რა ოცნებების ასრულება ვერ მოასწრო ლაშა აბზიანიძის მამამ საყვარელ შვილიშვილთან ერთად და როგორ შეარიგა მომღერალმა მშობლები 13 წლის შემდეგ
ლაშა აბზიანიძე: იმ დღეს მამაჩემმა სახლში მიმიყვანა და თვითონ წავიდა. შემდეგი სამი საათის განმავლობაში ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მე და დედა ვცდილობდით დაკავშირებას, მაგრამ კონტაქტზე ვერ გავდიოდით. სამი საათის შემდეგ თვითონ დამირეკა და მითხრა, მალე მოდი სახლშიო. მე ამ დროს სახლიდან გასული ვიყავი. დაახლოებით 7-8 საათისთვის ვნახე. როგორც თვითონ მომიყვა, მოტყუებით წაუყვანიათ ნარკოლოგიურში შესამოწმებლად. ტაქსისტად მუშაობდა და, თურმე, ორი ადამიანი ჩაუჯდა – წყალტუბოში თუ წაგვიყვანთო. მამას უთქვამს – კიო. ჩვეულებრივი კლიენტები ჰგონებია. სამხარეო პოლიციის შენობას რომ მიახლოებიან, გაჩერება მოუთხოვიათ, ჩამოუსვამთ და ნარკოლოგიურში შეუყვანიათ. იქ დაულევინებიათ სამი აბი შარდმდენი, იმისთვის, რომ მოეშარდა. ამ ყველაფერს ძალიან ჩვეულებრივად მიყვებოდა. ცოტა ანერვიულებული კი იყო, მაგრამ მნიშვნელოვნად არა. დაულევია ეს სამი შარდმდენი, მოუშარდავს, არ ამოსვლია არაფერი და გამოუშვიათ. ამას რომ მიყვებოდა, იქვე სკვერში ვისხედით და ვუთხარი, ერთი წუთით სახლში შევალ-მეთქი. სახლში რომ შემოვედი, გარედან ყვირილის ხმა მომესმა – ჩქარა, წყალიო. ჩემი მეგობარი იყო მასთან ერთად. მე რომ გამოვედი, უკვე ძალიან ცუდად იყო. ხელში ჩამაკვდა.
– რამე ავადმყოფობა ხომ არ აწუხებდა, რასაც, შეიძლებოდა, ეს გამოეწვია?
– რამე სერიოზული დაავადება არ ჰქონია. ერთადერთი, თუ სმას რამდენიმე დღე გადააბამდა, გული აწუხებდა, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს დალევის შემდეგ. გარდაცვალებამდე მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში ვესაუბრებოდი და არ შემიტყვია, რომ რამე აწუხებდა. მხოლოდ ერთხელ თქვა, რაღაც კარგად ვერ ვარო, თუცა ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ყავას სვამდა, რადგან, როგორც თვითონ მითხრა, ნარკოლოგიურში უთქვამთ, წნევის ასაწევად ყავა დალიეო. მაინტერესებს, მამაჩემი ასე სწრაფად რატომ გარდაიცვალა. ახლა ექსპერტიზის დასკვნას ველოდები. მინდა, რომ ამ ყველაფერმა ობიექტურად ჩაიაროს. თუ რამეში ეჭვი შემეპარა, აუცილებლად მეორე ექსპერტიზას მოვითხოვ. მანამდე ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ. მამაჩემის სიტყვებს ვენდობი, მაგრამ, მთავარია ფაქტი და ზუსტად ეგ მინდა დადგინდეს. მინდა გავიგო, მამა მომიკლეს თუ თავისი სიკვდილით გარდაიცვალა.
– როგორი მამა იყო, როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– მამაშვილური ურთიერთობის გარდა, ჩვენ განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებდა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე და დედაჩემს თავი კარგად გვეგრძნო. ყოველთვის მოსიყვარულე იყო, მაგრამ ბოლოს განსაკუთრებულად ზრუნავდა ოჯახზე. მისგან დაფასება, ყურადღება და სიყვარული არასდროს გვაკლდა, მაგრამ ბოლო პერიოდში გაათმაგებული ჰქონდა ეს ყველაფერი. ჩემი მშობლები 13 წლის განმავლობაში იყვნენ დაშორებულები – 8-9 წლის ვიყავი, როცა გაშორდნენ. წლების მერე შევარიგე ერთმანეთს. მანამდე ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ, ის სხვაგან ცხოვრობდა. 2003 წლის შემდეგ კი სულ ერთად ვართ. მათი შერიგება განსაკუთრებულად მოხდა – დედა და მამა ჩემი ქორწილის დღეს შევარიგე. მამას დავურეკე და ვუთხარი: მინდა, ჩემ გვერდით იყო ქორწილის დღესაც და მთელი ცხოვრების განმავლობაში-მეთქი. თვითონაც ძალიან ბედნიერი იყო და მეც. მანამდე დიდი ხნის წასული იყო. როცა მოსვლა უნდოდა, დედა არ იღებდა, მაგრამ, შვილის ქორწილი უკვე სხვა მომენტია. შვილს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე ჰქონდა და აქ საუბარიც კი ზედმეტია. იმ დღესვე ისე მოვაწყვე ყველაფერი, რომ ერთად ყოფილიყვნენ და ესაუბრათ. ამან ნაყოფი გამოიღო – გადაწყვიტეს, რომ შვილის გამო შერიგებულიყვნენ. ეს ყველაზე დიდი ემოცია იყო, უბედნიერესი ვიყავი. 14 წელიწადი სტამბულში ცხოვრობდა და, როცა მასთან ჩავდიოდი ხოლმე, ყველაფერს აკეთებდა, რათა თავი კარგად მეგრძნო. მას შემდეგ, რაც მშობლები შერიგდნენ და ერთად ცხოვრება დაიწყეს, არ არსებობდა, მისთვის რამე მეთხოვა და არ გაეკეთებინა. ჩემს გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს სცემდა და ჭკუას მარიგებდა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი მამა არ ყოფილა, მის მიმართ განსაკუთრებული რიდი მქონდა. „მამას“ ძალიან იშვიათად ვეძახდი, ერთმანეთს „ძმაოთი“ ველაპარაკებოდით, რადგან საოცრად მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ჩემი ყველაზე მაგარი ძმაკაცი იყო.
