მიეტევებათ თუ არა ქრისტიანებს დავიწყებული ცოდვები ზეთისცხებითა და ნათლობაში მონაწილეობით და წირვაზე რამდენჯერ არმისვლის გამო უნდა დატოვოს მრევლმა ეკლესია
ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად, ყველა სხვადასხვა ადგილს მიაშურებს დასასვენებლად და, ხშირად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ დადიან ეკლესიაში, არ ლოცულობენ, მხოლოდ ფიზიკურად ისვენებენ და, საბოლოოდ, სულიერად აშლილები ბრუნდენიან საკუთარ სახლებში.
მამა გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): როდესაც ადამიანი ქალაქიდან გადის დასასვენებლად, სურს, მისი დასვენება იყოს ნაყოფიერი როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ამიტომ, გარკვეული გეგმა უნდა შეადგინოს და ამაში მოძღვარიც დაეხმარება – ეტყვის, რა წაიკითხოს, რომელ ტაძარში მივიდეს, რომელ მოძღვართან და როგორ გაატაროს ეს დრო. ხშირად, როდესაც მრევლი თბილისში ბრუნდება, ამბობენ: ვერ მოვიცალე ეკლესიაში მისასვლელად, ვერ ვნახე ტაძარი, შორს იყო; ან, მოძღვარს არ ვიცნობდი და ვერ მივედი მასთანო. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, რადგან, მრევლი ფიზიკურად დასვენებული კი ბრუნდება, მაგრამ, სულიერად აშლილია და თვეები სჭირდება იმისთვის, რომ შობის მარხვამდე ჩამოყალიბდეს, აღიდგინოს სულიერი წონასწორობა. არ არის ძნელი, მივიდეთ მოძღვართან, ლოცვა-კურთხევა გამოვითხოვოთ მისგან, რჩევები მივიღოთ, დამშვიდებული წავიდეთ დასასვენებლად და ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ. იქიდან უფრო დამშვიდებულები ჩამოვალთ და ჩვენს მოძღვარს მოვუყვებით, როგორ ჩავაბარეთ აღსარება სხვა მოძღვარს. ჩვენ ხომ განებივრებული ვართ ჩვენს მოძღვრებთან, შინაურული ურთიერთობა გვაქვს მათთან, რადგან ის ჩვენი ახლობელია, ამიტომ, სხვა მოძღვართან აღსარების თქმა საინტერესო იქნება: როგორ დაგლოცავთ, როგორ დაგარიგებთ, ჩაგიხუტებთ და იქიდან ბედნიერები დაბრუნდებით.
– ზოგი საკუთარ მოძღვარზე ისეა მიჯაჭვული, არ შეუძლია სხვა მოძღვართან მისვლა, ან, თავად მოძღვარი არ უშვებს მას სხვა მოძღვართან.
– გარკვევით გვასწავლის იესო ქრისტე: არავინ არის მამა, მამაღმერთის გარეშე და არავინ არის მოძღვარი, იესო ქრისტეს გარეშე. თითოეული ჩვენგანი სულიწმიდის მადლით დაგვადგინა ღმერთმა მოძღვრებად, მაგრამ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ვარ მოძღვარი და ჩემ იქით არ არსებობს სხვა მოძღვარი. თუ შენ გყავს მოძღვარი, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, აუცილებელი, მაგრამ, შეიძლება, შენი მოძღვარი სხვა ეკლესიაში გადაიყვანეს, სხვა ქალაქში, ან, ჯვარი სწერია და, გარდაიცვალა, მოძღვრის გარეშე უნდა დარჩე?! ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი უფალთან კი არ მიდის, უფალი კი არ მოძღვრავს, არამედ, ადამიანისგან იღებს დამოძღვრას. ბევრი ქრისტიანი ვიცი, რომელიც ეკლესიაში იმიტომ არ დადის, რომ იქ აღარ არის მისი მოძღვარი. ისინი ამბობენ: არ შემიძლია, სხვა მოძღვართან ვთქვა აღსარება, სხვა მოძღვრის ქადაგება მოვისმინო. მათ არ იციან, რომ ჩვენ აღსარებას ვამბობთ იესო ქრისტეს წინაშე და მოძღვარი, უბრალოდ, გვიმსუბუქებს ჩვენს მდგომარეობას. სხვათან რას ჰქვია? სხვა იესო ქრისტე ხომ არ არსებობს?! თუ გვაქვს ცოდვების განცდა, მაშინ აღსარებას ვამბობთ იესო ქრისტეს წინაშე, ხატთან, ჯვართან და სახარებასთან, მოძღვარი კი გვიმსუბუქებს მდგომარეობას, გვეხმარება. მაგრამ, თუ ის არ არის ქალაქში, შეგვიძლია, სხვა მოძღვართან მივიდეთ და მასთან ვთქვათ აღსარება – ამით ჩვენ ბევრ სულიერ სარგებელს მივიღებთ. რატომღაც, ჰგონიათ, რომ მათი მოძღვრის ქადაგება სხვანიარია; რომ სხვა ეკლესიაში არ არის ის მადლი, რომელიც იმ ეკლესიაშია, სადაც ისინი დადიან; იქ ბევრი ხატია, აქ – ცოტა; იქ ხმაურია, აქ სიწყნარეა და ეს უკვე გემოთმოყვარეობას ემსგავსება. მე მინდა, მადლი მივიღო და, რომელ ეკლესიაში მივიღებ მადლს, ეს უკვე ჩემი პრობლემაა. მე თუ განქიქებას დავიწყებ: იქ ხმაურია, ვიღაცას შარვალი აცვია, მოძღვარი ასეთია, გამოდის, რომ ეკლესიაში მივდივარ როგორც რევიზორი და არა როგორც მომლოცველი. ზოგი უყურებს მოძღვარს და ამბობს: „ჩემი მოძღვარი უფრო კარგად გამოიყურება, უფრო კარგად ქადაგებს, უფრო მაღალია; ჩემი სულიერი ძმები და დები უფრო განათლებულები არიან...” და, საბოლოოდ, მთელ წირვა-ლოცვას ატარებენ არა ღვთის დიდებასა და სიყვარულში, არამედ კრიტიკასა და შენიშვნების მიცემაში. მერე ეკლესიიდან გამოვდივართ, როგორც მებაჟეები: არაფერი მოგვეწონა, განვიკითხეთ, მერე ამას სხვებს ვუყვებით და უკვე ჭორაობას ვიწყებთ, რაც უსიყვარულობის, გულგრილობის, გაუნათლებლობის ბრალია. ჩვენი მოძღვარი იესო ქრისტეა, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყოთ, უახლოეს ეკლესიას უნდა მივაშუროთ, ვნახოთ მოძღვარი, გავიცნოთ ახალი მრევლი, დავმეგობრდეთ. სოფლის მსახურს ნუ მოსთხოვ ისეთ მსახურებას, როგორიც სამების ტაძარშია. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ, თუ ისეთი სიდიადე, სილამაზე, ბრწყინვალება არ არის სოფლის ტაძრებში, როგორც დედაქალაქში, ნუ განვიკითხავთ. იქიდან არ უნდა წამოვიდეთ დამძიმებულები და მერე ნუ დავუწყებთ მოძღვარს იმის მოყოლას, თურმე იმ ეკლესიაში როგორი ცუდი იყო. სამწუხაროდ, ბევრი მოძღვარი ისმენს ამას და არაფერს ამბობს. თუ რაღაცა არ მოგვეწონება, ეს არ არის ჩვენი საქმე, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ, გავიცნოთ მრევლი და ეს პერიოდი მათთან სიყვარულში, რჩევების მიცემაში გავატაროთ. თუ მეტი გინახავს, მეტი იქადაგე, მოიხსენიე და ნუ იქნები ცხვირაწეული სხვა მოძღვართან ურთიერთობის შემდეგ.
