კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N22-24(755) 

 

ფიგარო ორმოცდახუთიოდე წლის ქურდი იყო და შავ სამყაროში მას მხიარული კაცის სახელი ჰქონდა. უდედმამო ბავშვთა სახლში გაზრდილი ფიგარო მოუსვენარი ბუნების იყო. ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება უჭირდა. ფიგაროც ამის გამო შეარქვეს და ქურდი-გასტროლიორის პროფესიაც ამიტომ აირჩია. მას მთელი საბჭოთა კავშირი შემოვლილი ჰქონდა. დიდი ნაცნობობა ჰყავდა და მილიციაც კარგად იცნობდა. ყველაფერთან ერთად, ფიგაროს ბახუსიც უყვარდა. რომ დალევდა, ბევრი ლაპარაკი იცოდა. საკმაოდ მიამიტიც იყო. ზოგჯერ ადამიანების გარჩევაც უჭირდა. სწორედ ამიტომ დატოვა ის სედოიმ ექიმის სახლში. თანაც, დალევა აუკრძალა და ამით თავი დაიზღვია.

– ესე იგი, სამხრეთში გამგზავრება გინდოდა, ხომ? – ჰკითხა სედოიმ ფიგაროს.

– მინდა, მაგრამ თავსზემოთ ძალა არაა, – მიუგო მოწყენილმა ფიგარომ.

– თუ დამიჯერებ, სამხრეთიც იქნება და ბევრად უკეთესიც. დროებით კი უნდა მოითმინო, – უთხრა სედოიმ.

ექიმი ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდა ოდესიდან მოსკოვში. ფიგარო რომ დაინახა, გაოცდა და ჰკითხა:

– თქვენ, თუ არ ვცდები, ამ ერთი კვირის წინ ჩემთან იყავით პოლიკლინიკაში გასასინჯად.

– ეს ფიგაროა. ქურდი-გასტროლიორი, – უთხრა ექიმს სედოიმ, – ობოლი ბავშვია და დროებით შევიფარეთ.

– ყველაფერი გასაგებია, – ჩაეცინა ქირურგს და სედოის უთხრა:

– არასაბავშვო ამბავი უნდა მოგიყვეთ და იქნებ ჩემს კაბინეტში გავიდეთ, თანაც, გაგსინჯავთ.

– დიმკა, ობოლს მულტფილმები ჩაურთე და მომეხმარე, – უთხრა დიტოს სედოიმ.

დიმკამ სედოის თვალი ჩაუკრა და ჯერ ვიდეოფილმი ჩაურთო ფიგაროს, შემდეგ კი ექიმის კაბინეტში შეიყვანა და ტახტზე წამოიწვინა. თავად კი სკამზე დაჯდა და გაისუსა.

ქირურგმა ჯერ გატანებული ოცი ათასი მანეთი დადო მაგიდაზე. შემდეგ კოპებშეკრულმა თქვა.

– სამწუხაროდ, ხელცარიელი დავბრუნდი და თქვენმა ძვირფასეულობამ ჭირი მოგჭამათ.

– ეგ როგორ? – წამოიძახა სედოიმ.

– როგორ და ცეცხლში დაიწვა.

– ცეცხლში? – გაიმეორა სედოიმ.

– სწორედაც რომ, ცეცხლში, – ხელები გაშალა ქირურგმა, – მე რომ იქ ჩავედი, იმ სახლის ნარჩენებს ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა.

– მაინც, რა მოხდა? – ჰკითხა სედოიმ.

– ყველფერი გავარკვიე და ამიტომ შევჩერდი იქ ამდენ ხანს. ცოტა შორიდან დავიწყებ.

– მიდი, – უთხრა სედოიმ.

– ოდესაში ერთი კოოპერატივია, „ღუზა“ ეწოდება. რესტორნებისა და გასართობი კლუბების ქსელი აქვს. ერთი სიტყვით, ძალიან შემოსავლიანი და სარფიანი ბიზნესია. ეს „ღუზა“ ოდესაში უზარმაზარ კომპლექსს აშენებს, სადაც უნდა იყოს სასტუმრო, აუზები, რესტორნები და სხვა მსგავსი დაწესებულებები. მათ მიწაც შეისყიდეს საამისოდ. ის მონაკვეთი კი, სადაც თქვენი ბრილიანტებიანი სახლი იდგა, ვერა და ვერ დაითრიეს. არადა, მის გარეშე მშენებლობა არ გამოდიოდა. იქ ვიღაც ომის ვეტერანი ბაბუ ცხოვრობდა და ცოცხალი თავით არ უნდოდა იმ კარ-მიდამოს გაყიდვა. არადა, მას ორმაგ ფასს უხდიდნენ. აქ საუცხოო ზღვის ხედია და ჰაერი. არსად წავალო, – ასე პასუხობდა თურმე ის ნაფრონტალი ღუზელებს. ერთ დღესაც, როდესაც ის ბაბუ ქალაქში სასეირნოდ გავიდა, მის ხის, კარგად გამომშრალ სახლს ცეცხლი წაეკიდა და ამოიბუგა.

