ადამი და ევა
მარტონი არ ვართ
ნამდვილად არ არის ცუდი, თუკი ადრეული ასაკიდანვე ისწავლით, როგორ გაუმკლავდეთ საკუთარ პრობლემებს. ეს ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანად გაყალიბებთ, მაგრამ უკუჩვენებებიც აქვს – ყველაზე ცუდი, რაც არის, ვკარგავთ ადამიანებთან ახლო კონტაქტის სურვილს. მათი მხარდაჭერის მოთხოვნილება ნელ-ნელა გვინელდება და გულცივები, ნაკლებად ემოციურები ვხდებით. მაგრამ, დადგება დრო, როცა აღმოაჩენ, რომ ახლობელი ადამიანის თანადგომა ძალიან, ძალიან გვჭირდება.
თანაგრძნობა – ურთიერთობის შემადგენელი, ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი ნაწილია, რომელიც ყველას არ გამოსდის.
ჯერ თავად უნდა გაერკვეთ, რა გინდათ საკუთარი თავისგან და თქვენი გარშემომყოფებისგან. ისწავლეთ ურთიერთობის სხვა ჭრილში დანახვა. ანუ, უნდა იცოდეთ, ვისგან რა მოითხოვოთ. რომელი პრობლემის მოსაგვარებლად, ვის მიადგეთ. უცნაური და უაზრო იქნება მოსთხოვოთ ადამიანს ის, რისი მოცემაც მას არ შეუძლია, მერე კი გაუნაწყენდეთ.
შესანიშნავია იმისი განცდა, რომ მარტო არ ხარ და არც არასოდეს დარჩები მარტო, თუკი შეძლებ, ისწავლო მოსმენა, თანაგრძნობა, ყურადღება და გაცემა იმისა, რაც გინდა, რომ მიიღო სხვისგან.
არ უნდა!
ძალიან ბევრი ტრადიცია რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვეობა ახალ მოთხოვნებს აყენებს ჩვენ წინაშე. მიდგომები ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე... თუმცა, ადამიანები მაინც ქორწინდებიან. უყვართ ერთმანეთი და ერთად ყოფნა უნდათ. ფსიქოლოგები და სოციოლოგები კი ამტკიცებენ – დაქორწინების მსურველთა რიცხვი თანდათანობით მცირდებაო... საინტერესოა, ქალებში უფრო განელდა ოჯახის შექმნის სურვილი თუ მამაკაცებში?! საერთოდ, როგორია მოტივაცია, რისი კარნახითაც ადამიანები ერთგულების ფიცს დებენ...
თურმე, 60 პროცენტი ოჯახს ქმნის იმიტომ, რომ შთამომავლობა გააგრძელოს – ანუ ჰყავდეს შვილები. პრინციპში, ამაში ცუდი არაფერია. თანაც, როცა თავიდანვე შვილებზე ფიქრობ, კავშირიც უფრო მყარია, რადგან მას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები.
36 პროცენტი ქორწინებაზე მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ გვერდით სტაბილურად ჰყავდეს ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობა. ანუ, შეიძლება ითქვას, მარტოობის შიშით.
28 პროცენტი ქორწინდება იმიტომ, რომ ფიქრობს – ეს მისი მორალური ვალია. უცნაურია, ხომ მართალია?!
... და მხოლოდ 23 პროცენტი გეტყვით, რომ დაქორწინდა სიყვარულის გავლენით. ეს ცუდია? იქნებ, სულაც არა.
როცა შორს არის...
სიყვარულისთვის დაბრკოლება არ არსებობს. სიყვარულს მით უფრო ვერ შეუშლის ხელს მანძილი ან სიშორე... მერე რა, რომ ის ახლა თქვენ გვერდით არ არის და გენატრებათ – ეს ასეც უნდა იყოს... მონატრების გარეშე, აბა, რა სიყვარული იქნებოდა... თქვენ გაშფოთებთ ის, რომ სიშორემ, შეიძლება, გული აუცრუოს... ამის შესახებ ბევრი გსმენიათ?!.. ვითომ მართლაც ასეთი საშიშია შეყვარებულებისთვის ხანმოკლე განშორება?!