– ახლა რა გეგმები ჰქონდა, როგორ ცხოვრობდა?
– ცოტა ხანში შვილიშვილი უნდა ჩამოსვლოდა და დიდი სიხარულით ელოდა. დიდი გეგმები ჰქონდა – უნდოდა, ყველაფერი შვილიშვილთან ერთად მოეარა და ამისთვის გრანდიოზულად ემზადებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ბაბუას როგორ უყვარს თავის შვილიშვილები. ორჯერ ხელმეორედ დაიბადა, როცა ისინი გაჩნდნენ. მათთანაც ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა. ახლაც უნდოდა, ბავშვი გაეხარებინა და ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდა, მაგრამ, ცოცხალი ვეღარ დახვდა. თვითონ დედისერთა იყო, ამიტომ, დედმამიშვილების სითბო და მათთან ურთიერთობა აკლდა. ამ დანაკლისს ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობით ივსებდა. ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავდა. დღეს არ აცდენდა. ყოველდღე მუშაობდა, რომ ჩვენი ოჯახი ფინანსურად გამართული ყოფილიყო. 56 წლის იყო და საჯარო სამსახურში ვერ დაიწყებდა მუშაობას. ამიტომ, რაც მოახერხა, იმას დასჯერდა და ტაქსისტად მუშაობდა. თავისი პატიოსანი შრომით შოულობდა ფულს. ყველას მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი იყო. არ მახსოვს, ვინმესთვის ცუდი გაეკეთებინოს. სულ იმაზე ფიქრობდა, შვილისთვის, მეუღლისთვის, ნათესავებისთვის რა გაეკეთებინა, რით დახმარებოდა.
– თქვენს შემოქმედებაზე რას ფიქრობდა?
– ჩემი საქმიანობის გამო ამაყობდა. ახალ სიმღერას რომ ჩავწერდი, მანქანაში სულ ჩართული ჰქონდა, ყველას ასმენინებდა და ეუბნებოდა, ეს ჩემი შვილიაო. თუ ქუთაისში მქონდა კონცერტი, აუცილებლად ჩემ გვერდით იყო. თუმცა, თვითონ ჩემთვის სხვა პროფესია უნდოდა – მეუბნებოდა, იურიდიულზე ჩააბარეო. მისი სურვილი გავითვალისწინე და ჩავაბარე იურიდიულზე, მაგრამ, ერთ თვეში დავანებე თავი. მე პროფესია უკვე 3 წლიდან მქონდა არჩეული. ყოველთვის სიმღერა და ხელოვნება მიზიდავდა და მალევე მივხვდი, რომ იურისტობა ჩემი საქმე არ იყო. უბრალოდ, მამაჩემმა ახალგაზრდობაში თვითონ სხვანაირად იცხოვრა. არ უნდოდა, რომ მეც იმ გზას გავყოლოდი, რასაც „ქუჩური ცხოვრება“ ჰქვია. ამიტომაც ჩამაბარებინა იურიდიულზე. თუმცა, არასდროს უსაყვედურია იმის გამო, რომ სწავლას თავი დავანებე. ერთადერთი, მაშინ მსაყვედურობდა, როცა „ბლანჟეს“ ვუშვებდი – მაინც სხვა მენტალიტეტი და გაგება ჰქონდა და ეს მისთვის მიუღებელი იყო. დანარჩენში ყველაფერში გვერდში მედგა და მხარს მიჭერდა. ჩემი პირადი ცხოვრების შესახებაც ყოველთვის ვესაუბრებოდი. მეუბნებოდა, ყველას არ ენდო, შენი ცხოვრებით იცხოვრეო. მეგობრების შესახებაც რჩევებს მაძლევდა. შეიძლება ითქვას, ჩემს მეგობრებთან ჩემზე მაგარი ურთიერთობა ჰქონდა. როცა მე არ ვიყავი აქ, ყველას ეხმიანებოდა და, თუ რამე დასჭირდებოდათ, გვერდში ედგა, როგორც შეეძლო. რამდენიმე წლის წინ ყველამ ერთად აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე. მამაჩემი თამადა იყო და ეს დღე განსაკუთრებულად მახსოვს. კამათი ყველას ურთიერთობაში მოდის და ელემენტარული უთანხმოებები ჩვენც გვქონია – ეს ძალიან ადამიანური მომენტია, მაგრამ სერიოზული არაფერი. არ სიამოვნებდა, როცა იმას არ გავაკეთებდი, რასაც მეტყოდა ან როცა რამეს ისე არ გავაკეთებდი, როგორც საჭირო იყო. ამის გამო, შეიძლება, ერთი კვირა არ გაეცა ხმა. მე ძირითადად თბილისში ვარ, მამა ქუთაისში იყო, მაგრამ, მეც ძალიან ხშირად ჩავდიოდი და ისიც ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში. შესაბამისად, ერთად დიდ დროს ვატარებდით.