ზნედაცემული ანგელოზები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N9-24(755)
ტატაშკამ წამოზრდილ მუცელზე ხელი მოისვა და ბედნიერებისგან გაიღიმა. დოდოშკამ წვენით სავსე ჭიქა დაუდგა წინ და გვერდით მიუჯდა.
– აბა, როგორ ხარ?
– ძალიან კარგად. არ მეგონა, ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა ორსულობა... საერთოდ არ მაწუხებს.
– რატომ უნდა გაწუხებდეს? ანალიზები კარგი გაქვს, ნაყოფი ნორმალურად ვითარდება. ექიმთან როდის მიდიხარ?
– ერთი კვირის შემდეგ. ალბათ, სქესსაც მეტყვის. რა მაგარია, გავიგებ, ბიჭი მეყოლება თუ გოგო.
– მნიშვნელობა აქვს?
– არა, – მხრები აიჩეჩა ტატამ, – მაგაზე არც მიფიქრია. მთავარია, რომ გამომივიდა ეს ამბავი. რა სასაცილო სანახავი ვიყავი, ლიფში ჩადებული თბილი სპერმა რომ მივარბენინე კლინიკამდე... იმდენი ვინერვიულე... ხომ შეიძლებოდა, პრეზერვატივი გახეულიყო...
დოდოშკას ხარხარი აუტყდა.
– აუ, მაგაზე აღარ მიფიქრია... სიმწრით მოპარული სპერმა ძუძუებში რომ ჩაგეღვრებოდა... – დოდოშკამ ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა. – კარგი, გავერთეთ... ახლა სერიოზულად – როდემდე აპირებ დამალვას? იქნებ გეთქვა მამამისისთვის? ხუთი თვე რომ კაცი არ დაიღლება, გირეკავს და გირეკავს, ესე იგი, რაღაც გრძნობა აქვს.
– რაღაც გრძნობა სიყვარული არ არის. თანაც, იმ კაცს ცოლი ჰყავს და სამი შვილი. წარმოგიდგენია მაინც, რა მოხდება, ჩემი მუცლით რომ გამოვეცხადები? ჯერ ერთი, არ დაიჯერებს, მით უმეტეს ახლა, როცა ამდენი ხნით დავიკარგე. მეტყვის, გინდა, ვიღაცასთან გაკეთებული ბავშვი შემომტენოო... არ გამოვა, მე ასე არ გამითვლია...
– ჰო, ვიცი შენი გათვლები, მაგრამ, გაგიჭირდება, ტატაშკა... ძალიან გაგიჭირდება ბავშვის გაზრდა მარტოს, ეს ადვილი საქმე არ არის.
– შენ გგონია, ამაზე არ ვფიქრობ? დიდხანს არ ვაპირებ უქმად ჯდომას. გამიმართლა, რომ პირველივე ცდაზე დავორსულდი. ესე იგი, ასე იყო საჭირო. გავაჩენ თუ არა, ძიძას ავიყვან და მივხედავ საქმეს.
– ეგ იმას ნიშნავს, რომ ძველ საქმიანობას დაუბრუნდები?
– ანუ, ბოზობას ვაპირებ თუ არა? – ტატაშკა დაფიქრდა, – სავარაუდოდ, არა. ყველასთან აღარ დავწვები... პრინციპში, ყველასთან არც ადრე ვწვებოდი, მაგრამ, ჩემი მომავალი სხვანაირი წარმომიდგენია – დავუბრუნდები, რადგან ასე ვენატრები.
– ვის, იმას? – განცვიფრდა დოდოშკა.
– ჰო, რა იყო? უბრალოდ, ფასს დავადებ იმას, რასაც ვიღაცეები სიყვარულსა და გრძნობას ეძახიან... სასაცილოა, როცა ამ ყველაფერს შირმად იყენებ და ისე ბოზობ. მე ეს არ მჭირდება.
– გულგატეხილი და გაბოროტებული ქალის პოზიცია ხომ არ გაქვს?
– გულგატეხილის? აბა, რას ამბობ? გაბოროტება, მით უმეტეს, არაფერ შუაშია. პირიქით, იცი, როგორი კეთილი გავხდი? თუ ადრე მაგრად ვტანჯავდი კაცს და, თუ ძვირფას საჩუქარს არ გამიკეთებდა ან კარგად არ გადამიხდიდა, არ ვნებდებოდი და ვაწვალებდი, ახლა... შევიცვალე, დოდოშკა, საყვარელო, შევიცვალე...
