კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობენ თუ არა მოტყუებული საყვარლები და რას აბრალებენ ისინი ცოლებს

ამბობენ, რომ, ზოგიერთი ქალის გამოკლებით, თითქმის ყველა ნაზი არსება ოცნებობს, საყვარელი მამაკაცი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს... მაშ, რატომ იწყებენ ვიღაც-ვიღაცეები ისეთ მამრებთან ურთიერთობას, რომლებსაც უკვე ჰყავთ მეორე ნახევარი – რისი იმედით?! ლოგიკურად თუ ვისმსჯელებთ, მათ იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ მომავალში ცოლებს ჩაანაცვლებენ. ზოგიერთებს გამოსდით ეს, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ძალიან რთულად იღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს; ზოგიერთები კი საყვარლის სტატუსის ამარა რჩებიან... იმედგაცრუებულები.

მარიკუნა (27 წლის): ჩემი ისტორია, ალბათ, არ გამოირჩევა განსაკუთრებულობით ან ორიგინალურობით. რა თქმა უნდა, ყველა შეცდომა, რომელიც დავუშვი, ჩემი მოსანელებელია, მაგრამ მე ერთი რაღაც მაკვირვებს – რატომ რჩებიან მამაკაცები ყოველთვის დაუსჯელები? ჩემი საყვარელი (უკვე ყოფილი საყვარელი)  ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას თავის ცოლთან, თითქოს არაფერი დაეშავებინოს. მე კი ლამის ყველამ მომიკვეთა.

– მაშინ, დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ურთიერთობა დაიწყეთ ცოლიან კაცთან.

– ანუ, თავიდანვე ვიცოდი, რა პერსპექტივა შეიძლებოდა მქონოდა?! ერთმნიშვნელოვნად, შეიძლება, ეს ასეც იყოს, მაგრამ, მედალს ხომ ორი მხარე აქვს?! მარტო ჩემზე რატომ უნდა გადატყდეს ჯოხი? დიახ, ვიცოდი, რომ ჩემს საყვარელ მამაკაცს ცოლი ჰყავდა, მაგრამ, მანაც ხომ იცოდა ეს?

– ესე იგი, ამბობთ, რომ კეთილგონიერება იმას უნდა გამოეჩინა?

– რატომ არა? ბოლოს და ბოლოს, მე კი არა, მას ჰქონდა ერთგულების ფიცი დადებული. მე თავისუფალი ვიყავი ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. რატომ მეფიცებოდა სიყვარულსა და ერთგულებას? რატომ გამიჩინა იმედი, რომ შეიძლებოდა, ყოველთვის ერთად ვყოფილიყავით? ბუნებრივია, რომ პრეტენზიები და ფუჭი მოლოდინები გამიჩნდა. რა არის ამაში გასაოცარი, რომ მინდოდა, საყვარელი მამაკაცი მარტო ჩემი ყოფილიყო და არავისთვის გამეყო?

– „არავისთვის“, ანუ – ცოლისთვის... თქვენ მისი მდგომარეობის გათვალისწინება საერთოდ არ გინდათ?

– მე უნდა გავითვალისწინო? გამაოგნებელი რამეა. შეეცადეთ, გამიგოთ: „იმისი“ ცოლი ჩემთვის საერთოდ უცხო ადამიანია და, მის მიმართ რა გრძნობა შეიძლება მქონდეს? შეიძლება, მხოლოდ სიბრალული... ზოგადად, ყველაფერი საყვარელს ბრალდება ხოლმე – ჩვენგან იქმნება მტრის ხატი, კაცები კი, წყლიდან მშრალად ამოდიან და ეს ისევ ცოლების ბრალია.

– ოჯახს უნგრევდით და კიდევ ის არის დამნაშავე?

– „ოჯახს ვუნგრევდი“ – ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ოჯახი, თუკი მას ასეთი რამ ჰქონდა, ისევ აქვს და ჰქონდეს, აღარ შევეცილები, ამეხილა უკვე თვალები. იყო პერიოდი, როცა ლამაზი სიტყვების მჯეროდა... მხარზე თავს მადებდა და მეუბნებოდა: მითხარი, რომ ძალიან გიყვარვარ და მარტო ჩემი ხარ... მითხარი, რომ ყოველთვის ერთად ვიქნებით, რომ არასდროს წახვალ ჩემგან და არასდროს მიმატოვებ, თორემ, გული გამისკდებაო. მე კი არასოდეს მოგატყუებო... მე თავს ვუქნევდი, ისიც ბედნიერი მიღიმოდა და მკოცნიდა ყელზე, შუბლზე, ყველგან...

– ცოლზე არ გელაპარაკებოდათ?

– ეს შეკითხვა პირდაპირ გულში დამიმიზნეთ... მელაპარაკებოდა, ოღონდ, ძალიან იშვიათად, თანაც, ისეთი მწუხარე სახით, იფიქრებდი, იტანჯებაო. ადრე შევირთე და ეს ჩემი ცხოვრების მთავარი შეცდომააო... მე ვარ მოტყუებული საყვარელი და, სულაც არ არის ისე, რომ თავს ვიტყუებდი. შეუძლებელი იყო, მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი შემეტანა. მეუბნებოდა, დეპრესია აქვს, ახლა ვერ მივატოვებ, როგორც კი შესაფერისი მომენტი მექნება, გავცილდებიო... ახლა მახსენდება, რომ არ ისხამდა ჩემს ნაჩუქარ სუნამოს და მხოლოდ ის სურნელი ასდიოდა, რომელიც მის ცოლს მოსწონდა... მაშინ რატომ არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, არ ვიცი. არც არასდროს მიკითხავს, სად მიჰქონდა ჩემი ნაჩუქარი ტანსაცმელი და საჩუქრები – პერანგებს არ იცვამდა, ქამარს არ იკეთებდა...

