კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N22-23(754) 

ქირურგის სახლამდე დიმკა კვლავ კერძო მანქანით მივიდა. საჭირო ბინა მოძებნა და ზარი დარეკა. კარი თავად ქირურგმა გააღო. დიმკა რომ დაინახა, არ გაკვირვებია. ბინაში შეიყვანა და უთხრა:

– სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ გუშინ გელოდით. როგორაა ავადმყოფი?

– ძალიან ცუდად. ფეხი უზომოდ გაუსივდა და მე მგონი, ჩირქი ჩაუდგა.

– გამაყუჩებელს უკეთებთ?

– არა. არაყით ვთიშავ. გამაყუჩებელი გაგვითავდა. აფთიაქში კი დაჭერის შიშით არ შევდივარ. თქვენ, ალბათ, შეატყობინეთ მილიციას და ძაღლები ამ სატყუარათი შეეცდებიან ჩვენს ჩავლებას.

– მილიციაში არ წავსულვარ, – მოკლედ მოუჭრა ექიმმა.

– რატომ? – გაოცდა დიმკა.

– გადავიფიქრე, – ირონიულად მიუგო ექიმმა და დაამატა, – მხოლოდ ნუ იფიქრებ, რომ შემეშინდა.

– არც მიფიქრია.

– სადაა ახლა ავადმყოფი – ისევ სახურავზე თუ სხვაგან გადაიყვანეთ?

– ბინაშია. წამოხვალთ, იური სერგეევიჩ?

– წამოვალ. ხელსაწყოებს ჩავალაგებ მხოლოდ.

– აქ ორმოცდაათი ათასი მანეთია. გამომართვით, – დიმკამ ექიმს ცელოფნის ხვეული გადასცა.

ქირურგმა ხვეული გამოართვა და მეორე ოთახში შევიდა. ხუთ წუთში უკან დაბრუნდა საკვოიაჟით და დიმკასთან ერთად ბინა დატოვა.

– კერძო მანქანით წავიდეთ. ძებნილი ვარ და ტაქსისტებს შეიძლება, ჩემი ფოტო ჰქონდეთ, – უთხრა დიმკამ ქირურგს.

– არც კერძოები არიან სანდო. ჩემი მანქანით გავემგზავროთ, – მოკლედ მოუჭრა ქირურგმა.

ოცი წუთის შემდეგ ქირურგი უკვე სედოის დაჩირქებულ ფეხს ათვალიერებდა და გასინჯვა რომ დაასრულა, თქვა:

– გასაჭრელია.

– საშიშია, ექიმო? – ჰკითხა დიმკამ.

– თუ დროზე არ გავასუფთავეთ ჭრილობა, კი, – მიუგო ქირურგმა. შემდეგ სედოის გამაყუჩებელი გაუკეთა. ცოტას დაელოდა და წამალმა რომ იმოქმედა, ჭრილობა გახსნა და ჩირქი ამოწმინდა.

მანიპულაციები რომ დაასრულა, სედოის უკვე ეძინა. ქირურგმა ხელები დაიბანა და ხელსაწყოები გაასუფთავა, საკვოიაჟში ჩააბრუნა და დიმკას უთხრა:

– ზეგ ისევ მოვალ და გავსინჯავ. წამლებს გიტოვებთ და დანიშნულებისამებრ მიეცით. არაყი კი ახლოსაც არ გააკაროთ. ორ საათში გაიღვიძებს და კარგად გააძღეთ, თორემ უკიდურესადაა დაუძლურებული.

– გმადლობთ, ექიმო. გადამეხადოს... – უთხრა დიმკამ.

– უკვე გადახდილია. დარდი ნუ გაქვს, ჩემგან არ დაიწვებით. თქვენ კი ფრთხილად იყავით. მთელი მილიცია ფეხზე დგას და ყველგან გეძებენ.

– საიდან იცით, ექიმო?

– მილიციისგან.

– მილიციისგან?

– რამ გაგაკვირვა. მათ იციან, რომ ერთ-ერთი გაქცეული დაჭრილია და ყველა ქირურგი გააფრთხილეს, მათ შორის მეც.

– ექიმო, მილიციას რატომ არაფერი შეატყობინეთ?

– ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა კი წავედი. ზეგამდე... – ქირურგმა ხელი ჩამოართვა დიმკას და წავიდა.

***

ორი დღის შემდეგ ქირურგი კვლავ ეწვია ძებნილებს. სედოი გასინჯა და თქვა:

– საქმე უკეთესადაა. გამოჯანმრთელებისკენ მიდის. იმედია, მაქსიმუმ ერთ თვეში, კარგად იქნებით და სიარულს შეძლებთ. მკლავი კი ორ კვირაში ჩაგიდგებათ მწყობრში. მთავარია, რეჟიმი, კარგი კვება... არაყი და საერთოდ ალკოჰოლი, ჯერჯერობით არ გაიკაროთ.

– გმადლობთ, ექიმო, – უთხრა ქირურგს სედოიმ. დიმკამ კი ჰკითხა:

– იური სერგეევიჩ, მაინც რატომ არ შეატყობინეთ მილიციას?

– ძაღლებს ვერ ვიტან და იმიტომ.

– ერთ აზრზე ვყოფილვართ. გმადლობთ, – გაეღიმა სედოის.

