„მსუქანმა ბიძიამ მამა დალია!“
ეს კურიოზი მოსკოვში შემემთხვა, სადაც ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი მივლინებაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი თბილისელი „ვალუტჩიკის“ საქმეს ვიძიებდით, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. მისი ცოლ-შვილი მოსკოვში ცხოვრობდა და სწორედ მათ მივადექით ჩხრეკის ჩასატარებლად, რადგან, ოპერაციული ინფორმაცია გვქონდა, რომ „ვალუტჩიკის“ გადამალული დოლარები და არალეგალური გზით მოპოვებული ძვირფასეულობა მოსკოვში, მის ბინაში ინახებოდა.
ივლისია. ცხელა. ჩვენ მოსკოველ კოლეგებთან ერთად გამალებული ჩხრეკით ვართ დაკავებული და თან ოფლში ვიწურებით. ყველაზე ცუდ დღეში კი კაპიტანი ვალოდია ვალიევი იყო, რომელიც ისე გაიწურა ოფლში, რომ ეს ვეებერთელა კაცი (თითქმის ორი მეტრი სიმაღლის და 140-კილოგრამიანი) სავარძელში ჩაჯდა და ვეღარ იძროდა. წინ სამლიტრიანი გრაფინი და პატარა ჭიქა ედგა და იმ ჭიქით წამდაუწუმ სვამდა წყალს გასაგრილებლად. ორი გრაფინი რომ გამოცალა, პატარა გოგონამ, გარდაცვლილი „ვალუტჩიკის” 9 წლის ქალიშვილმა, მესამე გრაფინიც მოუტანა და გავიდა. იმ მომენტში მე იმ ოთახს ვჩხრეკდი და თან ჩემს კოლეგას ვესაუბრებოდი.
– რა ჯანდაბაა ეს პატარა ჭიქა! – თქვა ვალოდიამ, ადგა, სერვანტთან მივიდა, რაღაც აიღო და ისევ თავისი ადგილისკენ გაემართა.
რა აიღო ვალოდიამ სერვანტის თავიდან, არ დამინახავს, მაგრამ, მივხვდი, რომ დიდი სასმისი იყო, რადგან, კარგა ხანს ასხამდა შიგ წყალს. გაავსო თუ არა, მაშინვე მოიყუდა და სულმოუთქმელად დალია. ბოლოს, როგორც იქნა, ამოსუნთქა და დააყოლა:
– დაილოცოს წყალი, ამაზე გემრიელი არაფერია!
ამ დროს ოთახში „ვალუტჩიკის“ პატარა გოგონა შემოვიდა და ვალოდიას მიაშტერდა, შემდეგ უცებ შეტრიალდა, გაიქცა და ისტერიულად აყვირდა:
– დედი, დედი, იმ მსუქანმა ბიძიამ მამა დალიაო...
ერთი სიტყვით, სერვანტის თავზე რკინის დიდი თასი იდგა, რომელშიც გარდაცვლილის ფერფლი ეყარა და ვალოდიამაც ის ფერფლიანი წყალი შესვა, თუმცა, დღემდე ვერ გამიგია, რატომ ეგემრიელა ასე ძალიან...