რატომ დაიღვარა სისხლი ერწუხის ბრძოლის შემდეგ დავით აღმაშენებლის კარავში
დავით აღმაშენებლის მეფობის დასაწყისში კახეთ-ჰერეთში მეფობდა კვირიკე მეოთხე. ის ყოფილა კარგი ქრისტიანი.
დავით აღმაშენებელმა კარგად იცოდა, რომ ყოველი ქართული ქვეყნისა და ქართული დემოგრაფიული რესურსის სრულად გაერთიანების გარეშე, არც სახელმწიფო იქნებოდა ძლიერი და არც ქართველ ხალხს ექნებოდა მომავალი. ამიტომ, რაც არ უნდა ყოფილიყო, უნდა გაეერთიანებინა მთელი საქართველო.
დავით აღმაშენებელმა კვირიკე მეფეს წაართვა ზედაზნის ციხე. ეს 1103 წელს მომხდარა. ქორონიკონი იყო სამას ოცდასამიო, წერს დავითის ისტორიკოსი.
იმ ხანებში მომკვდარა რატი ლიპარიტის ძე ბაღუაში. ასე დასრულდა ბაღუაშთა ის შტო. მისი მამული დავით აღმაშენებელმა სამეფო დომენს შეუერთა, ნაწილი ეკლესიებს შესწირა. შემდეგ წელს გარდაიცვალა კვირიკე მეფე და რანთა და კახთა მფლობელი გახდა მისი ძმისწული, აღსართან მეორე.
ამ დროისთვის დავით აღმაშენებელი აკონტროლებდა მთელ დასავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს დიდ ნაწილსაც. მისი ბატონობის ქვეშ იყო ქართლის ნაწილიც. ტფილისი ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს სახელმწიფოს წიაღში დაბრუნებული. ქვემო ქართლში, რომელიც მოიცავს ლორე-ტაშირსაც, სადაც ცოტა ხნით ადრე ქართველ მოსახლეობაზე სომეხი კვირიკიანების მეფეები იყვნენ გაბატონებულნი, თურქ-სელჩუკები მძლავრობდნენ.
კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი ცუნდრუკა ვინმე ყოფილა. არ ჰქონია მეფობის ნიჭი – ყოფილა უსჯულო და „უმეცრად უსამართლო“. ეს ორი სიტყვა ზუსტად გადმოგვცემს ადამიანის ბუნებას. ჯერ უმეცრობა როგორია, ანუ შეუგნებლობა, მერე უსამართლობა რამხელა დანაშაულია, და მერე კიდევ უმეცრობით გამოწვეული უსამართლობა, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება მეფისთვის სავალდებულო მონაცემებსა და ვალდებულებებს. აღსართან მეორე თავისი კეთილი ბიძის ანტიპოდი ყოფილა.
ამ დროს დავით აღმაშენებელი დაკავებული იყო საეკლესიო რეფორმით, ახალი ჩატარებული იყო რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რამაც დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს აღორძინებაში.
ცუნდრუკი აღსართანი გრძნობდა საფრთხეს, იცოდა, რომ მისი ტახტი და მეფობა საქართველოს გაერთიანებას შეეწირებოდა და ამიტომ, გადაწყვიტა, ნებისმიერი ხერხით შეენარჩუნებინა ძალაუფლება. თავის დროზე, 1084 წელს, აღსართან მეორის პაპა, აღსართან პირველი ეახლა სელჩუკთა დიდ სულთანს, მელიქ შაჰს ისპაჰანში, მიიღო მაჰმადიანობა და ამგვარად შეინარჩუნა მეფობა კახეთ-ჰერეთში. მანამდე, მელიქ შაჰს ეახლა დავით აღმაშენებლის მამაც, გიორგი მეორე., თავი სულთნის ვასალად ცნო და იკისრა ხარკი, თუმცა მეფე გიორგის მაჰმადიანობა არ მიუღია.