– მილიციამ უფროსი ძმა მომიკლა, – ამოიოხრა ქირურგმა, – მაშინ ჯერ კიდევ სულ ბავშვი ვიყავი – თორმეტი წლის. ვიტია კი ჩემზე რვა წლით უფროსი იყო. ის მზრდიდა, რადგან მშობლები ადრე დაგვეღუპნენ და ახლო ნათესავები არ გვყავდა. ის სულგანათლებული ინსტიტუტში სწავლობდა საინჟინროზე. თან, ღამის დარაჯადაც მუშაობდა, რომ პურის ფული გვქონოდა. ერთხელ ჯგუფელებმა დალიეს და რომ დაიშალნენ, ჩემი ძმა სახლში წამოვიდა. გზაში მას პატრული გადაეყარა. აუშარდნენ – რატომ დებოშიორობო. არადა, ვიტია ისეთი წყნარი იყო, ზედმეტს არაფერს იტყოდა. ერთი სიტყვით, მილიციელებმა ის სასტიკად სცემეს და კუჭი დაუზიანეს. სასწრაფომ რომ საავადმყოფოში მიიყვანა, მისი გადარჩენა აღარ შეიძლებოდა და ის საცოდავი სისხლდენით დაიღუპა. ასე დავრჩი მარტო. ბავშვთა სახლში და ჩემი ძმის ამბავზე სიმართლე მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე, ისიც – შემთხვევით. ერთ-ერთმა ჩემმა პაციენტმა მიამბო, რომელიც მის ცემას სრულიად შემთხვევით შეესწრო. მე ეს ამბავი დამოუკიდებლად გამოვიძიე. დამნაშავეების ვინაობა დავადგინე და ვუჩივლე, მაგრამ ყურიც არავინ შეიბერტყა. ხელი დააფარეს და ამის მერე მილიციაზე გული ამიცრუვდა.

– სამწუხაროა, – თქვა სედოიმ.

– კარგი. წავალ ახლა. ერთ კვირაში ისევ გამოგივლით. რეჟიმი კი დაიცავით და არ დაარღვიოთ, – თქვა ექიმმა და წავიდა.

– მაგრად გაგვიმართლა, – უთხრა ოთახში დაბრუნებულ დიმკას სედოიმ და სიგარეტი გააბოლა, – ექიმს რომ ჩავეშვით, ახლა პეტროვკის ნარებზე ვიწვებოდით

დიმკა კვლავ ქირურგის მონათხრობის შთაბეჭდილების ქვეშ იყო და სედოის მიუგო:

– ძაღლები, ეს ბოზები... ხედავ, რა უქნიათ იმ პატიოსანი ბიჭისთვის? – შემდეგ პაუზა გააკეთა და დაამატა, – საღოლ ექიმს! კაცურად მოიქცა და ორმოცდაათი ათასიც დაიმსახურა.

– ორმოცდაათი ნაჭერი გადაუხადე? – ჰკითხა სედოიმ დიმკას.

– კი.

– ჩემს წილს გამოაკლდება.

– ობშჩიაკს. რატომ, მარტო შენს წილს?!

– იმიტომ, რომ ჩემზე დაიხარჯა.

– ჩემზე რომ დახარჯულიყო, მაშინ ჩემს წილს გამოაკლებდი?

– პროვოკაციული შეკითხვაა, – გაეცინა სედოის. 

დიმკამ თემა შეცვალა და სედოის უთხრა:

– არ ვჭამოთ?

– ვჭამოთ ცოტა. მომშივდა.

გაქცეულები დანაყრდნენ. გააბოლეს და სედოის ჩაეძინა. დიმკა კი სავარძელში მოკალათდა და ჭაღარას ნაჩუქარ განძზე ფიქრობდა, რომელიც თბილისში, კუკიის სასაფლაოზე იყო დამალული. დიტო კანდელაკს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ბოლომდე ეპატრონა სედოისთვის. როგორც კი ქურდი ფეხზე დადგებოდა, თავისი წილი აეღო, თბილისში გამგზავრებულიყო და ჭაღარასთვის მიცემული პირობა შეესრულებინა. ბიჭი არც იმას გამორიცხავდა, რომ სედოის მისთვის მასთან ერთად უცხოეთში გაქცევა ეთხოვა. ასეთ შემთხვევაში, დიმკას ხელი შეეშლებოდა თავისი გეგმის განხორციელებაში. მან ბევრი იფიქრა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სედოის მეგზურობიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება გაპარვა იყო. ბიჭს კი ასეთი რამის გაკეთება არ უნდოდა და ეს ვარიანტი უკიდურესი შემთხვევისთვის შემოინახა. დიტომ უკიდურესი დაღლილობა იგრძნო და სავარძელში რომ არ ჩასძინებოდა, გაიხადა და საწოლში ჩაწვა.

***

მეორე დილით დიმკამ წამლები დაალევინა სედოის და სახვევი გამოუცვალა. შემდეგ ისაუზმეს და გააბოლეს. სედოიმ ბიჭს გაუღიმა და უთხრა:

– სხვა, შენს ადგილზე, უკვე აქედან დათესილი იქნებოდა და მიმატოვებდა. შენ კი ყოჩაღ, ისე მივლი, როგორც საკუთარ მამას. მადლობა, ძმაო. ამ ამაგს არასდროს დაგივიწყებ.

– კარგი რა, სედოი, უხერხულად ვგრძნობ თავს, ამდენი ქებისგან, – მიუგო დიმკამ.

