დედის ვედრება
ყოვლის შემქმნელო, ყოვლის განმსაჯელო, ყოვლის განმკითხაო და ნუგეშის მცემელო! მადლობა გაჩენისათვის, მადლობა ტანჯვისათვის, მადლობა წამებისათვის; მადლობა გასაჭირში ნუგეშის მოცემისათვის, მადლობა დედობის მადლის მოცემისათვის, მადლობა ჭეშმარიტი, სწორი გზის მოცემისათვის, მადლობა ლუკმა-პურის შოვნის შეძლებისათვის, მადლობა კეთილის სურვილის ჩანერგვისათვის, მადლობა ამდენი მადლის ჩუქებისათვის, მზისა და სინათლის გულში დავანებისათვის, მადლობა სიკეთის დასახვისათვის, ტანჯული ცხოვრების მშვიდად გატანისათვის, უხმოდ უჩუმრად ტკივილის ატანისათვის, მადლობა ჩემთვის შვილების მოცემისათვის, უფალო იესო, დედა გთხოვს მოისმინე:
შვილი ჩემი ეშმაკს და ბოროტეულს აარიდე მოაცილე,
მტერთან და ორგულთან სიკეთით მოარიგე, წმინდა ანგელოზი მფარველად მიუჩინე, ქვეყნის სამსახურში კაცურად ამსახურე, ავ-კარგის გარჩევა ასწავლე, აცოდინე, შრომით და ოფლისღვრით პური აშოვნინე, სამსჯავროს წინაშე მართალნი წარადგინე, თუ შეცდნენ და არ ინანონ, არ გთხოვონ პატიება, ვით გსურდეს, უფალო, დასაჯე განსწავლისთვის და მაინც შეცოდება ნებსით თუ უნებლიეთი, გთხოვ, მუხლმოდრეკით, შეუნდე, აპატიე, ღვთისმშობლის მეოხებით, დედა, გთხოვ მონანიებას ოღონდ ნუ იქნება მწარე მათი დღენი
იყოს ნება შენი! იყოს ნება შენი!
შენგან გაჩენილი გმორჩილობ, გევედრები: წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალე ჩვენ (3 ჯერ).
აცხოვნე, ადიდე, ამრავლე უფალო, ჩემი საქართველო, ტანჯული ჩემი ერი.