– ზოგს რამდენიმე მოძღვარი ჰყავს: ერთს ერთ ცოდვას ეუბნება აღსარებაში, მეორეს – სხვა ცოდვას. არა მგონია, ეს სწორი იყოს.
– ეს თავის მოტყუებაა. ყველას უნდა ჰყავდეს პირადი მოძღვარი. როცა მოძღვარი რაღაც ცოდვას გვიკრძალავს, მაგალითად, გვეუბნება, აღარ განიკითხო, თორემ, აღარ გაზიარებო. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ისევ განვიკითხავთ, მერე ცოდვას ვუმალავთ პირად მოძღვარს და სხვა მოძღვარს ვეძებთ, რომ დარჩენილი ცოდვები მას ვუთხრათ. ამ დროს არ არსებობს, ადამიანი სინდისმა არ ამხილოს. გავა დრო და ამას არავინ აპატიებს, რადგან ეს ფარისევლობა და ტყუილია. ცოდვა ქრისტიანს მაშინ მიეტევება, როდესაც ნანობს, განიცდის და ცდილობს, ის აღარ გაიმეოროს. მაგრამ, როცა მოძღვართან მალავს, ის არ განიცდის ამ ცოდვას. რამდენჯერაც წავიქცევით, იმდენჯერ უნდა ავდგეთ და უნდა გვახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „უსჯულოებაი ჩემი მე ვუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე შენსა არს მარადის.” ხანდახან ადამიანები სულიერი მოძღვრის წინაშე კეკლუცობენ, უნდათ, რომ მის წინაშე თავი წარმოაჩინონ როგორც კარგმა სულიერმა შვილებმა, ამიტომ, შელამაზებულ აღსარებას უყვებიან, რაღაცეებს მალავენ, რომ შექება, ქება-დიდება დაიმსახურონ. ჰგონიათ, რომ დავიწყებული ცოდვები ზეთისცხების დროს ეპატიებათ ან ნათლობისას. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ცოდვების მიტევება – ეს არ არის მაგიური საკითხი, ღმერთი მაგიურად არაფერს გაპატიებს. თუ შენ დამალული ცოდვები გაქვს და გგონია, ამას ავტომატურად მოგიტევებენ, ეს უკვე არის მაგიური დამოკიდებულება, ცრუ სწავლება. არ არსებობს, დამალული, არგანცხადებული ცოდვა, რომელიც მღვდელს დაუმალე, მერე ზეთისცხებით გაპატიოს ვინმემ. ბევრმა მიატოვა თავისი მოძღვარი, რადგან ის იმდენს ელაპარაკა ამ თუ იმ ცოდვაზე, რომ აღარ იცის, როგორ მივიდეს მასთან და ისევ იმ ცოდვაზე ესაუბროს. იმდენად უყვარს ეს ცოდვა, რომ მან საყვარელ ადამიანთან დააშორა – ცოდვა დაიტოვა, მოძღვარს კი განეშორა და ამით ის ღმერთსაც დაშორდა. სჯულის კანონში წერია: თუ მრევლი სამი კვირის განმავლობაში არ გამოცხადდა ეკლესიაში, რა თქმა უნდა, მოძღვარმა უნდა ჰკითხოს მიზეზი და თუ მან ვერ დაასაბუთა, რატომ არ დადიოდა ტაძარში, უნდა დატოვოს სამრევლო. დღეს ეს რომ აღვასრულოთ, ჩვენი ეკლესიები დაცარიელდება. ამ პირობებში, როცა ძალიან რთულია ეკლესიური ცხოვრება და მრევლს ეტყვი: სამი კვირაა, არ ყოფილხარ ეკლესიაში და წადიო – არ შეიძლება. პირიქით, თვალებში უნდა ჩავხედოთ მათ, გავიგოთ – რა უჭირთ, რა პრობლემა აქვთ.