კახა ბასილიას ახალი პროგრამა – „საქართველოს ჯანსაღი მომავალი”
რა გეგმა აქვს კარატეს ფედერაციის შეფს და რატომ დალოცა მისი იდეა უწმინდესმა
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია რომელიც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს მიერაა აღიარებული, მსოფლიო კარატეს ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ესაა ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ავითარებს კარატეს როგორც სპორტის სახეობას, რეგულარულად ატარებს სხვადასხვა რანგის სპორტულ ღონისძიებებს და აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებს – გუნდს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის. წელს ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს სახელით ბაქოში პირველად გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. ბოლო წლების განმავლობაში კარატეს ფედერაციამ მსოფლიოს მასშტაბით აჩვენა მოგებისა და წარმატებების უმაღლესი შედეგები და უამრავი ჯილდო და მედალი მოუტანა ჩვენს ქვეყანას. აღნიშნულ ფედერაციას უკვე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს ბატონი კახა ბასილია – მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, კარატეს შავი ქამრის მე-8 დანის მფლობელი, საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, მედლის „საბრძოლო მამაცობისათვის” და „ღირსების ორდენის” კავალერი, მსოფლიოს უსაფრთხოების ორგანიზაციის საქართველოს ბიუროს დირექტორი, გენერალ-მაიორი; იგი წლების განმავლობაში იყო თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ომის ვეტერანი (პოლკოვნიკი), კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის დამტკიცებული ორდენის – „კავკასიის არწივის” კავალერი. ამჯერად ბატონ კახას აქვს ინიციატივა, განახორციელოს ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჯანსაღი მომავლის აღზრდასა და მებრძოლი სულის აღორძინებას საქართველოში. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. თუ რას მოიცავს და რას ითვალისწინებს ის, ამის შესახებ თავად ბატონი კახა გვესაუბრება.
კახა ბასილია: კარატეს პრინციპებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია სამართლიანობის პრინციპის დაცვა და ჩვენც ვცდილობთ ამ პრინციპებით განვითარებას. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენს ფედერაციას ჰქონდა განსაკუთრებული მიღწევები და გამარჯვებები. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურად ბევრი ბავშვის ჩართულობას კარატე-დოს ვარჯიშში. კარატეს დაუფლება მხოლოდ სპორტი არაა, მას აქვს ძალიან ბევრი დადებითი მახასიათებელი, განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს, როცა უამრავი სერიოზული პრობლემა წამოიჭრა: ტექნიკის სრული მონოპოლია ადამიანზე; ნარკომანია და ალკოჰოლის გავლენა; ქუჩაში ბავშვის დაცულობა აგრესიული თანატოლებისგან; გაუკუღმართებული სექსუალური პრობლემები და სხვა სოციალური საკითხები. ხშირად დროის უკმარისობის გამო, მშობელი ვერ ახდენს ბავშვზე მაქსიმალურად კონცენტრირებას, ამიტომაც, კარატეს სავარჯიშო დარბაზი, ჩვენი გუნდი ხდება მისი მეორე ოჯახი, მისი დასაყრდენი, როცა მას აქვს პრობლემა ქუჩაში, როცა ჩაგრავენ და ასე შემდეგ.
კარატეში ვარჯიში ადამიანის ჰარმონიული განვითარების, ფიზიკური და სულიერი ტრანსფორმირების უნიკალური საშუალებაა. ვარჯიში ადამიანს უნერგავს რწმენას, უფლისადმი პატივისცემას, დიდსულოვნებას, შრომის სიყვარულს. ფიზიკური აქტიურობა ცხოვრებაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ნიშნავს; მოზარდს ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება; მოქალაქეებში სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმის გრძნობას აღვივებს; ხელს უწყობს ერის გენეტიკაში არსებული მებრძოლი სულის აღორძინებას. გარდა ამისა, კარატეში გამოწრთობილი ადამიანი ყოველთვის თავდაჯერებულია და ის სუსტს არ ჩაგრავს; პატივს სცემს უფროსებს, მშობლებს და გამოირჩევა თავაზიანობით. ჯანსაღი სხეულისა და მებრძოლი სულის მქონე ადამიანს მეტი სარგებლობა მოაქვს როგორც სამშობლოსთვის, ისე საკუთარი ოჯახისთვისაც. ჯანმრთელი პიროვნება ქვეყანას ჯანსაღ თაობას და ღირსეულ მემკვიდრეობას უტოვებს. სწორედ ამ პრინციპებისა და შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ ქვეყნის ხელისუფლებას, ოჯახებს, მშობლებსა და შესაბამის სტრუქტურებს, ვისაც ხელეწიფება ამის ორგანიზება, რომ, რაც შეიძლება მეტი ბავშვი, მეტი ადამიანი ჩაერთოს კარატეს ვარჯიშში; რომ სახელმწიფომ გამოხატოს თანადგომა არა მხოლოდ ერთი სპორტული სახეობის მიმართ; რომ ყველა ერთად გავუმკლავდეთ დღეს ქართველ ერში არსებულ მანკიერებებს: გახშირებულ მცონარობას, სიზარმაცეს, ნარკომანიას, მამათმავლობას და სხვა პრობლემებს. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა მაღალი ეშელონებიდან – უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოში უფრო მასშტაბურად მოხდება კარატეს პოპულარიზაცია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგანაც, რომლებმაც აღგვითქვეს დახმარება და ჩვენც ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს. ვფიქრობ, ჩვენი ეს პროგრამა მართლაც იქნება რეალური ქმედითი გზა ჩვენი შთამომავლობის ჯანსაღი სულისა და გენის გადასარჩენად!