ჭეშმარიტი სარწმუნოება
„რისთვის მოვედი აქ – ბედუინების დასახმარებლად თუ სალოცავად?“
მამა პაისი (ათონელი) ხეზე ხატებს კვეთდა, უმეტესად, წმიდა მოსეს გამოსახულებას. ხშირად, ღამით აღებდა სენაკის კარს და მთვარის შუქზე, იესოს ლოცვით მლოცველი, აშალაშინებდა სახატე ფიცარს და საკვეთად ამზადებდა. ხატებს მონასტერში ჰყიდდა. აღებულ ფულს ნაცნობ ტაქსისტს აძლევდა, რომელიც ქაიროში (ამ დროს ბერი პაისი სინას მთაზე მოღვაწეობდა) მისი თხოვნით ყიდულობდა სამოსს, ნამცხვრებს, პროდუქტს და მასთან მოჰქონდა. მამა პაისი კი გაჭირვებულ ბედუინებს ურიგებდა. დღედაღამ შრომობდა მათ დასახმარებლად. იერუსალიმის მოსალოცადაც კი არ წავიდა, რომ ეს საცოდავები მის კურთხევას არ მოჰკლებოდნენ. ამ უბრალო ხალხსაც უზომოდ უყვარდა „აბუნა პაიზი“ (მამა პაისი), ყოველ სტუმრობისას ნამდვილ დღესასწაულს უწყობდა ხოლმე.
თვითონაც ხშირად მიდიოდნენ მასთან, ჩამოკონკილნი, ფეხშიშველნი. მამა პაისი მათ დახეთქილ ფეხებზე ცვილს ადებდა და ფეხსაცმელებს, ქუდებს ან სხვა ნივთებს ურიგებდა. მერე იმდენმა იწყო მასთან სათხოვნელად მისვლა, რომ მამა პაისს ფული აღარ ჰყოფნიდა და არჩევნის წინაშე დადგა: „რისთვის მოვედი აქ – ბედუინების დასახმარებლად თუ სალოცავად?“ გადაწყვიტა, მეტი ელოცა და ხელოსნობისთვის ნაკლები დრო დაეთმო.
იმ დღეს, როცა ეს გადაწყვიტა, მამა პაისს ერთი უცხოეთში მცხოვრები ბერძენი ექიმი ეწვია. ბერი დიდი ხნის ნაცნობივით შეეგება მას, – შემდი, გელოდიო. დასხდნენ. რამდენიმე საათი ისაუბრეს. ბერმა ექიმს რამდენიმე კეთილი რჩევა მისცა და მისი ცხოვრების ზოგიერთი ეპიზოდი გაახსენა, რომელიც მის გარდა, არავინ იცოდა. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ექიმზე, ბერს 100 ოქროს მონეტა გადასცა, – ეს ფულები ბედუინებს მოახმარე, შენი დღის განრიგი არ დაარღვიო და ლოცვა არ დაუტევოო.
„ცრემლი ვეღარ შევიკავე, – ჰყვებოდა მამა პაისი, – ის ეზოში დავტოვე და სენაკში შევედი. ცრემლები მდიოდა, რომ ღმერთმა ასე მალე შეისმინა ჩემი ვედრება და პასუხი მომცა. საღვთო სიყვარულმა და განგებულებამ ლამის დამფერფლა“.