– საქებრები მაშინ ვიქნებით, თუკი ძაღლებს გავექცევით და სადმე უფრო საიმედო ადგილას შევაფარებთ თავს. ისეთი საქმე გვაქვს გაკეთებული, რომ მილიცია არ მოისვენებს. კუთხე-კუნჭულს გადააბრუნებენ ჩვენს ძებნაში და ადრე თუ გვიან, ამ ბაითსაც აღმოაჩენენ. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა მოვტყდეთ მოსკოვიდან და საიმედო ფსკერზე დავწვეთ.

– იცი, მასეთი ადგილი?

– მაქვს ერთი ხატა. თუმცა, საბჭოთა კავშირში მაინც არ დაგვედგომება. როცა იქნება, მაინც გაგვშიფრავენ.

„ასეც ვფიქრობდი. სედოის უცხოეთში სდომია გაქცევა?” – გაიფიქრა დიმკამ. საზღვარგარეთზე არ გაუმახვილებია ყურადღება და ჰკითხა:

– შორსაა ეგ ხატა?

– ლენინგრადში.

– ლენინგრადი არაა შორს, მაგრამ, საიმედოა?

– საიმედოა, საიმედო. ერთი წელი მაინც ვერავინ მოგვაგნებს იქ. სანდო კაცისაა და შეგვიფარებს.

– თუ საიდუმლო არაა, ვინაა ის კაცი?

სედოის ჩაეცინა და დიმკას უთხრა:

– მილიციელია. თადარიგის გენერალი. პენსიაზეა და მარტო ცხოვრობს.

– მილიციელია?

– ჰო, ჩემი ბავშვობის მეგობარი. სამოცდარვა წლისაა. ჩემზე სამი წლითაა უფროსი. როსტოვში ერთად ვიზრდებოდით. ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით და ყოველდღე ერთად ვიყავით. სხვათა შორის, პირველად საქმეზე სწორედ მან წამიყვანა. მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი და მაღაზია გავტეხეთ. მე დამიჭირეს, ის კი გადარჩა. ძაღლებმა ვერ გამომტეხეს და მარტო მე გამსროკეს. მას მერე, მილიციაში დაიწყო მუშაობა. ისწავლა, კარიერა გაიკეთა და ლენინგრადის მილიციის უფროსობას მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მეგობრობა არ შეწყვეტილა და თუ გარეთ ვიყავი, ვნახულობდი ხოლმე,  სროკზე კი, თვე არ გავიდოდა, რომ მსხვილი გრევი არ შემოეგზავნა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ინკოგნიტოდ ხდებოდა. არც იმას აწყობდა ჩემთან მეგობრობის აფიშირება და არც მე. ცოლი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. მისი ერთადერთი ვაჟი კი, სამხედროა და გერმანიაში მსახურობს, თანაც ცოლ-შვილიც იქ ჰყავს. ერთი სიტყვით, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ პოპოვი ძალიან საიმედო ადამიანია ჩვენთვის. სიამოვნებით მიგვიღებს და უკეთეს თავშესაფარს ვერსად ვიპოვით.

– კი. ნამდვილად საიმედო ხატაა, – თქვა დიმკამ.

– მასეა, მასე... მაგრამ მთელი ცხოვრება ვასკასთან ხომ არ ვიქნებით გამოკეტილები და ერთი აზრი მაქვს.

– რა აზრი? – ჰკითხა დიმკამ. თუმცა, პასუხი უკვე წინასწარ იცოდა.

– დიმკა, ძმაო, არ მინდა, თავი მოგაბეზრო და ძალით აგეკიდო. ამიტომ, გულწრფელი პასუხი გამეცი. შენ ისედაც საჭიროზე მეტი გამიკეთე და რაც არ უნდა მიპასუხო, მაინც შენს მევალედ დავრჩები. გარწმუნებ, რომ არ მეწყინება.

– გისმენ, სედოი, თქვი.

– დიმკა, ძმაო, თუკი ამისი სურვილი გაქვს და შესაძლებელიცაა, ერთად ხომ არ მოვტყდეთ საზღვარგარეთ?

– რატომაც არა? – ინერციით თქვა ბიჭმა.

– დიმკა, ძმაო, გულწრფელად მიპასუხე. ნამდვილად არ მეწყინება. მართლა თანახმა ხარ ამაზე?

– გულწრფელად გპასუხობ, რომ თანახმა ვარ. ფული გვაქვს. კაციც არის, ვინც დაგვეხმარება ქვეყნიდან გასვლაში და თანახმა რატომ არ უნდა ვიყო?

– კარგი. მჯერა და რადგან ასეა, მაშინ ერთ საიდუმლოს გაგანდობ, – უთხრა სედოიმ დიმკას და თხრობა უნდა დაეწყო, რომ კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

– ქირურგის ცინკია. მაგრამ, ის ხომ დღეს არ უნდა მოსულიყო? – თქვა დიმკამ. პარაბელიუმი მოიმარჯვა და ფეხაკრეფით მივიდა კართან.

ათიოდე წამიც არ გასულა, რომ ქირურგი უკვე სასტუმრო ოთახში იდგა და სანამ მას რამეს ჰკითხავდნენ, თქვა:

– აქედან უნდა წახვიდეთ. ძალიან მალე მილიცია მოგაკითხავთ.

