კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2 მილიონ 860 ათასი მანეთის გამტაცებელი, მეტსახელად „მუზიკანტი“, სიცოცხლის ბოლომდე ფოტოგრაფად მუშაობდა

„მუზიკანტი“

ცნობილი ბანდიტი, ვარლამ მუშკუდიანი 1976 წლის 27 მარტს გაიქცა ქალაქ ბაქოს ციხიდან, სადაც ის ეტაპირებას ელოდა და თბილისში უნდა ჩამოეყვანათ. 41 წლის ბოროტმოქმედი 1935 წელს იყო დაბადებული და აზერბაიჯანის მილიციამ ის 20 მარტს, ბაქოში დააპატიმრა. მუშკუდიანი სამჯერ იყო ნასამართლევი. ბოროტმოქმედთა სამყაროში მას „მუზიკანტის“ (მუსიკოსი) მეტსახელით იცნობდნენ. ასეთი წოდება კი მუშკუდიანმა, დანაშაულის ჩადენის სტილიდან გამომდინარე მიიღო. მუზიკანტი და მისი ბანდის წევრები ცეცხლსასროლ იარაღებს მუსიკალურ ინსტრუმენტთა ფუტლარებით ატარებდნენ, რომ მილიციის ყურადღება მოედუნებინათ. ძირითადად, „უაზის“ მიკროავტობუსით მოძრაობდნენ, რომელსაც გარედან „ფილარმონია“ ეწერა და დანაშაულის ადგილიდან „უაზითვე“ გარბოდნენ. მუზიკანტი და მისი სამი „პაძელნიკი“ მძარცველები იყვნენ. თავს ესხმოდნენ მსხვილ საიუველირო მაღაზიებს, უნივერმაღების ინკასატორებს. იტაცებდნენ ფულსა და ძვირფასეულობას. მუშკუდიანის ბანდა ბაქოში მსხვილი საიუველირო მაღაზიის გასაძარცვად იყო ჩასული და იმ ქალის დაბეზღებით აიყვანეს, ვის სახლშიც მუშკუდიანი ცხოვრობდა. დანარჩენი სამი ბანდიტი კი დაჭერას გადაურჩა. მუზიკანტი ძებნაში იმყოფებოდა ლომბარდის ძარცვის გამო და მისი დაპატიმრება ამის საფუძველზე მოხდა. ბაქოს ციხიდან გაქცევა კი მუშკუდიანმა განსაკუთრებული რისკის ფასად მოახერხა. პურისგან მან „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტის მოდელი დაამზადა. ზედამხედველი შეაშინა და აიძულა კორპუსიდან გამოეყვანა. შემდეგ მისი უნიფორმა ჩაიცვა. საკონტროლო-გამშვებ პუნქტში კი, უკვე ნამდვილი პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის იარაღი აართვა ოფიცერს და გაქცევა მოახერხა.

თავხედური ძარცვა

რეციდივისტობის მიუხედავად, მუზიკანტი საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო და თავისუფლად შეეძლო მრავალ საკითხზე მაღალკვალიფიციური მსჯელობა. გარდა ამისა, მუშკუდიანი, ქართულის გარდა, კიდევ ხუთ ენას ფლობდა და თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულად, ინგლისურად, აზერბაიჯანულად, სომხურად და ქურთულად. ყველაფერთან ერთად, მუშკუდიანი გონებამახვილი კაცი იყო და მსახიობობაც ხელეწიფებოდა. ყველაფერთან ერთად, კი, ვიოლინოსა და ფორტეპიანოზეც უკრავდა. ერთი სიტყვით, მუზიკანტი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი გახლდათ, მაგრამ თავის ამ ღირსებებს დანაშაულის ჩადენისთვის იყენებდა და თუკი საქმეს ჩაიფიქრებდა, აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე.

ციხიდან გაქცეული მუზიკანტი უცხო ქალაქში ფულისა და კავშირების გარეშე დარჩა. მას მხოლოდ პისტოლეტი და რვა ვაზნა ჰქონდა. მთელი მილიცია ეძებდა და გადაწყვიტა, გაერისკა, რაც მისთვის ჩვეულებრივი რამ იყო. მთელი ღამე ველურ სანაპიროზე, ერთ-ერთ მიგდებულ კატერში გაატარა. შემდეგ, ქალაქში გავიდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სთხოვა, რომ ტვირთის გადატანაში დახმარებოდა. შემდეგ, მძღოლი კატერში შეიტყუა, დააბა და მისი სამოსი გადაიცვა. მანქანით ქალაქის ცენტრში გაემგზავრა. ტაქსი საიუვილერო მაღაზიის შორიახლო გააჩერა. თვითონ საიუვილერო მაღაზიაში შევიდა და სულ რაღაც ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ერთ-ერთი სექციიდან 45 ათასი მანეთის ღირებულების სამკაულები და 3 500 მანეთი გაიტაცა და ტაქსით მიიმალა.

