კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრინციპით დაარქვეს რუსეთის იმპერიაში „ოსეთი“ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიას

– მოკლედ მიმოვიხილოთ, რა პერიოდიდან მოიაზრება ქართლის ნაწილად ის, რასაც დღეს ოკუპანტები და სეპარატისტები ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთს“ უწოდებენ?
– ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ქართლის, ანუ იბერიის სამეფო წარმოიშვა. „მეფეთა ცხოვრების“ ცნობით, ქართლის სამეფოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა მმართველმა, სახელგანთქმულმა ფარნავაზ მეფემ თავისი სამფლობელო გაყო ცხრა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად, რვა საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ. სასპასპეტოს ტერიტორია, ყველაზე მთავარი ადმინისტრაციული ერთეული, მთლიანად მოიცავდა ისტორიული შიდა ქართლის რეგიონებს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონს. ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილმა სამხედრო-ადმინისტრაციულმა მოწყობამ, ფაქტობრივად, უცვლელად იარსება ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნემდე და მთელ ამ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ტერიტორია, რომელიც ქართლის სასპასპეტოში შედიოდა, ქართლის სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო.
– როგორი იყო იმ პერიოდში დღევანდელი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის დემოგრაფიული შემადგენლობა?
– „მეფეთა ცხოვრების“ თანახმად, ამ დროს ცხინვალის რეგიონი ძველებურად ქართული ეთნოსით იყო დასახლებული. გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში, როდესაც ქართლის მეფე საურმაგმა ვაინახური ტომების, დურძუკების ნაწილი დაასახლა ქართლის სამეფოს ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მათ შორის ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან მხარეში. 326 წლიდან დაიწყო ქართლის, ანუ იბერიის სამეფოს მოსახლეობის ქრისტიანიზაცია. ვახტანგ გორგასლის მიერ ჩატარებული საეკლესიო რეფორმის შედეგად, ავტოკეფალურ ქართლის საკათალიკოსოში შეიქმნა რამდენიმე ახალი ეპარქია, მათ შორის, რუისის, ურბნისის, ნიქოზის და სამთავისის, რომლებმაც ცხინვალის რეგიონის მთელი ტერიტორია მოიცვეს. მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი ძველებურად ქართლის სამეფოს შემადგენლობაში იყო, კონკრეტულად კი, შიდა ქართლის სასპასპეტოსი. მაგრამ, ვითარება კარდინალურად შეიცვალა მერვე საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ქართლის ერისმთავარმა არჩილმა, თავისი უფროსი ძმის, მირის ანდერძით, შიდა ქართლის ტერიტორია და მათ შორის, ცხინვალის რეგიონიც, გაუყო ორ ფეოდალს — ნერსე ნერსიანს და ადარნასე ადარნასიანს, როგორც სამკვიდრო მამულები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობილ, ვრცელ ისტორიულ თხზულებაში — „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ არის დამადასტურებელი ცნობა იმ ფაქტისა, რომ მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ოსები კომპაქტურად სახლობდნენ ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან ზოლში, მდინარეების –  დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, მეჯუდას, ლეხურას და ქსნის ხეობათა ზემო წელში. ცხინვალის რეგიონის მთისწინა და დაბლობ ადგილებში, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებით, ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა. 1770 წლის დემოგრაფიული აღწერის თანახმად, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ქართველების გვერდით არსებობდა ოსების საკმაოდ დიდი კოლონია — დაახლოებით 2 860 კომლი, აქედან 2 000 კომლი ქსნის საერისთავოს ტერიტორიაზე და 860 კომლი — თავად მაჩაბელთა სამფლობელოში. ამასთან, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსები ქართლ-კახეთის სამეფოს ქვეშევრდომობაში იყვნენ და იგივე სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები ჰქონდათ, რაც ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას.
– ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, რომელსაც წინ უძღოდა „სამხრეთოსური ოლქი“ როდიდან შემოიტანა რუსეთის იმპერიამ და რის საფუძველზე?
