რა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა მინდია ჯანელიძის მეუღლე და რატომ აღემატება ცოლის წლიური შემოსავალი ქმრისას
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე 1978 წელსაა დაბადებული. უმაღლესი გაანთლება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში მიიღო და სპეციალობით ის კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნეა. ასევე, სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებშიც. მისი შრომითი ბიოგრაფია ოპერატიული თანამშრომლის სტატუსით დაიწყო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც სხვადასხვა თანამდებობა გამოიცვალა და სულ ბოლოს, ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, შემდეგ – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელად, 2014 წელს – თავდაცვის მინისტრად, სულ ახლახან კი ისევ ძველ თანამდებობას დაუბრუნდა და დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელია.
მინდია ჯანელიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1983 წელს დაბადებული მეუღლე, ეკატერინე ჯანელიძე და ორი შვილი: 2003 წელს დაბადებული თეიმურაზი და 2008 წელს დაბადებული მარიამი. ოჯახის უძრავი ქონების მეპატრონე მინდია ჯანელიძე იყო. კერძოდ, მის საკუთრებად ირიცხებოდა ბინა თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე (ფართობი – 115 კვ.მ.) და მშენებარე ბინა თბილისში, მოსკოვის გამზირზე (ფართობი – 72 კვ.მ.). მასვე ჰყავდა ავტომანქანა 2002 წლის „მერსედესი“. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში მინდია ჯანელიძემ, როგორც საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსმა, 29 549 ლარი აიღო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, 8 324 ლარი, ხოლო ეკატერინე ჯანელიძემ, როგორც „სტი თრეველ ჯორჯიას“ თრეველკონსულტანტმა, 10 080 ლარი. 2012 წელს მინდია ჯანელიძემ შემოსავალი მიიღო ავტომანქანა „მიცუბიში პაჯეროს“ გასხვისებითაც – 3 400 აშშ დოლარი. 2011 წელს მინდია ჯანელიძეს ათწლიანი იპოთეკური სესხიც აუღია, 26 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც იმ წელს 4 820 აშშ დოლარი დასჯდომია.
2014 წელს მინდია ჯანელიძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა. იმ წელს ოჯახში ნამატი იყო – შეეძინათ ვაჟი მათე. უძრავი ქონების მეპატრონე გამხდარა ეკატერინე ჯანელიძეც. კერძოდ, მისი საკუთრებაა არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე (ფართობი – 90 კვ. მ.) და უკვე მასაც ჰყავს ავტომანქანა – 2013 წლის „სუძუკი“. 2013 წელს ეკატერინე ჯანელიძეს სამეწარმეო საქმიანობაც დაუწყია: შპს „თრეველ პორტის“ სახით და ამ სამეწარმეო საქმიანობას მისთვის 19 500 ლარი მოუტანია, ხოლო დირექტორობას – 3 250 ლარი. ეკატერინე ჯანელიძეს შემოსავალი ჰქონდა იჯარიდანაც – 12 000 ლარი. მინდია ჯანელიძემ კი, როგორც შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, 2013 წლის განმავლობაში 92 566 ლარი მიიღო. 2014 წელს მინდია ჯანელიძეს კიდევ ერთი ათწლიანი სესხი აუღია – 69 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაშიც 2014-ში 12 000 აშშ დოლარი გადაუხდია.
ბოლო დეკლარაცია მინდია ჯანელიძემ 2015 წელს შეავსო, მისი ოჯახი კვლავ ხუთწევრიანია. ცვლილება არ არის უძრავი ქონების ნაწილში: მინდია ჯანელიძეს ორი ბინა აქვს საკუთრებაში, მის მეუღლეს – არასაცხოვრებელი ფართი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წელს იგივე სამეწარმეო საქმიანობამ ეკატერინე ჯანელიძეს 79 340 ლარი მოუტანა, დირექტორობამ – 3 250 ლარი. მინდია ჯანელიძემ კი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, 63 400 ლარი მიიღო; როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, 12 264 ლარი.