რატომ აქვთ ქართველებს საკუთარი ანბანის კომპლექსი, რა აყალიბებს ქართველს ქართველად და როგორ შეუძლია ერთი დღის ბოლომდე ამოწურვა
რა თვისებების ერთობლიობაა დამახასიათებელი ქართველი ეთნოსისთვის? რა თვისებები გვაქვს მისაბაძი და რის გამოსწორებაა აუცილებელი? რა შეგვძინა ხანგრძლივმა არსებობამ და რით გვამუხრუჭებს? ვგავართ თუ არა ჩვენს წინაპრებს ან რით განვსხვავდებით მათგან? – ამ თემებზე ჩვენი რუბრიკის სტუმარია გუბაზ სანიკიძე.
– ქართული ხასიათის რომელი ნიშანი აყალიბებს ქართველს ქართველად?
– ეს ძალიან დიდი თემაა და ის უნდა დავყოთ პოზიტიურ და ნეგატიურ თვისებებად. პოზიტიურია ქართული ხასიათის გახსნილობა. ბევრს გავცემთ ურთიერთობებში და ვიღებთ კიდეც სანაცვლოდ. ეს ჩემი დაკვირვების საგანი არ არის, ბევრი უცხოელი, ყველა კონტინენტიდან ჩამოსული, ამბობს, რომ ადამიანური ურთიერთობები არის ჩვენი კულტურის დამახასიათებელი თვისება. მაგრამ რა გვაკლია, ვთქვათ ასე: რა გვჭირდება? ქართველებმა უნდა ვისწავლოთ დაგეგმვა, ხვალინდელ დღეზე ფიქრი. ეს ეხება როგორც თითოეულ ჩვენგანს, ისე მთლიან მასშტაბს – რასაც ჰქვია ქართველი ერი. ადამიანმა უნდა იცოდეს, რა უნდა. შემდეგ, როდესაც ამას დააზუსტებს, თავისი შესაძლებლობები უნდა შეაფასოს. დაგეგმვა და საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან აღარ გვაქვს ეროვნულ ხასიათში. ადრე, როგორც ჩანს, გვქონდა.
– მეც მიფიქრია ხშირად, რატომ ვართ მომენტზე ორიენტირებული, არ გვიყვარს გრძელვადიანი გეგმები და ამას ვუკავშირებ არასტაბილურ გარემოში ცხოვრებას, განსაკუთრებით, თემურ ლენგის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული. როდესაც არ იცი, რა გელის ხვალ, არ გეგმავ ხვალეს, თუმცა ამან სიცოცხლით ტკბობის უნარი შეგვძინა: გემოს ვატანთ ამ კონკრეტულ დღეს.
– მართალია, დღევანდელი დღის სრული ამოწურვა ვიცით, მაგრამ დღევანდელსა და ხვალინდელ დღეს შორის კავშირს ვერ ვხედავთ. გასაგებია ისტორიის გავლენით ამ ხასიათის ჩამოყალიბება, მაგრამ მხოლოდ ჩევნ არ ვიყავით მძიმე დღეში, სხვა ხალხებმაც გამოიარეს მსგავსი და ახლაც ასე არიან. ძალიან ექსტრემალურ ვითარებაში უწევს არსებობა ისრაელის სახელმწიფოს. ებრაელებმა არაერთგზის კატასტროფა გაიარეს; ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი, საინტერესო ჰეროიზმით აღსავსე ისტორია გვაქვს, ასეთი კატასტროფები არ გაგვივლია. ამდენად, არ არის გასამართლებელი საბუთი, რომ, რადგან თემურ ლენგმა ექვსი საუკუნის წინათ რვაჯერ ილაშქრა და 17 წლის განმავლობაში არბევდა ქვეყანას, ამიტომ ხვალინდელი დღე არ დავგეგმოთ. პირიქით, ჩვენი წინაპარი გეგმავდა, იმ დიდი ტრაგედიების შემდეგ ქვეყანა ფეხზე დგებოდა და საქართველოს ამის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. როგორც კი მშვიდობიანობის პერიოდი დგებოდა, ქვეყანა