– თქვენ საიდან იცით, ექიმო? – ჰკითხა დიმკამ.

– სრულიად შემთხვევით გავიგე. ამ დილით პოლიკლინიკაში ერთი უბნის ინსპექტორი მილიციელი მოვიდა. მას ფეხი ჰქონდა ნაღრძობი და სანამ ვსინჯავდი, თან ვეკითხებოდი, თუ რა დაემართა და მისგან შევიტყვე.

– რა შეიტყვეთ?

– ფეხი მას ერთ-ერთ ბნელ სადარბაზოში ამოუბრუნდა. იმ სადარბაზოში კი, გაქცეული მძარცველების, ანუ თქვენს მოსაძებნად იყო შესული. საქმე ისაა, რომ გუშინ მოსკოვის მილიციის უფროსს საგანგებოდ დაუვალებია ყველა უბნის ინსპექტორისთვის, რომ თავ-თავიანთი უბნები კარდაკარ დაიარონ და ბინები შეამოწმონ. განსაკუთრებული ყურადღება კი ჩაკეტილ ბინებს მიაქციონ. ამ რაიონსაც ხომ ეყოლება უბნის ინსპექტორები და ისინიც დაივლიან კარდაკარ. თქვენს ჩაკეტილ ბინას კი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. ასე რომ, დრო არ ითმენს და აქაურობას სასწრაფოდ უნდა მოშორდეთ.

– კი, მაგრამ, სად წავიდეთ? თანაც, სედოის სიარული არ შეუძლია, – ჩაილაპარაკა დიმკამ.

– ჩემთან.

– თქვენთან?

– კი. მარტო ვცხოვრობ. სასწრაფოდ შეკარით ბარგი. მანქანით ვარ და პაციენტის წაყვანაში მოგეხმარებით.

ათი წუთიც არ იყო გასული, რომ სედოი, დიმკა და ქირურგი ლიფტით დაეშვნენ ქვევით. სათადარიგო გასასვლელიდან უკანა ეზოში გავიდნენ და ექიმის მანქანაში ჩასხდნენ, რომელსაც ნომრები ტალახით ჰქონდა დასვრილი, რათა არავის წაეკითხა. შემდეგ კი ქირურგმა მანქანა ადგილიდან დაძრა და მოსკოვის ცენტრისკენ აიღო გეზი.

სამასიოდე მეტრი რომ გაიარეს, ქირურგმა მანქანა გააჩერა. ღრუბელი და წყლით სავსე ბოთლი აიღო და გადავიდა. ნომრებს ტალახი მოწმინდა. კვლავ საჭეს მიუჯდა და თქვა:

– ყველაფერი რიგზეა. ახლა არავინ გაგვაჩერებს.

– ექიმო, ჩვენ გამო ასე რატომ რისკავთ?

– ჰკითხა ქირურგს სედოიმ.

– ამაზე არ დავფიქრებულვარ, – მიუგო ექიმმა, – ფულისა და შიშის გამო არა. ეს ზუსტად ვიცი.

– რაც არ უნდა იყოს, თქვენ ჩვენ ძალიან დიდ სამსახურს გვიწევთ და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ იმ დღეს ძალით წამოგიყვანეთ პოლიკლინიკიდან, – უთხრა ექიმს დიმკამ.

– მეც მასე მოვიქცეოდი. სხვა გზა არ იყო და იმიტომ. რომ იტყვიან, წუთი-წუთზე მოხვედი, – მიუგო დიმკას ქირურგმა.

ნახევარსაათიანმა მგზავრობამ ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა. ექიმმა მშვიდობიანად მიიყვანა გაქცეულები სახლში. დააბინავა და უთხრა:

– ბინის გასაღები მარტო მე მაქვს და უცხო არავინ შემოვა. ტელეფონზე, კაკუნსა და ზარზე არავის უპასუხოთ. საჭმელი მაცივარშია. მე კი პოლიკლინიკაში უნდა დავბრუნდე. შვიდისთვის მოვალ. აბა, თქვენ იცით. ყოჩაღად იყავით.

ექიმი რომ წავიდა, სედოიმ დიმკას უთხრა:

– შეწყვეტილ საუბარს დავუბრუნდეთ. ერთი საიდუმლო უნდა გაგანდო.

– დავუბრუნდეთ. გისმენ, სედოი.

