რა დამსახურებისთვის დააჯილდოვეს სახელმწიფო ორდენით ქართველი ჯიბგირი ქალი
„ლენკა“
ელენე ჯაიანი პროფესიონალი ჯიბგირი იყო. კრიმინალურ ხელობას უმაღლეს დონეზე ფლობდა და არაფრით ჩამოუვარდებოდა მამაკაც კოლეგებს. ყველაფერთან ერთად, ის უზადო გარეგნობით იყო დაჯილდოვებული. რომ არა ბედის უკუღმართობა, შესაძლოა, კინოვარსკვლავიც კი გამოსულიყო. ტანწერწეტა, შავთმიანი, ცისფერთვალება გოგონა, ბავშვობიდანვე იპყრობდა საპირისპირო სქესის ყურადღებას და თავყვანისმცემლები არ აკლდა. ის 1945 წელს თბილისში დაიბადა. მამა ავიაინჟინერი იყო. 15 წლის ელენე მეცხრე კლასში სწავლობდა, დედა რომ გარდაეცვალა. სულ რაღაც ორ თვეში, მამამ ახალი ცოლი მოიყვანა. ელენე ვერ შეეგუა დედინაცვალს და სახლიდან გაიქცა. თან, დედინაცვლის ძვირფასი სამკაულებიც გაიყოლა. მამას 200 მანეთი ამოუღო საფულიდან და შავი ზღვისპირეთისკენ აიღო გეზი. გაცოფებული დედინაცვალი მილიციაში გაიქცა და ძვირფასეულობის დაკარგვის ამბავი განაცხადა. ელენეზე ძებნა გამოცხადდა. გოგონა ამ დროს სოხუმში იყო და თავის მეგობართან, ირინე ქურციკიძესთან ცხოვრობდა, რომელსაც ნათესავები ჰყავდა იქ. 21 ივლისს ქურციკიძეებს მილიციის ინსპექტორმა მიაკითხა და სტუმარი გოგონა იკითხა. ირინემ ყველაფერი იცოდა ლენკაზე. ამიტომ, მეგობარი გააღვიძა და უთხრა:
– მილიცია გეძებს. გაიქეცი, ელენე!
ელენემ სასწრაფოდ ჩაიცვა. მოპარული ძვირფასეულობა ჩანთაში ჩაყარა, ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა. ძებნილმა გოგონამ მთელი დღე პლაჟზე გაატარა და დამსვენებლებში ჩაიკარგა. ღამით კი სადგურზე გავიდა. იქ ერთ-ერთ ჩიხში მდგომ შემადგენლობის ვაგონში შეიპარა და კუპეში დაიმალა. მშიერ-მწყურვალსა და დაღლილს მალევე ჩაეძინა. თუმცა, ორიოდე საათის შემდეგ ისევ გაეღვიძა. კუპეში ვიღაც ახალგაზრდა შევიდა და ელენე რომ დაინახა, ჰკითხა:
– გამცილებელი ხარ?
– არ მომეკარო, თორემ ვიკივლებ, – მიუგო შეშინებულმა ელენემ.
– ჩუმად, ჩუმად. არც ვაპირებ. ვინ ხარ? – თქვა ახალმოსულმა.
– შენ თვითონ ვინ ხარ? – კითხვა შეუბრუნა ლენკამ. ახალმოსულს გაეცინა და ელენეს უთხრა:
– ვატყობ, შენც ჩემსავით იმალები. მე ჟენკა მქვია. შენ?
– რატომ იმალები? – ჰკითხა ელენემ.
– შენ? – კითხვა შეუბრუნა ახალგაზრდამ.
– მილიცია მეძებს.
– მეც მეძებენ. რატომ გეძებს მილიცია?
– შენ რატომ გეძებენ?
– მე ჯიბგირი ვარ, ჯიბის ქურდი. უნივერმაღში საფულე მოვიპარე და იმიტომ. შენ რა დააშავე?
ერთი სიტყვით, ახალმოსული 25 წლის ჯიბგირი, ევგენი სკოკოვი, მეტსახელად „ჟენია სკოკი“ აღმოჩნდა. ელენემ მას თავისი ამბავი გაანდო, ჟენიამ კი გოგონას ერთად გამგზავრება და დამალვა შესთავაზა.