– ანუ, მომავალში შვილს იარაღად გამოიყენებ?
– ასე ძალიან ცუდად ჟღერს. უკეთესად გეტყვი – სასიამოვნოს სასარგებლოს შევუთავსებ. იცი, როცა დავრწმუნდი, რომ შვილი აუცილებელია, მაშინვე დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გამეკეთებინა ეს...
– გაგეკეთებინა სარფიანად – ამას გულისხმობდი?
– ჰო. ხედავ, როგორი გულახდილი ვარ? სულ რომ ვერ ვნახო ხეირი იმ კაცისგან, ეგეც არ იქნება პრობლემა. სამაგიეროდ, შვილი მეყოლება და ჩემს ცხოვრებას აზრიც მიეცემა... როგორ ვლაპარაკობ? ალბათ, დედობის შეგრძნების ბრალია და, ეს ახალი ეტაპი ჩემი ცხოვრებისა ძალიან მაბედნიერებს...
– ჰო, შვილი მართლაც დიდი ბედნიერებაა, – ამოიოხრა დოდოშკამ და გაჩუმდა. ცოტა ხანს რაღაცაზე ფიქრობდა, მერე ტატაშკას ისე შეხედა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა.
– რაო, ისევ გინდა, მითხრა, რომ სწორად არ ვიქცევი? დოდოშკა, ვერ დამარწმუნებ მაგაში.
– არა, არა, რას ამბობ... უბრალოდ, გუშინ ჩემმა ბიჭმა დამირეკა...
– რა?! – ტატაშკა ლამის სავარძლიდან წამოხტა.
– ნელა, რას აკეთებ? ასეთ მკვეთრ მოძრაობებს უნდა მოერიდო... რა ვიცი, მაინც ხელოვნური ბავშვია.
– კარგი, რა... ხელოვნური არა, ის... მეორედ ეგეთი სისულელე აღარ მითხრა, თორემ ძალიან მეწყინება.
– ჰო, კარგი, სხვა რამის თქმა მინდოდა... მოკლედ, საგონებელში ვარ ჩავარდნილი და, არ ვიცი, როგორ მოვიქცე...
– რას ნიშნავს, როგორ მოიქცე? რა გითხრა?
– ჩემი ნახვა უნდა.
– მერე? – თვალები გაუფართოვდა ტატაშკას.
– ვფიქრობ.
– ქალო, რა არის მანდ საფიქრალი? შეხვდი და დაელაპარაკე.
– „შეხვდი და დაელაპარაკე“... – გამოაჯავრა დოდოშკამ, – მრცხვენია. რა ვუთხრა, როგორ ვცხოვრობ-მეთქი?
– ჰმ, გადამრევ მე შენ. დეტალებს და პოზებს ნუ მოუყვები. თავი შეაცოდე, დაანახვე, როგორ წვალობდი და გენატრებოდა.
– არ შემიძლია. მართლა არ შემიძლია... – ცრემლები გადმოსცვივდა დოდოშკას.
– უნდა შეძლო. ბოლოს და ბოლოს, შენი შვილია.
– ჩემი შვილი რომ არის, ამიტომაც ვარ ასეთ მდგომარეობაში... მაგრამ, იმას კი ვხვდები, რომ, თუ ახლა არა, „მერე“ აღარ იქნება.
– დიახ. ამიტომ, შანსი არ გაუშვა, არ დანებდე... – ტატაშკამ მუცელზე დაიხედა, – იცი? უკვე მიყვარს. ჩემგან ასეთი სენტიმენტები, ალბათ, უჩვეულოა და მოულოდნელი, მაგრამ, ნამდვილად ასეა. წარმომიდგენია, შენი შვილის მიმართ როგორი გრძნობა გაქვს.
– თითქმის ყოველღამე ვხედავ სიზმარში, როგორ ვეფერები, ვეხუტები... ვერ ვძღები მისი კოცნით, მაგრამ, პატარას ვხედავ, არადა, უკვე კაცია... მე კარგი დედა ვიყავი, ძალიან კარგი, – დოდოშკამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აქვითინდა.
– არ იტირო, რა, თორემ, მეც ავზლუქუნდები. ხომ გითხარი, ორსულობამ მგრძნობიარე გამხადა-მეთქი. კარგი დედა ხარ, აბა რა... რამხელა მსხვერპლი გაიღე მისი კეთილდღეობისთვის. ძალიან გთხოვ, ნუ ტირი... აი, ნახავ, შეხვდები, დაელაპარაკები და ყველაფერი კარგად იქნება...
