როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჩიქავა
გვარის ფუძეა ჩიქა. ამ ფუძით წარმოქმნილია გვარები: ჩიქავა, ჩიქვანაია, ჩიქვინიძე, ჩიქობავა, ჩიქოვანი. ასევე, გვქონდა ადრეული ფორმა ჩიქვანი – მთავრული გვარი სვანეთში, საიდანაც არის ნაწარმოები გვარები: ჩიქვანია და ჩიქოვანი.
ალექსანდრე ღლონტს წიგნში „ქართული საკუთარი სახელები,“ შეტანილი აქვს მამაკაცის საკუთარი სახელი ჩიქვი.
საქართველოში 203 ჩიქავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 165, თბილისში – 36, ფოთში – 2.
ანთია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანთია, რომელიც ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლოკვეცილი ფორმაა და დროთა განმავლობაში, საკუთარ სახელად იქცა.
ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.
ზოგი მკვლევარი ანთიას ანთიმოზის შემოკლებით ვარიანტად განიხილავს.
საქართველოში 2 033 ანთია ცხოვრობს: ზუგდიდში – 916, წალენჯიხაში – 493, თბილისში – 181. არიან სხვაგანაც.
ხორავა
მეგრულად ხორუა იგივეა, რაც სახლობა. ასევე, ხორეთი სოფელია ლანჩხუთის რაიონში.
გვარის ძირძველი სამკვიდროა ლესიჭინე. გვარი ხორავა გვხვდება სოფლებში: ზანა, კეთილარი, მენჯი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ვედიკარი, კახათი, მარანი, ძველი სენაკი და სხვა.
ხორავა სოციალურად დაწინაურებული საგვარეულოა. ამ გვარის წარმომადგენლები როგორც 1890, ისე 1904 წელს, აზნაურებად არიან დაფიქსირებულები.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარში, ხორავა 304-ე ადგილზეა.
საქართველოში 2 536 ხორავა ცხოვრობს: ჩხოროწყუში – 629, თბილისში – 424, ზუგდიდში – 356. არიან სხვაგანაც.
თუნგია
გვარი თუნგია მომდინარეობს მამაკაცის მეტსახელიდან – თუნგა.
თუნგიებს გალის რაიონში რაღაც დაუშავებიათ, სოფელი შეშელეთი მიუტოვებიათ, სამეგრელოში ჩამოსახლებულან და აზნაურ მელიებს მინდობიან. მათი ძირი ილორაში გვხვდება.
საქართველოში 228 თუნგია ცხოვრობს: ზუგდიდში – 110, თბილისში – 34, აბაშაში – 17. არიან სხვაგანაც.
თორდია
არსებობს მოსაზრება, რომ თორდია, ბგერათა გადასმით, თოდრაძეთა გვარიდან არის მიღებული. თითქოს თოდრაძეები კახეთიდან კოლხეთში არიან მიგრირებული და იქ თორდიები გამხდარან. მსგავსი მაგალითი უცხო არ არის, მაგრამ, ამ მოსაზრების გაზიარება ეჭვქვეშ დგება, რადგან, თოდრაძეები გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და კახეთში ცხოვრობენ. კოლხეთში კი, მსგავსი გვარი ჯერ არ იკითხება ისტორიულ საბუთებში.
შესაძლოა, კოლხური გვარის წარმომავლობა მესხეთში გაჩენილ ფეოდალურ საგვარეულოს – თორელებს დაუკავშირდეს.
გვარ თორდიას ფუძეა თორი. სიტყვა თორი აბჯრის ერთ-ერთი სახეობა იყო ძველ საქართველოში; ასევე, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში. სათორდიო კი, არის უბანი ჩხორიოში, ჭკადუაშის საზღვართან.
ქართლში გაჩნდა თორელების საგვარეულო, ხოლო იქიდან წასულებმა სამეგრელოში შექმნეს გვარები: თორია, თორდია, თორდინავა.
საქართველოში 1 596 თორდია ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 208, თბილისში – 151, წალენჯიხაში – 76. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით