კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სძულდა სტალინის ცოლს ლავრენტი ბერია, რომელსაც გაიძვერად მოიხსენიებდა

სისულელეა იმის ხელაღებით მტკიცება, რომ ლავრენტი ბერია სტალინის სავარძელს უმიზნებდა და საამისოდ, ყოველ ღონეს ხმარობდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ გამორიცხული იყო 30-იანი წლების დასაწყისში და ახალბედა ბერია დიდი ბელადის მიმართ აბსოლუტური ლოიალობით გამოირჩეოდა. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი დოკუმენტი თუ იმ ადამიანთა მოგონებები, ვისაც უშუალო, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მათთან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა სტალინის მიმართ ბერიას განსაკუთრებულ მორჩილებას და მოწიწებას. „ეს მლიქვნელი თავის ნებას კობას იმით ახვევს, რომ არაფერში ეწინააღმდეგება, უსიტყვოდ უსრულებს ყველაფერს და ეპირფერება“, – ეუბნებოდა ზინაიდა ორჯონიკიძე ნადეჟდა ალილუევას და სტალინის ახალგაზრდა მეუღლეს ბერიასადმი ზიზღს უფრო მეტად უღვივებდა. ნადეჟდა სერგეევნა განსაკუთრებით თბილი ადამიანი იყო და მისი დამოკიდებულება ხალხისადმი, მით უმეტეს, მეუღლის ახლობლებისადმი, განსაკუთრებით კეთილგანწყობილი გახლდათ. მაგრამ, ეს არ ეხებოდა ბერიას, რომლის მიმართ ის განსაკუთრებულ სიძულვილსა და აგრესიას იჩენდა. ბერია, რა თქმა უნდა, შესანიშნავად ხვდებოდა ყველაფერს, თუმცა თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა და ყოველთვის მორჩილად ყლაპავდა შეურაცხყოფას ახალგაზრდა ქალისგან. „იოსებ, – არაერთხელ უთქვამს ნადეჟდა სერგეევნას მეუღლისთვის, – მაგ გაიძვერასთან სიახლოვე კარგს არაფერს მოგიტანს, ლაფში გაისვრები, შერცხვები“. მაგრამ, სტალინი არაფრად აგდებდა მეუღლის ყოვლად უარგუმენტო საუბრებს: „შენ ის ფიზიკურად გძულს, მაგრამ ვერ მეუბნები, რატომ. მე კი ის კავკასიური პოლიტიკისთვის მჭირდება და მასზე უკეთეს შემსრულებელს, ვერსად ვიშოვი, – პასუხობდა ხოლმე სტალინი და დასძენდა: ნადია, შენ მათი (იგულისხმებიან ორჯონიკიძეები და მათდამი ლოიალური ამიერკავკასიური ჯგუფები) რუპორი ხარ და რის პირში თქმასაც თავად ვერ მიბედავენ, შენი მეშვეობით მითვლიან. მე საქმიანი, პრინციპული და ჭკვიანი კაცი მჭირდება იქ (კავკასიაში) და ბერია სრულიად მიესადაგება ამ როლს. მათ კი ძველი ბოლშევიკობა საკუთარი მიზნების განსახორციელებელ შირმად მიიკერეს და ბერიას მხოლოდ იმიტომ მიიჩნევენ არასასიამოვნოდ, რომ ძველი ბოლშევიკი არაა. ეს ხომ დემაგოგიაა და, ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ამას დავიჯერებ?“

ერთი სიტყვით, ასეთ მტრულ გარემოცვაში ბერია მხოლოდ და მხოლოდ სტალინის უდიდესი მხარდაჭერის საფუძველზე ინარჩუნებდა ასეთ მაღალ თანამდებობას. 1931 წლის 12 ნოემბერს, სტალინის უშუალო ჩარევით, ლავრენტი ბერია საქართველოს „ცეკას” პირველ და ამიერკავკასიის მეორე მდივნად დაინიშნა. ასეთ დაწინაურებას, როგორც ეტყობა, არავინ ელოდა. 

