კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიცავს ახალი კანონი მამაკაცებს ძალადობისგან და რა გემუქრებათ, თუ ვინმეს ესემეს-შეტყობინებით ან სოციალური ქსელით გადაეკიდებით

არაკანონინერი თვალთვალი, შემაწუხებელი დევნა, შევიწროება, მუქარა, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რაც ადამიანში ფსიქოლოგიურ სტრესსა და მისი ცხოვრების წესის შეცვლას იწვევს, უახლოეს მომავალში კანონით დაისჯება. ბოლო წლების ვითარებიდან გამომდინარე,  რაც ქალებზე ძალადობის ფაქტების გახშირებას მოჰყვა, იურისტებმა  კანონში ახალი მუხლის დამატების შესახებ საუბრები დაიწყეს, რასაც გაერთიანება „საფარისგან” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მოჰყვა. რას მოიცავს ეგრეთ წოდებული „გადაკიდების” მუხლი და რა სანქციები დაწესდება მისი ამოქმედების შემდეგ, ამის შესახებ გაერთიანება „საფარის“ ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას გავესაუბრეთ. 

ბაია პატარაია:  გადაკიდება, იგივე სტალკინგი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკანონმდებლო ნორმა საქართველოსთვის ახალია, მსგავსი პრაქტიკა უკვე ათწლეულებია, არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ორგანიზაციის მიერ   მომზადებულ ინიციატივაში „გადაკიდების მუხლი” შემდეგნაირადაა განმარტებული: არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო, ელექტრონული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს; მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი.   ბოლო  წლებში ქალებზე ძალადობის ფაქტების გახშირებამ  განაპირობა კანონმდებლობაში ამ მუხლის საჭიროების  აუცილებლობა.  გავიხსენოთ განსაკუთრებულად გახშირებული ფემიციდის შემთხვევები: ჩვენს ორგანიზაციაში უამრავი ქალბატონი მოდის ჩივილით, რომ მათზე ძალადობენ. ძალადობის ფორმაა უკანონო ადევნება, თვალთვალი.  ასეთი შემთხვევები  საკმაოდ ხშირია.  იმ ქალთა უმრავლესობა, რომლებიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ჩივილით მოდის, გამოკვეთს და საუბრობს გადაკიდებაზე, როგორც შემაწუხებელ, შემზღუდავ ქმედებაზე.   ჩვენ ირგვლივ არ არსებობს  ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. ჩვენი ორგანიზაცია დახმარებას ძირითადად ძალადობის მსხვერპლ ქალებს უწევს. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც უკანონო დევნას, გადაკიდებას, თვალთვალს ახორციელებენ მეუღლეები, პარტნიორები, ყოფილი მეუღლეები და  ყოფილი პარტნიორები. ეს ქმედებები აქამდე არ წარმოადგენდა არც დანაშაულს, არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და, შესაბამისად აქამდე ვერ ხდებოდა მათი აღწერა; პოლიციას არ შეეძლო რეაგირება ასეთ შემთხვევებზე, გარდა გაფრთხილების მიცემისა, სანამ ეს არ გადაიზრდებოდა სხვა ტიპის დანაშაულში.  

– ქართული კანონმდებლობით, მუქარა აქამდეც  დასჯადი იყო. 

–  საქართველოს კანონმდებლობაში მუქარასთან დაკავშირებით არსებობს ცალკე მუხლი, თუმცა  მისი შემადგენლობა მოიცავს დეფინიციას –  საფრთხე უნდა  იყოს რეალური, მყისიერი და ასე შემდეგ.  გადაკიდების დროს შეიძლება არ ჰქონდეს ადგილი მუქარას, მაგრამ, მუდმივმა კონტროლმა, თვალთვალმა, უკან დევნამ,  კომუნიკაციის დამყარების მცდელობამ ადამიანის სურვილის მიუხედავად, შესაძლოა, უფრო რთულ მდგომარეობამდე მიიყვანოს ქალი, ვიდრე აშკარა მუქარამ. მსხვერპლს მუდმივი გადაკიდების შედეგად უჩნდება შიში; ის მიიჩნევს, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, ეს ქმედებები ისეთ ძალადობაში გადაიზარდება, რაც, შესაძლოა,   რთული  ფორმებით დასრულდეს. როდესაც ასეთი შიში უჩნდება, მსხვერპლი ცდილობს, შეცვალოს მისი ჩვეული ცხოვრების რეჟიმი და  მოერიდოს მოძალადეს: ზოგი იცვლის ტელეფონის ნომერს, ზოგი – საცხოვრებელს, ზოგიც თავს არიდებს შეჩვეულ მარშრუტს, შესაბამისად, მათი ცხოვრება იცვლება უარესობისკენ, იკლებს მათი ურთიერთობები – ისინი საკუთარ გარემოში იკეტებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს.  

