ამნისტირდება თუ არა „სითი პარკის” მიერ გამოწერილი ჯარიმები და როგორ იცავს ახალი კანონი მძღოლებს
ალეკო შალამბერიძე: იმის მიუხედავად, რომ 15 ივნისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც „სითი პარკს” უნდა დაეთმო პოზიციები, ეს კომპანია კვლავ განაგრძობს თბილისელების ძარცვას. ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას აღარ აქვს უფლება, მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს, თუკი მანქანა საავარიო სიტუაციას არ ქმნის, არ აფერხებს ფეხით მოსიარულეებს, ან არ წარმოშობს საცობს. ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი მანქანა დგომა-გაჩერების წესების დარღვევით დგას, მძღოლი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით - 10 ლარით დაჯარიმდება. ძალიან კარგია, რაც გაკეთდა, ნებით თუ ზეწოლით, პარლამენტმა ხალხის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო და „სითი პარკი” ძველებურად ვეღარ წაიყვანს მანქანებს საჯარიმო ავტოსადგომებზე და ხალხს ამ 60-ლარიანი ჯარიმებით ვეღარ გაატყავებენ. მიმაჩნია, რომ ეს კანონი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს დედაქალაქში მანქანების მოპარვა. ასეთი ფაქტები უკვე იყო დიდუბის ბაზრობის, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე. ჩემთვის მოსახლეობისგან არის ცნობილი ეს შემთხვევები. საჭიროა, კანონით იქნას მიღებული, რომ პოლიციის გარეშე „სითი პარკს” არ ჰქონდეს მანქანების გადაყვანის უფლება. ერთადერთი ორგანო, რომელსაც აქვს უფლება სანქცია დაადოს, დააჯარიმოს მანქანა არასწორად გაჩერებისთვის, ეს არის პოლიცია. სახელმწიფოს არ უნდა გადაეცა კერძო კომპანიისთვის – „სითი პარკისთვის” ჯარიმის გამოწერის ფუნქცია. ეს უფლება უნდა ჰქონდეს პოლიციას, შესაბამისად, „სითი პარკის” წარმომადგენელი უნდა იძახებდეს პოლიციას და მათ მიერ ადგილზე ფიქსირდებოდეს კანონის დარღვევა. ვინ უნდა განსაზღვროს მანქანა უშლის თუ არა მოძრაობას? „სითი პარკმა?” რატომ? ეს არის ამ კანონის მინუსი. სანამ კანონში არ ჩავდებთ მუხლს, რომ ამ დარღვევაში ჩართული უნდა იყოს პოლიცია, „სითი პარკი“ კვლავ გააგრძელებს მოროდიორობას, მანქანების გადაყვანას, იმის მიუხედავად, რომ კანონი მიღებულია. უახლოეს დღეებში ჩვენ პარლამენტში შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას. მისი მიხედვითაც, ყველა ჯარიმა, რომელიც დაფიქსირებულია ჩვენს მოქალაქეებზე სხვადასხვა დროს, ახალი კანონის მიღებამდე, უნდა იყოს ამნისტირებული. ამას ასევე, უნდა დაემატოს პოლიციის ჩართულობა ჯარიმის გამოწერის დროს. აბა, ვნახოთ, რომელი პარლამენტარი გაბედავს და წავა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.
– დიდი ხანია, „სითი პარკის” წინააღმდეგ გამოდიხართ, შექმენით მობილური ჯგუფები და ადგილზე უწევდით სამართლებრივ მხარდაჭერას მძღოლებს, წაშალეთ მონიშვნის ნიშნები. ახლა მოსახლეობას მოუწოდებთ, არ გადაიხადონ ჯარიმები, რომელთაც მათ კომპანია აკისრებს. ეს კომპანიასთან „ბრძოლის” თქვენი ახალი სტრატეგიაა?
– ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, ეს ორგანიზაცია გაუქმდეს და საქართველოში დაასრულოს საქმიანობა, როგორც ჩვენი მოქალაქეების საკუთრების მომპარავმა ორგანიზაციამ. ბოლო მაგალითს გეტყვით – 13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ, „სითი პარკმა” გააგრძელა მოროდიორობა. მათი წარმომადგენლები აჯარიმებდნენ მძღოლებს იმ ადგილებთან ახლოს, სადაც ჩვენი მოქალაქეები და ახალგაზრდები სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ. მოქალაქეთა დაჯარიმება ხდებოდა გმირთა მოედანსა და ვაკე-საბურთალოს გზასთან ახლოს. კომპანია არათუ გვერდში დაუდგა ჩვენს საზოგადოებას, პირიქით, გააგრძელა კიდევ ჩვენი ძარცვა. მათ ამის გამო განცხადების გავრცელებაც მოუწიათ. თქვეს, რომ იმ დღეებში გამოწერილ ჯარიმებს თავად კომპანია გადაიხდიდა. თუმცა, ეს არანაირად არ ცვლის იმ დამოკიდებულებას, რაც მათ ჩვენი მოსახლეობის მიმართ აქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ კომპანიის წინააღმდეგ. იცით, რომ „სითი პარკისგან” დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის შეიქმნა უფასო იურიდიული სამსახური. ამას გარდა, გამოვაცხადეთ ტელეფონის ნომრები: 5 93 505 444, 5 99 200 334, სადაც იმ მოქალაქეებმა უნდა დარეკონ, რომელთაც პრობლემები აქვთ. ეს ნომრები დღესაც ძალაშია. კვლავ მუშაობს მობილური ჯგუფები, თუმცა სტიქიის დღეებში ჩვენი აქტივობა შევამცირეთ. მართალია, რამდენჯერაც გავიდნენ მობილური ჯგუფები ადგილზე, იმდენჯერ პოლიციამ დაიჭირა ისინი და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა ვფიქრობ, ამ მეთოდებმა გაამართლა. დავიწყეთ მოსახლეობისთვის ტროტუარების დაბრუნება. „სითი პარკი” ხელშეკრულებით ვალდებული იყო, მოეწყო მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. თუმცა, მათ ეს არ გაუკეთებიათ, პირიქით, ჩვენს მოქალაქეებს წაართვეს ტროტუარები. ჩვენ ჩავატარეთ აქცია, რომ ტროტუარები დავუბრუნოთ ფეხით მოსიარულეებს. დავიწყეთ პარკირებისთვის უკანონოდ მონიშნული ადგილების წაშლა. ამის გამო, მე და ბეჟან გუნავა, სრულიად უკანონოდ დაგვაკავა პოლიციამ.
