასვენებლად წასული. შენ კი ჩემი ბიძაშვილის შვილი ხარ ირკუტსკიდან და ჩემი თხოვნით ხარ აქ ჩემს ჩამოსვლამდე.
– არ დამავიწყდება. ყველაფერი მახსოვს.
გენერალი ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ ფიგაროს ჰკითხა:
– ჩემმა ვაჟმა ან რძალმა თუ დარეკა გერმანიიდან, რას ეუბნები?
– ვეუბნები, რომ ერთი კვირით ზღვაზე გაემგზავრეთ ჰაერის გამოსაცვლელად.
– შენ ვინ ხარ?
– მე თქვენი ყოფილი ხელქვეითი, კაპიტანი იური სკვორცოვი.
– სწორია, – თქვა პოპოვმა. გააბოლა და ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ სედოის წინ შეჩერდა და ჰკითხა:
– სიომკა, შავტუხა რიტა თუ გახსოვს?
– ბოზი რიტა?
– ჰო. გორკის პარკთან რომ ძოვდა კლიენტების მოლოდინში.
– როგორ არა. მარცხენა დუნდულზე ცალთვალა პირატის ტატუ ჰქონდა. მაგასთან არ დავვაჟკაცდი? პირველად ხომ შენ გამჩითე რიტასთან. თუმანი მიეცი და უთხარი, ეს ბიჭი გამიძღეო. საცოდავი, ალბათ, ახლა მისი ძვლებიც აღარაა და სადმე უპატრონოდ დალია სული, –  თქვა სედოიმ და ნაღვლიანად გაიცინა.
– უპატრონოო? – თქვა პოპოვმა, – უპატრონო კი არა და მთელი როსტოვი და როსტოვის ოლქი ხელში უჭირავს.
– ხელში უჭირავს? – გაუკვირდა სედოის.
– აბა, შენ რა გეგონა? – გაეცინა გენერალს, რომელიც აშკარად ლაპარაკის იშტაზე იყო და რიტას თემაც ამიტომ ჩამოაგდო.
– ეგ როგორ? მშობლიურ როსტოვს ბოზები დაეპატრონენ?
– როგორ და რიტას ნაბიჭვარი ჰყოლია ვიღაც მილიციელისგან. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში გაუჩენია და მამასთან იზრდებოდა, თურმე, დონეცკში.  ჰოდა, ახლა ის ნაბიჭვარი მთელი ოლქის მილიციის უფროსია. გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დედამისს და დიდ პატივსაც სცემს თავის ნაბოზარ დედიკოს. ახლა ხომ ხვდები, რა და როგორ?
– რა მიხვედრა უნდა. ნაბიჭვრებისა და ნაბოზრებისაა ეს ქვეყანა.
– კი. ძირითადად ასეა, თანაც, ახლა. ისეთი დრო დადგა, რომ ნაბოზრებს ფართო ასპარეზი მიეცათ და სოროებიდან გამოძვრნენ.
– ჩვენ კი ვიმალებით, – დაამატა ფიგარომ.
 პოპოვმა გამჭოლი მზერა ესროლა ფიგაროს და უთხრა:
– შენ კი არა, ესენი იმალებიან, – გენერალმა სედოისა და დიმკასკენ გაიშვირა ხელი, – შენ კი გიმეორებ, სედოიზე საკუთარი თავით აგებ პასუხს.
– ვასილ ანდრეევიჩ, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე? – იწყინა ფიგარომ.
– კარგი, კარგი, ნუ იბუტები, – შემრიგებლურად უთხრა გენერალმა ფიგაროს და კვლავ სედოის მიუბრუნდა:
– სოროებიდან გამომძვრალები ამ ქვეყანას დაღუპავენ. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები.
– ნერვებს ნუ იშლი, ვასკა. გზაში დაგჭირდება, – ღიმილით მიუგო პოპოვს სედოიმ.
– ჰო, მართლა. გზაში შეიძლება, პისტოლეტიც დამჭირდეს და წაღება არ დამავიწყდეს. მინისტრის ნაჩუქარი „ტეტე“ მაქვს და იმას წავიღებ, – თქვა გენერალმა.
– შენ რა, ომს აპირებ? – გაეცინა სედოის.
– მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. არეული დროა და რა იცი, რა ხდება?
