როგორ ჩართეს ქართველი ცოლ-ქმარი საიდუმლო ოპერაციაში ლუბიანკაზე და ვის გააზრდევინეს მათი მცირეწლოვანი შვილი
პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასულ საუკუნეში მოხდა. მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
შერისხული კაპიტანი
1989 წლის ოქტომბრის მიწურულს, „კაგებეს“ კაპიტანი თემურ ღლონტი ლუბიანკაზე, ოპერატიულ სამმართველოში დაიბარეს. ქართველი კაპიტანი ავღანეთიდან ექვსი თვის დაბრუნებული იყო, სადაც ის სახელმწიფოს დავალებას ასრულებდა, ხანგრძლივ მივლინებაში იმყოფებოდა და საიდუმლო სპეცოპერაციებში მონაწილეობდა. 25 წლის ღლონტს, ორი საბრძოლო ორდენი უმშვენებდა მკერდს და ახალგაზრდობის მიუხედავად, გამოცდილ, ძვირფას თანამშრომლად ითვლებოდა.
– კაპიტანი ღლონტი, თქვენი ბრძანებისამებრ გამოცხადდა, – მოახსენა თემურმა პოლკოვნიკ მარინოვს, რომელიც კოპებშეკრული დახვდა, დაჯდომა არც შეუთავაზებია და უთხრა:
– დისციპლინის დარღვევისა და ინფორმაციის დამალვისთვის, კადრების განკარგულებაში ხართ გადაყვანილი. თქვენს საქმეს საგანგებო განყოფილება გამოიკვლევს. თქვენ კი მოსკოვიდან გასვლა კატეგორიულად გეკრძალებათ. ახლა კი მაიორ სავჩენკოსთან ადით დაკითხვაზე.
იური სავჩენკო საგანგებო ნაწილის გამომძიებელი იყო და ანტონ მარინოვისგან გამოსული ღლონტი პირდაპირ დაკითხვაზე გაემართა. თუმცა, ვერ ხვდებოდა, რაში ადანაშაულებდნენ. ღლონტი გასაიდუმლოებული თანამშრომელი იყო. მისი პროფესიის შესახებ მისმა ყველაზე ახლობლებმაც კი არაფერი იცოდნენ. ის მოსკოვში ცხოვრობდა და დავალებებს თავის კურატორისგან იღებდა. მას არც დისციპლინა დაურღვევია და არც ისეთი რამ დაუმალავს, რაც ზიანს მოუტანდა სახელმწიფოს. თუმცა, სავჩენკოსგან სულ სხვა ინფორმაცია მიიღო.
მარინოვისგან განსხვავებით, სავჩენკო მას კეთილგანწყობილად შეხვდა და უთხრა:
– თემურ, საქმე ნატო ლაბაძეშია. ეს ნორჩი, არასრულწლოვანი გოგონა ფეხმძიმობის მეოთხე თვეს ასრულებს. აბორტი დაგვიანებულია. ხელმძღვანელობამ ყველაფერი შეიტყო და მარინოვიც ამან გააცოფა.
17 წლის ნატო ლაბაძე თემურის მეზობელი იყო. ერთი სართულით ქვემოთ ცხოვრობდა და უცხო ენათა ინსტიტუტის პირველ კურსზე სწავლობდა. ღლონტმა გოგონა ავღანეთიდან დაბრუნებისთანავე გაიცნო. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინებას აპირებდნენ. ამიტომ თემურს გაუკვირდა და სავჩენკოს მიუგო:
– ნატოსთან ურთიერთობა ჩემი პირადი საქმეა. ჩვენ საახალწლოდ დაქორწინებას ვაპირებთ. რა, ეს ყველაფერი მარინოვისთვის უნდა მომეყოლა და ესაა ინფორმაციის დამალვა და დისციპლინის დარღვევა?
– საქმე ცოტა უფრო რთულადაა, – უთხრა სავჩენკომ.
– და რა არის ეს სირთულე?
– ნატო, დიდი ხანია, ოპერატიული სამმართველოს მეთვალყურეობის ქვეშაა. მას აკვირდებოდნენ და ერთი საგანგებო ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მისთვის ეს რომ უნდა ეთქვათ და გადაებირებინათ, მისი ორსულობის ამბავიც გაირკვა. შენ მნიშვნელოვანი მისია შეაფერხე და მარინოვიც სწორედ ამან გადარია. ხვდები ახლა?