–  ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, 1802 წელს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ჩვენთვის საინტერესო რეგიონის ტერიტორია ორ ნაწილად გაყო — გორის და დუშეთის მაზრებად. თუ ვერწმუნებით იმავე პერიოდის ერთ-ერთ დოკუმენტს, ცხინვალის რეგიონის ზოგიერთი მაღალმთიანი სოფელი კომპაქტურად იყო ოსებით დასახლებული, ხოლო ზოგიერთში შერეული, ქართულ-ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა. მაღალმთიანი ზოლისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონის მთისწინეთი და დაბლობი ზოლი თითქმის მთლიანად ქართულ მოსახლეობას ჰქონდა ათვისებული. ქალაქებსა და დაბებში, ცხინვალი, ახალგორი, ჯავა, ქართველების გარდა ცხოვრობდნენ მხოლოდ ებრაელები და სომხები. ეთნიკური რეალობა, რომლებსაც რუსი სახელმწიფო მოხელეები მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ცხინვალის რეგიონში აფიქსირებდნენ, საკმაოდ თავისებურად იყო მათ მიერ ინტერპრეტირებული. მაგალითად, საქართველოში 1802 წელს ყოფნისას გენერალ კარლ კნორინგის საიმპერატორო კარისადმი შედგენილ ანგარიშში ცხინვალის რეგიონის მაღალმთიანი მხარეები, სადაც ოსური მოსახლეობა ჭარბობდა, ოსეთი ეწოდება, ხოლო დანარჩენ, ძირითადად ქართველებით დასახლებულ ტერიტორიას კი –  საქართველო. მეცხრამეტე საუკუნის პირველი მესამედის სხვა რუსულ დოკუმენტებში ტერმინების –  „ოსეთისა“ და „ოსების“ –  პარალელურად გამოიყენება, ასევე, „საქართველოს ოსეთი“, „ქართველი ოსები“, „საქართველოს კუთვნილი ოსეთი“, „საქართველოს კუთვნილი ოსები“, „ჩრდილოეთ ქართლის ოსეთი“, „ჩრდილოეთ ქართლის ოსები“ და სხვა. 1830 წელს საქართველოში გამომავალ გაზეთში – „რèôëèññêèå âåჰîìîñòè“ გამოქვეყნდა ანონიმი ავტორის სტატია, რომელშიც ის იყენებდა ტერმინს –  „სამხრეთ ოსეთს“, ცხინვალის რეგიონის ოსებით დასახლებული კუთხეების აღსანიშნავად და „ჩრდილოეთ ოსეთს“, ოსებით დასახლებული ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიის აღსანიშნავად. ამ დროიდან ტერმინმა –  „სამხრეთ ოსეთმა“ თანდათანობით გამოდევნა ხმარებიდან ყველა სხვა და მყარად მოიკიდა ფეხი როგორც ქართულ, ასევე, რუსულ და უცხოურ გამოცემებში. 1840 წელს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ახალ ადმინისტრაციულ ერთეულში — საქართველო-იმერეთის გუბერნიაში გაერთიანდა და ცხინვალის რეგიონი გორის მაზრის შემადგენლობაში აღმოჩნდა. 1842 წელს კი გორის მაზრის შემადგენლობიდან გამოიყო ეგრეთ წოდებული „ოსეთის ოკრუგი“, რომელიც მოიცავდა ცხინვალის რეგიონის ოსებით დასახლებულ მაღალმთიან ზოლს, კერძოდ, ნარის, ისტორიული დვალეთის, ჯავისა და ლიახვის თემებს. სწორედ მაშინ დაფიქსირდა პირველად „ოსეთი“, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელი. უშუალოდ ტერმინი „სამხრეთი ოსეთი“ კი, უკვე 1860 წლიდან ფიქსირდება ოფიციალურ დოკუმენტებში. 1846 წელს საქართველო-იმერეთის გუბერნია გაუქმდა, მაგრამ, სამაგიეროდ, წარმოიქმნა ორი ადმინისტრაციული ერთეული: თბილისის და ქუთაისის გუბერნიები. ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ამჯერადაც სამ ადმინისტრაციულ ერთეულს გადაუნაწილდა: გორის მაზრას, ოსეთისა და მთის „ოკრუგებს“. 1859 წელს „ოსეთის ოკრუგი“ გაუქმდა და მისი ტერიტორია, ნარის ოკრუგის გამოკლებით, დაუბრუნდა გორის მაზრას და სახელად ოსეთის მონაკვეთი ეწოდა. იმ დროიდან 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ცხინვალის რეგიონის სტატუსში, ფაქტობრივად, არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.