– ეს არ იყო იმის მანიშნებელი, რომ ცოლს უმალავდა თქვენთან ურთიერთობას?

– როგორ არ იყო. რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც ამის შესახებ, მაგრამ, იგივე არგუმენტი მომიყვანა – ჯერ ვერ ვანერვიულებო და მეც გავჩუმდი. არ მინდოდა, რამე დამეძალებინა.

– შესაფერის მომენტს ელოდებოდით?

– ძალიან მარტივად უყურებთ ჩემს მდგომარეობას. მერწმუნეთ, ჩემთვის ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა – მეც ისე ვცხოვრობდი ეჭვებში, როგორც მისი ცოლი. წავიწუწუნებდი და მაშინვე მეუბნებოდა: საყვარელო, შენ ხარ ჩემი ძალიან ჭკვიანი გოგო და იცი, რომ პრობლემები არაფერში გვჭირდება. მთავარია, რომ შენ მეტი არავინ მინდა და არც მენდომება, სისულელეებზე რატომ ფიქრობო... იცით, კიდევ რა არის პრობლემა? მზად ვიყავი, ნებისმიერისთვის თვალები ამომეთხარა, ვინც კი ჩემსა და ჩემს საყვარელ მამაკაცს შორის ჩადგებოდა, ოღონდ, არა მისი ცოლისთვის. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? ორი წელი გრძელდებოდა ჩვენი რომანი და ვიცოდი, რომ საყვარელი ვიყავი. თუმცა, სულ მქონდა იმედი, რომ ეს სტატუსი შეიცვლებოდა. ხშირად მაძლევდა ფულს ტანსაცმლის საყიდლად და ყოველდღიური ხარჯებისთვის... ბინაც იქირავა და თანხას თვითონ იხდიდა, კომუნალურ გადასახადებსაც კი, მაგრამ, თავს მაინც დამცირებულად და დაჩაგრულად ვგრძნობდი... ისეთი სულელი ვიყავი, რომ ვერ ვაცნობიერებდი მარტივ ჭეშმარიტებას: თუ მოისურვებდა ის ყოველთვის იპოვიდა მიზეზს, ცოლისგან რომ წამოსულიყო... მთელი ერთი წელი ხმა საერთოდ არ ამომიღია; მერე კი, ვაღიარებ, ვეუბნებოდი, რომ სულ მასთან ყოფნა მინდოდა. ცოტა კიდევ მოითმინე, მალე ყველაფერი კარგად იქნებაო... მახსოვს, ერთხელ ცოტა ხისტად ვუთხარი, დავიღალე ამდენი ლოდინით, კონკრეტულად როდის შეძლებ, რომ ცოლისგან წამოხვიდე-მეთქი... იცით, რა მიპასუხა? თუ ასე განაგრძობ ჩემს ცოლს დაემსგავსები, რაც ძალიან არ გამიხარდება. მე შენთან ყოფნა იმიტომ მიხარია, რომ ვისვენებო.

– ცოლისგან ვისვენებო?

– ჰო, სავარაუდოდ, სწორედ ამის თქმა უნდოდა, მაგრამ, ეს სიტყვები ჩემთვის ცივი წყლის შესხმასავით იყო... საკუთარი თავი ძალიან უყვარდა – ვარჯიშობდა, სატრენაჟორო დარბაზში დადიოდა...  როგორ ვიფიქრე, რომ მე შემიყვარებდა? მის ცოლს ვადანაშაულებ იმაში, რომ ქმარი გამოუსწორებელ ეგოისტად ჩამოაყალიბა და საშუალება მისცა, მისითაც და ჩემითაც ეთამაშა. მე უკვე ვიცი, მაგრამ, შეიძლება, მისმა ცოლმა არც იცის, რომ ჩვენი საყვარელი მამაკაცი ორივეს გვღალატობს.

– ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით?

– დიახ, რაც იგულისხმეთ, ზუსტად იმ მნიშვნელობით – კიდევ ჰყავს ვიღაც, მეც მატყუებს და ცოლსაც. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ისეთი აღფრთოვანებით აღარ მოდის ჩემთან.

– იქნებ, ცოლთან უნდა დაბრუნება და არ იცის, ეს ამბავი როგორ გითხრათ?

– არა, ასე არ არის, უკვე საკმარისად კარგად ვიცნობ. არ მოვტყუვდები. ერთხელ რომ მოვტყუვდი, ისიც მეყოფა. ახლა ვემზადები, რომ გავაგდო ჩემი ცხოვრებიდან, თან, ეს ისე გავაკეთო, რომ ძალიან ეტკინოს. მე დაზარალებული ვარ და კომპენსაცია მჭირდება, კომპენსაცია კი ისეთივე შეურაცხყოფა იქნება, როგორიც მე მომაყენა.

– რის გაკეთებას აპირებთ?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ, ნამდვილად არ ექნება მშვიდი ცხოვრება. ღირსია, რომ ყველაფერი მის ცოლს გავაგებინო. ვნანობ, რომ ეს ადრე არ გავაკეთე.

скачать dle 11.3