– რვა წლის წინ ნოვოჩერკასკის ციხეში ვიჯექი. ციმბირულ ეტაპს ველოდებოდი. პატიმრებმა პონტი ააგდეს – გალიაკი არ გვინდაო და შუმოკი ატყდა. მერე აბუნტება სცადეს, მაგრამ ვინ გაცლიდა. „ომონი“ შემოუშვეს და დუბინკებიანმა ძაღლებმა ორ საათში მოაყომარეს ყველაფერი. რაზბორკა რომ გაიმართა, მე კარცერი გამომიწერეს. კამერები აღარ იყო და სარდაფში მიკრეს თავი სმერტნიკებთან. დასახვრეტები აძინოჩკებში სხედან და მეც ერთ-ერთ მათგანთან, ბენია მოისეევთან, მეტსახელად „კარლიკთან“ შემაგდეს. ოცდათხუთმეტი წლის კარლიკი ცნობილი ოდესელი მძარცველი იყო. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრი რამ მქონდა მასზე გაგონილი. პატარა ტანის ებრაელი ბიჭი იყო, მაგრამ მაგარი მოჩალიჩე და ისე ოსტატურად ბომბავდა ფაშისტებს, როგორც დაგიბარებია. კარლიკს დახვრეტა კი სულ სხვა საქმის გამო ჰქონდა მისჯილი. ჯერ კიდევ სროკზე ყოფნის დროს შეუტყვია, რომ მისი ცოლი გაბოზდა და ვიღაც ძაღლთან ერთად გაიქცა. კარლიკი რომ სროკიდან გამოვიდა, ცოლსა და მის საყვარელს როსტოვში მიაგნო და ორივე დაბრიდა. დაიჭირეს. გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მასთან რომ შემასახლეს, კარლიკს შეწყალების თხოვნა ჰქონდა დაწერილი და პასუხს ელოდებოდა. ერთმანეთს რომ გამოვეცნაურეთ, მიუხედავად იმისა, რომ კარლიკს ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა და ჩემთვის არ სცხელოდა, დიდი პატივისცემა გამოხატა ჩემ მიმართ. მე ერთკვირიანი კარცერი მქონდა მისჯილი და შვიდი დღე ერთად გავატარეთ. ამ ხნის განმავლობაში მას ერთხელაც არ უხსენებია სიკვდილი. მისი შემხედვარე, ვერც იფიქრებდი, რომ სასიკვდილოდ იყო განწირული. მეექვსე დღეს ჩვენს საკანთან ციხის უფროსი მოვიდა და კარმუშკიდან აუწყა მას, რომ სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვეს.

– აბა, სხვას რას უნდა ელოდო ამ ბოზებისგან? მარტო ის ძუკნა რომ მომეკლა და ძაღლი გადარჩენილიყო, შეიძლება, შევეწყალებინე კიდეც. ახლა კი საათი ჩაირთო და ათვლა დაიწყო, – თქვა კარლიკმა. ნარზე წამოწვა და თვალები დახუჭა.

მას თავისიც ეყოფოდა და რამეს როგორ ვკითხავდი, ან ვეტყოდი. ამიტომ მეც ნარზე წამოვწექი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კარლიკი ნარზე წამოჯდა და შემეხმიანა:

– სედოი, გძინავს?

– არა, ბენია, – მივუგე კარლიკს და მეც ნარზე წამოვჯექი.

მან ნაღვლიანად გამიღიმა და მითხრა:

– აქედან გაქცევის შანსი არაა და გზა მხოლოდ საიქიოსკენ მიდის. ამიტომ, ერთი რამ მინდა გითხრა. ყურადღებით მომისმინე.

– გისმენ, – მივუგე კარლიკს.

– სედოი, მამაჩემიც მძარცველი იყო და მისი ძმებიც. ისინი ჯერ კიდევ რევოლუციამდე ჩალიჩობდნენ. შემდეგ ზოგი დაბრიდეს. ზოგიც თავისი სიკვდილით მოკვდა. ხუთი ძმიდან, ყველაზე ბოლოს მამაჩემი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მიხმო და ნაძარცვი ქონების ადგილსამყოფელი გამანდო, სადაც ის და მისი ძმები ინახავდნენ განძს. მამა რომ კვდებოდა, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და პატიოსანი ბიჭი ვიყავი. მამას უნდოდა, რომ ამ განძით რამე საქმე წამომეწყო, გავმდიდრებულიყავი და არასოდეს დავდგომოდი მის კვალს. მაგრამ, ხომ გაგიგნოია – კვიცი გვარზე ხტისო და მეც მძარცველი გამოვედი. დანატოვარისთვის კი მისხალი ოქროც არ მომიკლია. პირიქით, ბევრი რამ მივამატე და ოხრად რომ არ დარჩეს, შენ გჩუქნი. რაშიაც გინდა, გამოიყენე. მე ის უკვე აღარ მჭირდება. შვილიც არ მყავს, რომ მისთვის მეანდერძა.

ერთი სიტყვით, კარლიკმა ამ განძის ადგილსამყოფელი მითხრა და ყველაფერი დაწვრილებით ამიღწერა. ის ქალაქ ოდესაშია და დავითრიოთ. შემდეგ კი უცხოეთში გავიტანოთ და უზრუნველად ვიცხოვრებთ. რას იტყვი, დიმკა, როგორია?

დიტო კანდელაკი ნამდვილად არ ელოდა ასეთ რამეს. გულში გაეცინა და გაიფიქრა: ორი განძი ნამეტანი ხომ არ არისო. სედოის კი უთხრა:

– მაგარია. იქ, ალბათ, იმდენი იქნება, რომ ჩვენი ნაჩალიჩევი მაყუთი ახლოსაც ვერ მივა.

– კი. მასე იქნება. ჯერ კიდევ მისი წინაპრები ჩალიჩობდნენ. შემდეგ კარლიკი. თუ ყველაფერი კარგად ავაწყვეთ და იაღლიში არ მოგვივიდა, უცხოეთში მეფეებივით ვიცხოვრებთ.

– მაგარია. მაგრამ, ჩვენს მდგომარეობაში კარლიკის განძის დათრევა ძალიან რთული იქნება. მთელი საბჭოთა მილიცია ჩვენ გვეძებს და იოლი არ იქნება ოდესაში ჩასვლა და ჩალიჩი. ნდობით კი ვერავის ენდობი. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ ვინმეს არ ვიცნობ. შენ?