– მთავარია, როსტოვამდე ჩავაღწიოთ. იქ კი არაფერი გაგვიჭირდება. ნუ გეშინია, ხელს არ გახლებ. რა გქვია?
– ელენე, – მიუგო გოგონამ, რომელიც ოდნავ დამშვიდდა.
– ლენკა... მშვენიერი სახელია, – თქვა სკოკმა, – დილის ხუთ საათზე ერევანი-როსტოვის მატარებელი ჩამოივლის. წამომყვები როსტოვში?
– კი, – მიუგო ელენემ და ჯიბგირს გაუღიმა.
ორდენოსანი
ლენკა და სკოკი მხოლოდ სამი თვე გაჩერდნენ როსტოვში. სკოკოვს იქაც მიაგნო მილიციამ. ამიტომ წყვილი მოსკოვში გაემგზავრა. მანამდე კი, მათ ელენეს მოპარული ძვირფასეულობა 3 ათას მანეთად გაყიდეს. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში წყვილმა თითქმის ერთი წელი დაჰყო. ელენე სრულწლოვანი გახდა. ქურდს ის უზომოდ შეუყვარდა. თუმცა, მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და ზედმეტს არაფერს ჰკადრებდა. ამასობაში, ელენე ჯაიანი საფუძვლიანად დაეუფლა ჯიბგირის პროფესიას და ისე დაოსტატდა, თავის მასწავლებელსაც კი აჯობა. ჯიბგირების ტანდემი ძირითადად ტრანსპორტსა და მსხვილ სავაჭრო ცენტრებში მუშაობდა. ყოველდღიურად ისინი საკმაოდ მსხვილ თანხასაც შოულობდნენ. თუმცა, მოსკოვის მილიციამ მათზე ნადირობა გამოაცხადა და იძულებულები გახდნენ, დედაქალაქი დაეტოვებინათ.
სკოკოვი მხოლოდ წლების შემდეგ გამოუტყდა თავის მეწყვილეს სიყვარულში. ლენკამ მას თანხმობა მისცა და მართალია, ძებნილობის გამო, ხელი ვერ მოაწერეს, მაგრამ დაქორწინდნენ. ამგვარად, 22 წლის ელენე ჯაიანი დაორსულდა და 9 თვის შემდეგ ვაჟი გააჩინა, რომელსაც იური დაარქვეს. დედა-შვილი როსტოვში დასახლდა. შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. ამასობაში, ყალბი საბუთებით მცხოვრები ელენე ჯაიანი მილიციამ გაშიფრა და 1968 წელს, 8 წლის შემდეგ, წაუყენეს მას იმ ძვირფასი სამკაულების ქურდობის ბრალდება, რომელიც დედინაცვალს თბილისში მოჰპარა. მიუხედავად ამისა, ელენე არ დაუპატიმრებიათ, რადგან ჩვილი ბავშვი ჰყავდა და მხოლოდ სამწლიანი პირობითი სასჯელი მისცეს. ამასობაში, ერთ-ერთი ჯიბგირობის დროს, მოსკოვის უნივერსიტეტში მოქალაქეებმა სკოკი ფაქტზე დაიჭირეს და სცემეს. ქურდი ორი დღის მერე მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ელენე ბავშვთან ერთად, როსტოვში დაბრუნდა და სკოკის მშობლებთან დასახლდა. თუმცა, 4 წლის მერე ბავშვი ბებიასა და ბაბუას დაუტოვა, თვითონ კი, მოსკოვში დაბრუნდა და კვლავ ჯიბგირობას მიჰყო ხელი. 1971-1979 წლებში მოუხელთებელი ქართველი ჯიბგირი, მეტსახელად „ლენკა“, მუსრს ავლებდა მოსკოველებისა და დედაქალაქის სტუმართა ჯიბეებს. ისე ოსტატურად ქურდობდა, რომ მილიცია მის მოხელთებას ვერ ახერხებდა. არადა, ყველამ იცოდა, რომ მოსკოვში მომხდარი ჯიბგირობის 20 პროცენტი, ანუ მეხუთედი, ელენე ჯაიანზე მოდიოდა.