– კერძო ქონების ხელყოფა კანონით ისჯება.
– ეს არ არის კერძო საკუთრება. ჩვენ გაგვამართლა სასამართლომ, იმიტომ რომ, მუხლი, რომლის მიხედვითაც ჩვენ დაგვაკავეს, ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების წინ წარწერების გაკეთებას. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას, სადაც ჩვენ ეს ჩავიდინეთ, არ არსებობს ადმინისტრაციული შენობა. შესაბამისად, ჩვენ ეს კანონი არ დაგვირღვევია. ჩვენ კვლავ მოვხსნით ამკრძალავ ნიშნებს. მოქალაქეებს მივცემთ უფლებას, რომ გააჩერონ ტროტუარებზე მანქანები, რადგან მათ სხვა გზა არ აქვთ. „სითი პარკმა” უკვე კერძო საკუთრების ეზოებში დაიწყო მძღოლების დაჯარიმება. ასეთი შემთხვევა გვქონდა კოსტავას ქუჩაზე. ადამიანს, რომელიც ღამით სახლთან აჩერებდა მანქანას, თუ მას არ ჰქონდა გადახდილი 25-ლარიანი ხარკი „სითი პარკისთვის,” არ ჰქონდა საკუთარ ეზოში მანქანის დაყენების უფლება. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩვენ შევიკრიბეთ მერიის წარმომადგენლებთან ერთად და აღმოჩნდა, რომ იქ ნიშანი არასწორად იყო დაყენებული.
– მოქალქეებს მოუწოდებთ არ გადაიხადონ ჯარიმები. როგორ ფიქრობთ, ეს გზა გაამართლებს და თუ არსებობს სასამართლოში მოგებული საქმეების პრეცედენტები?
– ამ კომპანიასთან სამართლებრივ დავას ძალიან ბევრი მოქალაქე არიდებს თავს. მათ არ აქვთ სასამართლოში სირბილის დრო, ფინანსები. ჩვენ მათ ვთავაზობთ, მოგვმართონ, მოგვცენ მინდობილობა და სასამართლოში მათი სრულუფლებიანი წარმომადგენლები ჩვენი იურისტები იქნებიან. მათ არ მოუწევთ სასამართლოში სირბილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ უკანონოდ გადახდილი ჯარიმები უკან დაუბრუნონ ან არ გადაახდევინონ ახლად გამოწერილი ჯარიმები. არსებობს ორი პრეცედენტი, როცა მოქალაქეებმა „სითი პარკის” ჯარიმები გაასაჩივრეს და უკან დაიბრუნეს გადახდილი თანხა. ორივე იურისტია – ავთანდილ კახნიაშვილი და როინ მიგრიაული. რაც მეტი იურისტი შემოგვიერთდება, მით უკეთესი. რაც შეიძლება, მეტი „სითი პარკის” ჯარიმა უნდა გავასაჩივროთ სასამართლოში, ძველიც და ახალიც. რაც შეიძლება, მეტი სასამართლო პროცესი უნდა მოუგონ მოქალაქეებმა ამ მძარცველებს. სხვათა შორის, დღეს გაიმართა პირველი სხდომა, რომელიც რამდენიმე მოქალაქის საჩივარს განიხილავდა და რამდენიმე დღით გადაიდო. ეს არის გზა, რომელიც შემდეგ, სასამართლომდე მიდის.
კომპანიას, რაც შეიძლება, უნდა შევუმციროთ ამ უკანონო ჯარიმებით მიღებული შემოსავალი და მივაყენოთ ფინანსური დარტყმა – გავაკოტროთ. ჩვენ მიერ არჩეული ბრძოლის ეს გზა გაამართლებს, რადგან „სითი პარკს” არ აქვს მოქალაქეების დაჯარიმების უფლება. ამ ჯარიმებს არ უნდა დაემორჩილონ მოქალაქეები – ცხადია, მათ უნდა იაქტიურონ და ერთად მივაღწევთ მიზანს. 15 ივნისს ამოქმედებული კანონი „სითი პარკს”, რა თქმა უნდა, ფინანსურ დარტყმას მიაყენებს, თუ ეს სახელმწიფოს სტრატეგიაა ამ კომპანიის წინააღმდეგ და მის გაკოტრებას ემსახურება, როგორი მოსაზრებაც არსებობს, ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ყველა ერთად „სითი პარკს” ბოლოს აუცილებლად გავაგდებთ თბილისიდან. თუ არ გავერთიანდით, ისე არაფერი გამოგვივა.