მშვენიერი მატყუარა
ქალი ახალგაზრდა იყო და, თან, ძალიან ლამაზი. ბარის დახლთან იჯდა, მოწყენილი სახე და ცრემლიანი თვალები ჰქონდა, მაგრამ, ის, რაც სასტუმროს კერძო დეტექტივმა დესლერმა შენიშნა, სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩა – ქალი ნელ-ნელა უჩოჩდებოდა მილიონერ ბილ უორტლ მესამეს, კარგად ხანში შესულ მამაკაცს, უზადოდ რომ ეცვა და ჯერ კიდევ მხნედ გამოიყურებოდა. მან რამდენჯერმე ცნობისმოყვარედ შეხედა გვერდით მჯდომ ქალიშვილს და მის გარუჯულ შიშველ მხრებსა და მუხლისთავებს ჩააშტერდა... სასტუმროს ბარში ხალხი ცოტა იყო. დეტექტივი დესლერი ბარის დახლიდან ოდნავ მოშორებით იჯდა და სიტუაციას აკვირდებოდა – მის მოვალეობაში შედიოდა ბილ უორტლ მესამის მსგავსი კლიენტების კომფორტზე ზრუნვა და მათი დაცვა გაუთვალისწინებელი უსიამოვნებებისგან. ზუსტად ისეთი უსიამოვნებებისგან – როგორსაც ეს ქერა ქალბატონი წარმოადგენდა. სკანდალი მაშინ დაიწყო, როცა ბარმენმა ქალს ალკოჰოლური სასმლის მიცემაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ სრულწლოვანი არ იყო. ქალიშვილმა ნელ-ნელა აუწია ხმას. ბარმენი ჯიუტად უმეორებდა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან თქვენი მართვის მოწმობა მაჩვენეთო. ქალიშვილმა სქელი წითური თმა მხრებზე გადაიყარა და აქვითინდა. აი, აქ კი ვეღარ მოითმინა ბატონმა ბილმა და საქმეში აქტიურად ჩაერია:
– ახლავე დაუსხით ქალიშვილს, რასაც ითხოვს. დარწმნებული ვარ, რომ ის უკვე არის სრულწლოვანი. და, კიდევ, სასმლის ფულს მე ვიხდი.
ბარმენმა უკან დაიხია და ქალს კოქტეილი წინ დაუდგა, თან ჩაიბურტყუნა, მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდიო. ქალიშვილმა მადლიერებით გაუღიმა უორტლის, მაგრამ ტირილი მაინც არ შეუწყვეტია. ბილი უორტლი სერიოზულად შეაწუხა ლამაზი ქალის ცრემლებმა და ხელზე ალერსით მოუთათუნა ხელი:
– მის, შეიძლება გავიგო, რატომ ტირით ან რა გქვიათ?
– მის ელინორ გეიტსი ვარ. თქვენ კი ძალიან კეთილი ბრძანდებით.
– წუხილის მიზეზი მაინც არ გითქვამთ...
– საქმრომ მიმატოვა, საყვარელმა მამაკაცმა. ბოლო წუთს გამომიცხადა, რომ აღარ ვუყვარვარ და აღარასდროს მნახავს. ეს მომაკვდინებელია. ასე მგონია, ვერ გავუძლებ და მოვკვდები. აქ ხომ იმიტომ ჩამოვედით, რომ დავქორწინებულიყავით. მარტო ვარ, ფულიც კი აღარ მაქვს.
– მის გეიტს, გემუდარებით, თუკი ოდნავ მაინც შემიძლია, რითიმე განუგეშოთ, თქვენს განკარგულებაში მიგულეთ. ფული კი სალაპარაკოდაც არ ღირს.
მის გეიტსმა გაუღიმა და ასეთ დროს ისეთი საყვარელი იყო, რომ, მექალთანე უორტლის კი არა, რომელმაც სამი ცოლი გამოიცვალა, ნებისმიერ მამაკაცს აურევდა ჭკუას. დეტექტივი დესლერი მიხვდა, რომ ჩიტი მახეში გაება და მისი მოქმედების დროც დადგა. რამდენიმე წუთში მის გეიტსს საერთოდ აღარ ახსოვდა თავისი უსინდისო საქმრო – ის ნიჭიერად თამაშობდა სპექტაკლს, რომელშიც მილიონერსაც ითრევდა. როცა მის გეიტსი მაკიაჟის შესასწორებლად ტუალეტში გავიდა, დეტექტივმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ჩარეულიყო – წამოდგა და მილიონერს მიუახლოვდა. მან გაოცებით შეხედა:
– რა გნებავთ, სერ? მაგ სკამზე ჩემი ქალბატონი ზის.
– დიახ, ვიცი. სწორედ მაგ ქალბატონზე მინდოდა საუბარი. მე დიდი ხანია, აქ ვმუშაობ და ეგეთები ბევრი მინახავს. მოვალე ვარ, გაგაფრთხილოთ: შესაძლოა, ისე აღმოჩნდეთ შანტაჟის მსხვერპლი, ვერც კი მიხვდეთ.
უორტლი ჭარხალივით გაწითლდა:
– როგორ გგონიათ, დეტექტივო, სულელს ვგავარ? მითხარით, ვგავარ?
– რას ბრძანებთ, მისტერ უორტლ, ეგ არც მიფიქრია, მაგრამ, მე სასტუმრომ იმიტომ დამიქირავა, რომ თქვენსავით პატივსაცემი სტუმრების სიმშვიდე არავინ დაარღვიოს. ამიტომაც, მოვალე ვარ, ვიზრუნო თქვენს უსაფრთხოებაზე.
– არ მჭირდება, რომ ჩემზე ზრუნავდნენ, მით უმეტეს – თქვენ. როგორმე მივხედავ საკუთარ თავს. აქაურობას მოსცილდით!
– გინდათ, მითხრათ, რომ ჩემი სამსახური არ გჭირდებათ?
– დიახ, ზუსტად მაგის თქმას ვაპირებ. აქედან დამეკარგეთ! – განრისხდა მილიონერი.
დეტექტივმაც ვალმოხდილი ადამიანივით დაუქნია თავი – აქაოდა, მე ჩემი გითხარითო და გაეცალა. ქალიშვილიც თითქმის მაშინვე დაბრუნდა, გაღიმებული მიუჯდა მილიონერს და შესცინა:
– ისევ დამპატიჟებთ კოქტეილზე?
– ისევ? განა წასვლას აპირებთ? – შეშფოთდა მისტერ უორტლი, – ოღონდ ეს არა. ცოტა ხანს კიდევ დარჩით ჩემთან. ვისაუბროთ, კოქტეილი დავლიოთ. ნომერში ძალიან ძვირფასი კონიაკი მაქვს, ხომ არ დალევდით ჩემთან ერთად?
– თუ ძალიან არ შეგაწუხებთ...
– შემაწუხებთ? რას ამბობთ, პირიქით. ვახშამსაც შევუკვეთავ.
დეტექტივის თვალწინ, წყვილი ბედნიერი ღიმილითა და მხიარული ლაპარაკით შევიდა ლიფტში. დესლერმა ძლივს შესამჩნევად გაიღიმა და საათზე დაიხედა – აშკარად რაღაცას ელოდებოდა. როცა უორტლის ნომრის კართან მივიდა და შეაღო, დაინახა, რომ აბაზანის კარი ღია იყო. უორტლმა ერთბაშად და სწრაფად გაახილა თვალები. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კოშმარიდან გამოერკვა.
– რა მოხდა? – მან გაოცებით მიმოიხედა ოთახში და დაინახა გადაბრუნებული მაგიდის ლამპა, მისი ნამსხვრევები იატაკზე და თავზე წამომდგარი დეტექტივი, – რა მოხდა? თქვენ გეკითხებით, აქ რას აკეთებთ?
– ზარი შემოვიდა მისტერ უორტლ. გვაცნობეს, რომ თქვენს ნომერში რაღაც მოხდა და ამოვედი, – დეტექტივმა აბაზანისკენ გადააქნია თავი, – ქალიშვილი იქ არის. ის მკვდარია.
მილიონერს შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა:
– რას ამბობთ, შეუძლებელია! მისთვის თითი არ დამიკარებია!
– გეუბნებით, მკვდარია. შეგიძლიათ, თავადაც ნახოთ.
მისტერ უორტლი შიშისგან გალურჯდა და ერთიანად აკანკალდა:
– ღმერთო, ახლა რა ვქნა?
დეტექტივმა მხრები აიჩეჩა:
– რა გითხარით? მე ხომ გაფრთხილებდით? ვალდებული ვარ, პოლიციაში დავრეკო. ვშიშობ, ქალიშვილი მოწამლეს – ტუჩებზე ქაფი აქვს შერჩენილი და გაშავებულიც აქვს.
უორტლიმ ოთახში წინ და უკან დაიწყო სირბილი. მერე თავზე იტაცა ხელები:
– დავიღუპები! წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუკი პოლიცია ჩემს ნომერში გვამს აღმოაჩენს? დამეხმარეთ. ორმოცი ათას დოლარს მოგცემთ და გვამი მომაშორეთ.
– დამცინით, მისტერ უორტლი... ჩემი რეპუტაცია გაცილებით ძვირი ღირს – სამასი ათასი დოლარი და პრობლემა მოგვარდება.
– მაგ თანხის ნახევარს ქეშით მოგცემთ, ნაღდი ფულით, ოღონდ, ახლავე იმოქმედეთ.
– თქვენ კი ახლავე ჩაალაგეთ ბარგი, ანგარიში გაასწორეთ და სასტუმროს გაეცალეთ. უკეთესი იქნება, თუკი აქეთ აღარასოდეს მოიხედავთ.
– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა... – უორტლი კარადას ეცა და ტანსაცმლის საწოლზე გადმოყრა დაიწყო, დეტექტივს კი პატარა ხელჩანთა გაუწოდა, – აი, აიღეთ, აქ ას ორმოცდაათი ათასი დოლარია.
ორი საათის შემდეგ ნომერში, სასტუმროს ბარის უკან, პატარა ოთახში, ბარმენი, დეტექტივი და ჟღალთმიანი ქალიშვილი ისხდნენ, ვისკის წრუპავდნენ, სიგარას ეწეოდნენ და მხიარულად ხარხარებდნენ. პატარა მაგიდაზე თითოეულის წინ მწვანე კუპიურები დასტებად ელაგა.
– ვგიჟდები ხანში შესულ სენტიმენტალურ მილიონერებზე, – თქვა ქალიშვილმა და ხელები მოიფშვნიტა.
– შეუდარებელი იყავი, ჯეინ, – შეაქო ბარმენმა, – კარგად გამოგვივიდა ყველაფერი.
– კარგად ვიმუშავეთ, – თქვა დეტექტივმა და ქალიშვილს მიუბრუნდა: – ნელ-ნელა იხვეწები. ლამის მეც დავიჯერე, რომ მკვდარი იყავი.
– ტუჩებზე შენი მოცემული საღებავი წავისვი. იმედია, არ მოვიწამლები, – კეკლუცად თქვა ქალიშვილმა, – ჩემი სილამაზე კიდევ დაგვჭირდება. ვინ იცის, შეიძლება, ხვალაც შემოეხეტოს ვინმე სენტიმენტალური მილიონერი.