– ვერ ვეტყვი, რომ მამამისი ნაძირალაა...
– მერე, ნუ ეტყვი.
– აბა, რა ვთქვა? სახლიდან რატომ წამოვედი და რატომ დაგტოვე-მეთქი? ისიც კი არ ვიცი, ჩემმა ძვირფასმა ყოფილმა ქმარმა რაები უთხრა ჩემზე, როგორ შემამკო...
– რატომღაც, მგონია, რომ ისეთს არაფერს ეტყოდა...
– ნამუსს შემინახავდა? არ მჯერა.... განადგურებული ვეყოლები.
– ამდენ ნერვიულობას, შეხვდი შენს შვილს და გაირკვევა ყველაფერი.
– მეშინია...
– კარგი, რა, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, მაინც დაკარგული გყავს. მოიწმინდე ცრემლები და რამე ვჭამოთ, მომშივდა.
– სახლში არაფერი გვაქვს, – ხელები გაშალა დოდოშკამ.
– ძალიანაც კარგი. ხინკალი მომინდა და მცხეთაში დავუბეროთ.
– ორსულის სურვილი კანონია, მაგრამ, ლალიკოს არ დავურეკოთ?
– აუცილებლად დავურეკოთ, თორემ, მოკვდება მუშაობით. ბოლო დროს სულ კლიენტთან არის და, მეშინია, მიწაზე სიარულს არ გადაეჩვიოს. იმდენ ხანს აქვს ფეხები ჰაერში, რომ, შეიძლება დაავიწყდეს, ნაბიჯების გადადგმა როგორ უნდა... – ხმამაღლა აკისკისდა ტატაშკა.
...ლალიკო აქოშინებული შევარდა დარბაზში და აქეთ-იქით გაფაციცბით დაიწყო ყურება, მერე მობილური ამოიღო და, სანამ დარეკავდა, დაინახა, დოდოშკა მოშორებით მდგარი მაგიდიდან რომ უქნევდა ხელს.
– ძლივს მოგაგენით. ამ გადაკარგულში რამ წამოგიყვანათ?
– ხინკალი მოუნდა ორსულ ქალბატონს. აქ კი იმიტომ ვართ, რომ ტატაშკამ მშვიდი და მყუდრო გარემო არჩია გასაგები მიზეზების გამო. შენ სად ბრძანდებოდი?
– ისე მეკითხები, თითქოს არ იცოდე, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ლალიკომ და გვერდით მიუჯდა.
– კლიენტთან იყავი? – არ მოეშვა დოდოშკა, თან ულმობლად უღიმოდა.
– ჰო, – შეუბღვირა ლალიკომ, – გეყოფა ახლა. თუ ხინკლის საჭმელად დამიძახე, ნერვებს ნუ მომიშლი.
– ნუ კამათობთ, – საუბარში ჩაერია ტატშკა, – არ მსიამოვნებს თქვენი კინკლაობა.
– ჰმ, ხედავ, დროგორ სარგებლობს თავისი ორსულობით?! – აღშფოთებით წამოიძახა ლალიკომ.
– რას ვიზამთ. აშკარად გაუმართლა და იფერებს, – გაიღიმა დოდოშკამ, – ისე, ჩვენც უნდა მოვემზადოთ.
– რისთვის? – გაუკვირდა ლალიკოს.
– დეიდობისთვის. გვინდა თუ არ გვინდა, ფაქტს უნდა შევეგუოთ და მივიღოთ რეალობა – ამ ბავშვის წინაშე პასუხისმგებლები ჩვენც ვიქნებით, რადგან მისი ჩასახვის თანამონაწილეები ვართ. ხომ მეთანხმები, რომ ასეა?
ლალიკომ ყოყმანით, თუმცა, მაინც დააქნია თავი და დოდოშკას საუბრის თემა ერთბაშად შეუცვალა:
– შენ რა გადაწყვიტე?
– რაზე მეკითხები? – ვითომ ვერ მიხვდა დოდოშკა.
– შენს შვილზე. შეხვდები?
– ვფიქრობ, ჯერ არ ვიცი. მართლა, სად იყავი, ჰა? რაღაც საეჭვოდ იკარგები ხოლმე.
– საიდუმლოებები მეც მაქვს. მართალია, ჯერ არც შვილი მყავს და არც ქმარი, მაგრამ, პირადი ცხოვრების უფლება არავის წაურთმევია, – ერთბაშად გაცხარდა ლალიკო.