– ალბათ, ღუზელებმა მიუშვეს წითელი მამალი, – თქვა სედოიმ.

– ორი აზრი არ არსებობს, – თქვა ქირურგმა,  – მთელი ოდესა ამას ამბობს.

– მერე?

– მერე ის, რომ იმ ბაბუს ახალი ბინა უყიდეს და ცოტა ფულიც მისცეს. მისი ნაკვეთი კი „ღუზამ“ შეისყიდა და ერთ კვირაში მშენებლობას იწყებენ. ჯერ იქაურობას ასუფთავებენ. შემდეგ კი დაიწყებენ... – თქვა ექიმმა და ხელები გაშალა, – თქვენი განძი ან ცეცხლში განადგურდა, ან ვინმემ იპოვა და მიითვისა. სავარაუდოდ, მეხანძრეებმა. მე იქაურობა საგულდაგულოდ გადავჩხრიკე, მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი.

– შენ ამბობ, რომ მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება?

– დიახ. ერთ კვირაში. იქ უზარმაზარი ტერიტორიაა და ჯერ ნაგავი უნდა გაიტანონ. შემდეგ მოასწორონ და მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ ფუნდამენტის გათხრას. მშენებლობის პრარაბს ველაპარაკე და მან მითხრა.

სედოიმ დიმკას გადახედა. შემდეგ კვლავ ექიმს მიუბრუნდა:

– დრო არ ითმენს და მართლა ხახამშრალები რომ არ დავრჩეთ, დღესვე მანქანით უნდა გაემგზავრო უკან.

– ოდესაში? – გაუკვირდა ქირურგს.

– სწორედ იქ.

– რატომ?

– იმიტომ, ძვირფასო იური სერგეევიჩ, რომ სხვებმა არ დაითრიონ ჩენი განძი.

– ვერაფერს ვხვდები.

– საქმე ისაა, ექიმო, – სედოიმ რადიომიმღებ „ვეფისკენ“ გაიშვირა ხელი, რომელიც ქირურგს კაბინეტში ედგა და დაამატა, – აი, დაახლოებით იმხელა ზანდუკი, რომელიც განძითაა სავსე, დამწვარი სახლის სარდაფში, ოთხი მეტრის სიღრმეზეა მიწაში ჩაფლული.

– რას ლაპარაკობთ?! – წამოიძახა ექიმმა.

– კი. სწორედ ასეა და მშენებლებმა ან სხვა ოქროსმაძიებლებმა რომ არ დაგვასწრონ, უნდა ვიჩქაროთ.

– მე მზად ვარ და ახლავე გავემგზავრები, –  თქვა აღტაცებულმა, თვალებანთებულმა ქირურგმა.

– ორიოდე საათის შემდეგ. ცოტა დაისვენე, თანაც, ფიგაროც უნდა მოვამზადოთ.

– ფიგარო?

– ჰო. მარტო ჩალიჩი ძალიან სარისკოა და ფიგარო წამოგყვება. რამე რომ იყოს, დაგაზღვევს.

– გასაგებია, – თქვა ქირურგმა და პაუზის შემდეგ დაამატა, – ბოდიშს გიხდით, მაგრამ სანდოა ფიგარო?

– ვფიქრობ, რომ სანდოა. თანაც, სხვა გზა არ გვაქვს. მარტო იქ ჩალიჩი ძალიან სარისკოა. მე და დიმკა ვერ წამოვალთ. რჩება ფიგარო და ის გამოემგზავრება შენთან ერთად.

– თქვენ უკეთ იცით. მაშინ, მე წავალ და მაღაზიაში ნიჩბებსა და წერაქვებს ვიყიდი. თქვენ კი ფიგაროს დაელაპარაკეთ.

– დაღლილი არ ხარ? ცოტა დაგესვენა.

– რა დროს დაღლილობაა. დრო არ ითმენს. წავედი, წავედი, – თქვა ექიმმა და ჯერ დიმკას მიეხმარა სედოის ოთახიდან გაყვანაში, შემდეგ კი მანქანის გასაღები აიღო და ბინიდან გავიდა.