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადვილი არ არის დისტანციაზე სიყვარულის შენარჩუნება, თუმცა, შესაძლებელია. თუ ორივე საქმიანი ადამიანი ხართ, აჯობებს, წინასწარ შეთანხმდეთ, დღის რომელ მონაკვეთში შეეხმიანებით და მოიკითხავთ ერთმანეთს. როცა საყვარელი ადამიანი შორს არის თქვენგან, ძნელია, მოერიო თავს და ყოველ წუთს არ ურეკო, მაგრამ, არ გააკეთოთ ეს და ნურც მოლოდინის რეჟიმში იცხოვრებთ – დაიღლებით და ძალიან გაღიზიანდებით, რაც მერე თქვენს ურთიერთობაზეც აისახება.
მოუყევით თქვენი გრძნობების შესახებ თბილი, მოსიყვარულე ტონით, მაგრამ, ზომიერად. ზედმეტი არაფერი ვარგა – არც სიყვარული! რაც მთავარია, იყავით გულწრფელი – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ „დაგრუზოთ“ პარტნიორი არც პოზიტივით, არც ნეგატივით – თქვენც ხომ არ მოგეწონებათ ეს?! ამიტომ, გააკეთეთ ისე, თქვენც რომ გესიამოვნებოდათ...
ბუნებრივია, რომ ეჭვიანობთ, მაგრამ, მაქსიმალურად შეეცადეთ, თქვენი ეჭვები შესამჩნევი არ იყოს, მით უმეტეს, რომ მამაკაცებს არ უყვართ კონტროლი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ყურადღება მოადუნოთ; ისევ დელიკატურობა, ისევ ზომიერება და – ყველაფერი კარგად იქნება...
ეძებე საკუთარი თავი
ადამიანების დიდ უმრავლესობას აქვს პრობლემა – მათ საკუთარი თავის პოვნა უჭირთ; შესაბამისად, ვერ ახერხებენ თვითრეალიზაციას და ამის გამო კმაყოფილების, ბედნიერების განცდაც უცხო ხილია მათთვის. შეიძლება, გშურთ ვინმესი და ფიქრობთ, რომ ის წარმატებული, ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილია; რომ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა, მაგრამ, სინამდვილეში ეს ასე არ არის... ყველა ადამიანი ეძებს საკუთარ თავს. ის, ვინც შეცნობილად, გააზრებულად აკეთებს ამას, წარმატებასაც სწრაფად აღწევს. ჯერ უნდა ჩამოყალიბდეთ, რა გინდათ ცხოვრებაში, ამიტომ, მუდმივად დააკვირდით სიტუაციებს. ემოციურ „ორმოში“ ყველა შეიძლება ჩავარდეს, მაგრამ, აქ არ მთავრდება ცხოვრება. ძალა მოიკრიბეთ და ორმოდან ღირსეულად ამოდით. ადამიანებს ზოგადად აშინებთ რყევები და ცვლილებები, რაც დიდი შეცდომაა, თუმცა, გააჩნია რყევებსაც და ცვლილებებსაც. კარგად გააზრებული ცვლილებები მხოლოდ პოზიტივის მომტანია. ნურასოდეს იოცნებებთ მომავალზე ფუჭად. აჯობებს, კარგად დაგეგმოთ მომავალი, მერე კი მის შექმნაზე იზრუნოთ და იშრომოთ.
მთავარია, გქონდეთ საყვარელი საქმე, აკეთოთ ის, რაც მოგწონთ და, მიღწეული შედეგი აუცილებლად გაგაბედნიერებთ – საკუთარ თავსაც იპოვით და სიყვარულსაც... მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მუდმივად ყველაფერი იცვლება.