– რა გითხარით, ნუ კამათობთ-მეთქი? – შეუტია ორივეს ტატამ, გარშემო მიმოიხედა და ერთბაშად გაშეშდა, მერე სახეზე ფერი ნელ-ნელა დაეკარგა და ტუჩები მოებრიცა. დოდოშკამ შეხედა და წამოიძახა:
– რა დაგემართა, ვის უყურებ? – და თვითონაც იქით გაიხედა, საითკენაც ტატაშკას მზერა მიეყინა. მათი მაგიდიდან ოდნავ მოშორებით ძალიან სიმპათიური მამაკაცი იდგა და გაშტერებული მისჩერებოდა ტატას, უფრო სწორად, მის წამოზრდილ მუცელს. მერე რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და სულ ახლოს მოვიდა. დოდოშკა და ლალიკო ხან ტატას უყურებდნენ და ხან გაშეშებულ და გაოგნებულ მამაკაცს. კითხვაც აღარ იყო საჭირო, ისედაც მიხვდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. სიჩუმე მძიმე იყო და უხერხული. ტატამ ვერ გაუძლო, თავი დახარა და ჩაილაპარაკა:
– გამარჯობა.
... ლალიკო ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და აივანზე ბოლთას სცემდა. შედარებით მშვიდად ეჭირა თავი დოდოშკას, ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა და მხოლოდ ხანდახან თუ გაიხედავდა მოსაუბრეებისკენ.
– ძალიან დიდი ხანია, ლაპარაკობენ და, ხომ არ მივიდეთ?
– დაწყნარდი, ჯერ მხოლოდ ათი წუთია, საუბრობენ და ვაცადოთ.
– იმ კაცის სახეს შეხედე, აშკარად ძალიან ნერვიულობს.
დოდოშკას ირონიულად გაეღიმა:
– რას ლაპარაკობ, აბა, რა აქვს სანერვიულო? გეჩვენება ნამდვილად. ისე, ძალიან სიმპათიურია, არა?
– რა ვიცი, მგონი, ჰო, მაგაზე არ ვფიქრობ. არ გამოუვიდა ტატაშკას საიდუმლოს დიდხანს დამალვა. პრინციში, შეიძლება, ეს კარგიც კი იყოს.
– რას გულისხმობ?
– პირადად მე გაურკვევლობაში ცხოვრება არ შემიძლია, ძალიან ვისტრესები. ჰოდა, მგონი, ტატაშკაც მიხვდება, რომ, რაც უფრო ადრე გაირკვევა სიმართლე, მით უკეთესი.
– წარმომიდგენია, როგორ ნერვიულობს.
– არა უშავს, გაუძლებს. უარესებისთვის გაუძლია და გამოწრთობილია... ისე, რა უცნაურია, რაღა აქ ამოვიდა ეგეც ხინკლის საჭმელად, სასაცილო არაა? ქალაქში რომ დავრჩენილიყავით, იქ ნაღდად არ წამოგვადგებოდა თავზე.
– ეუჰ, ჩაუვარდა ტატაშკას თავისი გენიალური გეგმა, ხელი ჩაიქნია ლალიკომ და სიგარეტს მოუკიდა.
– მარტო გეგმის ჩავარდნით თუ დამთავრდა ეს ამბავი და სერიოზულ სკანდალში არ გადაიზარდა, მადლობა თქვას. ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება, ამ ტიპმა არ დაიჯეროს, რაც რეალურად მოხდა და შეეშვას, – დაასკვნა დოდოშკამ და მოსაუბრეებისკენ გაიხედა.
...ტატაშკამ ამოიოხრა და თავის მოვლილ თითებს ჩააშტერდა.
– რა გინდა, რომ გითხრა?
– ველოდები, რომ ამიხსნი, – კაცმა ამოიოხრა, ტატაშკას გვერდით მდგარი სკამი აიღო, ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. მაგრამ, იმავე წუთს, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სიგარეტი საფერფლეზე დასრისა და ხელები უხერხულად მოიფშვნიტა, – ტატაშკა, გელოდები...
– ორსულად ვარ. – ნელა და დამარცვლით წარმოთქვა ტატამ.
– ჰო, მაგას ვხედავ. იმასაც ვხვდები, რომ შენი გაუჩინარების მიზეზი ესაა. მარტო ის ვერ გავიგე, რატომ მომატყუე.
– არ მომიტყუებიხარ.
კაცს ირონიულმა ღიმილმა მოუბრიცა ტუჩები.
