იმპორტგარღვეულები
გასულ კვირას ევროკავშირმა რფ-ს ნახევარი წლით გაუგრძელა ეკონომიკური სანქციები, ხოლო კრემლმა საპასუხოდ ერთი წლით გაუხანგრძლივა ემბარგო დასავლურ პროდუქტებს თავის ბაზარზე.
ამასობაში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ განიხილავს დასავლური ღვინოების უარყოფის საკითხს, ოღონდ აცნობიერებს, რომ იმპორტის ჩანაცვლებას უახლოეს მომავალში ვერ მოახერხებს. ხოლო, რაკი ვერ მოახერხებს, ალკოჰოლი კი წმიდათაწმიდაა, ჯერჯერობით თავს იკავებს.
კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორი, აწ კი სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ალექსანდრ ტკაჩოვი უბნობს შემდეგს: „ჩვენ არ ვაწარმოებთ იმდენ ღვინოს, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა.“ თუმცა უფრო ადრე ყირიმელი მეღვინეები მოუწოდებდნენ რფ-ის ხელისუფლებას, უარი ეთქვა ევროპულ ღვინოებზე.
თავად ტკაჩოვი კი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა აკრძალოს საკონდიტრო ნაწარმის, თევზის კონსერვებისა და ყვავილების შეტანა, ოღონდ, ამ სიაში შოკოლადის ნაწარმი არ შევა (როგორც ჩანს, შოკოლადიც წმიდათაწმიდის რანგში გადის).
ზემოთქმული მოწმობს, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს კარგად დაუსწავლია შეგონება – ღვინო არსად იყო, ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო, რაც ბუნებრივად ბადებს რიტორიკულ კითხვას: დასავლეთს რომ დაესწრო და ეკონომიკური სანქციები რუსეთში ალკოჰოლის შეტანაზეც დაეწესებინა?!