დავით აღმაშენებელს საკმაოდ ძლიერი მომხრეები ჰყავდა კახეთსა და ჰერეთში, დიდებული პიროვნებები, რომლებიც ოცნებობდნენ ქვეყნის გაერთიანებაზე. დავით მეფის მომხრე ჰერმა დიდებულებმა – არიშიანმა და ბარამმა, და მათმა დედის ძმამ ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს ცუნდრუკი აღსართან მეფე და მიჰგვარეს დავით აღმაშენებელს. დავით მეოთხემ კახეთი და ჰერეთი ერთიან საქართველოს სამეფოს შემოუერთა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არ მოეწონათ თურქ-სელჩუკებს და გადაწყვიტეს დავით მეფის დასჯა. თურქთა სულთანმა გამოაგზავნა დიდძალი ჯარი განძის ათაბაგთან და საქართველოს მეფის წინააღმდეგ გალაშქრება დაავალა. სულთნის ძალებს დაემატა ათაბაგის სამხედრო ნაწილები, ასევე, სეპარატიზმის მომხრე კახელი დიდებულები და დიდი არმია შეიკრიბა დავით მეფისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საომრად.
ბრძოლა გაიმართა ერწუხში, რომელიც მდებარეობდა კახეთ-ჰერეთში, თუმცა მისი ზუსტი ლოკალიზება დღეისთვის ვერ ხერხდება.
დავით აღმაშენებელს ძალიან მცირე ძალები ჰყოლია აღნიშნულ ომში – „მცირედი ლაშქარი და განწირული ერი“. ეტყობა, მხოლოდ ის ნაწილები, რომლითაც დაიკავა კახეთ-ჰერეთი, ეს იყო „მცირე ლაშქარი“. „განწირულ ერში“ კი ადგილობრივი, უბრალო მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს, ჩემი აზრით: სამშობლოსთვის თავგანწირული გლეხები და მეთემეები, თავის ლიდერებთან, არიშიანთან და სხვებთან ერთად.
მაჰმადიანთა რაოდენობა გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, რამდენჯერმე მეტი, ვიდრე დავით მეფის მეომრები. თუმცა 100 000 (მაჰმადიანი) და 1 500 (ქართველი), გადაჭარბებული უნდა იყოს. თურქ-სელჩუკთა მხარეს, როგორც ვთქვით, ზოგიერთი ჰერი და კახელი დიდებული გამოვიდა, რომელთაც თავისი ქვეშევრდომები, უბრალო მოქალაქეებიც გამოუყვანიათ დავით მეფის წინააღმდეგ. ალბათ, იძულებით და ვასალობის ძალით, თორემ უბრალო ხალხი რატომ გამოვიდოდა მაჰმადიანებისა და უსამართლო აღსართან მეორის მომხრე დიდებულთა მხარეს. თუმცა, აქვე გასახსენებელია, რომ კახეთ-ჰერეთის სამეფო უკვე კარგა ხანია, არსებობდა, და სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულობა, ადგილობრივ, ვიწრო პარტიკულარიზმს მაინც ქმნის ზოგ შემთხვევაში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ დავით აღმაშენებელი ბრწყინვალე სტრატეგი იყო. ხშირად იყენებდა სხვადასხვა ტაქტიკას ბრძოლების დროს. ერწუხის ბრძოლაშიც ასე იყო, თუმცა ბრძოლის დეტალები არ ვიცით. გარდა ამისა, მეფე პირადად მონაწილეობდა ბრძოლაში. თან, უკანა პლანზე კი არ იდგა და ჯარის ზურგიდან გასცემდა ბრძანებებს, ან მხოლოდ რამდენჯერმე კი არ მოიქნია ხმალი, არამედ მეწინავეთა რიგებში იბრძოდა: „ვითა ლომი შეუძახებდა ხმითა მაღლითა“ და გრიგალივით დაქროდა აქეთ–იქით. „გოლიათებრ“ უტევდა და თავისი მადლიანი მარჯვენით სცემდა მახვილს, ამხობდა და კლავდა მტრებს.