– მოვიფიქრებთ რამეს, – მიუგო სედოიმ და ჩაფიქრდა, – უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენს მასპინძელს ჩავრთავთ. ჩვენ გამო ამხელა რისკზე წავიდა და არ მგონია, საგანძურის ჩამოტანაზე უარი თქვას. მით უმეტეს, რომ მასაც სოლიდური წილი შეხვდება. კარლიკის თქმით, – იქ იმდენი სიმდიდრეა, რომ მთელ ოდესას იყიდიო.

– წონითაც ბევრი იქნება.

სედოიმ რადიომიმღებ „ვეფისკენ“ გაიშვირა ხელი და თქვა:

– როგორც კარლიკმა მითხრა, დაახლოებით იმხელა ზანდუკია და სულ ძვირფასეულობითაა სავსეო.

– დიდი და წონიანი იქნება. თანაც, რამდენად მოსახერხებელი დასათრევია, თვალსაჩინო ადგილზე არ დამალავდა, ალბათ.

– თავისი სახლის სარდაფში აქვს ძალიან ღრმად ჩაფლული. ოთხი მეტრის სიღრმეზე.

– საიმედოდ დაუმალავს, მაგრამ იმ სახლში, ალბათ, უკვე სხვები ცხოვრობენ. იქ შეღწევას, განძის ამოთხრასა და წამოღებას არ მგონია, ერთი კაცი ეყოს.

– მართალი ხარ. ყველაფერი ადგილზეა სანახავი და მოსაფიქრებელი. ჩვენი მასპინძელი საკმაოდ ჭკვიანი და გაბედული კაცი ჩანს, მაგრამ მარტო ჩალიჩი მაინც გაუჭირდება.

– სედოი, ერთი აზრი მომივიდა თავში.

– რა აზრი?

– განა, რა ეღირება კარლიკის ბაითი? იმდენი ფული გვაქვს, რომ შეგვიძლია, ჩვენს მასპინძელს ვაყიდინოთ ის. შემდეგ კი ჩავიდეთ ოდესაში და მშვიდად ამოვთხაროთ განძი.

სედოის სახე გაუბრწყინდა და დიმკას უთხრა:

– გენიოსი ხარ. სწორედ ასე ვქნათ. ექიმს კი ჯერ ნუ ვეტყვით, თუ რისთვის გვინდა იმ სახლის ყიდვა. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, თავი დავიზღვიოთ და რამე მიზეზი მოვიფიქროთ.

– მიზეზს კი მოვიფიქრებთ, მაგრამ... – დიმკამ აღარ გააგრძელა და ჩაეცინა.

– თქვი, რას ფიქრობ.

– მე არ მინდა კარლიკის ხსოვნას ჩრდილი მივაყენო, მაგრამ ხომ არ მოიტყუებოდა?

– კარლიკზე მეუბნები?

– ჰო. კარლიკს ვგულისხმობ. რა იცი, რა მდგომარეობაში იყო. სასიკვდილოდ იყო განწირული და შეიძლება, ისე ჰქონდა ფსიქიკა შეცვლილი, განძის არსებობა მოეჩვენა. თავადაც დაიჯერა და შენც დაგაჯერა. ჩვენ კი ამხელა შარში ტყუილად ხომ არ ვყოფთ თავს?

– არ მგონია, – მტკიცედ თქვა სედოიმ, – არა, არა, ის სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდა. გიჟის არაფერი ეტყობოდა. კარლიკს არ მოვუტყუებივარ და განძი ნამდვილად არსებობს. უნდა ვიჩალიჩოთ.

– თუ დარწმუნებული ხარ, მაშინ, ვიჩალიჩოთ, – ხელები გაშალა დიმკამ და სედოის გაუღიმა.

– დღესვე დავებაზროთ ქირურგს და ოდესაში გამგზავრება ვთხოვოთ.

– რა ვუთხრათ?

– ოო, ეგ მოსაფიქრებელია, – ჩაფიქრდა სედოი. დიმკამ კი უთხრა:

– სედოი, ყველაფრის პირდაპირ თქმა ხომ არ ჯობია?

– პირდაპირ? – გაიმეორა სედოიმ.

– ჰო. პირდაპირ. წილი ხომ მაინც უნდა მივცეთ. ბოლოს ყველაფერს გაიგებს და რატომ მოვატყუოთ? თანაც, მისი მოტყუება არც თუ ისე იოლია და მე მგონი, არც ღირს. ბოლო-ბოლო, კაცმა თავისთან შეგვიფარა და ამხელა რისკის ქვეშ დაიყენა თავი. რას იზამს, რო? რა, განძს ამოთხრის და მოტყდება?

– არა მგონია, მაგრამ, მაინც თავი უნდა დავიზღვიოთ, – თქვა სედოიმ და ჩაფიქრდა, – არ ვუთხრათ, რომ განძი სარდაფშია ჩაფლული. ვუთხრათ, რომ იმ სახლში სამალავია და სამალავში კი ჩვენი კუთვნილი ბრილიანტებია დამალული. ზანდუკი არ ვახსენოთ, თორემ მიხვდება, რომ მიწაშია ჩაფლული.

– ეგ შეიძლება, – თქვა დიმკამ, – შევთანხმდით.