– არ გინდა, ისეთი მიამიტიც არ ვარ, შენ რომ გგონია. ხომ ხედავ, არ გეკითხები, ვინ არის ბავშვის მამა – ამას რა მნიშვნელობა აქვს. მარტო ის მაინტერესებს, სიმართლე რატომ არ მითხარი. უბრალოდ, ადექი და გაუჩინარდი. არ ფიქრობ, რომ ძალიან ცუდად მოიქეცი?
– რა გინდა? მე ხომ არაფერს გთხოვ? საერთოდ არაფერს. ჩვენი შემთხვევითი კავშირი დავასრულე. მაპატიე, თუ ეს ამბავი წინასწარ არ შეგატყობინე, მეგონა, ისედაც ყველაფერს მიხვდებოდი.
– რას მივხვდებოდი, ტატაშკა? ბოლოს ჩვენი ურთიერთობა აღარ ჰგავდა შემთხვევით კავშირს და გითხარი კიდეც, გელაპარაკე ამაზე.
– მახსოვს. შეიძლება, ამიტომაც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მე არავისი ოჯახის დანგრევა არ მინდა, მით უფრო – შენი. რომ მეთქვა, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, ეგრევე ბავშვის მოშორებას მომთხოვდი და, ალბათ, იმასაც ამიხსნიდი, რატომ არ შეიძლება, ჩემნაირ ქალს შვილი ჰყავდეს...
კაცმა ერთბაშად ვერ გააანალიზა ტატაშკას აზრები და, როცა მათ აზრს ჩასწვდა, გაშრა:
– მოიცა, ესე იგი, ბავშვის მამა მე ვარ? ჩემგან ხარ ორსულად? ტატაშკა, შენ რა, გაგიჟდი?!
ტატაშკამ ამოიოხრა:
– აი, რატომ არ მინდოდა, რომ რამე გცოდნოდა. დაიწყება ახლა: „რა უფლება გქონდა”... „რა იცი, რომ ნამდვილად ჩემი შვილია”... „რატომ თავიდანვე არ მითხარი”... „ეს უსინდისო საქციელია ”. „კახპა ხარ და კახპასავით მოიქეცი”... ჰო, ვიცი, რომ კახპა ვარ; ისიც ვიცი, რომ უნდა მრცხვენოდეს და, თუ ეს დაგამშვიდებს, თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობ. ახლა კი, ძალიან გთხოვ, შებრუნდი და წადი.
– ტატაშკა, მსგავსი არაფერი მითქვამს, – მოიღუშა კაცი, – მგონი, უფლება მაქვს, რაღაც დეტალები ვიცოდე, მით უმეტეს, თუ შენი შვილის მამად მოვიაზრები.
– არაფრად არ მოიაზრები, – გაღიზიანებული ტონით შეუტია ტატაშკამ, – შენი არაფერი მჭირდება. თუ გინდა, ახლავე დაგიწერ ხელწერილს, რომ არასოდეს შეგაწუხებთ არც მე და არც ჩემი შვილი. შემეძლო, მომეტყუებინე და მეთქვა, რომ სხვა კაცისგან ვარ ორსულად, მაგრამ, მირჩევნია, სიმართლე იცოდე...
კაცი შეყოყმანდა. ეტყობოდა, რაღაცაზე დაძაბული ფიქრობდა. ტატაშკამ ამით ისარგებლა და ისეთივე რიხით განაგრძო:
– წადი, მშვიდად იცხოვრე შენს ოჯახთან ერთად. იმის გარანტიას ვერ მოგცემ, რომ ამ ქვეყნიდან ავორთქლდები, მაგრამ, ჩვენ შესახებ ვერაფერს გაიგებ.
– ტატაშკა, მომისმინე! ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ იმაში, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ, არც შენი აორთქლება მინდა და არც ის, რომ თქვენ შესახებ არაფერი გავიგო. თუმცა, ერთ კითხვაზე პასუხი მაინც მჭირდება: ეს როგორ მოხდა? – კაცმა ტატაშკას შეხედა, გაჩუმდა, ღრმად ჩაისუნთქა და მხოლოდ ამის მერე განაგრძო: – ჩვენ ხომ თავს ვიცავდით... პრეზერვატივმა მიმტყუნა?
ტატაშკა წამოხტა:
– ჰო, პრეზერვატივმა გიმტყუნა! – გამოაჯავრა აგრესიული, გამომწვევი ტონით და წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ კაცმა მაჯაში სტაცა ხელი და არ გაუშვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში