როდის უბრუნებს ღმერთი ადამიანს ყველაფერს, რასაც ის იმსახურებს და რატომ ზიანდება და იბოჭება მისი ნებისყოფა და უნარი
მიუხედავად იმისა, რომ ვიცავთ მარხვას, დავდივართ ეკლესიაში, ვამბობთ აღსარებას და ვეზიარებით, გადის დრო და კვლავ ძველ ცოდვებს ვუბრუნდებით. ხშირად თავს დატეხილი პრობლემები კიდევ უფრო მეტ ცოდვაში გვაგდებს და ღმერთს უფრო მეტად ვშორდებით. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– რადგანაც თითოეული ადამიანი წინაპართაგან ცოდვისკენ მემკვიდრეობით მიღებულ მიდრეკილებებს საკუთარ, პირადულ ცოდვებს უმატებს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წმიდა ბიბლია ყოველი ჩვენგანის მისამართით ამბობს: არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ერთი დღე ეცოცხლოს და არ შეეცოდოს. აბსოლუტურად სუფთაა ყოველგვარი ცოდვისგან მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. წმიდანებსაც კი ჰქონდათ ცოდვები, თუმცა‚ ღვთის შეწევნით ებრძოდნენ მათ, მაგრამ, მორჩილად მაინც ცოდვილებს უწოდებდნენ საკუთარ თავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოდვა სულისმიერი კეთრია, ავადმყოფობაა, წყლულია, რომელმაც დააზიანა სულის უნარები: ძალა, გონება, გრძნობა (გული) და ნებისყოფა. რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი: ადამიანებს შეცდომები ახასიათებთ. მაგრამ‚ შესაძლოა‚ ცოდვით კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული ადამიანის გული – ცენტრი მისი განცდებისა, კეთილისა და ბოროტის, ნაღველისა და სიხარულის შეგრძნებებისა და, წმიდის, სულისმიერისა და ქრისტიანულად ამაღლების შეგრძნებას კარგავს. მაგრამ‚ ყველაზე მეტად მაინც ცოდვით ზიანდება და იბოჭება ადამიანის ნებისყოფა, როგორც უნარი ქმედებებისა და ადამიანის განზრახულთა აღსრულებისა. თუ ადამიანი სიწმიდით არ ცხოვრობს, რაც არ უნდა გააკეთოს, მას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს უფალთან; სიწმიდეში კი მხოლოდ სულიერი სიწმიდე არ იგულისხმება, ადამიანი გარეგნულადაც მოწესრიგებული უნდა იყოს; ის სულზეც უნდა ზრუნავდეს და ფიქრობდეს და საკუთარ სხეულზეც, რომელიც უფლის ტაძარია. რაც მთავარია, უნდა ვიყოთ თავმდაბლები და ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი, ეს სიწმიდიდან, უფლის სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მძიმე განსაცდელში მხოლოდ ბოლომდე მომთმენები ცხონდებიან. თუ ქრისტიანი არ იცხოვრებს სიწმიდეში, ვერ მიხვდება თავის შეცოდებებს, მას არ ექნება სიყვარული, ვერ დაინახავს საკუთარ ცოდვებს და მუდმივად მოყვასის, სხვების განკითხვაში იქნება. როდესაც ადამიანი მარხვაზეა, მაგრამ, მუდმივად დადის წვეულებებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში და სახლშიც ცდილობს, ყველაფერი გაამარტივოს, გააუბრალოოს და კომფორტული ცხოვრება მოიწყოს; როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის, უნდა, რომ აქაც სითბო ფუფუნება და კომფორტი იყოს; მალე დამთავრდეს წირვა, ეზიაროს, გაიქცეს და ასე შემდეგ. დღეს ყველაფერზე კამათობენ, უაზრო საკითხებზე, პოლიტიკაზე – ჩვენ ხომ დღემდე პოლიტიკით ვცხოვრობთ. სამწუხაროა, მაგრამ, ბევრი მოძღვარიც მინახავს სუფრასთან, საზოგადოებაში, 24 საათი პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობს. მოძღვრის მოვალეობა ღვთისმეტყველება, ლოცვა, მარხვა და მრევლისთვის პირადი მაგალითია. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ველოდებით ცათა საცხოვრებელს და მაცხოვრის მეორედ მოსვლას. საბოლოოდ, მოვა ანტიქრისტე და მას ბევრი ეპისკოპოსი და სასულიერო პირი მიიღებს როგორც ქრისტეს – მოვიდა ჩვენი გადამრჩენიო. ქრისტე 2 000 წელზე მეტია, მოსულია და სხვა მხსნელი იქნება ცრუმხსნელი, ანუ – ანტიქრისტე და, ვინც სხვა მხსნელს ელოდება, ის ავტომატურად გახდება ანტიქრისტეს მრევლი.
– ადამიანებს ძალიან უყვართ ერთმანეთთან კამათი, რაც ხშირად სერიოზულ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზრდება ხოლმე.
– კამათი ხშირად ბევრი პრობლემის, გაღიზიანებისა და გულქვაობის მიზეზი ხდება თავად ოჯახის წევრებს შორისაც – როცა დაიღლები ოჯახის წევრთან ან ახლობელთან კამათით, მერე ის გეზიზღება და გულქვა ხდები მის მიმართ; ხოლო, როცა ვინმე გეზიზღება, მართლმადიდებელი აღარ ხარ და კარგი მრევლი ხდები არაწმიდა სულისთვის. ვინც ყოველ დილით ლოცულობს, ის „მამაო ჩვენოსაც“ ამბობს და ღმერთს ცოდვების მიტევებას სთხოვს: „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, რამეთუ ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. მაგრამ ეს არასდროს სრულდება, რადგან, ვიღვიძებთ სიცრუეში, მთელი დღე ვცხოვრობთ სიცრუეში, ღამდება ისევ სიცრუეში და არავინ არავის არაფერს არ აპატიებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთვის პირველი მტერი საკუთარი თავია, რომელიც 24 საათის განმავლობაში არ გასვენებს, არაფერში გინდობს. ამიტომ, ყველაზე მეტად მისგან უნდა დაიცვათ თავი. უარყავით საკუთარი თავი და ყველა ის აზრი და ფიქრი, რომელიც თქვენში შემოდის. ყველაფერი ფიქრებიდან და აზრებიდან იწყება. ამიტომ, შეამოწმეთ, ეშმაკისგან ხომ არ არის ის ან საკუთარი დაცემული ბუნებისგან.
– ხშირად განსაცდელები აშორებს ადამიანს ღმერთს.
– უკვე არსებობს ის მრევლი, რომელიც ანტიქრისტეს მიიღებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცუდზე ფიქრობენ; კეთილი მოვიდა – არ მიიღეს, ცუდი მოვა და იმას მიიღებენ, რადგან, ის ეტყვის: აქამდე ყველაფერი მირაჟი იყო, არავითარი ქრისტე, არავითარი სიწმინდე, არავითარი ოჯახური პატიოსნება და სიყვარული... დადგება დრო, როდესაც თქვენ, მართლმადიდებლებს, გეტყვიან: თქვენ არანორმალურები ხართ, იმიტომ, რომ ძალიან ცოტანი ხართ. ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნება არა ერთ ქვეყანაში, არამედ – ერთეულებში, რამდენიმე ეკლესიაში, როგორც იოანეს გამოცხადებაში წერია. ამიტომ, ვიფიქროთ არა ცუდზე, არამედ – კარგზე. მეორე: თავი უნდა დავანებოთ ცხოვრებაზე წუწუნს. ძალიან ბევრი ქრისტიანი ეკლესიაში ღმერთის ან მოძღვრის სიყვარულით კი არ მოდის, არამედ, მუდმივად ცხოვრებაზე წუწუნებს. იმას კი არ ამბობს, ეს ყველაფერი იმიტომ დამემართა, რომ უღმერთო ვიყავი, განვიკითხავდი და დავცინოდი ირგვლივ ყველას; რომ ჩემი არასწორი ცხოვრების წესის გამო ჩავვარდი გაჭირვებაში, სნეულებაში, პატიმრობაშიო, პირიქით, ამას სხვას აბრალებს: მთავრობას, მშობლებს, დედმამიშვილებს. იყავი მადლიერი და ღმერთი მოგცემს იმდენს, რამდენიც გჭირდება. თუ მორწმუნედ მიიჩნევ თავს და მაინც გშია, მაშინ, შეამოწმე შენი რწმენა. თუ ითხოვ და არ იღებ, ესე იგი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ითხოვ ბოროტს. ამიტომ, კარგად დაუკვირდით, რატომ მოდიხართ ეკლესიაში. თავიდანვე არ უნდა ითხოვოთ ვალების გასტუმრება; ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი მაშინვე კარგად იქნება, რომ ხელფასი მოგემატებათ. ეკლესიაში იმიტომ მოდიხართ, რომ თქვენი ცოდვები აღიაროთ, განიწმიდოთ, შეინანოთ. ღმერთი შენს სინანულს, მონდომებას რომ დაინახავს, მერე ყველაფერს დაგიბრუნებს, რაც შენგან აიღო, რაც დაკარგე იმით, რომ მუდმივად უკამყოფილო იყავი და წუწუნებდი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან გვაქვს და, ამიტომ, მუდმივად უნდა ვიყოთ მადლიერები, უარი ვთქვათ უკმაყოფილო სახით სიარულზე და იმედიანად ვიყოთ განწყობილები.