ქირურგი საღამოს რვის ნახევარზე დაბრუნდა სახლში. ძებნილები მოიკითხა და თქვა:

– მთელი მოსკოვი თქვენი სურათებითაა მოფენილი, ყოველ კუთხე-კუნჭულში ხართ გაკრული. საკმარისია, გარეთ ცხვირი გაყოთ, რომ დაიწვებით.

– მაგარი გამწარებულები არიან ძაღლები, – თქვა დიმკამ. სედოიმ კი მასპინძელს უთხრა:

– იურა, ძმაო, შენთან ერთი წინადადება გვაქვს და რას იტყვი?

– თქვით, აბა, რა წინადადება გაქვთ? – მიუგო ქირურგმა.

– შეგიძლია, რომ სამი-ოთხი დღით ოდესაში გაემგზავრო?

– შეძლებით – შემიძლია. რა ხდება?

– მოკლედ, ასეა, ძმაო, ოდესაში ერთი კაცისთვის ჩემი კუთვნილი ნივთები მქონდა მიბარებული. ის კაცი დახვრიტეს. მის სახლში კი, ალბათ, სხვები ცხოვრობენ. თუ შეგიძლია, იქ გაემგზავრო და ის სახლი იყიდო. ფულს, რა თქმა უნდა, მოგცემ. შემდეგ კი იქ ჩვენ ჩავალთ. სახლში გადამალულ ნივთებს ვიპოვით და სოლიდურ წილსაც გაგიტეხავთ.

– რატომაც არა, – თქვა ქირურგმა და იკითხა, – როდის უნდა გავემგზავრო?

– რაც მალე, მით უკეთესი, – მიუგო სედოიმ.

– მაშინ, მე ხვალ ერთკვირიან შვებულებას ავიღებ ჩემს ხარჯზე, ზეგ კი გავემგზავრები.

– მოსულა. ოღონდ, მანქანით არა. თვითმფრინავით ჯობია.

– იყოს თვითმფრინავით. უფრო მალე ჩავალ, – მიუგო ქირურგმა და სედოის ჰკითხა:

– ბოდიშს კი გიხდით, მაგრამ შეიძლება, გკითხოთ?

– მიდი.

– თუ საიდუმლო არ არის, რა ნივთებზეა ლაპარაკი?

– ძვირფას ქვებზე, ძმაო. ბრილიანტები, ლალები და სხვა მსგავსი ბარახლოა. ცოტა ოქროს მონეტებიცაა.

– გასაგებია. მოკლედ, შევთანხმდით. ზეგ მივფრინავ ოდესაში, – თქვა ქირურგმა.

***

ორი დღის შემდეგ ექიმი ოდესაში გადაფრინდა. ძებნილებს ერთი კვირის სამყოფი სურსათ-სანოვაგე და წამლები დაუტოვა და უთხრა:

– ყველაფერი კარგად იქნება. აბა, თქვენ იცით, არ მოიწყინოთ.

ქირურგის გამგზავრებიდან მეორე დილით, დიმკამ ჯერ წამლები დაალევინა სედოის, შემდეგ სახვევი გამოუცვალა და საუზმის გამზადებას აპირებდა, რომ კარი საეჭვოდ აჩხაკუნდა. ბიჭმა პისტოლეტი მოიმარჯვა და ტანსაცმლის კარადას ამოეფარა, რომელიც იქვე იდგა. შემოსასვლელი კარი გაიღო. ბინაში უცნობი მამაკაცი შემოვიდა. მან ფრთხილად მიხურა კარი და სასტუმრო ოთახისკენ აიღო გეზი. კარადას რომ გასცდა, დიმკამ კეფაზე იარაღი მიადო და ჩუმად გამოსცრა კბილებში:

– უხმოდ იარე წინ, თორემ გესვრი.

დაუპატიჟებელმა სტუმარმა ხელები ასწია, წინ დაიძრა და დიმკას მიუგო:

– წყნარად, წყნარად... არ გაგივარდეს. დამშვიდდი.

სედოი ტახტზე იყო წამოწოლილი. კარის ჩხაკუნის ხმა მანაც გაიგო, ამიტომ პისტოლეტმომარჯვებული და გასუსული იწვა. ხელებაწეული მამაკაცი რომ დაინახა, კოპები შეიკრა და მწველი მზერა ესროლა.

დიმკამ ხელი ჰკრა ახალმოსულს და აიძულა, სავარძელში ჩამჯდარიყო. შემდეგ პისტოლეტი მიუშვირა და ჰკითხა:

– ვინ ხარ და აქ რა გინდა?

– ქურდი-გასტროლიორია, მეტსახელად „ფიგარო“, – თქვა სედოიმ და ქურდს მიუბრუნდა.

– აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა?

– სედოი, ძამიკო, დიდად მოხარული ვარ შენი ხილვით, – წამოიძახა ფიგარომ და წამოდგომა სცადა.

– იჯექი! – შეუღრინა დიმკამ და პისტოლეტი ახლოს მიუტანა, – კარგი, კარგი... ნუ ცხარობ, – ფიგარო სავარძლის საზურგეს აეკრა და ორივე ხელი ასწია.

– აი, მე კი არ ვარ მოხარული შენი ხილვით, – მიუგო სედოიმ ფიგაროს და დაამატა, – რა ჰოპ-სტოპზე შეყენებულივით აგიშვერია ხელები. დაუშვი და ამოღერღე – აქ როგორ მოხვდი?

