ადამი და ევა
დაინახე მომავალი!
სიყვარული შესანიშნავი გრძნობაა, იმდენად შესანიშნავი, რომ ზოგჯერ რეალობის განცდას გვაკარგვინებს და, შეიძლება, ისიც კი იფიქროთ, რომ თქვენს ურთიერთობას მომავალი არა აქვს. ეს არ იქნება შემთხვევითი და, სხვათა შორის, სრულიად ბუნებრივიც გახლავთ. ცუდი არ იქნება, თუ გონიერებას მოუხმობთ, უფრო მეტიც, ეს მხოლოდ წაადგება თქვენს ურთიერთობას – მას მომავლის პერსპექტივას გაუჩენს, ანუ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:
* თუ თქვენი სურვილები, გატაცებები, წარმატებები და გეგმები თქვენი პარტნიორისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს; ასევე, არ მიაჩნია საჭიროდ თავისი გეგმებისა და სურვილების თქვენთვის გაზიარება, დროა, განგაშის ზარებს ჩამოჰკრათ, რადგან მომავალი არც ისე პერსპექტიულად გამოიყურება. შესაძლებელია, პრობლემა თქვენი მხრიდან იყოს. გაიხსენეთ, ბოლოს როდის გამოჰკითხეთ, რა ინტერესები და გეგმები აქვს, ან, რა არის მისი ცხოვრების მთავარი პრინციპები და იდეალები? ერთი სიტყვით, პრობლემა შეიძლება გაცილებით ღრმა იყოს.
როცა წყვილი, ფაქტობრივად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად „სუნთქავს“, მათი მომავალი არათუ ბუნდოვანია, საერთოდ არ არსებობს.
* სერიოზული, სტაბილური ურთიერთობა უპირველესად პარტნიორებს შორის ნდობას გულისხმობს. თუ წყვილში ერთ-ერთი ცდილობს, მეორე შეავიწროვოს... მუდმივად აკონტროლოს და უკარნახოს, როგორ იცხოვროს, პრობლემა უკვე ძალიან სერიოზულია. შესაძლოა, ჯერ ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ ის უფრო გაღრმავდება, რადგან, ერთი პარტნიორის მიერ მეორის დათრგუნვის, მასზე ბატონობის სურვილი კლავს ყველაზე ჰარმონიულ და რომანტიკულ ურთიერთობას...
P.S. დროზე დაინახე მომავალი!
არავითარი წუწუნი!
ყველა ადამიანი იღებს იმას, რასაც რეალურად იმსახურებს და ეს სულაც არ არის უსამართლობა. გაიხსენეთ, რა გააკეთეთ დასახული მიზნის მისაღწევად და კარგად დაფიქრდით, რა დააკელით თითოეულ ნაბიჯს – იქნებ, უფრო მეტი იწუწუნეთ, ვიდრე ხელებდაკაპიწებულმა იშრომეთ?! თქვენ მიიღებთ იმას, რაც მართლა გინდათ, რომ ცხოვრებისგან მიიღოთ, უბრალოდ, წუწუნი და სხვებისთვის თავის შეცოდება გაცილებით ადვილია, ვიდრე დასახული მიზნისკენ ჯიუტად და გათვლილი ნაბიჯებით სვლა.
ძალიან ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს ისე, რომ საერთოდ არ უფიქრდება, რა შედეგს მოუტანს თითოეული გადადგმული ნაბიჯი. არ ფიქრობს, რას აკეთებს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი ჰქონდეს... ან, მეორე უკიდურესობა: ცხოვრობენ ისე, თითქოს რვა სიცოცხლე კიდევ ჰქონდეთ და არსად ეჩქარებოდეთ. მათი მოქმედების შენელებული რიტმი და ტემპი უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხზეც. გაუგებარია, რას ელოდებიან ან რატომ ჰგონიათ, რომ მათ გასაკეთებელს ვიღაც სხვა გააკეთებს. ეგოისტობისა და წარმატების უფლება მხოლოდ ბავშვებს აქვთ და, ისიც, გარკვეულ ასაკამდე. არავითარი წუწუნი და საყვედურები საკუთარ ბედზე – ამის ფუფუნება თქვენ არ გაქვთ. რაც მეტად შეიცოდებთ საკუთარ თავს, მით ნაკლებად შეებრალებით სხვებს და, ბოლოს, შეეცდებიან, გვერდი აგიარონ, წარმატებულები კი უყვართ და აფასებენ. ბედნიერება ყველას სხვადასხვანაირი აქვს, მაგრამ მისი დამსახურების გზა ერთია: არავითარი წუწუნი! მხოლოდ შრომა უკეთესი მომავლის შესაქმნელად!
დროა, ინერვიულო...
ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ ვერ ხვდება, როდის ცივდება ურთიერთობა მასა და პარტნიორს შორის. არსებობს მინიშნებები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მიხვდეთ, უნდა ინერვიულოთ თუ არა.
მაგალითად, დააკვირდით თქვენს ურთიერთობას ყოველდღიურ რეჟიმში: თუ თქვენი საუბარი მუდმივად მაღალ ტონშია; თუ უფრო ყვირით, ვიდრე ლაპარაკობთ; თუ ერთმანეთს უხეშად მიმართავთ; თუ ყველა წვრილმანზე აკრიტიკებთ ერთმანეთს – ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ გრძნობა განელდა... თუკი საერთოდ რაიმე დარჩა სიყვარულისგან.
დააკვირდით თქვენს მეორე ნახევარს – ბოლოს როდის აღმოაჩინეთ მასში კარგი? ხშირად იფიქრეთ იმ პოზიტივზე, რომელიც თქვენ შორის იყო. თუკი ხვდებით, რომ უარყოფითს უფრო მეტს ხედავთ, ვიდრე დადებითს, ცუდად ყოფილა საქმე და სასწრაფოდ შეცვალეთ დამოკიდებულება. ნუ დააბრალებთ თქვენ შორის გაჩენილ უთანხმოებას მხოლოდ მას... საკუთარ თავშიც ბევრ უარყოფითს აღმოაჩენთ და გაცილებით გაგიადვილდებათ მისი ნაკლოვანებების მშვიდად მიღება. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელსაც ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება: როგორ ურიგდებით ერთმანეთს? თუ ქარიშხლისებური კონფლიქტის შემდეგ შერიგებაც ასევე ემოციურად დატვირთულია, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთზე ფსიქოლოგიურად ძალიან ხართ დამოკიდებულნი. მაგრამ, ეს არამც და არამც არ არის გრძნობის სიღრმის გამოხატულება. ზოგადად, სიყვარულს აუცილებლად სჭირდება გაფრთხილება და „კვება“ – საკვები არის პატივისცემა პარტნიორისა, მის მიმართ ნდობა და მოთმინება; სხვანაირად, ნერვიულობაც ვეღარაფერს გიშველით. სიტუაცია უარესობისკენ ისე შეიცვლება, ვერც კი მიხვდებით, როგორ აღმოჩნდებით სხვადასხვა ნაპირზე.