ბაქოელი მილიციელები შოკში ჩააგდო მუზიკანტის ამ თავხედურმა ქმედებამ. გადაკეტეს აზერბაიჯანის დედაქალაქი და ბოროტმოქმედს ბაქოს ყოველ კუთხე-კუნჭულში ეძებდნენ. თუმცა, მუშკუდიანი უკვე საქართველოს დედაქალაქისკენ მიემგზავრებოდა და ისე გასცდა უამრავ ბლოკ-პოსტს, რომ მანქანა, რომელშიც ის იჯდა, არავის გაუჩერებია. ეს კი არც იყო გასაკვირი, რადგან, ვარლამი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის შავ „ვოლგაში“ მოკალათებულიყო. მანქანას, განსაკუთრებული სამხედრო ნომრებით ყველა ბლოკ-პოსტი შეუფერხებლად ატარებდა. თავად სარდალი მანქანაში არ იმყოფებოდა. ვარლამი მის მძღოლს, ახალგაზრდა რუს ჯარისკაცს მოელაპარაკა. 500 მანეთი და ოქროს ძეწკვი მისცა გასამრჯელოდ და ამგვარად მოახერხა თბილისში ჩასვლა.

„გოსტინნი დვორის“ საქმე

გაქცეულ ვარლამ მუშკუდიანს ჯერ კიდევ ბაქოელი მილიციელები ეძებდნენ, როდესაც თავის სამ „პაძელნიკთან” ერთად, ქალაქ ლენინგრადში იყო და მსხვილ საქმეს ამზადებდა. ამ საქმეს შემდგომ დიდი რეზონანსი მოჰყვა და საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში ორმოცდაათ ყველაზე ცნობილ დანაშაულში მოხვდა. ლაპარაკია „გოსტინნი დვორის“ ძარცვაზე.

„გოსტინნი დვორი“ ლენინგრადის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გახლდათ და ქალაქის შუაგულში მდებარეობდა. მისი დღიური ნავაჭრი რამდენიმე მილიონი საბჭოთა მანეთი იყო. ფულის წასაღებად კი ოთხი ინკასატორი მიდიოდა, რომლებსაც ოთხი, ავტომატებით შეიარაღებული მილიციელი აცილებდა. საინკასაციო დაჯავშნილი მიკროავტობუსი „გოსტინნი დვორის“ ეზოში ჩერდებოდა. ინკასატორებს, უკვე დათვლილი და დადასტული ფულებით სავსე ტომრები მესამე სართულიდან სათადარიგო გასასვლელით ეზოში ჩამოჰქონდათ, მანქანაში აწყობდნენ და ბანკში მიჰქონდათ. შენობის შიგნით ფულთან ინკასატორებს მხოლოდ ორი ავტომატიანი მილიციელი აცილებდა. დანარჩენი ორი კი მათ ეზოში, მანქანასთან ელოდებოდა. მუზიკანტი თვე-ნახევრის განმავლობაში გულდასმით სწავლობდა სავაჭრო ცენტრის ყოველ კუთხე-კუნჭულს. აკვირდებოდა ინკასატორების მოქმედებებს. მათ შეიარაღებულ გამცილებლებს და მომავალ საქმეს დეტალურად აანალიზებდა. ამისთვის კი ვარლამი მუშად მოეწყო „გოსტინნი დვორში.“ რომ არავის ეცნო, წვერ-ულვაში მოუშვა. სათვალე მოირგო და პავლე რომანცევის ყალბი პასპორტით გაფორმდა კადრებში.

