კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან ჩამოიტანა თემურ ყვითელაშვილის შვილმა საქართველოში ოქროს მედალი და რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში კარატეს

თემო ყვითელაშვილი: მუსიკალურ სემინარიაში ვსწავლობ, მე-11 კლასში ვარ და საატესტატო გამოცდებს ვაბარებ. სამომავლო პროფესია ჯერ არ ამირჩევია. სკოლას რომ დავამთავრებ, მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. ისე, დროის დიდ ნაწილს მუსიკას ვუთმობ, უფრო მეტიც, მუსიკით ვცხოვრობ.  ძალიან მიყვარს ეს სფერო. სხვა პროფესიებისაგან განსხვავებით, უფრო ჩემია, ამიტომ გამორიცხული არაა, სამომავლოდ მუსიკის გზას გავყვე.
– ამ ყოველივესთან ერთად, წარმატებული კარატისტი ხარ. რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ?
– კარატეზე სიარული 10 წლის ასაკში დავიწყე. ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა წარმატება დამიგროვდა. ამჟამად ყავისფერი ქამრის მფლობელი ვარ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი 2013 წლის, მაკაბიადის ოლიმპიური თამაშები იყო, სადაც ოქროს მედალი მოვიპოვე. იერუსალიმში საქართველოს მასშტაბით, 5 კარატისტი ვიყავით წასული. ჩემთან ერთად იყვნენ: ედემ ბერიშვილი, დავით ხუხაშვილი, შოთა გორელაშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი. ჯამში, 13 მედლით დავბრუნდით საქართველოში. ეს ოლიმპიადა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ჩემთვის საამაყოა, რომ ერთადერთი,  ყველაზე პატარა ვიყავი, ვინც ოქროს მედალი ჩამოიტანა საქართველოში. ასევე, მეამაყება ის ფაქტი, რომ ოლიმპიადის გახსნაზე როგორც მედროშეს ჩემი ქვეყნის დროშა მეჭირა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს: ბატონ ბესიკ ხუციშვილსა და ბატონ კახა ბასილიას.
– საკუთარი სურვილით დაიწყე კარატეზე სიარული, თუ მშობლების გადაწყვეტილება იყო?
– ჩემი სურვილი იყო. საერთოდ, მამა და დედა  ყოველთვის იზიარებენ ჩემს გადაწყვეტილებებს. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ბრიუსლისა და ვანდამის ჩხუბებს. მომწონდა ის ილეთები, ისინი რომ იყენებდნენ (იცინის). ამის შემდეგ, გადავწყვიტე, კარატეზე შევსულიყავი. სიმართლე გითხრათ, ეს სპორტი ჩემთვის ჰობის დონეზეა, სასიამოვნო განტვირთვაა. იმავდროულად,  ჯანმრთელობაც არის. მიხარია, რომ თავიდანვე დავკავდი კარატეთი. უფრო მეტიც, მინდა, რომ სამომავლოდაც გავაგრძელო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა იქნება.
– რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად დაუკარი გიტარაზე?
– პატარაობიდანვე ყოველთვის გიტარა მეჭირა ხელში, თუმცა დიდად არ მაინტერესებდა. ბავშვი ვიყავი და სულ სხვა რაღაცეებზე ვფიქრობდი. დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი, მამას სერიოზულად რომ ვუთხარი, გიტარაზე მინდა დავუკრა-მეთქი. მამამაც დამაწყებინა მეცადინეობა და 2010 წელს მის  სოლო კონცერტზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 11 წლის ასაკში წარვდექი მაყურებლის წინაშე, ზაქარია ფალიაშვილის „ცეკვა ქართული” დავუკარი. ეს ნაწარმოები მამამ პირველად 15 წლისამ შეასრულა. ძალიან ვნერვიულობდი სცენაზე გასვლის წინ. მახსოვს, მამას ვუთხარი, ძალიან მეშინია-მეთქი (იცინის). მან დამაწყნარა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასეც მოხდა, დიდი წარმატებით ჩაიარა კონცერტმა. საერთოდ, მამამ მოახდინა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება, როგორც გიტარისტმა. ასევე, ძალიან მომწონდა ლეგენდარული  როკ-გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი.
– რა გითხრა მამამ, როდესაც, გიტარაზე დაკვრის სურვილი გამოთქვი და რა განცდაა, როცა მშობელთან ერთად უკრავ სცენაზე?
– ძალიან გაუხარდა. მამას თავიდანვე უნდოდა, რომ მუსიკას გავყოლოდი. მან ასეთ წარმატებას რთულად მიაღწია. არავინ დახმარებია ცხოვრების გზაზე და მართლა ვამაყობ მისით. ვფიქრობ, ეს ბევრისთვის მშვენიერი მაგალითია. მამასთან ერთად რომ ვუკრავ, საამაყოა ჩემთვის, მაგრამ ორმაგად საპასუხისმგებლოც. ყოველთვის ვნერვიულობ, როცა მასთან ერთად ვარ სცენაზე. თუმცა, როცა დაკვრას ვიწყებ, ყველაფერი მავიწყდება და ჩემს სტიქიაში ვეშვები.
– როგორია მამა-შვილის რეპეტიცია? შენიშვნებს ხშირად გაძლევს?
– ყველამ იცის, რომ მამა ძალიან მკაცრი, მოწესრიგებული და პუნქტუალურია. როცა კონცერტი აქვს, 8 საათით ადრე შეიძლება, წავიდეს რეპეტიციაზე. ის არა მხოლოდ ჩემი გიტარის მასწავლებელია, არამედ ცხოვრებასაც მასწავლის. შენიშვნა აუცილებლად უნდა მომცეს, რაც უფრო მეტად მიმითითებს რამეზე, მეც ვითვალისწინებ და ვხვდები, როდის ვარ მართალი, ან მტყუანი. ვფიქრობ, როცა მამა შენიშვნას გაძლევს, მისთვის ძვირფასი ხარ და კარგი უნდა შენთვის.
– ორი თემურ ყვითელაშვილი – ხშირად ერევით ერთმანეთში?
– როდესაც დედა ამბობს თემურს, მაშინ ორივე გავხედავთ ხოლმე (იცინის). თუმცა, ყველამ იცის, რომ მე ვარ თემო ყვითელაშვილი. ძირითადად, ასე მიცნობენ. ერთი სახალისო ისტორია მახსენდება. ბათუმში ვისვენებდით, სადღაც 5-6 წლის ვიქნებოდი. ბუნგალოს გახსნა იყო და ოჯახით ვიყავით მიწვეულები. საღამოს წამყვანმა გამოაცხადა, რომ იქ საპატიო სტუმარი, ბატონი თემურ ყვითელაშვილი იმყოფებოდა, ჩვეულებისამებრ, მამა ამ დროს ადგა და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას. მეც ავდექი და იგივე გავაკეთე. მერე ჩემს დას მივუბრუნდი და ვკითხე, მამა რატომ ადგა, თემურ ყვითელაშვილი მე ვარ და ჩემზე იყო ლაპარაკი-მეთქი (იცინის).
– ვის სურდა, რომ მამის სეხნია ყოფილიყავი?
– თავად მამას უნდოდა. მახსოვს, ერთხელ ვკითხე და მითხრა, რომ ბავშვობიდან ჰქონდა სურვილი, ბიჭი თუ ეყოლებოდა, საკუთარი სახელი დაერქმია.
– მუსიკის  სამყაროში რას გინდა მიაღწიო?
– მუსიკაში მინდა, იმავე წარმატებას მივაღწიო, რაც მამამ მოიპოვა. ყოველთვის მაქსიმალურს ვთხოვ საკუთარ თავს. ვფიქრობ, როცა შენი გაკეთებულით დაკმაყოფილდები, წინსვლაც შეჩერდება.

скачать dle 11.3