კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაადგა იაკობ ნიკოლაძემ საკუთარი დედის ძეგლი ილია ჭავჭავაძის საფლავს

„გელით მედონში – ოგიუსტ როდენი.” ეს მოკლე  და ლაკონიური დეპეშა, რომელიც მაშინ ყველასთვის უცნობმა ახალგაზრდა მხატვარმა იაკობ ნიკოლაძემ მიიღო, მისი ცხოვრების შემობრუნებას ნიშნავდა. როდენი დიდ მოთხოვნილებებს უყენებდა ხელოვანს: „ჯერ ვერ ვნახე მოქანდაკე, ჩემი პრინციპები გაეგოო”.

იაკობ ნიკოლაძის მოგონებიდან: „ეს სფინქსი ცდიდა მათ, ვინც მასთან მიდიოდა”… ქართველი მოქანდაკე ფრანგი მაესტროს გავლენის ქვეშ მოექცა. ეს დაახლოებით იმდაგვარი გავლენაა, მისივე თაობის ქართველი პოეტები – „ცისფერყანწელები” სიამოვნებით მიღებულ აუცილებელ გავლენას რომ უწოდებდნენ და საკუთარი ინდივიდუალური გზის პოვნით იყო მოტივირებული.

საინტერესო მინიშნებას ზოგადად გავლენის თემის შესახებ თავად იაკობ ნიკოლაძე გვაწვდის თავის უნიკალურ წიგნში „წელიწადი როდენთან”. 7 წელი იცხოვრა ქართველმა მოქანდაკემ იტალიაში – დონატელოს, მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის სამყაროში… აღტაცებული უყურებს სკულპტურებით მოფენილ ფლორენციის უბნებს და უცებ იგრძნობს, რომ „ტიტანებმა” სამუდამოდ მოაჯადოვეს ის… რომ საკუთარი „ფეხით სიარულს” ვეღარ შეძლებს.

მას მერე, რაც ფლორენციაში მიქელანჯელოს მონებს დიდხანს უმზერდა, უეცარი გადაწყვეტილებით დატოვა ეს ქალაქი და ქვეყანა… მიაჩნდა, რომ დიდი ოსტატების დამატყვევებელი გავლენისგან ვერასდროს გამოვიდოდა. ის საფრანგეთში ჩადის და როდენთან დამოწაფებას ცდილობს.

მაესტრო როდენთან მისვლა კი საკმაოდ რთული გახლდათ, მით უმეტეს, ასისტენტად გახდომა. მაგრამ ოსტატმა მიიღო მოსწავლე და სულ მალე ასისტენტად აქცია. როდენის ქართველ ასისტენტს უამრავი შემოთავაზება ჰქონდა ამერიკაში. სწორედ როდენის სახელის ბრენდით მას დიდ მომავალს და გამდიდრებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნიკოლაძის პასუხი მაშინ ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: „მომიტევეთ, მაგრამ მე საქართველოში ვბრუნდები”… თუ რა დიდ ღირებულებებს წარმოადგენდა როდენის მხატვრული სკოლა, ეს ცალკე საუბრის საგანია… (წყარო: „საქართველოს რესპუბლიკა”). 

როდესაც წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ახალგაზრდა მოქანდაკეს, იაკობ ნიკოლაძეს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი დაუკვეთა, მან „მწუხარე საქართველოს” სიმბოლურ პორტრეტზე საკუთარი დედის სახე აღბეჭდა.

– ეს როგორ, – ვეკითხებით იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილს, გურამ ნიკოლაძეს, – იაკობი ხომ მაშინ პარიზში მუშაობდა, უფრო სწორად, პარიზთან ახლოს, მედონში, როდენის სახელოსნოში. ნატურად დედა ვერ ეყოლებოდა, რომელიც ქუთაისში ელოდა…

– ვინც გენატრება, იმას ხატავ… – გვპასუხობს ბატონი გურამი, საკუთარი გამოცდილებით. ისიც მხატვარია…

რამდენიმე ხელნაწერს შორის დედისადმი მიწერილ ბარათსაც ვნახულობთ, რომელიც იაკობ ნიკოლაძემ პარიზში ახალჩასულმა დაწერა. მიმართვის ფორმა – „საყვარელო დედა ბატონო”… აკაკი წერეთლის დედისადმი გაგზავნილ წერილს გვაგონებს. ასე იწყებს აკაკიც: „დედა ბატონო!”… ახალგაზრდა იაკობი ევროპაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

პარიზი ორი საუკუნის მიჯნაზეა და ცნობილი თუ უცნობი მხატვრების ციტადელადაა ქცეული… აქ ხელოვნების ისტორიის ახალი ფურცლები იწერება.

იაკობი ბათუმიდან სტამბულში, მერე სტამბულიდან მარსელში მიმავალი გემების ყველაზე იაფიან ბილეთს იღებს – დედას აცნობებს: „მეოთხე კლასით წამოვედი პარახოდით…” ფრანგული ჯერ არ იცის… არც ის იცის, რა შეიძლება, მერე მოხდეს. პარიზში ხომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ბედის მაძიებელი მხატვარია ჩასული.