კაპიტანი თემურ ღლონტი კადრების განკარგულებაში დატოვეს და საყვედური გამოუცხადეს. ნოემბრის დასაწყისში კი თემური და ნატო დაქორწინდნენ. მარტში მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ელენე დაარქვეს. მართალია, კაპიტანს თავისუფალი გადაადგილების უფლება აღუდგინეს, მაგრამ კვლავ კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა და არაფერს ავალებდნენ. ნატო კი თან, სწავლობდა, თან პატარა ელენეს ზრდიდა თემურთან ერთად, შერისხული კაპიტანი კი მთლიანად შვილის მზრუნველობაზე იყო გადართული და სამსახურებრივ პრობლემებზე არ ფიქრობდა.
გაქცევა
1990 წლის აპრილში თემურ ღლონტი კვლავ ლუბიანკაზე გამოიძახეს. იმ დროს პოლკოვნიკი მარინოვი უკვე აღარ ხელმძღვანელობდა ოპერატიულ სამმართველოს და მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩავარდნის გამო, წოდებაც ჩამოართვეს, თანამდებობაც და 5 წლით ციხეში ჩასვეს. მისი ადგილი კი პოლკოვნიკმა მიშკინმა დაიკავა. მან გულთბილად მიიღო ღლონტი და უთხრა:
– პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. თემურ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვი, რომ შენი მეუღლე ერთი მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის გვჭირდება. ეს ოპერაცია ექვს თვეში უნდა დაიწყოს. მანამდე კი ნატო საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ და საგანგებოდ მოვამზადოთ. იმუშავებთ წყვილში. რას იტყვი, თანახმა ხარ?
მიშკინის განმარტებით, მომავალი ოპერაცია მიზნად ისახავდა სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციის მოსაპოვებელი ქსელის ჩამოყალიბებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ანუ იქ, სადაც საბჭოთა გავლენა შესუსტებული იყო, ან აღარ არსებობდა. ნატო ლაბაძე იქ სტუდენტის სტატუსით უნდა მიევლინებინათ. შემდეგ კი მისი ჩანერგვა მომხდარიყო შესაბამის სტრუქტურებში, საიდანაც სტრატეგიულ ინფორმაციებს გადმოქაჩავდნენ. თემურს კი დამზღვევისა და მეკავშირის ფუნქცია ეკისრებოდა და თავის სამკაციან ჯგუფთან ერთად, უნდა გაეშალა სადაზღვევო საქმიანობა.
– მერე ელენე? ბავშვს რა ვუყოთ? ის ხომ ჯერ ჩვილია? – იკითხა თემურმა.
– ექვსი თვის შემდეგ, უკვე დიდი იქნება. ბავშვს მზრუნველობა არ მოაკლდება. მისიიდან რომ დაბრუნდებით, მას უკვე გაზრდილს ჩაგაბარებთ, – მიუგო მიშკინმა.
ერთი კვირის შემდეგ, ნატო ლაბაძე უკვე „კაგებეს“ სპეცსკოლაში გაძლიერებულ სწავლებას გადიოდა. მზვერავის პროფესიას ეუფლებოდა. ასწავლიდნენ აბსოლუტურად ყველაფერს. 1990 წლის ოქტომბრის მიწურულს კი, ცოლ-ქმარი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადაისროლეს. პატარა ელენეს სხვა საბუთები გაუკეთეს და თემურისა და ნატოს დაჟინებული მოთხოვნით, ნატოს მშობლებთან გაამწესეს საქართველოს ერთ-ერთ რაიონში.
1990-1992 წლებში საბჭოთა სადაზვერვო ჯგუფმა აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში წარმატებული სამუშაო ჩაატარა და თემურს მესამე ორდენი და მაიორის ჩინი უბოძეს. ნატოს კი ლეიტენანტის წოდება და ორდენი მიანიჭეს.
1992 წლის დეკემბერში გერმანიაში საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი პოდპოლკოვნიკი ევგენი პოტაპოვი გაიქცა. მან დასავლეთ გერმანულ დაზვერვას ჯგუფ „მირაჟზე“ (ასეთი კოდური სახელწოდებით მუშაობდა ღლონტის ჯგუფი) მიაწოდა ინფორმაცია. თუმცა, მზვერავების ვინაობა არ იცოდა. ამის საფუძველზე რამდენიმე ევროპულმა სპეცსამსახურმა „მირაჟზე“ ნადირობა დაიწყო და 1993 წლის თებერვალში ნატო ლაბაძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დააპატიმრეს. იმ დროს მისი მეუღლე პარიზში იმყოფებოდა და ცოლის დაპატიმრების ამბავი არ იცოდა. აწ უკვე რუსეთის უშიშროებამ „მირაჟი“ სასწრაფოდ მოსკოვში გაიწვია და მხოლოდ ლუბიანკაზე შეიტყო თემურმა ნატოს დაპატიმრების შესახებ.
– ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ნატოს დასახმარებლად, – უთხრა თემურს გენერალმა ლეონტიევმა, რომელიც მიშკინის ადგილზე დაინიშნა.
– მეც ჩამრთეთ საქმეში. ნატო ჩემი ცოლია და როგორ მოვისვენო, როდესაც ის ციხეში ზის, – მიუგო მაიორმა ღლონტმა გენერალს.
– დამშვიდდი და დაისვენე. პროცესი დაწყებულია და წარმატების იმედი გვაქვს. შენი ჩარევა კი მხოლოდ გააფუჭებს საქმეს. „მირაჟს“ უკვე „ცეერუც“ ეძებს და ასე სასწრაფოდ ამიტომ გამოგიწვიეთ. ეს ბრძანებაა, მაიორო და დაემორჩილე, – უთხრა ღლონტს ლეონტიევმა.
1993 წელს საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა. რუსეთს კი გავლენა აღარ ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპაში და მაინცდამაინც არც დიპლომატებს შეუწუხებიათ თავი ნატო ლაბაძის დასახსნელად. მით უმეტეს, რომ მას ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს. 21 წლის გოგონა ბუქარესტში, უშიშროების ციხეში იყო გამომწყვდეული. ყველა ბრალდებას უარყოფდა და თავს თარჯიმნად ასაღებდა. მიუხედავად ამისა, ნატო ლაბაძე მაინც გაასამართლეს. მართალია, მას არ უღიარებია რუსეთის აგენტობა, მაგრამ რვა წელი მიუსაჯეს და ქალაქ ტიმიშოარას მკაცრი რეჟიმის ციხეში გაამწესეს. თემურმა თავისი მეუღლის ამბავი იმავე ლეონტიევისგან შეიტყო. გენერალმა უმწეოდ გაშალა ხელები და თემურს უთხრა:
– სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. ვერაფერი მოვახერხეთ. ბოდიში.
თემურ ღლონტმა პატაკი დაწერა და 1993 წლის დეკემბერს სამსახურიდან წამოვიდა. ნატო უკვე ათი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. ელენე 4 წლის სრულდებოდა და თემურს სამი წელი არ ენახა შვილი. ღლონტმა ყალბი საბუთები გააკეთა და 1994 წლის იანვარში თავის, ასევე, ყოფილ ოფიცერთან და უახლოეს მეგობართან, ანდრეი ტიტოვთან ერთად, ჯერ ბულგარეთში, შემდეგ უნგრეთში, ბოლოს კი ბუქარესტში ჩავიდა. მათ იქ საჭირო ცნობები შეაგროვეს და 1994 წლის სექტემბრის დასაწყისში ქალაქ ტიმიშოარას ესტუმრნენ. ღლონტმა და ტიტოვმა რამდენიმე ადგილობრივი ბოშას დახმარებით, რომლებსაც 3 ათასი დოლარი გადაუხადეს, ციხის გეგმა მოიპოვეს და ნატოს გაქცევის ოპერაცია მოამზადეს.
1994 წლის 29 სექტემბერს ღლონტი და ტიტოვი ტიმიშოარას პოლიციის საჰაერო დანაყოფის ბაზაზე შეიპარნენ და ჯერ მთელი ოცეული განაიარაღეს და საკანში გამოკეტეს, შემდეგ ვერტმფრენი გაიტაცეს და პირდაპირ ციხის ეზოში დასვეს. ტყვიამფრქვევმომარჯვებული ღლონტი ქალთა „ბ“ კორპუსში შეიჭრა. მეუღლე საკნიდან გამოაყვანინა ზედამხედველებს და ვერტმფრენით წაიყვანა. მთელ ოპერაციას სულ რაღაც 3 წუთი დასჭირდა და ისე დასრულდა, ერთი ტყვიაც არ გავარდნილა. 30 სექტემბერს ტიტოვი, ღლონტი და ნატო ლაბაძე უკვე მოსკოვში იმყოფებოდნენ.
P.S. ნატო ლაბაძე 1994 წლის ოქტომბერში წამოვიდა სამსახურიდან. 1995-1998 წლებში ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდნენ.