ორგანიზმს ნაკლები საჭმელი, მაგრამ მეტი მკვებავი ნივთიერებები ესაჭიროება
წლების მატებასთან ერთად, ორგანიზმს ნაკლები საჭმელი, მაგრამ მეტი მკვებავი ნივთიერებები ესაჭიროება. ამის მიღწევა კი მხოლოდ სწორი კვებით არის შესაძლებელი. სწორი კვება ადამიანს ასაკშიც კი, უნარჩუნებს ჯანმრთელ ორგანიზმს, მხნეობასა და შრომისუნარიანობას.
ტყის მარწყვის სამკურნალო თვისებების შესახებ, ხალხური მედიცინისთვის, უკვე დიდი ხანია, ცნობილია. ის აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი კენკრის წვენი. ტყის მარწვის ფოთლებითა და ნაყოფით, შეგიძლიათ, სამკურნალო ნაყენი მოამზადოთ: 2 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ, დღეში სამჯერ. ზოგიერთ ადამიანში ტყის მარწყვი ალერგიულ რეაქციას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, მისი მიღებისგან თავი შეიკავეთ.
მოცხარი დიდი რაოდენობით შეიცავს მკვებავ ნივთიერებებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლის კატარაქტისა და გლაუკომის განვითარებას, ამცირებს ვენების გაგანიერებას, კუჭის წყლულის, გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებათა რისკს. ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას.
ისპანახი – ეს პროდუქტი ყველაზე მეტად შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს. მასში ბევრია რკინა, A, C და K ვიტამინები, ასევე, ანტიოქსიდანტები. ისპანახი იცავს ორგანიზმს ინფარქტისა და ინსულტის, სწორი ნაწლავის კიბოს, ოსტეოპოროზისა და ართრიტის განვითარებისგან. ის მდიდარია ლუთეინით, რომელიც სასარგებლოა და საჭირო მხედველობისთვის.
რძე – ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით, ძროხის უცხიმო რძე. ის მდიდარია კალციუმით, რომელიც აუცილებელია ძვლების გასამაგრებლად და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.
ბრინჯი – ნახშირწყლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ენერგეტიკული დონის შენარჩუნებაში. ამიტომ, ხშირად მიირთვით ბრინჯი, პურისა და შვრიის ფაფები. ნახშირწყლები ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, სწორი ნაწლავის კიბოს, ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებას, დიაბეტისა და სიმსუქნის რისკს. ის ხელს უწყობს, ნაწლავების აქტიურ მუშაობას.
ნიორი – აფერხებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ამცირებს ინსულტის რისკს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისება. ახალი ნიორი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
კვერცხი – მდიდარია ცილითა და ლუთეინით. ლუთეინი თვალს კატარაქტის დაავადებისგან იცავს, ამცირებს თრომბის წარმოქმნას, ხელს უშლის ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას. კვერცხი აუცილებელია მანდილოსნებისთვის, რადგან ის ამცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს.
მწვანილი – გემოს შეგრძნების გასაძლიერებლად, ყველაზე კარგი საშუალებაა კერძში მწვანილისა და სანელებლების ჩამატება.
მსხალი აუცილებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, გახდომისთვის საზამთროს დიეტის დაცვა კი საშიშია
მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც სახსრების სერიოზული პრობლემები აქვს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის და სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემების დროს. კარგია, თუ კვირაში ერთი დღე ორგანიზმს განტვირთვას მოუწყობთ და მხოლოდ მსხალს მიირთმევთ.
გაითვალისწინეთ, მსხალი ძალიან სასარგებლო ხილია, თუმცა, გირჩევთ ნუ შეჭამთ მას უზმოზე და წყალსაც ნუ მიაყოლებთ. ასევე, არ მიირთვათ ხორცის შემდეგ. ეს ხილი ეფექტურია და სასარგებლო ფილტვებისთვის. მას ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. ასევე, მსხალი აუცილებელია ჭარბწონიანებისთვის, რადგან ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. აგრეთვე, აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რადგან საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი შემცველი უჯრედისები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ცოტა აღიზიანებს. მიუხედავად მისი დადებითი და სასარგებლო თვისებებისა, თუ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით რამე პრობლემა გაქვთ, მოერიდეთ მის ჭამას.
მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.
რაც შეეხება საზამთროს, ამ გემრიელ ხილს განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა მოეკიდონ ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. ან მაღალი წნევა აქვთ. რაც უფრო მეტი სითხე ხვდება ორგანიზმში, მით მეტი დატვირთვა ადგება გულს. ამას გარდა, საზამთროს შეუძლია, ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსი დაარღვიოს. კერძოდ, მარილი და ასევე კალციუმი, გაცილებით მეტი რაოდენობით გამოდევნოს ორგანიზმიდან, ვიდრე ეს საჭიროა. ბევრი ადამიანი გახდომის მიზნით ან ორგანიზმის გასაწმენდად, საზამთროს დიეტას იწყებს. არადა, რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ ამ ხილის ჭამა არ შეიძლება – ეს ნიშნავს, რომ თქვენ არასრულფასოვნად იკვებებით, რადგან საზამთრო არ შეიცავს ვიტამინებს.
ნერვული სტრესები ეგზემის განვითარებას უწყობს ხელს
ეგზემა საკმაოდ საშიში და ყურადღებამისაქცევი დაავადებაა. ამ დროს აუცილებელია, დროულად მიიღოთ ზომები, რათა არ გამწვავდეს დაავადება და უფრო მეტად არ დაიმძიმოთ ჯანმრთელობა.
ეგზემის დროს კანზე სხვადასხვა ზომის წითელი ლაქები ჩნდება და მათ ზედაპირზე ჩანს გამჭვირვალე, სითხით სავსე წვრილი ბუშტუკები. თუ დროულად არ მიიღეთ ზომები, დაავადება კანის მნიშვნელოვან უბნებს მოიცავს და ამ ადგილებში კანი გამკვრივდება.
დაავადებას თან ახლავს ძლიერი ქავილი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ადამიანს. მის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნერვულ-ენდოკრინული და იმუნური სისტემების მოშლილობა, ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება, დისბაქტერიოზი. ასევე, მდგომარეობას ართულებს სხვადასხვა ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, ნერვული სტრესები, უარყოფითი ემოციები, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, არასწორი კვება.
ეგზემით დაავადებულის მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს და დარღვეული პროცესების ნორმალიზებას უნდა მოიცავდეს.
ეგზემის დროს კარგია ორგანიზმის დატვირთვისა და დასვენების რეჟიმის დაცვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ მტვრიან გარემოს და ალერგიის შემცველ, ქიმიურ საშუალებებს. ასევე, სიგარეტის კვამლს და სტრესულ სიტუაციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტის დაცვას. დაავადებულის საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმაო რაოდენობით შეიცავდეს ვიტამინებს, მიკროელემენტებს. რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ციტრუსი, მარწყვი, ჟოლო, ანანასი, ნესვი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, რძე, შებოლილი თევზი, მანანის ბურღული, მწარე და ცხარე კერძები და ალკოჰოლი. მენიუში ჩართეთ საქონლის ხორცი, რძემჟავა პროდუქტები, მზესუმზირის ზეთი, ბოსტნეულის სალათები, ხილიდან კი – ვაშლი, ქლიავი და ალუბალი.
ასევე, რეკომენდებულია და კარგია მცენარეული, დამამშვიდებელი საშუალებების მიღება. კერძოდ, აფთიაქში შეიძინეთ მცენარეები – ვალერიანის ძირები, ორკბილა, გვირილის ყვავილები, კალენდულა, ძირტკბილა, უკვდავა და ფარსმანდუკი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი თანაბრად შეურიეთ ერთმანეთს, 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათით დატოვეთ თავდახურული. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი, 2-ჯერ დღეში.
შოკოლადი კბილის მინანქარს ამაგრებს და კარიესისგან იცავს
კარიესი კბილის მინანქრისა და დენტის დაავადებაა. დროთა განმავლობაში ქსოვილი თანდათან კარგავს გამძლეობას და იშლება, კბილში ჩნდება ღრმულები. კარიესს იწვევს დაქვეითებული იმუნიტეტი, ღრძილების ანთება, საკვებ რაციონში ცილების, მიკრო და მაკროელემენტების, ვიტამინების დეფიციტი და ნახშირწყლების დიდი რაოდენობა. ასევე, კარიესის გამომწვევია პირის ღრუს ჰიგიენის არასწორი დაცვა და ორგანიზმში სისხლძარღვოვანი და ნერვული ბოჭკოების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა.
კარიესოგენური ფაქტორების ზემოქმედებით წარმოიქმნება კბილის ქვები. იქ კი იბუდებენ მიკრობები და გლუკოზისგან რძემჟავას წარმოქმნიან. ეს მჟავა მინანქარს შლის და კარიესული პროცესი იწყება, შემდეგ კი თანდათან ვითარდება.
ნერწყვში შაქარი რძის მჟავას შემცველობას ზრდის. ამიტომ, კარგია ის ზომიერად მიიღოთ. შოკოლადი კი თამამად ჭამეთ, რადგან ის შეიცავს ფტორს, რომელიც ამაგრებს მინანქარს.
კარიესის პროფილაქტიკისთვის დღის განმავლობაში სვით ბევრი სითხე, რადგან ამით ნერწყვის გამოყოფა რეგულირდება. ასევე, ეცადეთ რაციონი გაამდიდროთ A, B, C, D და E ვიტამინებით, რომელსაც ახალი ხილი და ბოსტნეული შეიცავს, ასევე, მიკროელემენტებით, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნიგოზი და თხილი. ფტორის შენაერთითა და კალციუმით კი, რძის ნაწარმი მოგამარაგებთ. შაქარი ნატურალური თაფლით ჩაანაცვლეთ.
ჭამის შემდეგ, აუცილებლად გამოიხეხეთ კბილები ან დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, სამი წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხნით საღეჭი რეზინის ღეჭვა ემალს აზიანებს. კბილები გაიხეხეთ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს. კბილის პასტა კი უნდა შეიცავდეს ფტორს, ვიტამინებს, სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებს, თუთიის ნაერთსა და კალციუმს.
ზაფხულში, წელიწადის სხვა დროსთან შედარებით, ძილის ხანგრძლივობა ერთი საათით შეამცირეთ
საკმაოდ მოუსვენარი და აქტიური ადამიანებიც კი, ზაფხულის ცხელ დღეებში მოთენთილობას გრძნობენ, მუდმივად ძილის შეგრძნება და აპათია აწუხებთ, სწრაფად იღლებიან. ეს ყოველივე ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობის გამო ხდება, რომლის გამოსამუშავებლად აუცილებელია, დღის სწორი რეჟიმი, მზის სინათლე და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ორგანიზმი ამ მდგომარეობის კომპენსაციას ცდილობს და დიდი რაოდენობით წვავს კალორიებს. ამის გამო კი, ხშირად გინდებათ ტკბილეული – შოკოლადი, ნამცხვარი, კანფეტი, ათასგვარი სასუსნავი. ეს კი თავის მხრივ, გასუქებას იწვევს.
ზაფხულის დეპრესიის დასაძლევად, აუცილებელია ძილის სწორი რეჟიმის დაცვა. ძილის ხანგრძლივობა წელიწადის, სხვა დროსთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეთ. თუ გარკვეული მიზეზების გამო, უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღეთ, საწოლ ოთახში კი სურნელოვანი ჩხირები დაანთეთ. მნიშვნელოვანია, დაძინებამდე სუფთა ჰაერზე სეირნობაც. დილით, ფიზიკური ვარჯიში კი გამოფხიზლებასა და სხეულის წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდით, მთელი დღის განმავლობაში, მოთენთილობას ადვილად დაამარცხებთ.
ეცადეთ, რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეული ჭამოთ და ერიდოთ მძიმე და კალორიული კერძების მიღებას. ერთადერთი გამონაკლისი, ამ დროს შოკოლადია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და გუნება-განწყობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს. უმჯობესია, ჭამოთ შავი შოკოლადი.