იმ დღეს სამი ცხენი მოუკლეს მეფეს და მეოთხე ცხენზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა. ეს ცნობა ამტკიცებს, რომ მეფე შუაგულ ბრძოლაში იყო და მასზე დიდი შეტევა ხორციელდებოდა. მისთვის ნასროლმა ისრებმა თუ შუბებმა, მისთვის მოქნეულმა ხმლებმა იმსხვერპლა ქართველთა გმირი მეფის სამი ცხენი. რა თქმა უნდა, მეფის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მძაფრი შეტევა ექნებოდათ მტრებს... უნდა ითქვას, ხიფათი დიდი იყო, მაგრამ უფალი იფარავდა მის რჩეულ მეფეს.
ქართველებმა სასწაულებრივად გაიმარჯვეს, ადვილად და სწრაფად, ღვთის წყალობითო, როგორც გვიამბობს ამ ბრძოლის მონაწილე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.
ბევრი ტყვე ჩაუვარდათ ხელში ჩვენს წინაპრებს. თუმცა, როგორც ყველა ბრძოლა, ერწუხის ბრძოლაც არ იქნებოდა მთლად ადვილი. ამ ბრძოლისთვის დიდი ხანი ემზადებოდა მეფე, წვრთნიდა ჯარს და დიდი თურქობით შეწუხებულ სამეფოს გამარჯვებას აჩვევდა ნელ-ნელა.
ბრძოლის დასრულების შემდგომ დავით მეფე თავის კარავში შებრძანდა. მეფეს სარდლები და გარემოცვაც თან ახლდა. ამ ამბის თვითმხილველი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვიამბობს – მოიხსნა, თურმე, მეფემ აბჯარი, შეიხსნა წელზე ქამარი და ბლომად მტკნარი სისხლი დაიღვარა მიწაზე.
თავიდან დაჭრილი ეგონათ მეფე, მერე მიხვდნენ, რომ შეუჩერებელი ბრძოლის დროს, მისი ხმლიდან ხელს გამოჰყოლოდა სისხლი, და დაგროვილიყო ტყავის სამოსში, რომელსაც სარტყელი ჰქონდა შემორტყმული.
ეს ცნობაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიდი მეომარი იყო დავით აღმაშენებელი. ერწუხში მისმა მარჯვენამ საქართველოს არაერთ მტერს ადინა სისხლი, ისე როგორც სხვა ბრძოლებში.
მრავლისგან მხოლოდ მცირეს ვამბობო, გვეუბნება დავითის ისტორიკოსი.
ქართველების მიერ გადახდილი ერწუხის ბრძოლა დიდად „ხმაგასმენილი“ ყოფილა იმდროინდელ სამყაროში. მას დიდი გამოძახილი ჰქონია იმჟამინდელ მსოფლიოში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მაჰმადიანი დამპყრობლები და ქრისტიანი ჯვაროსნები.
საბოლოოდ დაიპყრო კახეთი და ჰერეთი ჩვენმა საამაყო მეფემ. დაიკავა ყველა ციხე და სიმაგრე. მტრის მომხრე დიდაზნაურების მაგიერ, თავისი ერთგული ადამიანები დააწინაურა. მზესავით მოჰფინა წყალობა ამ ქართული ქვეყნების მცხოვრებლებს.
ღვთის წყალობა მუდამ თან სდევდა დიდებულ დავით მეოთხეს და ღმერთი აძლევდა მას საკვირველ ძლევას მტერზე. ყველგან და ყოველთვის უფალი უძღოდაო წინ.
არც დავით მეფე აკლებდა ხელს ღვთის მიერ მისთვის მინიჭებული ტალანტების გამრავლებას, არამედ სრული გულით მსახურებდაო ღმერთს – გადმოგვცემს უცნობი ავტორი, დავით მეფის თანამებრძოლი და მეგობარი.