– ცნობილია, რომ მეფის რუსეთში არსებობდა მოსახლეობის ოფიციალური სტატისტიკა. როგორ გამოიყურება ის და რა პერიოდიდან ფიქსირდება დოკუმენტებში ოსი მოსახლეობის აქტიური შემოდინება?
– მეცხრამეტე  საუკუნის მეორე ნახევარში ცხინვალის რეგიონში ჩრდილოკავკასიელი ოსების გადმოსახლებამ მანამდე არნახული მასშტაბები მიიღო: თუ 1860 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 47 000 ოსი ცხოვრობდა, ხოლო ცხინვალის რეგიონში — მხოლოდ 19 000; 1880 წლისთვის მათი რიცხვი, შესაბამისად, გაიზარდა 59 000 და 52 000-მდე. ოსი მოსახლეობის ასეთმა მკვეთრმა გაზრდამ დაარღვია ცხინვალის რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნოდემოგრაფიული ბალანსი. ამას დაემატა საქართველოში განხორციელებული მრავალმხრივი იმპერიული რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგები, რის წყალობითაც, ისტორიული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ახლად გადმოსახლებული ოსების ინტეგრაცია ხდებოდა არა ქართულ, არამედ რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-ენობრივ სივრცეში. ამას შედეგად მოჰყვა ცხინვალის რეგიონში მოსახლე ქართული და ოსური მოსახლეობის გაუცხოება, რასაც ხშირად თან სდევდა შეიარაღებული შეტაკებები.
– როგორ გახდნენ ცხინვალის რეგიონის მკვიდრი ოსები ბოლშევიკების მოკავშირეები?
– საქართველოში მცხოვრები ოსები რუსი ბოლშევიკებისთვის მოსახლეობის ძალზე იოლად მართვად ნაწილს წარმოადგენდნენ, რადგან, როგორც არაავტოქტონურ ხალხს, არ გააჩნდათ მნიშვნელოვანი ქონება, არ იყვნენ მსხვილი მესაკუთრეები, არ ჰქონდათ ქართული ეროვნული თვითშეგნების გამძაფრებული გრძნობა. სამაგიეროდ, ოსი პროლეტარები 1918 წლისათვის მზად იყვნენ, ყალბი ლოზუნგების ქვეშ შეწირვოდნენ სოციალიზმის, ინტერნაციონალიზმისა და მსოფლიო რევოლუციისთვის ბრძოლას. შორს წაგვიყვანდა მათი ყველა მადესტაბილიზებელი ქმედებების ჩამოთვლა, თუმცა მთავარი უნდა ვთქვათ: 1918 წელს სწორედ ცხინვალის რეგიონის მკვიდრმა ოსებმა დაიწყეს პირველებმა საქართველოში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები, აჯანყებები და დაუმორჩილებლობის აქციები, რომლებიც პერმანენტულად თითქმის სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ანტიქართულმა დემარშებმა კულმინაციას 1920 წლის მარტის ბოლოს მიაღწია. ეს ის პერიოდია, როცა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიას უკვე მთლიანად ბოლშევიკები აკონტროლებენ, რუსეთის წითელი არმია კი საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებსაა მომდგარი. როგორც რუსმა და ოსმა კომუნისტებმა, ასევე მათ რიგებში მყოფმა ზოგიერთმა ქართველმა თანამოაზრემ –  სერგო ორჯონიკიძემ, გაიოზ დევდარიანმა, გრამიტონ მოწონელიძემ, გადაწყვიტეს მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეა საქართველოშიც განეხორციელებინათ: კავკასიის სამხარეო კომიტეტის 1920 წლის 23 მარტის დადგენილებით გორის მაზრაში დაიგეგმა ბოლშევიკური აჯანყების მოწყობა, რევკომის შექმნა, საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება და მაზრის ჩრდილოეთი ნაწილის, ანუ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთება. აჯანყების მთავარი მამოძრავებელი ძალა ოსი კომუნისტები უნდა ყოფილიყვნენ, რაც განხორციელდა კიდეც: 1920 წლის 6 მაისს „სამხრეთ ოსეთის” რევოლუციური კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კავკასიის სამხარეო კომიტეტის ორი ქართველი კომუნისტი წარმომადგენელიც ესწრებოდა, აჯანყების დაწყება გადაწყდა. 1920 წლის 8 მაისს ოსმა ბოლშევიკებმა როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოთა რუსეთთან შეერთება გამოაცხადეს. იმავე დღესვე მიიღეს მათ თერგის ოლქიდან, ანუ ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხედრო დახმარება.