– ვასილ ანდრეევიჩ, მეც წამოვიღო იარაღი? – ჰკითხა გენერალს დიმკამ.
– მე მგონი, არ ღირს. მართლა საომრად კი არ მივდივართ. ერთიც გვეყოფა, – თქვა პოპოვმა. შემდეგ საწერი მაგიდის უჯრიდან ქრომირებული „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო და სიამაყით შეათვალიერა, – პირადად მინისტრმა მისახსოვრა უმწიკვლო მუშაობისთვის.
***
მეორე დღეს დიმკა და გენერალი უთენია გამოემგზავრნენ ლენინგრადიდან. დიმკა უკანა სავარძელზე იყო მოკალათებული. გვერდით კი ბამბიანი ბინტი ედო, რომ საჭიროების შემთხვევაში, თვალებზე აეკრა და კიდევ უფრო მეტად შენიღბულიყო. პოპოვი საკმაოდ სწრაფად მიაქროლებდა „ვოლგას“ და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე დაშვებულ სიჩქარესაც კი აჭარბებდა. თუმცა, ავტოინსპექტორებს ერთხელაც კი არ უცდიათ მისი გაჩერება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი მანქანის ნომერს ცნობდნენ და თავიანთ ყოფილ უფროსს მხედრული სალმით აცილებდნენ. თანაც, ფანჯარაზე დაკიდული, მილიციის გენერლის საპარადო მუნდირი, იმის მყარი გარანტია იყო, რომ „ვოლგას“ ყველგან მწვანე შუქი ექნებოდა და პოპოვი თამამად მიიწევდა წინ.
ენერგიული გენერალი მთელი გზა არ გაჩერებულა და დიმკას სხვადასხვა ისტორიას უყვებოდა. თან, თავის მონათხრობს კომენტარებს უკეთებდა და ისე ჩააღწიეს სოჭამდე, მხოლოდ ორჯერ შეჩერდნენ გზაში. სოჭში რომ შედიოდნენ, უკვე ბინდდებოდა. პოპოვმა სვლა შეანელა და დიმკას უთხრა:
– თვალები აიხვიე და დაწექი, ვითომ გძინავს.
– რა ხდება, ვასილ ანდრეევიჩ? – ჰკითხა დიმკამ გენერალს. თან, ბამბიანი ბინტით აიხვია თვალები და სავარძელზე დაწვა.
– მილიციის რეიდია და ყველას აჩერებენ. ეტყობა, რაღაც მოხდა. მაგრამ, არაფერია. გავძვრებით. შენ კი თავი მოიმძინარე.
პოპოვმა „ვოლგა“ მილიცის ბლოკ-პოსტთან გააჩერა. მანქანიდან გადავიდა და ულვაშიან კაპიტანს ჰკითხა:
– რა ხდება, კაპიტანო?
– თქვენი საბუთები, მოქალაქევ... საბარგულიც გახსენით. მანქანა უნდა შევამოწმოთ, – მკაცრად მიუგო პოპოვს კაპიტანმა, რომელსაც ყურადღება არ მიუქცევია ფანჯარასთან დაკიდებული გენერლის მუნდირისთვის და პოპოვს აკვირდებოდა.
– შენ რა, თვალებში ვერ იხედები? – მკაცრად უთხრა პოპოვმა კაპიტანს და მუნდირისკენ გაიშვირა ხელი, თან მილიციელს თავისი პირადობის მოწმობა გაუშალა ცხვირწინ.
– ბოდიშს გიხდით, ამახანაგო გენერალო. მთელი დღეა, რეიდი გვაქვს და ცოტა არ იყოს, დავიღალე. შეგიძლიათ, გაემგზავროთ, – კაპიტანი მხედრულად გამოეჭიმა პოპოვს.
– მაინც, რა ხდება, რას ეძებთ? – დაინტერესდა გენერალი.
– განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა გაქცეული და იმას ვეძებთ. ქანცი გაგვიწყდა, – მიუგო კაპიტანმა.
– წარმატებას გისურვებთ, – უთხრა კაპიტანს პოპოვმა. „ვოლგაში“ ჩაჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
– რა ხდება ვასილ ანდრეევიჩ? – ჰკითხა პოპოვს დიმკამ.
