რატომ არ უნდათ მარიამ ივორდავასა და გოგა მესხს ქორწილი და რა საიდუმლოს მალავენ ისინი
გოგა მესხი: დიდი ხნის ამბავია, რომელიც 2012 წელს დაიწყო... ამ სახლში რემონტი იყო და სწორედ მას „შეეწირა” ჩემი ფეხიც. თავიდან, როგორც წესი, თაბაშირი დამჭირდა. თუმცა, ძალიან მალე მომხსნა ასკურავამ და თავისი მალამოებით მმკურნალობდა. ეს ის პერიოდია, როცა „პაეზდკა” მაქვს ისრაელში. გიჟს ვგავდი, რომ ვერ მივდიოდი, არაფრით არ შეიძლებოდა ჩემი სიარული. არადა, მერაბ სეფაშვილი, ნინი შერმადინი მეხვეწებოდნენ წამოდიო. ისრაელში მერაბის ვარსკვლავის გახსნა იყო და ბექვოკალში უნდა ვმდგარიყავი... საშინლად მახსოვს ის პერიოდი. ამის შემდეგ მალევე გამიარა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან შემაწუხა. მეგობრის ჩიჩინით მივედი ექიმთან. მანამდე ვცურავდი, კალათბურთს ვთამაშობდი, მოკლედ ძალიან აქტიურად ვცხოვრობდი. ამისთვის მადლობა ასკურავას, რომ მალე მომხსნა „გიფსი”. ექიმი გასინჯვისას შოკში იყო – ამ ფეხით აქამდე როგორ მოხვედი, რომელ თამაშზეა ლაპარაკიო. მყესების ჯვარედინი იოგა იყო დაზიანებული და მალევე ოპერაცია დამჭირდა. ისე გავიდა საოპერაციო დრო ანეკდოტების მოყოლაში, ვერც კი გავიგე. აი, ახლა ველი 2 კვირის გასვლას, რომ „უკასტილოდ” შევძლო სიარული. მახსოვს, სანამ ძალიან შემაწუხებდა ფეხი, ესპანეთში ვიყავი და იქიდან გიჟივით ჩამოვფრინდი, რადგან პროექტ „ერთი-ერთში” მიმიწვიეს. სწორედ იქ შემაფეთა თვალები მარიამმა და დაიწყო კიდეც ყველაფერი. მიუხედავად ჩემი ფეხის მდგომარეობისა, მაინც მივიღე მონაწილეობა ჯანო კახიძის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე. ასევე, მანჰეტენ ტრანსფერის მიერ გახსნილ ფესტივალზე, რომელსაც დიდი ტრიუმფით დაამთავრებს 30 მაისს ნიუ-იორკ ვოისი. ამას გარდა, სხვა სამომავლო გეგმები მაქვს ზაფხულისთვის, რომელსაც შემოვინახავ ექსკლუზიურად თქვენთვის – ჟურნალი „თბილისელებისთვის”.
– მარიამ, რას საქმიანობ ახლა და დროის რა ნაწილს უთმობ გოგას?
მარიამ ივორდავა: ძირითადი საქმიანობა მასწავლებლებთან სიარული და გოგას მოვლაა. დროებით, სწავლის გამო, ვეღარ ვხვდები ისე ხშირად მეგობრებს. მთავარია, ჩავაბარო და თან, დარჩენილ დროს გოგას გამოჯანმრთელებას ვანდომებ. სულ მასთან ვარ და ხშირად უწევს ჩემი მეცადინეობაც.
გოგა: მძულს კონსპექტები... უზარმაზარი კონსპექტებია და მარიამთან ერთად, მეც ვიტანჯები გაკვეთილის ჩაბარებისას.
მარიამი: სამედიცინოზე მინდა ჩაბარება და რა თქმა უნდა, მუსიკასაც გავყვები. შემდეგ კი, სიტუაცია მიჩვენებს, რომელ მათგანს გავყვე ბოლომდე.
– როგორი მოსწავლეა მარიამი?
გოგა: ძირითადად, მისი მასწავლებელი ამეცადინებს, ხშირად მეც დავყვები რეპეტიციებზე. დამწყებია მარიამი, თან სოლისტი და მინდა გითხრათ, საკმაოდ კარგად მღერის. ამიტომ, შენიშვნებიც ძალიან ცოტა მაქვს. როცა „X ფაქტორში” მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, მარტო მე დავუჭირე მხარი. ვიცოდი, მისი შესაძლებლობები და იმიტომ, თუმცა, მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ – სამეცადინო აქვს, რა დროს სიმღერააო. მაგრამ, ჩვენ ერთად გადავაფიქრებინეთ და ვამაყობ მარიამით. ზუსტად ვიცი, წარმატებული მეუღლე მეყოლება.
– რა გრძნობა იყო, დიდ სცენაზე რომ გამოხვედი, მარიამ?
მარიამი: მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ დიდ სცენაზე მომიწია გამოსვლა და აქამდე ამის გამოცდილება არ მქონდა, ცოტა ვღელავდი, მაგრამ არა ისე, როგორც გოგა. ისე ნერვიულობდა ჩემ მაგივრად, ის გაიყვანეს ჰაერზე (იცინის). მაგარი შეგრძნებაა ამდენი ხალხის წინაშე რომ გამოდიხარ და მათგან შენი სახელი გესმის. თან, იქ ხომ ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ და მაქსიმალურად შევეცადე, კარგად გამოვსულიყავი. თავს არ ვზოგავდი, რადგან არ მქონდა უფლება, ჩემი მსმენელის იმედები გამეცრუებინა, მათგან ხომ უდიდეს სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როც გოგა ჩემ გვერდით იყო. სწორედ ის მაძლიერებდა და მათამამებდა, რომ კარგად მემღერა.