თავდაპირველად, მუზიკანტი თავის ჩვეულ სტილში მოქმედებას გეგმავდა და ფიქრობდა, რომ ფულს იარაღის გამოყენებით წაიღებდა. თუმცა, ყველაფრის დეტალურად შესწავლის შემდეგ, სულ სხვა გეგმა შეადგინა და საქმეც სხვაგვარად გაკეთდა. 1976 წლის 21 მაისს, საღამოს 20 საათსა და 15 წუთზე, ოთხი ინკასატორი და ორი ავტომატიანი მილიციელი უზარმაზარ სატვირთო ლიფტში შევიდნენ და კაბინა დაიძრა. მაგრამ, ლიფტი მეორე სართულზე გაჩერდა. მანამდე კი კაბინაში ოთხი დამაძინებელი გაზით სავსე ბალონი გასკდა და ექვსი ადამიანი მომენტალურად მიაძინა. ასეთ ბალონებს ქიმიურ მრეწველობაში ხმარობდნენ. მუშკუდიანმა ისინი ერთ-ერთ ქიმკომბინატში შეიძინა და თავადვე დაამზადა ფეთქებადი ბალონები, რომლებიც ტაიმერზე იყო დაყენებული... როგორც კი ლიფტი გაჩერდა, კაბინის კარი თავად მუზიკანტმა გააღო. მას, ისევე, როგორც მის „პაძელნიკებს“, სახეზე აირწინაღები ეკეთათ. მათ ტომრების შიგთავსი უზარმაზარ ჩანთებში ჩაყარეს. აირწინაღები მოიხსნეს და მეორე სართულის დერეფნის გვერდით, მეორე სათადარიგო გასასვლელისკენ დაეშვნენ. შენობიდან სამხრეთ ფლიგელით გავიდნენ და „პობედის“ მსუბუქი ავტომობილით, რომელიც წინა დღით მოიპარეს და ნომრები შეუცვალეს, შემთხვევის ადგილი დატოვეს.

ძარცვა იმდენად ფანტასტიკური და არაორდინარული იყო, რომ მილიცია ჩიხში მოექცა, კვალს ვერ იღებდნენ. გატაცებულმა თანხამ კი 2 მილიონ 860 ათასი მანეთი შეადგინა, რაც იმ პერიოდისთვის არნახული რამ იყო.

მოხუცი ფოტოგრაფი

„გოსტინნი დვორის“ საქმე, ისევე, როგორც მსგავსი საქმეების უმრავლესობა, კურიოზულად გაიხსნა.

მას მერე, რაც საქმე გააკეთეს, მძარცველებმა ფული გაიყვეს (თითოეულს 715 ათასი მანეთი შეხვდა) და დაიფანტნენ, თან შეთანხმდნენ, რომ „ფსკერზე დაწვებოდნენ“ და მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, თავიანთ წილს დააკონსერვებდნენ და ხელს არ ახლებდნენ. მუზიკანტი ქალაქ ჩელიაბინსკში გაემგზავრა და საიმედო ადგილზე, თავის ძველ შეყვარებულთან დაიმალა, რომელზეც მალევე დაქორწინდა. მილიციამ მძარცველების ვინაობა არ იცოდა. მათ ეჭვიც კი არ მიუტანიათ მუშკუდიანზე და მართალია, ის ძებნილად რჩებოდა, მაგრამ არა „გოსტინნი დვორის“ საქმეზე.

ერთ-ერთი მძარცველი, 35 წლის ოთარ გოგიბერიძე თბილისში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა ზემო ვერაზე. 1977 წლის 8 იანვარს, ავტოინსპექტორი, სერჟანტი მიხეილ ფუტკარაძე სამსახურებრივი, „გაის“ „მოსკვიჩით“ შესვენებაზე სახლში მიდიოდა. ერთ-ერთი აღმართის ასვლისას, მოყინულ ასფალტზე მას მანქანა მოუცურდა. საჭე ვერ დაიმორჩილა და უკუსვლით იმ სახლის ფასადს შეასკდა, სადაც ოთარ გოგიბერიძე ცხოვრობდა. ფასადი შეინგრა. მანქანა პირველ სართულზე შევარდა და შელესილი სამალავიდან გახეული ტყავის ჩანთა ქუჩაში გადავარდა. ინსპექტორმა დახედა და საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. ჩანთა ფულის დასტებით იყო სავსე. ავარიის დროს გოგიბერიძეებთან სახლში არავინ იმყოფებოდა. ინსპექტორმა ფულიანი ჩანთის თაობაზე მილიციის მთავარ სამმართველოს შეატყობინა. მძარცველი იმავე დღეს დააპატიმრეს. დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო... კიდევ ორი ბოროტმოქმედი თბილისის სხვადასხვა უბანში აიყვანეს იმავე ღამით. ორი კვირის მერე კი მუზიკანტსაც მიაგნებს ჩელიაბინსკში.

„გოსტინნი დვორიდან“ გატაცებული თანხა სრულად დაუბრუნეს სახელმწიფოს. მძარცველები კი გაასამართლეს და 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვარლამ მუშკუდიანი 1999 წელს გამოვიდა ციხიდან და კვლავ ჩელიაბინსკში თავის ცოლ-შვილთან გაემგზავრა. ცნობილმა მძარცველმა აღარ ისურვა კრიმინალური საქმიანობის გაგრძელება. ფოტოგრაფობას მოჰკიდა ხელი და სიკვდილამდე არ მიუტოვებია. ის ჩელიაბინსკის ერთ-ერთ ფოტოატელიეში მუშაობდა და 2010 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3