ქუჩის მუსიკოსები – სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად
18 ივნისს, კლუბ „უან საიდში” არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის” ხელმძღვანელობით, გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება 2 წლის ბარბარე გოგოლაძის დასახმარებლად. მაყურებლის წინაშე ახალგაზრდა, ნიჭიერ ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, სოლო კონცერტით წარდგა „ვაკის პარკი.” პროექტი – „ქუჩის მუსიკოსები – სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” – არ არის ერთჯერადი და ყოველი თვის ბოლოს გაიმართება. პროექტის ფარგლებში ეს იყო რიგით მეორე ღონისძიება, პირველად 15 წლის მიხეილ სხვიტარიძეს გაუწიეს დახმარება. საქმე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ” წამოიწყო, სიკეთესა და თანადგომას ემსახურება.
გურამ ადამაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის” ხელმძღვანელი): უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს. ეს უმძიმესი ტრაგედია იყო. აღნიშნული პროექტი მოიცავს როგორც ქუჩის მუსიკოსების პოპულარიზაციას, ასევე, გულისხმობს ქველმოქმედებასაც. დღეს ღონისძიება გაიმართა პატარა ბარბარე გოგოლაძის დასახმარებლად, რომელსაც რეაბილიტაციის ერთი კურსისთვის 400 ლარი სჭირდებოდა. „ქუჩის მუსიკოსები – სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” არ იქნება ერთჯერადი პროექტი და უსასრულოდ გაგრძელდება. გარდა ამისა, ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ქუჩის მუსიკოსებმა ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ჩაატარონ საქველმოქმედო კონცერტები, შემოსულ თანხას კი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადავრიცხავთ და ამით გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას.
ზაზა ხუციშვილი (მომღერალი): ძალიან რთული დღეებია თბილისში და კონცერტისთვის, ალბათ, არავის სცხელა, მაგრამ, ეს ღონისძიება მხოლოდ იმიტომ იმართება, რომ დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი და ჩვენს მხარდაჭერას პატარა ბარბარე ელოდება. ამის გამო გადავწყვიტეთ, არ გაგვეუქმებინა და პატარა გოგონასთვის მოლოდინი არ გაგვეწბილებინა.