ფიგარო ვიდეოფილმს უყურებდა და არც წასული ექიმისთვის მიუქცევია ყურადღება და არც ოთახში დაბრუნებული კოლეგებისთვის. სედოი ტახტზე წამოწვა. ერთხანს ფიგაროს უყურა. შემდეგ სავარძელში მოკალათებულ დიმკას თვალი ჩაუკრა და უთხრა:

– ერთი ტელევიზორი გამორთე, დიმკა.

დიმკამ ტელევიზორი გამორთო. ფიგარომ ჯერ დიმკას შეხედა, შემდეგ სეიდოის და თქვა:

– რა პონტია, საინტერესო მომენტი იყო. რატომ გამომირთეთ?

– შუქი ჩაქრა. კინო აღარ იქნება, – მხიარულად მიუგო სედოიმ ფიგაროს და ჰკითხა:

– სამხრეთში გამგზავრება არ გადაიფიქრე?

– დამცინი, სედოი? – ნაღვლიანად თქვა ფიგარომ.

– სულაც არა.

– რატომ მეკითხები?

– იმიტომ, რომ სამხრეთულ მივლინებაში უნდა გაგიშვა – დედა ოდესაში.

– „დედა ოდესა – ქურდების სავანე“, – მხიარულად წაიმღერა ფიგარომ. მაგრამ, სედოის სერიოზულ სახეს რომ მოჰკრა თვალი, სიმღერა შეწყვიტა და ჰკითხა:

– შენ რა, სერიოზულად ამბობ?

– უსერიოზულესად, – მიუგო სედოიმ.

– მაინც, რა ხდება ოდესაში?

– ფიგარო, კარლიკზე თუ გსმენია რამე.

– ბოზი ცოლი და ძაღლი რომ დაბრიდა?

– კი.

– კარლიკს კარგად ვიცნობდი. დახვრიტეს საცოდავი. ნოვოჩერკასკის ციხეში რომ მიმიყვანეს, სწორედ წინა დღის დახვრეტილი იყო.

– კი. დახვრიტეს.

– კარლიკი რა შუაშია?

– იმ შუაშია, რომ მე და ის ერთ საკანში ვისხედით. მას შეწყალების თხოვნა ჰქონდა დაწერილი, ხოლო უარი რომ მიიღო, გამანდო, ოდესაში, საკუთარი სახლის სარდაფში, ზანდუკში განძი აქვს შენახული და ოთხი მეტრის სიღრმეზე ჩაფლული. მან ეს განძი მე მაჩუქა. შენ და ქირურგი კი ექიმის მანქანით დღესვე ოდესაში გაემგზავრებით. განძს ამოთხრით და მოსკოვში ჩამოიტანთ.

სედოის სიტყვები ფიგაროს იმდენად დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ ღიმილით უთხრა:

– მაგოიმებ, ხომ?

– რაში მჭირდება? – კითხვითვე უპასუხა სედოიმ.

– ისე, უბრალოდ, – მხრები აიჩეჩა ფიგარომ.

– არა, ძმაო. აბსოლუტურად სერიოზული ბაზარია. ქირურგი ახლა ნიჩბებისა და წერაქვების საყიდლადაა წასული. რომ მოვა, ცოტა დაისვენეთ და შეუბერეთ დედა ოდესაში.

– მართლა, სედოი?

– მართლა, მართლა.

– სედოი, ხომ არ გეხუმრა სიკვდილის წინ კარლიკი?

– არა, რა მეხუმრა...

– აბა, ამდენი ქონება საიდან ჰქონდა?

– ჯერ კიდევ მისი წინაპრები ჩალიჩობდნენ. აგროვეს, აგროვეს და კაპიკს არ აკლებდნენ, – მიუგო სედოიმ. პაუზის შემდეგ კი ჰკითხა:

– ჰა, რას იტყვი, გაემგზავრები თუ არა ოდესაში?

– რაზეა ბაზარი. როგორ არ გავემგზავრები. განძს თუ ვერ ვიპოვი, ზღვის ჰაერს მაინც ჩავყლაპავ.

– ფიგარო, კარგად მომისმინე, ძმაო, – ისე კუშტად შეხედა სედოიმ ფიგაროს, რომ ამ უკანასკნელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ენის ბორძიკით უთხრა:

– გისმენ, ძმაო.

– ფიგარო, ასეთი შანსი ცხოვრებაში აღარ მოგეცემა და იცოდე, იაღლიში არ მოგივიდეს. დალევა და ბევრი ლაპარაკი გამორიცხე. ჩადიხართ, ითრევთ და მშვიდობიანად ჩამოგაქვთ განძი. აქ კი ყველაფერს ქურდულად გავტეხავთ და დანარჩენი მერე ვთქვათ. გასაგებია?