– ეგ ქალი უნდა გააჩეროთ! – ასეთი მკაცრი და მტკიცე ბრძანება გასცა მოსკოვის მილიციის უფროსმა და მიუხედავად იმისა, რომ ლენკა ფაქტზე არასოდეს დაუჭერიათ, 1979 წლის 23 მაისს მოსკოვში, ძველ არბატზე დააკავეს და „მურში“ მიიყვანეს.
მოსკოველმა მაძებრებმა მოუხელთებელ ჯიბგირ ქალს საქმე შეუკერეს და 5 წლით ციხეში ჩასვეს. თუმცა, 1980 წლის აგვისტოში, როდესაც საბჭოეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა, ლენკა მოულოდნელად საკნიდან გამოიყვანეს და ლუბიანკაზე („კაგებეს“ შტაბბინა) მიიყვანეს. იქ მას კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი, ანტოპ პეროვი დახვდა და უთხრა:
– კვალიფიკაცია ხომ არ დაკარგეთ, ლენკა?
– დამცინით?! – მიუგო ქალმა.
– გინდათ, ციხიდან გამოხვიდეთ?
– ეს ვის არ უნდა?
– მაშინ, „კაგებეს“ უნდა დაეხმაროთ.
ერთი სიტყვით, კონტრდაზვერვა ლენკას ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას შეჰპირდა. სამაგიეროდ, ჯიბგირს ერთ-ერთი უცხოელისთვის ჯიბეები უნდა დაეცარიელებინა მოსკოვის აეროპორტში.
– რაში გჭირდებათ უცხოელის „გაპარსვა“? – დაინტერესდა ლენკა. პეროვმა კი აუხსნა:
– ობიექტი დიპლომატია და მას ვერ გავჩხრეკთ. ჩვენ კი ეჭვი გვაქვს, რომ საიდუმლო ჩანაწერების გატანა უნდა ქვეყნიდან. ეს ჩანაწერები მას ბლოკნოტში აქვს. ბლოკნოტს კი ჯიბით ატარებს. გასაგებია?
1980 წლის 3 აგვისტოს, მოსკოვის აეროპორტ „შერემეტევო 2-ში“ ამერიკელი დიპლომატი როლფ ველმერი საკონტროლო გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა და მოსკოვი-ფრანკფურტის რეისზე უნდა ასულიყო. თვითმფრინავი 30 წუთის შემდეგ მიფრინავდა. ამ დროს მას მომხიბვლელი ქალი მიუახლოვდა. შემთხვევით მხარი გაჰკრა და გაიარა. დიპლომატმა ქალს თვალი გააყოლა და კონტროლიორს ბილეთები და პასპორტი მიაწოდა, რომ საზღვარი გადაელახა. მაგრამ მას უთხრეს:
– ბოდიში, მაგრამ რეისი ერთი საათით გადაიდო. თვითმფრინავს რაღაც გაუფუჭდა და მოცდა მოგიწევთ.
დიპლომატი ბარში დაბრუნდა და კოქტეილი შეუკვეთა.
რეისი, რა თქმა უნდა, „კაგებემ“ შეაფერხა. ეს კი იმისთვის გაკეთდა, რომ ლენკას მიერ მოპარული ბლოკნოტი სასწრაფოდ დაემუშავებინათ და ჩანაწერები გაეშიფრათ. მართლაც, „კაგებემ“ აეროპორტშივე ჩაატარა მანიპულაციები და მოპარულ ბლოკნოტში სტრატეგიული მნიშვნელობის დაშიფრული სამხედრო სქემები აღმოაჩინეს. შემდეგ დიპლომატი დააკავეს, ქურდთან დააპირისპირეს. მართალია, ამერიკელი უარყოფდა, რომ ბლოკნოტი მისი იყო, მაგრამ ეს იქვე დაუმტკიცეს. მასზე ველმერის თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა.
ამერიკელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს. ლენკა კი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. ციხიდან გამოუშვეს და 36 წლის ქალი როსტოვში დაბრუნდა. კრიმინალურ საქმიანობას თავი დაანება და შვილის აღზრდას მიჰყო ხელი.