– ქირურგთან ვარ მიღებაზე. პოლიკლინიკაში მითხრეს, სხვა ქალაქში გაემგზავრაო და ვიფიქრე, იქნებ სახლში მივუსწრო-მეთქი, – მიუგო ფიგარომ.

– ნაკოლი ვინ მოგცა?

– სედოი, ძამიკო, გასტროლიორ ქურდს ნაკოლი რად უნდა? გავაიასნე, რომ ცარიელი ბაითი დგას. მეც გამოვიარე. დანარჩენი კი კვალიფიკაციის საქმეა. მოვედი, დაგინახე და გამიხარდა.

– ესე იგი, მარტო ხარ?

– სრულიად მარტო. როგორც მიტოვებული, ობოლი ბავშვი, – მხიარულად თქვა ფიგარომ და ცოცხალი თვალები აუკიაფდა.

– მე შენს ადგილზე ასე არ ვიმხიარულებდი.

– რატომ, სედოი? აქ რომ გავიჩითე, ვიფიქრე, ძაღლებმა ჩამავლეს-მეთქი. შემდეგ შენ დაგინახე და გამიხარდა. მივხვდი, რომ გადავრჩი.

– გადარჩი? რას გადარჩი?

– სროკს, სედოი. ძაღლებს რომ ავეგდე, ახლა უკვე კაპეზეს გზაზე ვიქნებოდი.

– იმედი გაქვს, რომ აქედან გაგიშვებთ? ბრიყვო!

– რას მერჩით, სედოი. მე ჩემს გზაზე წავალ, თქვენ კი აქ მშვიდობით დარჩით.

– კარგი მშვიდობაა, ჩემმა მზემ, – თქვა სედოიმ, – როდესაც მთელი საბჭოთა საძაღლეთი გეძებს. ეს ბრიყვი ფიგარო კი გარეთაა.

– სედოი, ძამიკო, შენ რა, ჩემში ეჭვი გეპარება?

– აბა, როგორ გითხრა. დათვრები და წამოაყრანტალებ სადმე, სედოი ვნახეო.

– რას ამბობ, ძამიკო. როდის იყო, რომ მე ძაღლებთან ვლაყბობდი?

– ძაღლებს არ ვგულისხმობ. სადმე, მალინაზეც რომ თქვა, ჩვენც დაგვღუპავ და თავსაც დაიღუპავ.

– არ ვიტყვი.

– ვერ გენდობი. არაყი ენას გიგრძელებს.

– აბა, რას მიპირებ?

– აღსარება უნდა ჩაგაბარო. მიიღებ? – ირონიით თქვა სედოიმ.

– დაბრედვას მიპირებ? – ლამის ცრემლები წამოუვიდა ფიგაროს.

– მაგ სიტყვებისთვის პასუხს არ გთხოვ. გაპატიებ. ქურდი ვარ თუ ბეზპრედელშჩიკი?

ფიგაროს კვლავ გაუბრწყინდა თვალები. გამხიარულდა და სედოის უთხრა:

– არ მბრიდავ, აქედან არ მიშვებ... აბა, რას მიპირებ?

ჩვენთან ერთად დარჩები. ტრაკს დააყენებ. წვეთსაც ვერ დალევ. გასაგებია?

– რაზეა ბაზარი. უკეთეს კამპანიას ვერც კი ვინატრებდი, – თქვა ფიგარომ და გაჩუმდა.

დიმკამ პისტოლეტი შეინახა და სამზარეულოში გავიდა საუზმის მოსატანად. შემდეგ სუფრა გაშალა და სამივე ჭამას შეუდგა. საუზმე რომ დაასრულეს, სედოიმ ფიგაროს ჰკითხა:

– როდის გათავისუფლდი?

– ორი კვირის წინ, – მიუგო ფიგარომ.

– ბოლოს სად იჯექი?

– შუა აზიაში, უზბეკეთში. ტაშკენტის მახლობლად.

– მოსკოვში როდის გაიჩითე?

– ერთი კვირის წინ. ვიფიქრე, – პატარა მაყუთს მოვხსნი და სამხრეთში, ზღვაზე გავემგზავრები-მეთქი. სეზონი მოდის და არაფერი გამიჭირდებოდა.

– სხვა რა ხდება. როგორ ხარ?

– ვარ რა... ჩალიჩ-ჩალიჩით გამაქვს ეს ცხოვრება.

– რას იზამ, ძმაო, ასეთია ჩვენი  ხვედრი. უნდა იჩალიჩო.

– სედოი, შეიძლება, გკითხო?

– მიდი.

– მართალია, რომ ნახევარი ლიმონის ინკასაცია გაწიეთ?

– სრული სიმართლეა.

– შენი და აი, ამ ბიჭის სურათები მთელ მოსკოვშია გაკრული და როგორც ეტყობა, მაგრად გეძებენ.

– ვიცი. ჩვენ, კიჭამ და მარსმა ედემიდან მოვხიეთ. მაკი, კიჭა და მარსი საქმის დროს დაიხოცნენ. ჩვენ კი გადავრჩით.

– გასაგებია. ღმერთმა აცხონოს ძმები... – თქვა ფიგარომ. შემდეგ დიმკას შეხედა. ხელი გაუწიოდა და უთხრა:

– ფიგარო – ვიცნობდეთ ერთმანეთს.

– დიმკა, – მიუგო დიტომ და ფიგაროს ხელი ჩამოართვა.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3