რა შემთხვევაში გახდება რუსეთი დაინტერესებული საქართველოს უსაფრთხოებითა და სტაბილურობით და როგორ გვიჩნდება ჩრდილოეთ-სამხრეთისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ კვანძად გახდომის შანსი
მას შემდეგ, რაც იმედი გაჩნდა, რომ ირანის ენეგრომატარებლებს ემბარგო მოეხსნება, რეგიონის მოთამაშეები გააქტიურდნენ, ბუნებრივია, თავ-თავიანთი მოტივებით. ევროპას რუსული ენერგოგავლენისგან უნდა თავის დაღწევა, ირანს – საკუთარი ენერგორესურსებით მოგების მიღება, რუსეთს ევროპის კიდევ უფრო მეტად დაქვემდებარება. შესაბამისად, პარალელური პროცესებიც ვითარდება: რუსეთი თურქეთის დაყოლიებას ცდილობს თურქულ ნაკადზე და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას – დასავლეთის ენერგომოტივებისთვის ერთობლივი ძალებით დასაპირისპირებლად. საგულისხმოა, რომ მხარეებს ერთმანეთთან არერთგვაროვანი ურთიერთობა აქვთ: ირანი და თურქეთი რეგიონში ისტორიული კონკურენტები არიან, აზერბაიჯანიც არ გამოირჩევა ირანთან ჰარმონიული ურთიერთობით, სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, საქართველო კი აზერბაიჯანთან ერთადაა ჩართული უკვე არსებულ ენერგეტიკულ პროექტებში. ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად განვიხილავთ მომავალი ენერგომილების მარშრუტებსა და საქართველოს როლსა და პერსპექტივას ამ საქმეში.
– პუტინი აპირებს შეხვდეს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ჩემი აზრით, რუსეთის გააქტიურება თურქეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით უკავშირდება ირანის გააქტიურებას ევროპის მიმართულებით. რამდენად რეალურია, რომ რუსეთმა მოახერხოს აზერბაიჯანის თავის ბანაკში გადაყვანა?
– თუ მხარეები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებას მიაღწევენ და ივნისის ბოლოს გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, ენერგორესურსებისთვის ომი ახლო აღმოსავლეთსა და კასპიის ზღვის რეგიონში ახალი ძალით დაიწყება და ძველი მოთამაშეები შეეცდებიან, ახალ კონფიგურაციაში მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ საკითხი კონტექსტში უნდა განვიხილოთ: დავიწყოთ იმ ტენდენციებით, რომელიც, ზოგადად, არის ენერგორესურსების ბაზარზე. ახლო აღმოსავლეთისა და კასპიის რეგიონში ძირითადი მოთამაშეები არიან: დასავლეთი და, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება მნიშვნელოვნადაა მიბმული ამაზე; ჩინეთი და რუსეთი. ირანის გამოთავისუფლებული რესურსი თითოეულისთვის არის გამორჩეულად საინტერესო. ამდენად, იბრძოლებენ უპირატესად იმაზე, თუ ვისი გავლით მიეწოდება ირანული ენერგორესურსები სანქციების მოხსნის შემდეგ იმავე ევროპას და, გარდა ამისა, პარალელურად სხვა ენერგეტიკულ ბაზრებზეც იბრძოლებენ გავლენის გადანაწილებისთვის და ამის დასტურია ის, რაც ხდება კასპიის რეგიონში.
რაც შეეხება ირანს: ირანმა უკვე გამოყო ათი მილიარდი ახალი გაზსადენის ასაშენებლად, რომელმაც ევროპას უნდა მიაწოდოს გაზი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ საით, ანუ ვისზე გაივლის ეს გაზსადენი. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს, ერთი მხრივ, რუსეთი; მეორე მხრივ, თურქეთი და ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი სავარაუდო მარშრუტი, რომელშიც საქართველო პირდაპირ მიიღებს მონაწილეობას, თუ ის განხორციელდა: ირანი-სომხეთის გავლით და მე არ ვიცი, ლობირებს თუ არა დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ მარშრუტს, მაგრამ ეს იქნებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არა მარტო ეკონომიკური, არამედ, უპირატესად, უსაფრთხოების თვალსაზრისით.
– ძალიან მშვიდად საუბრობენ რუსი პოლიტოლოგები ირანი-სომხეთი-საქართველოს შესაძლო მარშრუტზე, იმდენად მშვიდად, რომ საფრთხის განცდა გამიჩნდა. თან, მოტივად ასახელებენ, თუ სომხეთი იხეირებს, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანიაო, რაც უცნაური მოსასმენია, იმიტომ რომ არ ჰგავს მათ ჩვეულ ქცევას.