– გასაგებია, ძმაო. გაუგებარი რა არის. წვეთს არ ვსვამ და ენას კბილს ვაჭერ. თუ ეგ განძი მართლა არსებობს, სულ მისხალ-მისხალ ჩამოგიტან.

– არსებობს, არსებობს და შენ თვითონ დარწმუნდები ამაში. ახლა კი მოემზადე, სადაცაა ქირურგი დაბრუნდება და ცოტა ხანში უნდა გაემგზავროთ.

ექიმი რომ დაბრუნდა, ოთხივემ ისადილა. ცოტა დაისვენეს და ქირურგმა თქვა:

– გამგზავრების დროა. წავედით.

– აბა, კეთილი მგზავრობა. თქვენ იცით, რაც შეიძლება, ფრთხილად იმოქმედეთ, – უთხრა სედოიმ ქირურგსა და ფიგაროს. შემდეგ ხელი ჩამოართვა მათ და გაისტუმრა.

ექიმი და ფიგარო რომ გაემგზავრნენ, დიმკამ სედოის უთხრა:

– ცუდი ტიპი არ ჩანს ფიგარო და არ მგონია, რამე მიჰქაროს.

– განძის მოტეხვას გულისხმობ?

– კი.

– გამორიცხულია, დიმკა. ფიგაროს დალევა და ლაყბობა უყვარს, ისიც ჩვენებთან, თორემ სუფთა კაცია და კრისობას არასდროს ჩაიდენს. მისი მინუსი ისაა, რომ ყველა ჩვენიანი, ანუ ჩვენი კოლეგა კარგი კაცი ჰგონია. ეს კი ასე არაა. ერთი სიტყვით, მიმნდობი, ზოგჯერ მიამიტიცაა. თუმცა, შეგნებულ იაღლიშს არასდროს დაუშვებს. მთავარია, არ დალიოს. სწორედ ამიტომ ვუთხარი ასე მკაცრად.

– ქირურგი?

– რა ქირურგი?

– ქირურგი ხომ არ მოინდომებს ხიმანდრობას?

– რა, ორი თავი აქვს? სად წავა? არა. არა მგონია, – თავი გააქნია სედოიმ.

***

ქირურგი და ფიგარო ხუთი დღის შემდეგ დილაადრიან დაბრუნდნენ მოსკოვში. სახლში რომ შევიდნენ, ორივეს ერთნაირი შავი ფერის საშუალო ზომის სპორტული ჩანთები ჰქონდათ გადაკიდებული მხარზე. ექიმი ძალიან მხიარული და ენერგიით აღსავსე ჩანდა. ფიგარო კი, პირიქით – ხმას არ იღებდა. სახეზე გაუგებარი გამომეტყველება აღბეჭდვოდა და რობოტს ჩამოჰგავდა. მან პირველმა მოიხსნა ჩანთა და იატაკზე დადო. შემდეგ სავარძელში უხმოდ მოკალათდა და გააბოლა. ექიმს კი ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან და ჩანთის მოხსნას არ ჩქარობდა. სედოიმ ჯერ ფიგაროს შეხედა, შემდეგ ექიმი აათვალიერ-ჩაათვალიერა და ჰკითხა:

– რა ქენით?

– ჩამოვიტანეთ, სედოი, ჩამოვიტანეთ, – მიუგო ექიმმა და ჩანთა იატაკზე დადო. შემდეგ ხალიჩიდან მაგიდა გადადგა და საზეიმოდ განაცხადა:

– ახლა თქვენ თვალისმომჭრელ სანახაობას იხილავთ.

ექიმის სიტყვებზე სედოის სახე გაუბრწყინდა, ფიგაროსკენ გაიშვირა ხელი და ჰკითხა ქირურგს:

– ამას რა სჭირს? 

– შოკშია. ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ განძი ვიპოვეთ. ორი დღეღამეა არც ხმა ამოუღია, არც თვალი მოუხუჭავს და არც პირში ჩაუდევს ლუკმა, – მიუგო ქირურგმა. შემდეგ ხალიჩაზე ორივე ჩანთა ამოაპირქვავა და თქვა:

– აი, იხილეთ და დატკბით!

ხალიჩაზე მოფენილი ძვირფასი ქვები თვალისმომჭრელად ანათებდა, ოქროს მონეტები კი ბზინავდა. სედოი და დიმკა პირდაღებულები უყურებდნენ ამ სურათს. ქირურგი იღიმებოდა. ფიგარომ კი თვალებზე ხელი აიფარა და თავი სავარძლის საზურგეს მიადო.

– აი, ხომ გითხარით, შოკშია-მეთქი, – ექიმმა ფიგაროსკენ გაიშვირა ხელი და გადაიხარხარა.

