ფლორის სამყაროში
კითხვა: რა მინერალებით გავამდიდროთ მცენარე, რომ ფოთლები არ დაყაროს და მთელი ზაფხული იყვავილოს?
პასუხი: იმისათვის, რომ მცენარე კარგად განვითარდეს და ზაფხულში კარგად იყვავილოს, უამრავი რამაა საჭირო: უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ ბევრ მცენარეს არ უყვარს ცხელი და მწველი მზის სხივები. ამიტომ, დაიცავით გადაწვისგან. ეცადეთ, ხშირად დანამოთ, გაუფხვიეროთ ნიადაგი, მისცეთ ნაკელიდან დამზადებული სითხე. აუცილებელია, რომ მცენარე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადარგოთ და დაუმატოთ, კალიუმისა და კალციუმის სახით, მინერალები. ასევე, გაითვალისწინეთ, გადარგვისას საგრძნობლად არ შეაჭრათ ფესვთა სისტემა. მცენარემ რომ კარგად იყვავილოს, ზაფხულში გარეთ უნდა დადგათ. არ უყვარს ორპირი ნიავი. ეცადეთ, მცენარეს ხშირად არ შეუცვალოთ ადგილი. კარგია თუ წვიმიან ამინდში გარეთ გაიტანთ. არასდროს დატოვოთ დაწრეტილი წყალი მცენარის ლანგარზე. ასეთ შემთხვევაში, ის შეიძლება დაავადდეს.
კითხვა: როგორ მოვუარო ეხმეას და რა პირობები სჭირდება მას?
პასუხი: ეხმეა ტენის მოყვარული, ტროპიკული მცენარეა, ამიტომ სიცხესა და სიმშრალეში ფოთლებს წვეროები უყავისფრდება. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ, გაზავებული თხევადი სასუქით მორწყეთ. დიდ მცენარეს თიხის პატარა ქოთანიც ჰყოფნის. ფოთლების „ლარნაკი“ მუდამ რბილი წყლით სავსე უნდა იყოს. წყალი დროგამოშვებით გამოუცვალეთ. ზაფხულობით მიწას ტენიანობა შეუნარჩუნეთ, ზამთარში კი – გამოშრობა დააცადეთ და იშვიათად მორწყეთ. ზამთარში იტანს 15 გრადუს ტემპერატურას, ზაფხულში კი, თუ ტენიანობა ძალიან მაღალია – 27 გრადუს ტემპერატურას. მისთვის საუკეთესო ადგილი მზიანი ოთახია. ყვავილობისას მცენარეს კარგი განათება სჭირდება. მომცრო, ცისფერი ყვავილები, რომლებიც თანდათან წითლდება, მალევე ჭკნება. თუმცა, თანაყვავილი გაცილებით დიდხანს ძლებს. ყოველ როზეტს ერთადერთი თანაყვავილი აქვს. დაყვავილების შემდეგ მცენარე კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ფორმას – მანამ, სანამ ძველის ადგილას ახალი როზეტი გაჩნდება.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა ადიანტუმი?
პასუხი: ადიანტუმის ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ტენიანი უნდა იყოს. თუ ფესვები გამოშრა, ფოთლები მოეჭმუჭნება. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, ადიანტუმს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ტენს არ მოაკლებთ, ადიანტუმი მალე გაიზრდება. თუ მისი ფორმა აღარ მოგწონთ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ ან ყველა რტო ძირში მოაჭრათ. ახალი ყლორტები მალე ამოუვა. ეს პროცედურა ამ სეზონზე, გაზაფხულზე უნდა ჩაატაროთ. ტენისთვის კარგია, თუ ამ მცენარეს სააბაზანოში დადგამთ.
კითხვა: იქნებ მირჩიოთ, ასპლენიუმი როგორ გავახარო?
პასუხი: ეს მცენარე პრეტენზიული არ არის, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. ასპლენიუმის ახალი ფოთლები ძალიან ნაზია და მზეზე ადვილად იწვება. ამიტომ, მზის გულზე ნუ დადგამთ, ნახევრად ჩრდილში ამყოფეთ. ზრდის პერიოდში სამ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, ოღონდ ფრთხილად, რადგან იოლად ზიანდება. აქტიური ზრდის დროს, უხვად მორწყეთ. ზამთარში, როცა მცენარე ისვენებს, მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი. თუმცა, მთელი წლის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი ჯობია.