– ეს მარშრუტი შეიძლება, იყოს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ვაჭრობის ერთ-ერთი თემაც, რადგან რუსეთს უნდა საქართველოს შეთრევა ევრაზიულ სივრცეში. ამიტომ შესაძლოა, ამ დათმობის საფასურად, რუსეთმა ეს მარშრუტი აქციოს ვაჭრობის საგნად, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი რუსეთზე არ არის დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ აიძულებს, უარი ათქმევინოს ამ მარშრუტზე, თუ ირანი ამ მარშრუტს განიხილავს.
– მაგრამ სომხეთს ხომ ათქმევინებს უარს?
– სომხეთი ამ შემთხვევაში არის ყველაზე სუსტი რგოლი. ამიტომაც რუსეთის მხრიდან ამ მარშრუტს წინააღმდეგობა უნდა შეხვდეს, რადგან, როგორც გითხარით, ეს არა მარტო ეკონომიკურად იქნება მომგებიანი საქართველოსთვის, არამედ – უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე შემოდის ისეთი დიდი მოთამაშე – ირანი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორად გვევლინება ახლო აღმოსავლეთში ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ვერსია ძალიან კარგია საქართველოსთვის, ეს არის უნიკალური ვერსია, რადგან საქართველო ხდება არა მხოლოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთის, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის კვეთის ადგილი. ამაზე ძალიან დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ რეალურ ამუშავებას დღემდე არ აენთო მწვანე შუქი და ახლა ეს არის სერიოზული პერსპექტივა ჩვენთვის.
– ჩემი ვარაუდით, საქართველოს ყოფილი და ამ ხელისუფლების მიერ ძებნილი პრეზიდენტის დემონსტრაციულად პატივით მიღება ბაქოში სწორედ ირან-საქართველოს მომავალ პარტნიორობას უკავშირდებოდა. ერთი, რომ აზერბაიჯანის გავლითაცაა შესაძლებელი ირანის ენერგომატარებლების ტრანსპორტირება, მიერთება უკვე არსებულ ენერგომილზე და, მეორე, როგორი იქნება აზერბაიჯანის რეაქცია, თუკი სომხეთთან ერთად ჩავერთვებით ამ პროექტში?
– ჩვენთვის ნებისმიერი მარშრუტი მისაღებია.
– ოღონდ ჩვენზე გაიაროს.
– რა თქმა უნდა. მე ვგულისხმობ იმას, რომ, თუკი ირანს ურჩევნია, ამ მარშრუტმა გაიაროს სომხეთის გავლით, რატომაც არა?! პარტნიორი იმისაა, ამ შემთხვევაში, აზრებაიჯანს ვგულისხმობ, რომ გაითვალისწინოს შენი ინტერესი. ეს არ იქნება სასიამოვნო ბაქოსთვის, მაგრამ, თუ ირანის უპირობო მოთხოვნა იქნა, რომ საქართველოზე გაივლის მხოლოდ სომხეთიდან, ასეთ შემთხვევაში რას იზამდა თვითონ აზერბაიჯანი საქართველოს ადგილზე?! არც ერთი ქვეყანა ამაზე უარს არ იტყოდა. ამიტომაც უკვე აზერბაიჯანის ხელისუფლების საზრუნავია და არა საქართველოს ხელისუფლების, რომ ამ მარშრუტში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენთვის მთავარია, რომ გაიაროს ჩვენზე, ანუ საქართველო იყოს წარმოდგენილი ამ პროექტში.
– თურქეთს, ბუნებრივია, ურჩევნია, გაიაროს თურქეთზე და შემდეგ, ალბათ, მისთვის ყველაზე მისაღებია აზერბაიჯანზე გამავალი მარშრუტი. ზემოქმედების რა ბერკეტები აქვს თურქეთს სომხეთზე გამავალი მიმართულების ჩასაშლელად?
