გაყრილ-შეყრილი
მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაეყარა და „ახალ პოლიტიკურ ცენტრს“ შეეყარა, ბ-ნ ჯაფარიძეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების იდეა შეეპარა. სახელდობრ, იგი ბრძანებს, „თანამედროვე სამყაროში, სადაც მაღალტექნოლოგიურ იარაღს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, არაპროფესიულ „არმიას“, არაპროფესიონალ „მებრძოლთა“ ერთობას არ შეუძლია, რაიმენაირად გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“.
მეტიც, ბ-ნ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ჯარში ერთწლიანი სამსახური დროის კარგვაა (მომყავს ციტატა): „დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული სახელმწიფო ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდას აიძულებს, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამჟამად ეს არის 1 წელი, დახარჯოს ისე, როგორც ამას სახელმწიფო ბიუროკრატია გადაწყვეტს.“ უდავოა, ამ ლოგიკით, სამშობლოსთვის სიკვდილი მხოლოდ გამონაკლისთა ჯვარია, დანარჩენები მხარ-თეძოზე ვიკოტრიალებთ და კიდევ იდეებს მოვიმწიფებთ თავებში უსაქმობის ჟამს?! –
ერთი სიტყვით, პროფესიული ჯარი გვჭირდებაო, ამბობს „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, რადგან სამხედრო-სავალდებულო სისტემაზე დახარჯული თანხა არის არამიზნობრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის გაცილებით ეფექტიანი იქნება ამ ხარჯის პროფესიული არმიისკენ გადამისამართებაო (თანაც, დასძენს, ეს უნდა გაკეთდეს მყისიერადო).
თუმცა, თუ სამხედრო ექსპერტებს ვერწმუნებით, პროფესიული ჯარი ისეთი ფუფუნებაა, რისი აწევაც ჩვენზე გაცილებით მდიდრებსა და ძლიერებს უჭირთ, ოღონდ, ეს სულ სხვა საუბრის თემაა.
მე არ დავსვამ რიტორიკულ კითხვას – რას ელოდა 9 წელიწადს და რატომ არ დააძალა თანაპარტიელებს ამ რეფორმის მყისიერად გატარება?! – – მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლება გაუქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის ელემენტარული წესებიც კი უცხოა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. თუმცა, მეორე მხრივ, ბ-ნი ჯაფარიძის პათოსზე აშკარად იგრძნობა აწ უკვე ყოფილი თანამოაზრის, ბ-ნი ბაქრაძის გავლენა, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგიც იმედოვნებს, ბოლოს და ბოლოს, თუ გული გულობს, მომხდურს დანა-ჩანგლითაც მოვიგერიებთო.