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
გოგა: პროექტ „ერთი-ერთში” გავიცანით ერთმანეთი. მაშინვე მოვიხიბლე მარიამით, თუმცა მისი ასაკი არ ვიცოდი. ისეთი თვალი მაქვს, მაშინვე ვხვდები, ადამიანის ხასიათს: დადებითს, უარყოფითს. მალევე გადავწყვიტე, დაკონტაქტება, თუმცა უარი „მაჯახა.” ამიტომ მეც გავქრი 6 თვე და სადღაც, უკვე 6 თვის დასასრულს, თვითონვე მომწერა: „როგორ ხარ?” ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. გოგოებს აინტრიგებ შენი გამოჩენა-გაქრობით და აი, შედეგიც. თვითონვე მომწერა და... დაიწყო და დაიწყო. ამის შემდეგ ურთიერთობა გაღრმავდა და მალე დავაგვირგვინებთ კიდეც.
– ხარ თუ არა, მარიამ, ოჯახისთვის მზად და როდის აპირებთ ქორწინებას?
გოგა: მექსიკურ კარტოფილს აკეთებს მაგრად. მალე მარიამის სახელობის რესტორანს გავაკეთებთ (იცინის). თავს ისე გრძნობს აქ, როგორც თევზი წყალში. თან, ჩემები ისე ევლებიან თავს, ხანდახან ვავიწყდები კიდეც. გოგო არ ჰყავთ ჩემებს და გიჟდებინ მარიამზე. ეს რომ არ მყავდეს, გავაფრენდი – სასწაულად მივლის.
მარიამი: რაც შეეხება დაოჯახებას – აი, დღეს გვიანია და ხვალ (იცინის). ჯვარს დავიწერთ ყოველგვარი ქართული, ტრადიციული სუფრის გარეშე. საკმაოდ დიდი სანათესაო გვყავს და ამიტომ გადავწყვიტეთ, გული რომ არავის დავწყვიტოთ, და თან არ ვაჭორაოთ: თუ როგორი გოჭის ხორცი იყო და პატარძალს რანაირი კაბა ეცვა, მოვიწყოთ ჩვენთვის ერთთვიანი ევროტური.
– ვინ თმობს ხოლმე?
– ყოველთვის გოგა. უფრო დიდია და ბევრი რამ იცის. ურთიერთობაში ძალიან მარტივია. ხშირად მიფიქრია კიდეც, რომ გოგა უფრო პატარაა ჩემზე (იცინის).
– რა გხიბლავთ ერთმანეთში?
გოგა: არ ვიცი, ალბათ, ის რომ, ორივეს მინუსები გვაქვს და ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს. მარიამი საკმაოდ ჯიუტი, მიზანდასახული და პრინციპულია, რაც ძალიან მომწონს.
– რა არის თქვენთვის სიყვარული?
მარიამი: არ ვიცი, ალბათ ის, რასაც ვერ ახსნი...
გოგა: კი ეგეც და გაგება, პატივისცემა, ზრუნვა. აქამდე ასე არ ვყოფილვარ. ახლა კი სულ ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული: სად ხარ, როდის მოხვალ, „ცვეტში გაჭედილი მაქვს, რა”...
– ერთად გატარებული რომელი დღე არ დაგავიწყდებათ ყველაზე მეტად?
მარიამი: ჩემი დაბადების დღე, რომელიც მოწყენილი და უფერული იყო გოგას გარეშე. უცხოეთში იყო იმ დროს. საღამოს ჩემთვის უცხო ქალი უზარმაზარი თაიგულით მოვიდა სახლში და მითხრა: ეს გოგასგან არისო. შოკში ვიყავი. რომ ჩამოვიდა, ჩემი სურათი დაუხატვინებია და მაჩუქა.
– ყველასთვის ნაცნობ ხელის თხოვნას ხომ არ გაიხსენებით კიდევ?
– ქალური ინტუიციით ვხვდებოდი და თან, მკითხა ეთერამდე: რა გაცვია, როგორ გამოიყურებიო. ნომრის დამთავრების შემდეგ კი, ჯო კოკერს განასახიერებდა მაშინ, ხელი მთხოვა. წარმოუდგენელი ბედნიერება ვიგრძენი. ენით ვერ აღვწერ, ფურორი იყო ნამდვილად. ყველასთვის მოულოდნელად მოხდა – გოგას დედამაც კი არ იცოდა. როგორც გავიგე, უკვე მერე, კინაღამ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა. ჯერ გოგას გამოსვლაზე ბევრს ნერვიულობდა და შემდეგ ჩემთვის ხელის თხოვნამ, მის ემოციებს გადააჭარბა.
გოგა: სასაცილო ის იყო, რომ ბეჭდის ზომა არ ვიცოდით. ერთი მახსოვდა, ნეკა თითზე მეტეოდა. ასე გიჟივით ვიყიდე და პირდაპირ ეთერში ვთხოვე მარიამს ხელი.
– რა ჰობი გაქვს, გოგა?
– მინიატურული სასმელების, მანქანების შეგროვება მხიბლავს. სასმელები დაახლოებით 300-მდე მაქვს. 22 წლის წინ დედას ჩამოტანილი ვნახე სადღაც და იმის მერე დავიწყე მეც შეგროვება. „პაეზდკიდან” არ ვბრუნდები ისე, რომ ერთი მინიატურული მანქანა ან სასმელი არ ჩამოვიტანო.