როგორ აღმოჩნდა „ლა სკალაში“ სამი მნიშვნელოვანი როლი ქართველი ქალების ხელში და როგორ ჩაიარა მათი შესრულებით „კარმენმა“ სრული ანშლაგით
– სოფი, უპირველეს ყოვლისა, გილოცავ „ლა სკალას“ სცენაზე წარმატებულ გამოსვლას. სამმა ქართველმა, გარდა იმისა, რომ მაყურებელი აღაფრთოვანეთ, ჩვენც, თქვენს თანამემამულეებს, ასეთი წარმატებით კიდევ ერთი დიდი სიხარული მოგვანიჭეთ. რაც მთავარია, აქამდე არ ყოფილა იმის პრეცედენტი, რომ „ლა სკალას“ სცენაზე, ერთ ოპერაში, სამ ქართველს ერთდროულად ემღეროს.
სოფია მჭედლიშვილი: ასეთი პრეცედენტი ჯერ მართლაც არ ყოფილა, პირველად მოხდა „ლა სკალას“ ისტორიაში. მე ამ სპექტაკლში „ლა სკალას“ აკადემიიდან მოვხვდი – ამირჩიეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სოპრანო. მანამდე, ანუ მარტში, „ლა სკალაში“ ეს ოპერა ითამაშა სხვა შემადგენლობამ, ძალიან დიდმა მომღერლებმა და მეორე სერია იყო უკვე ივნისის დასაწყისში, სადაც სამი ქართველი მოვხვდით ერთად: ანიტა – კარმენი, ნინო მაჩაიძე – მიკაელა და მე – მერსედესი. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პერიოდი, სულ სხვანაირი სიხალისე, ენერგია იყო. მანამდე არც ანიტას ვიცნობდი და არც ნინოს, ველოდებოდი იმ დროს, როდესაც მათ შევხვდებოდი. საბოლოოდ, დავმეგობრდით, ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს სცენაზე როგორც პარტნიორები და, სცენის მიღმაც დღემდე, სასიამოვნო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. სამივეს, რა თქმა უნდა, გვსურდა, საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა და ჩვენი სახელი და ქვეყანა მაქსიმალურად მაღალ დონეზე წარმოგვედგინა, რადგან სამი მნიშვნელოვანი როლი ქართველი ქალების ხელში აღმოჩნდა.
– რა ხდებოდა კულისებში, სცენის მიღმა?
– სიხალისე, სასიამოვნო ხუმრობები და ბევრი კარგი რამ. სანამ საღამო დაიწყებოდა, ჩვენთვის ვემზადებოდით: ვარცხნილობა, მაკიაჟი; ირგვლივ დაძაბული სიჩუმე იყო, ყველა თავის საქმეზე ფიქრობდა. მაგრამ, როგორც კი გაიხსნა ფარდა, დაიწყო უვერტიურა და წამოვიდა მუსიკიდან საოცარი ფერები, ყველა ავტომატურად გადავედით ჩვენს როლზე. დიდი ცეცხლი, ენერგია მოდიოდა სცენიდან.
– წინასწარ იქნებოდა გაჟღერებული, რომ სამი ქართველი ასრულებდა „კარმენში“ მთავარ პარტიებს. ქართველი საოპერო მომღერლების მოსმენას მთელ მსოფლიოში დიდი ემოციებით ელოდებიან და, ალბათ, ახლა ეს მოლოდინი სამმაგი იყო.
– ტელევიზიებმა გააშუქეს, ინტერვიუებიც გვქონდა. მათ, ვინც „ლა სკალას“ მუდმივი მსმენელები არიან, დიდი მოლოდინი ჰქონდათ. ზოგიერთები „ფეისბუქზეც“ წერდნენ, რომ ვეღარ ძლებდნენ პირველ სპექტაკლამდე. ვისაც აბონემენტით არ ეკუთვნოდა ბილეთი, სალაროსთან იდგნენ რიგში, რომ ბილეთები ეყიდათ – არ გვინდა გამოვტოვოთო. იყო შემთხვევა, რომ ერთი და იგივე ხალხი ორჯერ-სამჯერ მოდიოდა სანახავად, იმდენად კარგი და სასიამოვნო სპექტაკლი იყო. ასე რომ, მაყურებლისგან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. სულ 5 სპექტაკლი ვითამაშეთ.
– და ყველამ ანშლაგით ჩაიარა.
– გადატენილი იყო დარბაზი, ყველა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. მაღალ სართულებზეც, „გალიორკას” რომ ეძახიან, ხალხი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ფეხზე იდგა და ისე გვისმენდა. არ ვიცი, რა გაძლება უნდა გქონდეს, რომ სამსაათიან ოპერას ფეხზე მდგარმა უყურო. ყველა სპექტაკლის შემდეგ, არტისტების გამოსასვლელთან 20-30 კაცი იყო შეკრებილი ავტოგრაფების მოლოდნში. ჩვენი აფიშის პატარა ასლები ჰქონდათ ნაყიდი, ყვავილები, საჩუქრები; ფოტოებს იღებდნენ... რა აღარ ხდებოდა. ძალიან სასიამოვნო მომენტია, როცა პირისპირ ხვდები შენს მსმენელს, რომელიც შენით აღფრთოვანებულია.