– გაქცეულ რეციდივისტს ეძებენ, – მიუგო გენერალმა, – ფუი, ბენზინი ილევა. ბენზინგასამართ სადგურამდე მიგვაღწევინა და მეტი არაფერი მინდა.
„ვოლგა“ რის ვაი-ვაგლახით მიგორდა ბენზინგასამართ სადგურამდე და გაჩერდა. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. განათებულ ჯიხურში ოპერატორი იჯდა. მანქანა რომ დაინახა, გარეთ გამოვიდა და პოპოვს ჰკითხა:
– რამდენი ჩაგისხათ?
– სულ გაავსე, – მიუგო გენერალმა და ოპერატორს ფული გადაუხადა.
ავზი რომ აივსო, ოპერატორმა შლანგი თავის ადგილზე დააბრუნა. შემდეგ სახურავი მიახრახნა. ავზი დახურა და კიოსკისკენ გაბრუნდა. უცებ, სიბნელიდან პისტოლეტმომარჯვებული მამაკაცი გამოვიდა. პისტოლეტის ტარი ოპერატორს შუბლში ჩასცხო და ძირს დააგდო. შემდეგ „ვოლგაში“ შეხტა. გენერალს იარაღი მიუშვირა და უღრიალა:
– ჩქარა, მანქანა დაძარი, თორემ აქვე გაგათავებ!
პოპოვმა პისტოლეტიანს შეხედა და ირონიით მიუგო:
– ეს შენ გეძებენ, „ვირთხა“?
პისტოლეტმომარჯვებული თავისი მეტსახელის ხსენებაზე შეცბა. პოპოვს დააკვირდა და კბილებში გამოსცრა:
– შენ ხარ, პოლკოვნიკო? საიდან სადაო. ჩქარა, დაძარი მანქანა.
გენერალი „ვოლგის“ დაძვრას არ ჩქარობდა. მას ირონიულად ჩაეცინა და მიუგო:
– ვირთხა, შე კრეტინო. თვალები უკანალში გაქვს? ჩემს მუნდირს მაინც ვერ ხედავ? გენერალი ვარ და არა პოლკოვნიკი.
– ტყვია წოდებებს ვერ არჩევს. ჩქარა დაძარი, თორემ გესვრი.
– მესვრი და შორს ვერ წახვალ, – გაეცინა გენერალს და პაუხა გააკეთა, – ვირთხა, მოდი, დამნებდი და მოვრჩეთ ბაზარს, თორემ მაინც მოგაგნებენ და შეიძლება, მიგადუღონ კიდეც.
– დამცინი, შე ბოზო. ჩქარა დაძარი, თორემ გაგიშვი საიქიოში. ორი „ტრუპი“ მაქვს აკიდებული და უკან დასახევი გზა მოჭრილია.
გენერალმა ძრავა ჩართო და „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა. ვირთხამ უკანა სავარძელზე გატრუნულ დიმკაზე მიუთითა და პოპოვს ჰკითხა:
– ეს ვინღაა?
– ჩემი შვილიშვილია. გამაყუჩებელი აქვს გაკეთებული და სძინავს. თვალები აწუხებს, – დაბადებიდან ბრმაა. სამკურნალოდ მიმყავს.
– ჰოდა, თუ არ გინდა, სული გავაფრთხობინო, რასაც გეტყვი, ის გააკეთე, თორემ ვესვრი. ჩემთვის სულერთია, მაინც არაფერი მაქვს დასაკარგი.
– რას მოითხოვ, მაინც რა გინდა, რომ გავაკეთო.
– სოხუმამდე ჩამიყვანე. შენ არავინ გაგაჩერებს. იქ კი მე ვიცი, ჩემი გზით წავალ.
– კარგი, კარგი, ნუ ხმაურობ. შვილიშვილი არ შემიწუხო. ჯანდაბას შენი თავი, ჩაგიყვან სოხუმში, – მიუგო პოპოვმა და სისწრაფეს მოუმატა.
ვირთხა სავარძელს აეკრა. პისტოლეტი ოდნავ ქვევით დასწია და პოპოვს უთხრა:
– გიმეორებ, დასაკარგი არაფერი მაქვს და თუკი ჩემს ჩაშვებას მოინდომებ, გაუფრთხილებლად გესვრი.
უცებ, ვირთხამ კეფაზე ცივი რკინა იგრძნო და მოესმა.
– იარაღი დააგდე, თორემ გესვრი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3