როდის მოასწრო გუგული მაღრაძემ სამი პროფესიის დაუფლება და როგორ მოახერხა გადეპუტატება თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით
საქართველოს პარლამენტის წევრი და სკანდალური აზრის ავტორი, რომ ნორმალური სპეციალისტი 2 000 დოლარზე ნაკლებ თანხად საჯარო სამსახურში არ გაჩერდება, გუგული მაღრაძე 1945 წელსაა დაბადებული წყალტუბოში. უმაღლესი განათლება მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიუღია, თუმცა არ არის დაზუსტებული სწავლის წლები და ფაკულტეტები. მითითებულია, რომ კვალიფიკაციით ფსიქოლოგი და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ასევე, ნათქვამია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაეუფლა მესამე სპეციალობასაც – სამართალმცოდნეობას (სწავლის წლები ამ შემთხვევაშიც უცნობია). მისი შრომითი ბიოგრაფია 1972 წელს დაწყებულა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1978 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად უმუშავია, 1981 წლიდან კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაუნაცვლებია. 2004 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. ამის შემდეგ მისი ბიოგრაფია აღარ არის აღწერილი პარლამენტის ოფიციალურ საიტზე. მაგრამ ვიცით, რომ 2012 წელსაც გაპარლამენტარდა, ამჯერად „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.
თავისი პირველი დეკლარაცია გუგული მაღრაძემ 2004 წელს შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა შვილი, 1977 წელს მოსკოვში დაბადებული მაგდა მაღრაძე, სიძე – 1967 წელს დაბადებული ირაკლი ღურჭუმელია და 2003 წელს დაბადებული შვილიშვილი ლუკა. იმხანად გუგული მაღრაძის საკუთრება იყო 4-ოთახიანი ბინა თბილისში (80 000 დოლარი), 2-ოთახიანი ბინა თბილისში (12 000 დოლარი), ოფისი ზესტაფონში (8 000 დოლარი), აგარაკი მუხათწყაროში (7 000 დოლარი) და მიწის ნაკვეთი ვარკეთილში (2 000 დოლარი). მაგდა მაღრაძის საკუთრებას წარმოადგენდა: 3-ოთახიანი ბინა თბილისში (25 000 დოლარი), ორსართულიანი სახლი ზესტაფონში (10 000 დოლარი) და მშენებარე აგარაკი ოქროყანაში (10 000 დოლარი). სიძე კი ფლობდა 4-ოთახიან (80 000 დოლარი) და 2-ოთახიან (25 000 დოლარი) ბინებს თბილისში და 4 000-დოლარიან ავტომანქანას. გუგული მაღრაძეს ბანკში, ანაბარზე, 10 000 დოლარი ჰქონდა, ამერიკულ ბანკში კი – 1 000 დოლარი, მის ქალიშვილს – 22 000 დოლარი, სიძეს – 5 000. დეკლარაციის შევსების მომენტში კი (2004 წელს) ნაღდ ფულად გუგული მაღრაძეს ჰქონდა: 5 000 დოლარი, 1 650 ევრო და 4 500 ლარი; მის ქალიშვილს კი – 1 500 დოლარი. დეკლარაციაში, რატომღაც, მითითებული არ არის ოჯახის წევრთა შემოსავალი 2003 წელს, 2004 წლის შემოსავლადაც მხოლოდ თსუ-ის კათედრის გამგეობაში აღებული 300 ლარია აღნიშნული (ქ-ნი მაღრაძე უკვე მარტო ცხოვრობდა). 2005 წლის განმავლობაში გუგული მაღრაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, 20 400 ლარი აიღო, სალექტორო საქმიანობამ კი 4 600 ლარი მოუტანა. 2006 წელს, როგორც დეპუტატმა, 24 000 ლარი აიღო, ლექტორობაში – 4 800 ლარი. 2007 წელს იმავე პოზიციებზე – 26 669 და 8 400 ლარი. უცნობია მისი შემოსავლები 2008 წელს.
ბიოგრაფიის თანახმად, 2012 წლამდე ქ-ნი მაღრაძე უმუშევარი იყო (იმიტომ რომ ინფორმაცია არ არის), ამიტომაც მისი მორიგი დეკლარცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის რანგში შეავსო. საიდანაც შევიტყვეთ, რომ 2012 წლის განმავლობაში მან, როგორც თსუ-ის პროფესორმა, 9 000 ლარი აიღო, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა, ორ-ნახევარ თვეში, 15 047 ლარი.
ქ-ნი მაღრაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. იმ დროისთვის მის ქონებრივ ანგარიშზე ირიცხებოდა შემდეგი: მიწის ნაკვეთი მუხათწყაროში (540 კვ.მ.), ბინა ქობულეთში (57 კვ.მ.), ბინა ზესტაფონში (57 კვ.მ.) და ბინა თბილისში (18 კვ.მ.). ბანკში, ანაბარზე, 20 000 აშშ დოლარს ინახავდა, დეკლარაციის შევსების მომენტში კი ნაღდ ფულად ჰქონდა 2 000 დოლარი და 1 200 ევრო. 2013 წლის განმავლობაში მან, როგორც თსუ-ის პროფესორმა, 10 800 ლარი აიღო, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა, 34 800 ლარი.