13 ნოემბერს გაიფიცა როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის მთელი პარტიული აქტივი და კაბინეტებში არავინ დადიოდა იმ მოტივით, რომ ბერიასთან არ სურდათ მუშაობა. ორჯონიკიძემ, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დარეკა კრემლში და თითქმის ერთსაათიან საუბარში ძალიან მუქ ფერებში დახატა თბილისში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა, რაზეც დიდ ბელადს მოკლედ უთქვამს: „შენ იმდენად სუსტი ხელმძღვანელი ჩანხარ, რამდენადაც კარგი ბოლშევიკი იყავი და ნუ გგონია, წარსული დამსახურებები ყოველთვის გიშველის. მიტინგების დრო წარსულს ჩაბარდა და ასეთი დემარშებით ფონს ვერ გახვალთ. ვიცი, შენები აჯანყდნენ. პასუხისმგებლობაც შენზეა და თუკი მიტინგების გარდა, სხვაგვარი მუშაობა არ შეგიძლია, შემცვლელს მალე გიპოვნი!“ – ამ სიტყვებით სტალინმა ყურმილი დაკიდა, ხოლო სერგომ უკუშედეგი მიიღო. იძულებული გახდა, დემარშისტები კაბინეტებში შეერეკა. ბერია ამ დროს კახეთში მანქანით მიემგზავრებოდა, რათა რეგიონს რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელის რანგში გასცნობოდა. ძველ ბოლშევიკებს, განსაკუთრებით კი ტროცკისთან სხვადასხვა დროს დაახლოებულ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ უდრეკი ხასიათით გამოირჩეოდნენ, ინტრიგის წარმოების განსაკუთრებული უნარი და გამოცდილება გააჩნდათ. ბოლშევიკთა ქართული ფრთა ასეთ საქმეებში პირველობას არავის უთმობდა. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის გამარჯვებას პოლიტბიუროში სწორედ ამ ფრთის სიძლიერემ შეუწყო ხელი. მაგრამ, მოგვიანებით, ეს ერთგვარ სენადაც კი იქცა და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სტალინსავე დაუპირისპირდა. ალბათ, სწორედ ასეთმა ამბიციურობამ გააბედვინა პაპულია ორჯონიკიძეს ეთქვა: სტალინი ჩვენთვის უბრალო გორელია და, თუ მოვინდომებთ, მოვხსნითო.

როგორც ჩანს, ეს ფრაზა განგაშის სიგნალად იქცა და სტალინმა თავისი კავკასიური პოლიტიკის ფორსირება გადაწყვიტა.

14 ნოემბერს კახური ვოიაჟიდან დაბრუნებული ბერია პირველი შევიდა თავის ახალ კაბინეტში და, აქაოდა, არაფერი მომხდარაო, მთელი პარტიული აქტივის კრება გამოიძახა. ის, რა თქმა უნდა, არა მარტო საქმის კურსში იყო, არამედ ერთგვარად მიმართავდა კიდეც თავის საწინააღმდეგო კამპანიას და ამ მომენტს თავის სასარგებლოდ და ოპოზიციის საზიანოდ იყენებდა. კრებამ საკმაოდ მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა. ბერია ძირითადად ახალ თანამშრომლებს ეცნობოდა და შინაურულად ესაუბრებოდა მათ. ამის გამო თავიდან შექმნილი დაძაბული ატმოსფერო თანდათან განიმუხტა და ზოგიერთმა ამხანაგმა „ცეკას“ ახალ პირველ მდივანთან გახუმრება, გალაზღანდარებაც კი სცადა. თუმცა, მათ ეს ფამილარობა ბუმერანგივით დაუბრუნდათ – ეს სითამამე რამდენიმე წლის შედეგად უკლებლივ ყველას (კრებას 56 ფუნქციონერი ესწრებოდა) სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სხდომის ბოლოს სიტყვა კვლავ ბერიამ აიღო და დაახლოებით ასე ჩამოაყალიბა თავისი სამოქმედო პროგრამა: „ამხანაგ სტალინის უშუალო ძალისხმევით, რუსეთის ყოფილი იმპერიის ხალხები ჩაგვრისგან გათავისუფლდნენ და ერთიანი, თავისუფალი ქვეყანა შექმნეს. მას კი უამრავი მტერი გამოუჩნდა და ზოგიერთმა ჩვენს რიგებშიც შემოაღწია“.