– ფიგარო, ძმაო, აზრზე მოდი, განძია, ნამდვილი განძი! – გასძახა კოლეგას სედოიმ.

 ფიგარომ თვალებიდან ხელები მოიშორა და, ხალიჩაზე დაყრილ სიმდიდრეს რომ შეხედა, ახარხარდა...

– ეს რა, დაიშოკა? – თქვა დიმკამ.

– პატარა სტრესია და გაუვლის, – მიუგო ექიმმა. შემდეგ ნიშადურის ფლაკონი ამოიღო უჯრიდან, თავი მოხსნა, მოხარხარე ფიგაროს ცხვირთან მიუტანა და ასუნთქა.

ფიგარო დაიღრიჯა, შეხტა და ხარხარი შეწყვიტა. შემდეგ კვლავ ხალიჩაზე დაყრილ განძს დახედა და ჩაილაპარაკა:

– ღმერთო ჩემო, რამდენი სიმდიდრეა!

ექიმმა ნიშადურის ფლაკონს თავზე დაახურა და თქვა:

– აზრზე მოვიდა. მე კი სამსახურში უნდა გავიქცე, თორემ, ალბათ, უკვე ძებნა გამოაცხადეს ჩემზე. მალე მოვალ. პურმარილს მოვიტან და ჩვენი წარმატება აღვნიშნოთ.

ექიმი რომ წავიდა, სედოიმ ფიგაროს უთხრა:

– ერთი მოყევი, როგორ დაითრიეთ ეს განძი.

ფიგარომ სული მოითქვა, გაიღიმა და თქვა:

– თავი ზღაპარში მგონია. ყველაზე ტკბილ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამას.

– მოყევი, რაღა, გვაინტერესებს, – უთხრა სედოიმ.

– ბევრი არაფერია მოსაყოლი. ოდესაში საღამოხანს ჩავედით, ეგრევე იმ ადგილზე გავემართეთ და ვჩიჩმეთ. ერთადერთი მოხუცი დარაჯი იყო იქ და არაფერს სდარაჯობდა, იჯდა ბუტკაში და „პრიმას“ აბოლებდა. იურამ თქვა, – დავათროთ და ვიჩალიჩოთო. მე მოხუცს დავებაზრე და ვთხოვე, ერთი ღამე შენს ბუტკაში დავრჩებით-მეთქი, თან, დასალევს შევპირდი. თუ გინდა, აქ იცხოვრეო, – მითხრა მოხუცმა. იურა არყისა და ძლიერი ფანრის საყიდლად წავიდა და მალე დაბრუნდა. სუფრა გავშალეთ. დარაჯი დავათვრეთ და დავაძინეთ. შემდეგ ინსტრუმენტები ამოვალაგეთ, ფანარი ავანთეთ და შევუბერეთ. გამთენიისას ზანდუკი უკვე საბარგულში გვედო. მიწა უკან ჩავყარეთ. დარაჯმა რომ გაიღვიძა, გამოვემშვიდობეთ და წამოვედით. შემდეგ სპორტული ჩანთები შევიძინეთ, ველურ პლაჟზე გავედით და განძი ჩანთებში გადავანაწილეთ, ზანდუკი და ინსტრუმენტები კი ზღვაში გადავყარეთ. ბოლოს მანქანა დავქოქეთ და მოსკოვში გამოვემგზავრეთ. აი, სულ ესაა.

– ყოჩაღ, ძმებო, მაგრად შეასრულეთ! – სედოიმ მხარზე მოუთათუნა ხელი ფიგაროს და დაამატა: – აი, ახლა კი გეკუთვნის ერთი ბოთლი არაყი. ქირურგი რომ მოვა, კარგად შევუბეროთ.

– აგაშენა ღმერთმა! ყელში ისეთი სუშნიაკი მაქვს, რომ არაყი მალამოდ დამედება, – თვალები გაუბრწყინდა ფიგაროს.

მასპინძლის მოსვლამდე ფიგარომ და ძებნილებმა განძი დაახარისხეს და ცალ-ცალკე გროვებად დაალაგეს. მერე ცელოფნის პარკებში გადაანაწილეს და პარკებიანად კვლავ ჩანთებში ჩააბრუნეს. ჩანთები კი კარადის თავზე შემოდეს და გააბოლეს.

– ღმერთმა აცხონოს კარლიკი, ეს რამხელა კუში გაიმეტა, – თქვა სავარძელში მოკალათებულმა ფიგარომ და ჩანთებს ახედა, – ეს განძი, ალბათ, მილიონს მიუკაკუნებს.

– ბევრად მეტს, – მიუგო სედოიმ, ნაფაზი დაარტყა და პაუზის შემდეგ დაამატა: – მილიონის მარტო ოქროულობა იქნება, ქვები კი – ბევრად მეტის.

– კი, მასე იქნება. ეს ჩანთები რამდენიმე მილიონს გაქაჩავს. მაგარია! – დაამატა დიმკამ.

– სედოი, ამ კუშს თანაბარ წილებად ტეხავ? – ჰკითხა სედოის ფიგარომ.

– აბა, რა, – მიუგო სედოიმ.

– ოთხი დიდი კუში გამოვა, – სიამოვნებით თქვა ფიგარომ.

– ხუთი, ფიგარო, – შეუსწორა სედოიმ, – მეხუთე თანაბარი წილი ქურდულ ობშჩიაკში წავა.

– მართალი ხარ. ბოდიში, სიხარულმა ტვინი დამიბნელა, – თქვა ფიგარომ და სირცხვილისგან გაწითლდა.

– აი, ეგ უკვე ზედმეტია. რაც ყველაზე მეტად არ გვაწყობს, ეს ავარდნაა. თუ ავვარდით, ტვინი დაგვიბნელდა და ყურადღება მოვადუნეთ, მაშინვე დავიწვებით. ხოლო, თუ დავიწვით და „ძაღლებმა” ჩაგვავლეს, ყველაფერი ოხრად დაგვრჩება, – თქვა სედოიმ.

– მართალი ხარ, არ უნდა ავვარდეთ, – დაეთანხმა ფიგარო, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება მალე მოსულიყო ქირურგი, რომ არაყი გადაეხუხა.

სედოის არ გამოჰპარვია ფიგაროს მდგომარეობა. გახედა მას, გაეცინა და ჰკითხა:

– ფიგარო, ძამიკო, თუ საიდუმლო არაა, შენს წილს როგორ გამოიყენებ?

– რისი საიდუმლო, სედოი... ყირიმში გავემგზავრები, მთელი ზაფხული მაგრად ვიგულავებ და ბარხატნი სეზონსაც მივაყოლებ. შემდეგ, შემდეგ... – ფიგარო ჩაფიქრდა. სედოის კი ჩაეცინა და უთხრა:

– აბა, არ ავვარდებიო? როგორც კი გულაობას დაიწყებ, შეიძლება, სამი დღეც ვერ გაქაჩო, „ძაღლებმა” ჩაგავლონ და ყველაფერი წაგამწარონ.

– აბა, რა უნდა ვქნა? – დაბნეულად იკითხა ფიგარომ.

სედოის უნდოდა ეთქვა, ჩვენთან ერთად წამოდი საზღვარგარეთო, მაგრამ, დიმკასთან შეთანხმების გარეშე თავი შეიკავა და მიუგო:

– ვინმე პატიოსანი ქალი ნახე, შეაბი, დაწექი ფსკერზე და ხარჯე ნელ-ნელა. ერთი სიტყვით, ოჯახს მოეკიდე.

– ოჯახი რა საჩემო საქმეა? – ხელი ჩაიქნია ფიგარომ, – დამიჭერენ და იმაზე უნდა ვიმარჩიელო, – ჩემი ცოლი ბოზობს თუ არ ბოზობს-მეთქი. ასე არ მოუვიდა კარლიკსაც? თვითონ მკვდარია, მისი განძი კი აი, იქაა, – ფიგარომ კარადისკენ გაიშვირა ხელი.

– შენ რა, კიდევ აპირებ ჩალიჩს? – გაეცინა სედოის.

– აბა, რა უნდა ვქნა? სხვა საქმე მე არ ვიცი და მტვირთაობას ხომ არ დავიწყებ?

– ეეჰ, ფიგარო, ფიგარო... რა გეჩალიჩება! ბედმა ამხელა კუში გადმოგიგდო და ისევ ქურდობაზე ფიქრობ? არა, რა, თუ აზრზე არ მოხვედი, ისეთ სისულელეს ჩაიდენ, მერე მთელი ცხოვრება ინანებ. თუმცა, შენი საქმის შენ იცი. მაგრამ, ერთს გირჩევ, ფორტუნას ნუ განარისხებ, ტრაკს კი ნუ უჩვენებ, ჩაეხუტე მას.

– სედოი, ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს? – უთხრა სედოის დიმკამ.

– ცუდი აზრი არაა, – თქვა სედოიმ და ფიგაროს მიუბრუნდა: – რას იტყვი, ფირმაში წამოხვალ ჩვენთან ერთად?

– სად ფირმაში? – გაუკვირდა ფიგაროს.

– სადმე, საზღვარგარეთ. მთელ ჩვენს კუშს წავიღებთ და აქაურობას ხელს დავუქნევთ, იქ კი სულს მოვითქვამთ. ამდენი ფულით ცხოვრება არ გაგვიჭირდება.

– ცუდი აზრი არაა. წამოვალ, რატომაც არა, – ხელები გაშალა ფიგარომ და დაამატა, – როდის მივდივართ?

– ჯერ ფეხზე უნდა დავდგე. ყალბი პასპორტებიც საჩალიჩოა. ზუსტად ვერ გეტყვი. მოკლედ, დრო უნდა. ალბათ, ამ წლის ბოლომდე მოხერხდება, – მიუგო სედოიმ და დაამატა: – ყველაფერი კარგადაა მოსაფიქრებელი, რომ იაღლიში არ მოგვივიდეს და ამდენი წვალება წყალში არ ჩაგვეყაროს.

– მოვიფიქროთ, მოვიფიქროთ, – მოუსვენრად თქვა ფიგარომ, რომელსაც არყის დალევა ისე ძლიერ უნდოდა, რომ ადგილს ვეღარ პოულობდა და ქირურგის მოსვლას მოუთმენლად ელოდა.

მასპინძელი საღამოს რვა საათზე დაბრუნდა სახლში და ორი უზარმაზარი ჩანთა მოიტანა, რომლებიც სასმელითა და სურსათ-სანოვაგით იყო სავსე. ყველაფერი სამზარეულოში დაალაგა და თქვა:

– ვგულაობთ, ძმებო! სუფრა გავშალოთ და შევუბეროთ.

***

ფიგარო საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. ის სავარძელში იჯდა და, თვალი რომ გაახილა, ყველაფერი ორად ეჩვენებოდა. დიმკას მეორე სავარძელში ეძინა, სედოის კი – ტახტზე. მაგიდაზე გაშლილი სურსათ-სანოვაგე ხელუხლებელი იყო. გახსნილი არყის ბოთლის მხოლოდ მეოთხედი იყო დაცლილი. იქვე ელაგა სამი დაცლილი და ერთი არყით სავსე ჭიქა. ფიგარომ წამოდგომა სცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა, მუხლები მოეკვეთა და ისევ სავარძელში ჩაეშვა. თვალები დახუჭა და ერთხანს ასე იჯდა. შემდეგ გაახილა, მოიფშვნიტა, რის ვაი-ვაგლახით წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. ცივმა შხაპმა ფიგარო საგრძნობლად გამოაფხიზლა. ის კვლავ სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და დიმკას და სედოის გაღვიძებას აპირებდა, როდესაც ტელევიზორზე საიზოლაციო ლენტით მიკრული ფურცელი შენიშნა, რომელზეც რაღაც ეწერა. ფურცელი მოხსნა და ხმამაღლა შეუდგა კითხვას: „მე ახლა შორს ვარ, იმდენად მიუწვდომელი თქვენთვის, რომ ჩემს ძებნას არ გირჩევთ. ჩვენი ქვეყანა ისეთი უკიდეგანოა, რომ ჭკვიანი კაცი სეიმედოდ დამალვას ადვილად მოახერხებს. ხოლო, ჭკვიანი რომ ვარ, ამაში თქვენც დარწმუნდით. სულელი უნდა იყო, რომ ამხელა ქონება ცხვირწინ გედოს და ხელიდან გაუშვა... ერთი რჩევა მინდა მოგცეთ: რაც შეიძლება, მალე გაეცალეთ მანდაურობას. ბინის პატრონი ორ დღეში დაბრუნდება მოსკოვში და, თქვენ რომ დაგინახავთ, არა მგონია, გაუხარდეს. იჩქარეთ, ძმებო! მოჩალიჩე ხალხი ხართ და, იმედია, კიდევ მრავალ განძს იპოვით. სედოის გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, დიმკას – დავაჟკაცებას, ფიგაროს კი ვურჩევ, ალკოჰოლს შეეშვას და ფიზკულტურას მოჰკიდოს ხელი. გიტოვებთ სამას მანეთს. ერთხენს გეყოფათ, შემდეგ კი თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ! მოკითხვით, იური სერგეევიჩი“.

წერილის კითხვა რომ დაასრულა, ფიგარომ კარადას გახედა, რომლის თავიც ცარიელი იყო – ჩანთები იქ აღარ ელაგა. შემდეგ ფურცელი ხელიდან გაუვარდა და გიჟივით ახარხარდა...

ფიგაროს ხარხარზე დიმკას და სედოის ერთდროულად გაეღვიძათ. სედოი გაოცებული უყურებდა ფიგაროს. დიმკამ კი საშინელი თავის ტკივილი დაძლია, უჯრიდან ნიშადურის ფლაკონი ამოიღო და ფიგაროს ცხვირში შეასხა. ფიგარო დაიჯღანა, ხარხარი შეწყვიტა, სული მოითქვა და თქვა:

– იურამ გადაგვაგდო. ყველაფერი წაიღო და მხოლოდ სამასი მანეთი დაგვიტოვა. აი მაყუთი... – ფიგარომ ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი, რომელზეც სამი ცალი ტკიცინა ასმანეთიანი იდო.

ქირურგის წერილი ჯერ სედოიმ წაიკითხა, შემდეგ – დიმკამ. ფიგარო სავარძელში კოპებშეკრული იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. ბოლოს სედოიმ თქვა:

– როგორც ფრაერები, ისე გაგვაცურა ამ გნიდამ. სასწრაფოდ უნდა ავახვიოთ აქედან.

– უნდა ავახვიოთ, – გაიმეორა დიმკამ, რომელიც მიტკალივით იყო გაფითრებული. სხეული კი ცივი ოფლით ჰქონდა დაცვარული და სიმწრისგან ნიკაპი უკანკალებდა.

– სად უნდა წავიდეთ? მე რა მიჭირს, ძებნილი არა ვარ და როგორმე რამეს მოვახერხებ. მაგრამ, თქვენ, როგორც კი აქედან გახვალთ, შეიძლება მაშინვე ჩაგავლონ, – თქვა ფიგარომ.

– როგორმე ლენინგრადამდე უნდა ჩავაღწიოთ, იქ საიმედოდ დავიმალებით, – თქვა სედოიმ, მერე საათს შეხედა და დაამატა: – ცხრა საათი სრულდება. „სტრელა“ ყოველ ერთ საათში გადის. როგორმე ლენინგრადის ვაგზლამდე უნდა მივიდეთ და ათ ან თერთმეტსაათიან ღამის მატარებელს გავყვეთ.

– მართლია, – თქვა დიმკამ. სედოი კი ფიგაროს მიუბრუნდა.

– ქუჩაში კერძო მანქანა გააჩერე და სადარბაზოს უკანა შესასვლელთან მოიყვანე. უთხარი, – ინვალიდი გვყავს გადასაყვანი-თქო. მანამდე კი მე და დიმკა მოვემზადებით.

ფიგარო რომ წავიდა, დიმკამ სედოის უთხრა:

– გენერალ პოპოვთან მივემგზავრებით, ხომ?

– ჰო, – მიუგო სედოიმ.

დიმკამ ნივთები ტყავის ჩანთაში ჩაალაგა. პისტოლეტები პერანგში გაახვია. ჩანთა დაკეტა და თქვა:

– რკინებიც რომ არ გააყოლა ხელს, ესეც კარგია.

– ნეტავ რკინები წაეღო და დანარჩენი დაეტოვებინა, ნახევარი მაინც... – სიმწრით გაეცინა სედოის, – ამ გნიდამ არაყში დასაძინებელი წამალი ჩაგვიყარა. ეტყობა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული. ახლა ვხვდები, რომ მაკის ბაითიდანაც იმიტომ წამოგვიყვანა, რომ ინკასაციის ფული დაეთრია. მერე კარლიკის საგანძურიც გაიჩითა და ყველაფერი ერთად აგვახია. სადმე რომ მოვიხელთო, კბილებით გამოვღადრავ ყელს.

– ეეჰ, სად უნდა შეგვხვდეს. დაივიწყე და ტყუილად ნუ იშლი ნერვებს, – ხელი ჩაიქნია დიმკამ.

– ამას ნუ იტყვი. ქვეყანა ვიწროა. მთა მთას არ შეხვდება, თორემ, კაცის ნახვა ყოველთვის შესაძლებელია. ისე როგორ მოვკვდები, რომ ამ გნიდას სისხლი არ დავლიო, – თქვა სედოიმ და დაამატა: – ეს წერილი არ დაგრჩეს, წამოიღე.

– რად გინდა? –  ჩაეცინა დიმკას.

– იმ გნიდას რომ ვიპოვი, უნდა შევაჭამო.

დიმკას აღარაფერი უთქვამს, ქირურგის წერილი ოთხად დაკეცა და სედოის მისცა, რომელმაც ის შარვლის ჯიბეში ჩაიდო. ამასობაში ფიგაროც მოვიდა, დიმკას სედოის ჩაყვანაში დაეხმარა. თავად მძღოლის გვერდით მოკალათდა, ძებნილები კი უკანა სავარძელზე მოთავსდნენ და ლენინგრადის ვაგზლისკენ აიღეს გეზი.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3