– ამ შემთხვევაში თურქეთისთვის არა საქართველო, არამედ სომხეთი იქნება პრობლემა. პოლიტიკაში ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება ხდება. ირანისთვის პრობლემურია თავისი მრავალმილიონიანი აზერბაიჯანული მოსახლეობა. შეიძლება, აზერბაიჯანის მხრიდან პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ეს გახდეს. თუ აზერბაიჯანზე გაივლის ეს მილსადენი, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ირანის აზერბაიჯანული მოქალაქეების ლოიალობას. ანუ აზერბაიჯანსაც აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ სარფიანად ივაჭროს. ჯერ რთულია ვისაუბროთ, საბოლოოდ, რომელი პოლიტიკური ინტერესი სძლევს. რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველანაირად ეცდება, რომ ამ გაზსადენმა მასზე გაიაროს და გარდა ამისა, კიდევ საუბარია გაზსადენზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირება რუსეთის გარეშე და რუსეთი აღმოჩნდება კიდევ ერთ თამაშგარე მდგომარეობაში, რაც მისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. გასაგებია, რომ რუსეთს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა. ერთი მხრივ, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ირანის გაზმა მასზე გაიაროს, რომ საკუთარი მონოპოლისტური სტატუსი გაიმყაროს და, მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეუშალოს კასპიის ზღვის გავლით იმ ენერგორესურსების ტრანპორტირებას, საიდანაც რუსეთი საერთოდ ამოვარდნილი იქნება. რამდენიმე წელიწადში ევროპა შესაძლოა, მთლიანად გადავიდეს ამერიკულ იაფ გაზზე და რუსეთი უბრალოდ იძულებულია, თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად აკონტროლოს ტრანსპორტირების არხები. დღეს სწორებას როგორც ამერიკა, ისე რუსეთი იღებს აზიურ ბაზარზე. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ გავიმეორებ, რომ ოცდამეერთე საუკუნე აზიის ეკონომიკური ბუმის საუკუნეა და ყველაზე საინტერესო სწორედ მისი ბაზარია. ასე რომ, რუსეთი მრავალ ფრონტზე იბრძვის ახლა და მისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს გასაგებია. რუსეთისთვის არანაკლები დარტყმა იქნება, თუ კასპიის ენერგორესურსებმა, ყოფილმა საბჭოთა სახელმწიფოებმა მონახეს ენერგორესურსების ტრანსპორტირების გზები, ამდენად, ის ყველაფერს გააკეთებს ამისთვის ხელის შესაშლელად. აქ არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი.
– სანამ ამ დეტალზე ვისაუბრებთ, რუსეთს უნდა, რომ მასზე გაიაროს ირანის ენერგომატარებლებმა, მაგრამ როგორ უნდა მოხვდეს რუსეთში, ისევ სამხრეთ კავკასიის გავლით. ანუ მას სჭირდება სამხრეთ კავკასიის კონტროლი.
– რად უნდა სამხრეთ კავკასიის კონტროლი, იმისთვის რომ გაზის ტრანსპორტირება მოახდინოს?! ხელშეკრულების შესაბამისად გამოიყენებს უკვე არსებულ მილსადენებს. იმიტომაც ჰქონდა რუსეთს თვალი დადგმული საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენზე, რომ ჰქონოდა უპირობო კონტროლის უფლება, მაგრამ ცივილურ სახელმწიფოებში არსებობს ურთიერთობის ცივილური ფორმები და ცივილურ მოლაპარაკებებზე რუსეთს არავინ უარს არ ეუბნება. როდესაც ვსაუბრობდი უსაფრთხოების გარანტიებზე, სწორედ ამას ვგულისხმობდი. თავისთავად, თუ რუსეთი დაინტერესდება საქართველოს სტაბილურობაში, ამაზე დიდი უსაფრთხოების გარანტია რა შეიძლება საქართველომ ინატროს?! თუ საქართველო აი, ამ გაზსადენით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გახდება, რუსეთი დაინტერესდება საქართველოს სტაბილურობით და საქართველოს უჩდება რუსეთთან მოლაპარაკების ძალიან რეალისტური შანსი. ეკონომიკური ინტერესები თანხვდება ისე, რომ რუსეთი არ იყოს დომინანტურ მდგომარეობაში. ჩევნ ხომ სულ გვეშინია, რომ რუსეთი ეკონომიკურად დაგვიპყრობს და ამ შემთხვევაში მოხერხდება, რომ ჩვენ ვიყოთ თანასწორი პარტნიორები ეკონომიკური გარიგების. ეს არათუ ხელს არ შეგვიშლის, არამედ, პირიქით, შეიძლება, აღმოჩნდეს ის გზა, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, თუნდაც, ეკონომიკური კუთხით, პარიტეტის საფუძველზე დაარეგულირებს და ასეთ ურთიერთობაზე, ბუნებრივია, არც ერთი ჭკუათმყოფელი ლიდერი ვერ და არ იტყვის უარს.
– ამბობდით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიაო.
– ვგულისხმობდი „თურქულ ნაკადს“. ყველა მიმართულებით იბრძვიან მხარეები ენერგორესურსებისთვის და მხოლოდ ირანის გამოთავისუფლებელი რესურსი არ არის ბრძოლის ობიექტი, ძალზე საინტერესოა, რომ ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს უარი ათქმევინოს „თურქულ ნაკადზე“, უფრო სწორად, რომ ის თურქეთის მაგივრად მივიდეს ბულგარეთამდე და შემდეგ განიტოტოს ევროპაში. ესეც ძალიან საინტერესო რამაა, რადგან თურქეთის გაძლიერება არც ევროპას აძლევს ხელს და არც ირანს. ამდენად, ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ირანული გაზი გავიდეს თურქეთის გავლით. რჩება აი, ეს სომხური ვერსია, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც აქვს მნიშვნელოვანი კოზირი, რომ თვითონაც გახდეს ამ გაზის ერთ-ერთი გამტარი.