– სამივემ ერთად არ აღნიშნეთ ეს დიდი წარმატება?
– აღვნიშნეთ. ბოლო სპექტაკლის შემდეგ ჩვენმა საოცარმა დირიჟორმა ყველა მომღერალი, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი დაგვპატიჟა რესტორანში, რომ სპექტაკლების წარმატებული სერია აღგვენიშნა.
– როგორც ვიცი, ამ სპექტაკლამდე შენს კარიერაში ძალიან ბევრი წარმატება და როლი იყო.
– ჯერ კიდევ „ლა სკალას“ აკადემიაში ჩაბარებამდე იყო წარმატებული სპექტაკლები. პარტიები „ლუჩია დი ლამერმურში“, ბარში „რიგოლეტო“; „კარმინა ბურანა“, „ტანკრედი“ – ლომბარდიის თეატრებში, ფოლევილეს პარტია გერმანიაში და ასე შემდეგ.
– ვინ აღმოაჩინა შენში მუსიკალური ნიჭი?
– დედამ შეამჩნია, რომ სიმღერა მიყვარდა. თავადაც ძალიან უყვარს სიმღერა, განსაკუთრებით – ოპერა. მელომანია, კარგი მსმენელი. მას დავყავდი თეატრში, სადაც იდგმებოდა სპექტაკლები და სწორედ იქიდან შემიყვარდა ეს საქმე. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი პროფესია. ამ მხრივ ყოველთვის მიზანდასახული ვიყავი და, მას შემდეგ, როგორც კი ეს გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი ყველა ნაბიჯი ამ მიზნისკენ იყო მიმართული. თუმცა, რომ არა დედა და ჩემი ოჯახი, მე ყოველ ნაბიჯს ასე ვერ გავთვლიდი. ჯერ დავამთავრე კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო ათწლედი, მერე კი ფორტეპიანოს განხრით ჩავაბარე – მინდოდა, ამ სფეროში მიმეღო განათლება. მაგრამ შემდეგ გადავედი ვოკალზე, ქალბატონ თამარ სარვაზიშვილთან და, იქიდან მოყოლებული, ის ტექნიკა, რაც დღეს მე გამაჩნია, სწორედ მისი დამსახურებაა. შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე უნიკალური მაესტროს, ნოდარ ანდღულაძის კლასში (რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან აღარ არის), სადაც საოცნებო, მრავალფეროვან ინტერპრეტაციის სამყაროს ვეზიარე. მასთან დაუვიწყარი წლები გავატარე. დღეს თამარ სარვაზიშვილთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს როგორც პედაგოგთან და როგორც მეგობართან.
– რომელი იყო საქართველოში შენი პირველი სერიოზული წარმატება?
– ჩემთვის საქართველოში ყოფნის პერიოდში და იმ ასაკში, რომელშიც მე ვიყავი, ყველაზე დიდი მოვლენა იყო, როდესაც მაესტრო ვატო კახიძემ ამიყვანა ქეთოს როლზე „ქეთო და კოტეში“. ამან, როგორც მომღერალსა და არტისტს, დიდი წინსვლა მომიტანა, რადგან, დიდ ორკესტრთან ერთად და ასეთ საოცარ დირიჟორთან ერთად მთელი პარტია ვიმღერე. მანამდე ვატო კახიძესთან ერთად ვიმუშავეთ გალა კონცერტზე, რომელზეც ჯილდას არია ვიმღერე. შემდეგ ეს არია დაიდო ინტერნეტში, საიდანაც აგენტებმა მოისმინეს, დამიკავშირდნენ და მთხოვეს, მათთან მემუშავა. მათი მეშვეობით, 22-23 წლის ასაკში პირველად წამოვედი იტალიაში და აქ დაიწყო მოსმენების მთელი სერიები, რამაც საბოლოოდ კარგი შედეგები გამოიღო. ორი წლის წინ „ლა სკალას“ აკადემიაში ჩავაბარე, რომელიც ახლახან დავამთავრე და საზეიმო კონცერტიც გვქონდა, სადაც დიპლომი გადმომეცა. ახლა კონტრაქტები მაქვს არა მხოლოდ იტალიის, არამედ სხვა ქვეყნების მასშტაბითაც. ბევრი სამომავლო გეგმაა, რომელზეც ჯერ არ მსურს საუბარი, თუმცა, არის დასრულებული კონტრაქტები – საფრანგეთში, ვერონაში, „ღამის დედოფალში“ მექნება დებიუტი, რაც ძალიან მიხარია.
– ალბათ, თავიდან, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩახვედი, იყო გარკვეული სირთულეები.
– რა თქმა უნდა, იყო სირთულეები: პირველად ჩამოვედი ქვეყანაში, რომელსაც არ ვიცნობდი, თან, ენაც არ ვიცოდი და ღამეები არ მეძინა დაძაბულობისგან, მაგრამ, ყველაფერმა გაიარა – შევეჩვიე ხალხს, აქაურობას, თავისუფლად ვლაპარაკობ იტალიურად და დღეს, შეიძლება ითქვას, ეს ჩემი მეორე სახლია.