პირველ შთაბეჭდილებებს დედას დეტალურად, დაწვრილებით უზიარებს… რაც მთავარია „პარახოდი” ევროპაში ჩავიდა…

„საყვარელო დედა ბატონო!

პირველად თქვენს სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ.

თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, კარგად ვარ. დღეს ჩამოვედი პარიჟში – მარსელიდან. სტამბოლიდან გამოვედი ოთხშაბათს და სამშაბათს მარსელში ჩამოვედი. ოთახი ვიქირავე მეოთხე სართულზე, 15 ფრანკად. ე.ი. ექვს მანათად თვეში. სადილი, ვახშამი, ყავა (აქ ჩაი არ არის, როგორც სტამბოლში) სულ 70 ფრანკად. ე.ი. ოცდარვა მანათად თვეში. შეიძლება ეს ძვირი იყოს, მაგრამ ვეცდები, იაფიანი ვიშოვო. სახლის ქირა წინდაწინ გამომართვეს. სადილის კი თვის დამლევში უნდა მივცე. სტამბოლიდან მარსელში მეოთხე კლასით წამოვედი. პარახოდში მივეცი 60 ფრანკი, ე.ი. 24 მანათი. მარსელიდან ორმოცდათვრამეტნახევარი ფრანკი, ე.ი. 23 მანათი და 30 კაპიკი…

აქ სულ სამი წელიწადი დავრჩები. თქვენ იცით, როგორ არ დამივიწყებთ… რა არის, რომ ერთი წერილი ვერ მომწერეთ…

სხვა რა მოგწეროთ, დედა… მალევე მოგწერთ პარიჟის ვითარებას… მხოლოდ ვიტყვი, რომ აქ სამოთხე ყოფილა… შენი მორჩილი შვილი იაკობი. ჩემი ჯავრი ნუ გექნება. გზაში ისე შევისწავლე ენა, რომ კაცს თავისუფლად გავაგონებ”. 

მოქანდაკე თემურ ჭყონია იგონებს: „1944 წელს ჩავირიცხე თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მოვუსწარი დღევანდელ ლეგენდად ქცეულ აკადემიის დამაარსებლებს: იაკობ ნიკოლაძეს, მოსე თოიძეს, იოსებ შარლემანს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, ნიკოლოზ კანდელაკს და სხვებს… მაშინ ქანდაკების შესახვევად პლასტიკატები არ იყო. თიხის ქანდაკებებს ტილოს სველ ნაჭრებში ვახვევდით, რომელიც ორ-სამ დღეში შრებოდა, ამავე დროს მალე ლპებოდა.

ერთხელ ჩემთან სახლში აღმოვაჩინე სამი ჯვალოს ტომარა და ბატონი იაკობის სახელოსნოში მივიტანე. მაესტროს ისე გაუხარდა, თითქოს ძვირფასი ქსოვილი მიმეტანოს. ცოტა ხანში მეზობლების ტილოებზეც დავიწყე ნადირობა, განსაკუთრებით შესასვლელი კარების წინ დაფენილ ტილოებზე. ყველას უკვირდა, ნეტა, ვის რაში სჭირდება ეს ნახმარი „ნამეშოკარიო”. არ იცოდნენ, რომ ეს „ნამეშოკარი” აკადემიკოსისთვის მიმქონდა. ამასობაში შემოვიდა „პლასტიკატი” და ჩვენც მოვითქვით სული და ჩემმა მეზობლებმაც.

ბატონი იაკობის სახელოსნოში ჩემი ყოფნისას მან არაერთი პორტრეტი გააკეთა. დამამახსოვრდა აკადემიკოს მუსხელიშვილის პორტრეტზე მუშაობა. ბატონი ნიკო სეანსზე რომ მოვიდოდა, ბატონი იაკობი იტყოდა: „მუსხელიშვილი მოვიდა — შეგიძლიათ საათები გაასწოროთ”. აი, ასეთი სიზუსტით ცხოვრობდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

ხელები უყვარდა, ხელები. ხელებს ისეთივე გულმოდგინებით ძერწავდა, როგორც პორტრეტს. კლასში ერთმანეთის ხელებს სხვადასხვა მოძრაობაში ხშირად გვაძერწინებდა.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო მისი განსაკუთრებული სიყვარული ყველაფერი ქართულის მიმართ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა შეასრულა კომპოზიცია „მევიოლინე”. ავტორი მასში გულისხმობდა პაგანინს. ბატონმა იაკობმა შეგვკრიბა ყველა და მახსოვს ასეთი დარიგება მოგვცა: „პაგანინს ისედაც ბევრი მოქანდაკე გამოძერწავს თავის ქვეყანაში. ჩვენ კი იმდენი ისტორიული გმირი, მწერალი და ცნობილი პიროვნება გვყავს, რომ ეცადეთ, შეისწავლოთ მათი ცხოვრება და ჯერჯერობით ქანდაკებით ღარიბ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში დადგათ მათი ძეგლები. მე რომ თბილისში ჩამოვედი, აქ იდგა მხოლოდ სამად სამი ქანდაკება, სამივე რუსისა — ვორონცოვის ძეგლი, პუშკინის და გოგოლის ბიუსტები. მე მჯერა თქვენი თაობის”.

скачать dle 11.3