ერთი სიტყვით, ამ სიტყვაში ბერია, ერთი მხრივ, მტრებთან აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებდა ხალხს, ხოლო, მეორე მხრივ, უზომოდ აქებდა და ადიდებდა სტალინს. მეორე დღესვე ყველა მოწინავე ცენტრალურმა გაზეთმა დაბეჭდა ბერიას სიტყვა, ზუსტად ერთ კვირაში კი, მრავალტირაჟიანი ბროშურა დაისტამბა, რომელიც საბჭოთა კავშირის ყველა ენაზე ითარგმნა და მთელ ქვეყანაში გავრცელდა. სხვათა შორის, მავანნი სწორედ ამ პერიოდს მოიხსენიებენ სტალინის კულტის დაბადების თარიღად (კულტის შემქმნელად ბერიას ასახელებენ, რაც, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება).

„მისმა მლიქვნელობამ და ისტორიის ფალსიფიკაციამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, – ამბობდა აღშფოთებული ფილიპე მახარაძე ვიწრო წრეში ბერიაზე და დასძენდა, – სტალინისგან ის ახალ გმირს, ახალი მითოლოგიური გმირის კულტს ამკვიდრებს და უნდა დაგვაჯეროს, რომ ის ახალი ამირანია. მის დამსახურებას, რა თქმა უნდა, ვერსად გაექცევი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია და ასეთად მას ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ“.

სტალინის მიმართ ძველ ბოლშევიკთა ასეთი მედიდური დამოკიდებულება ძალიან კარგად იყო ცნობილი დიდი ბელადისთვის და სწორედ ამის გამო უწოდებდა მათ „დახავსებულებს“. ლავრენტი ბერია კი „ახალი ტალღის“ თვალსაჩინო წარმომადგენლად მიაჩნდა და სწორედ ამიტომ ანდო ახალი კავკასიური პოლიტიკის სადავეები. სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში ლავრენტი ბერიამ, სტალინთან შეთანხმებით, მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, პარტიული აპარატი განაახლა და რაიკომების პირველ პირებად 40-მდე ყოფილი „ჩეკისტი“ დანიშნა. დაიწყო პარტიული კადრების წმენდა და ეგრეთ წოდებულმა სპეცკადრებმა უკვე თვით პარტიულ აპარატშიც შეაღწია. მამია ორახელაშვილმა ძალიან ვიწრო წრეში ამ პროცესს „პოლიტიზაცია“ უწოდა, ბერიას – „წითელი პოლიცმაისტერი“, ხოლო სტალინს – „წითელი იმპერატორი“, რაც „ჩეკას ყურებს“ არ გამოჰპარვია. მისი საუბრის სრული ტექსტი ჯერ ბერიას აახლეს, შემდეგ კი სტალინს. ორახელაშვილსაც, ისევე როგორც სხვებს, ძალიან ძვირი დაუჯდა ასეთი კომენტარები – მათ საკუთარი სიცოცხლით აგეს პასუხი.

როგორც არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ადრეულ ნაწერებში „ჩეკა“ და „გეპეუ“ სტალინის „შვილობილები“ და მისი სისუსტე იყო. სწორედ ამ სისტემიდან გამოსულ ადამიანებს ენდობოდა ყველაზე მეტად და თავის ამ პრინციპს ასე ხსნიდა: „დისციპლინა, გონიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა – აი, რა ახასიათებთ ჩეკისტებს. ახალი ქვეყნის შენება ამ თვისებათა გარეშე, წარმოუდგენელია.“ 

 

მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3