– როგორი იქნება სანქციები? 

– ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანი პრევენციული ხასიათის ცვლილებაა, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება სამართლადამცველთა მხრიდან ამ მუხლის პრაქტიკაში გამოყენება და რეაგირება, ანუ, როგორ მიუსადაგებს პოლიცია ამ მუხლს კონკრეტულ შემთხვევებს.  ამ მუხლზე მუშაობის დროს ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა ოცზე მეტი სახელმწიფოს კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენი ინიციატივა უფრო კონკრეტულია– ჩვენ მუხლი შევიმუშავეთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის სასჯელად.

– ჩვენს რეალობაში, იშვიათად მაგრამ მაინც, ძალადობის მსხვერპლი ხდება მამაკაცი. ახალი მუხლი მათ უფლებებსაც დაიცავს?

– რა თქმა უნდა. ძალადობა  არაა მხოლოდ ქალების პრობლემა, ძალადობის მსხვერპლი ხდებიან მამაკაცებიც.  ხშირად ეს ხდება ან ბავშვობის ასაკში,  როდესაც მათ ძალიან მკაცრად სჯიან და, პრაქტიკულად, ფიზიკურად უსწორდებიან. ძალადობა  ასევე ძალიან ხშირია, როდესაც მამაკაცი აღწევს ხანდაზმულ ასაკს.  მამაკაციც ისევე უნდა იყოს დაცული ძალადობისგან, როგორც ქალი.  გარდა  ოჯახურ–რომანტიკული ურთიერთობებისა, ეს  მუხლი მოიცავს გადაკიდების მთელ რიგ შემთხვევებს – ეს  შეიძლება ეხებოდეს საქმიან პარტნიორს; ზეგავლენას ადამიანზე, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას აპირებს, მაგალითად, ჟიურის წევრზე ან ლექტორზე  და ასე შემდეგ. 

– ამ მუხლის მიხედვით, სოციალური  ქსელით გამოხატული გადაკიდებაც დაისჯება?

– ვინაიდან მუხლის დეფინიცია მოიცავს განმარტებას, პირადი, სატელეფონო, ელექტრონული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს, ეს თავისთავად მოიცავს სოციალურ ქსელსაც, რომლის მეშვეობითაც საკმაოდ ხშირია  უსიამოვნო და სტრესული ფაქტები.  ცნობილია კიბერგადაკიდების ფაქტები, როდესაც ადამიანის შევიწროება, გადაკიდება და თვალთვალი ხდება სოციალური ქსელის საშუალებით.  ეს მუხლი ამ ქმედებებსაც  მოიცავს. 

– როგორ ფიქრობთ, ახალი მუხლი, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომიდან შევა ძალაში, შეამცირებს   ძალადობის ფაქტებს?

– ამ პრობლემას ღრმა ფესვები აქვს – ეს არის მენტალობის პრობლემა, რომლის მოგვარება ერთი მუხლის შემოღებით, ერთი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით ვერ მოხდება, მაგრამ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომები. იყო დრო, ოჯახში ძალადობის კანონს რომ იღებდნენ, პარლამენტარებს ეს თემა სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, თუმცა, მერე ყველამ აღიარა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობდა. დღეს ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამოძიებაში იმ საქმეთა რაოდენობა, რაც ძალადობის ფაქტებს ეხება.   მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ჩვენი კულტურა ძალადობრივია არა მარტო ქალების, არამედ, ბავშვების მიმართაც. საქართველოში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ გამოკითხულთა 30 პროცენტზე მეტი ამართლებს ბავშვის ფიზიკურ ცემას როგორც აღზრდის მეთოდს; ასევე, 30 პროცენტზე მეტი ამართლებს ქალის ცემას. არც კაცები ინდობენ ერთმანეთს, როცა საქმე ფიზიკურ ძალადობას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ თაობა, რომელიც იქნება ლოიალური, შემწყნარებლური და რომლისთვისაც კონფლიქტის გადაწყვეტის  უფრო ცივილური ფორმები იქნება მისაღები. 

 

P.S. 18 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად წარმოადგინა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 20-მდე კანონს შეეხება. 1. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც აიძულებს პირს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ჩადენილი ასეთი ტანჯვის ან შიშის გამოწვევის მიზნით, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; ბ) პირთა ჯგუფის მიერ; გ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.”

скачать dle 11.3