რაზე ოცნებობს პატარა მხატვარი მარიამ კალანდარიშვილი და რა არის მისი შთაგონების წყარო
13 წლის მარიამ კალანდარიშვილს ხატვის ნიჭი სამი წლის ასაკში აღმოაჩნდა. თუმცა ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი ხატავს და ალბათ, ამიტომ, ოჯახში მისი განსაკუთრებული ნიჭისთვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ. მას შემდეგ კი, რაც აშკარა გახდა, რომ პატარა მარიამის ნახატებს გაცილებით სერიოზული სახე ჰქონდა, ვიდრე მისი ასაკის სხვა ბავშვების ნახატებს, ოჯახი უფრო გულმოდგინედ მიუდგა ამ საკითხს. მასწავლებლისა და მშობლების თანადგომით, მარიამმა რამდენიმე ხნის წინ გამოფენა გამართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მარიამი: ხატვა ბავშვობიდან დავიწყე, როგორც დედა იხსენებს, სამი წლის ვიყავი, როცა ჩემთვის ვიჯექი და ვხატავდი ხოლმე. თავიდან ყველას ბავშვური გატაცება ეგონა. შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემი ასაკის ბავშვებთან შედარებით, უკეთ ვხატავდი, რამაც უფრო წამახალისა და გამიჩნდა სურვილი, უფრო და უფრო მეტი დამეხატა. მასწავლებელი დაახლოებით ერთი წელია, მყავს, რომელიც მეხმარება ტექნიკურად დავიხვეწო. მასწავლის დინამიკაში ხატვას.
– შენი გამოფენის შესახებ მომიყევი, როდის გაგიჩნდა იდეა, ნახატები საჯაროდ გამოგეფინა?
– გამოფენის იდეა ჩემი ხელოვნების მასწავლებელს გაუჩნდა. მას ძალიან მოსწონდა ჩემი ნახატები და შემომთავაზა, გამოფენა გაგვეკეთებინა მე-8 საჯარო სკოლაში, სადაც მე ვსწავლობ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. დაახლოებით 9 წლის ვიყავი, როცა ქართველმა მხატვარმა, ბეჟან ბოტკოველმა ნახა ჩემი ნამუშევრები და ძალიან მოეწონა. საკმაოდ კარგად შემაფასა და საჩუქრებიც კი დავიმსახურე მისგან – აკვარელის საღებავები, ფუნჯები და ხატვისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთი. მახსოვს, ზაალ სულაკაურმაც ნახა ჩემი ნახატები, მოეწონა და მის სტუდიაში მისვლა შემომთავაზა.
– რა ჰქვია იმ სტილს, შენ რომ ხატავ?
– კონკრეტულად სტილი არ მაქვს არჩეული. ვხატავ ყველაფერს, რაც მომწონს და რისი დახატვაც მინდა. ბავშვობიდან მომწონს ანიმაცია, რომელსაც მასწავლებლის გარეშე, ჩემთვის ვხატავ. „ანიმეს” პერსონაჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტური ვარცხნილობა. ასევე, დამახასიათებელია არაპროპორციულად დიდი თვალები. ცხვირი და პირი იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით. ხატვის ეს სტილი განსხვავებულია და ძალიან მომწონს. გამოფენაზე ეს ნამუშევრები არ გამიტანია, რადგან ჩვენთან დიდად პოპულარული არ არის. ანიმების სიყვარულმა იაპონური ენის სწავლაც კი დამაწყებინა. ოჯახის წევრებს არ სჯეროდათ, რომ მართლა ვიცოდი იაპონური და ლექსიკონის დახმარებით შემამოწმეს.
– რომელმა მხატვრებმა მოახდინეს შენზე ყველაზე დიდი გავლენა?
– ჩემი საყვარელი ქართველი მხატვარია ელენე ახვლედიანი. პეიზაჟების ხატვა მისი მუზეუმის დათვალიერების შემდეგ დავიწყე. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მისმა ნახატმა „ზამთარი რაჭაში”. დავიწყე ზამთრის პეიზაჟების, სოფლების, ხეების, ქალაქის ხედების ხატვა. მანამდე უფრო ნატურმორტებსა და პორტრეტებს ვხატავდი. უცხოელებიდან მომწონს ცნობილი ფრანგი მხატვარი ედგარ დეგა. მისი შემოქმედებიდან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ბალერინებმა და არა მხოლოდ ბალერინებმა, ზოგადად ძალიან მომწონს მისი სტილი.
– რა გჭირდება შთაგონებისთვის, რომ ხატო?
– თითქმის ყოველდღე ვხატავ. ვცდილობ, ისეთი მომენტი შევარჩიო, როცა არავინაა ახლოს. უფრო ხშირად ღამე ვხატავ. ღამის სამ საათზეც ავმდგარვარ და დამიწყია ხატვა. თუმცა, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, 2 თვე გასულა და არაფერი დამიხატავს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მუზის სტუმრობასთანაა დაკავშირებული. რთული დამოკიდებულება მაქვს დავალებების მიმართ. რა თქმა უნდა, ვასრულებ, მაგრამ მირჩევნია, ჩემი ფანტაზიით შევქმნა ნამუშევარი, ვიდრე სხვისი დავალებით.
– მხატვრობის გარდა, კიდევ რით ხარ გატაცებული?
– მიყვარს სიმღერა. ერთი პედიოდი, გიორგი უშიკიშვილთან ვმღეროდი ანსამბლში, მაგრამ ხატვაზე უფრო ვიყავი გადართული და სიმღერას დროს ვეღარ ვუთმობდი. სპორტის სახეობებიდან მომწონს კარატე და მინდა, ვისწავლო. მიყვარს ვარჯიში, ყოველთვის სპორტულ ფორმაში ვარ და თანატოლ ბიჭებსაც არ ჩამოვუვარდები. მაინტერესებს საბრძოლო ხელოვნება და ზეპირად ვიცი ყველა აღმოსავლური საბრძოლო იარაღის სახელი, ფორმა და ჩამონათვალი. ძალიან მინდა, ვნახო იმპერატორის სასახლე. მოკლედ, როგორც მიხვდით, ყველაფერი მაინტერესებს, რაც აღმოსავლურ კულტურასთან და კერძოდ, იაპონიასთანაა დაკავშირებული.
– თავისუფალ დროს როგორ ერთობი?
– თავისუფალ დროს ვკითხულობ. ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები. მაგრამ, რომ გითხრათ, კითხვას უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ხატვას-მეთქი, ტყუილი იქნება. მეგობრებთან ერთად ყოფნაც მიყვარს, მაგრამ უფრო მეტად ანიმაციის ყურება და მათი ხატვა მსიამოვნებს. ძალიან მომწონს თავისუფალი თემების წერა. სკოლაში ყველაზე კარგად ქართულს ვსწავლობ.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს, რაზე ოცნებობ?
– ძალიან მინდა, გავხდე დიზაინერი ან ანიმატორი. სამომავლოდ, იტალიაში წასვლას ვფიქრობ და იქ ხელოვნების აკადემიაში ჩაბარებას. წინასწარ არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავმართავდი ჩემი ნახატების გამოფენას მილანში. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია. ძალიან მონდომებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ოცნება ამისრულდეს.