ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვარ პროფესიით ჟურნალისტი. ერთ-ერთ საქმეზე ვაწარმოებდი ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოძიების პროცესში, ჩემთვის ცნობილი გახდა იმ გარემოებების შესახებ, რომელიც საიდუმლოებას წარმოადგენდა და შესაძლოა, თავის დროზე არც იყო ცნობილი გამოძიებისთვის. ამ საქმესთან დაკავშირებით, დამიბარეს მოწმის სახით დასაკითხად გამომძიებელთან. არ მსურს მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება. აქვს თუ არა გამომძიებელს უფლება, მომთხოვოს, მივცე ჩვენება, თუ მე არ მსურს ამ საკითხზე არათუ ჩვენების მიცემა, საუბარიც კი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მოწმის სახით დაკითხვის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ანუ, ჟურნალისტი არ არის ვალდებული, მისცეს მოწმის სახით ჩვენება იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
კითხვა: უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც პოლიციაში შევიტანე განცხადება მეზობლის მიერ ჩემი ქონების თაღლითური გზით დასაკუთრების ფაქტზე. დღემდე გამოძება დაწყებული არაა და მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით აწარმოებენ მოკვლევას და გამოძების დაწყების საფუძველი არ აქვთ. ვის მივმართო და როგორ მოვიქცე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. შესაბამისად, თუ თქვენს განცხადებაზე დღემდე გამოძიება დაწყებული არ არის, ეს კანონის დარღვევაა და უნდა მიმართოთ ზედამხედველ პროკურორს. ასევე, შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
კითხვა: ვარ ინდმეწარმე. მინდა, რეგისტრაციის გაუქმება. როგორ უნდა მოვიქცე და ვის მივმართო ინდმეწარმის რეგისტრაციის გასაუქმებლად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ინდმეწარმის სტატუსის გასაუქმებლად, პირადი განცხადებით უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
კითხვა: ჩემი ძმა არის ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკი, რის გამოც მთელი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ვართ. სახლი, რომელიშიდაც ვცხოვრობთ, მის სახელზეა. შესაძლოა, მან სახლი საერთოდ გაგვიყიდოს და ოჯახი ქუჩაში აღმოვჩნდეთ. თვითონ კატეგორიული წინააღმდეგია, რომ სახლი ოჯახის სხვა წევრს გადაუფორმოს და ამ საკითხის გაჟღერებისთანავე, ძალიან აგრესიული ხდება. როგორ მოვიქცეთ, რომ სახლი არ გაგვიყიდოს და ქონებაზე რაიმე სახის კონტროლის საშუალება მოგვეცეს?
პასუხი: გაცნოებებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, თქვენ, როგორც ოჯახის წევრს, გაქვთ საფუძველი, მიმართოთ სასამართლოს თქვენი ძმის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების მოთხოვნით. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენს ძმას აღარ შეეძლება, დამოუკიდებლად გაასხვისოს სახლი, რომელშიც ცხოვრობთ. შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება უნდა შეიტანოთ სასამართლოში თქვენი ძმის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; თუკი უკვე სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.