– იგივე სცენარი გაუმეორებიათ 2008-შიც.
– მოკლედ, რუსი ინტერვენტების დახმარებით, ოსმა რევოლუციონერებმა ცხინვალი ხელში ჩაიგდეს, გორს აშკარად დაემუქრნენ და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნეს. ყურადღება მივაქციოთ, რომ ოსებმა აჯანყება დაიწყეს მაშინ, როდესაც უკვე ხელმოწერილი იყო რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება და ამ ორმხრივი დოკუმენტის მესამე მუხლი უზრუნველყოფდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, მასში დაფიქსირებული რუსეთ-საქართველოს საზღვრის ხაზის თანახმად, რომელიც როკის უღელტეხილზე გადიოდა. ეს კი ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. აშკარაა, რუსეთის მმართველი კომუნისტური პარტიის კავბიუროს წარმომადგენლებისა და მათი ოსი თანამოაზრეების მოქმედება აშკარად დესტრუქციული იყო და 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. სამწუხაროდ, ცხინვალში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო და ამიტომ მათ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს რუსებისა და ოსების გაერთიანებულ რაზმებს. საქმე ისაა, რომ სწორედ იმ დროს ქართული არმია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდთან, გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან შემოსეული რუსეთის არმიის შემოტევებს იგერიებდა და მთელი ძალები სწორედ იქ იყო თავმოყრილი. მართლაც რომ მომგებიანი დრო შეარჩიეს ოსებმა აჯანყების მოსაწყობად... გასაკვირი არაა, რომ ამ ყველაფრის კოორდინაციას გარკვეულწილად მოსკოვი ხელმძღვანელობდა. საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც აზერბაიჯანიდან შემოსეული რუსი თავდამსხმელები მოიგერია, გორის მაზრაში მიმდინარე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად სასწრაფო ზომები მიიღო, არმიისა და სახალხო გვარდიის ნაწილები რკინიგზის ეშელონებით გორისკენ გადაისროლა, თავი მოუყარა და მათ ხელმძღვანელებად გვარდიის უფროსი, ვლადიმერ ჯუღელი და გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა. 1920 წლის 12 ივნისს, დილის 9 საათზე წარმატებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ცხინვალი გათავისუფლდა, თუმცა, სულ რაღაც, ორიოდე კვირის შემდეგ საქართველოს არმიის მოწინავე ნაწილებმა როკის უღელტეხილი დაიკავეს. მაგრამ 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, მოსკოვმა ოსების რევოლუციური დამსახურება გორის მაზრის ტერიტორიაზე „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნით აღნიშნა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ოსებს ანტიქართული ბრძოლა დაუფასდათ. და ბოლოს, ოსი სეპარატისტების გასაგონად ხაზს ვუსვამთ: 1801 წლისთვის ქართლ-კახეთის სამეფოში სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა, იყო მხოლოდ სამაჩაბლო, ქართლ-კახეთის სამეფოს ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ბუნებრივია, ქართლ-კახეთის სამეფოსთან ერთად აღმოჩნდა.

скачать dle 11.3