მაშინვე აღორძინებას იწყებდა. მე სხვა რამეს ვაბრალებ ამას – რადგან ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა და სხვა წყვეტდა ჩვენი უსაფოთხოების საკითხს. მართალია, ქართველები მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის იმპერიის აღმშენებლობაში, დიდი გავლენა ჰქონდა, განსაკუთრებით, ქართულ სამხედრო არისტოკრატიას, შემდეგ იყო სტალინი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ აღარ ვაზროვნებდით სახელმწიფოებრივად და ფუნქციადაკარგული ქვეყანა ვიყავით. ამიტომ არც დაგეგმვაში ვიღებდით მონაწილეობას. თან, ის მდიდარი, თვითკმარი ქვეყანა იყო, როგორც რუსეთის იმპერია, ისე საბჭოთა კავშირი. ამას გარდა, ჩვენ მდიდარ გარემოში ვცხოვრობთ. ძალიან ხშირად ვწუწუნებთ, როგორ არ აღმოჩნდა ჩვენთან ნავთობი ან გაზი…
– თორემ, წყალი რომ აღმოჩნდა, ხომ ისე გამოვიყენეთ, არც კი ვიცით, სად დავხარჯოთ აქედან მიღებული შემოსავალი!
– წყალი მთავარია. როდესაც სხვა პლანეტებზე დაფრინავენ ადამიანები, მთავარი პირობაა, რომ წყალი მოიძებნოს, რადგან, ან იქ, ესე იგი, უკვე არის სიცოცხლე, ან ადამიანის ჩარევით, ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება სიცოცხლის პროვოცირება. მე უმეტესწილად მიწევს ურთიერთობა აღმოსავლეთის ქვეყნებთან: ირანელებთან, არაბებთან. დიპლომატიური ეტიკეტის თანახმად, ვცვლით ხოლმე საჩუქრებს და ჩვენ უმეტსად ვჩუქნით ინგლისურენოვან ალბომებს საქართველოს შესახებ. და ეს ეგრეთ წოდებული მდიდარი ქვეყნების წარმომადგენლები მოლაპარაკებებისას ათვალიერებენ ამ ალბომს: ამდენი ხე, ამდენი ტბა, ამდენი მინდორი, ამდენი ბალახი… სხვათა შორის, ისლამური სამოთხე მწვანე ბაღია, სადაც მდინარეები მოჩუხჩუხებს. ისინი ამას გაკვირვებულები უყურებენ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც არც შიმშილით მოკვდები და არც წყურვილით; მდინარეში რომ ჩახვალ, ნიანგი არ შეგჭამს და ანაკონდა არ დაგესხმება თავს.
– არც ბუზი ცეცე გიკბენს.
– დიახ… ეს არის შეჩვეული სამოთხის ამბავი. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ამას და შევეჩვიეთ, სხვისთვის კი არის საოცრება და ეს ყველაფერი უკავშირდება წყალს. ისრაელსა და პალესტინელებს შორის ოთხი მთავარი სადავო პრობლემაა, რომელთა გადაწყვეტა თითქმის შეუძლებელია და ერთ-ერთია წყლის საკითხი: წყალს ვერ იყოფენ. შუა აზიის ქვეყნებს აქვთ იგივე პრობლემა, ამიტომ ხელშეკრულებებით ინაწილებენ წყალს. ჩვენთან კი წყალს მიაქვს მთელი ქვეყანა.
– წინ წყალი გვაქვს, უკან – მეწყერი, პირდაპირი მნიშვნელობით.
– და, ჩვენი ეს ზერელე დამოკიდებულება საკუთარი სიმდიდრეების მიმართ, არის ჩვენი პრობლემა. როგორ ვექცევით ჩვენ ჩვენს ბუნებას? ჩვენს გზებზე ხეებზე შეფენილი პოლიეთილენის პარკებისა და პლასტმასის ბოთლების აღლუმია. ნაგავს ვყრით მდინარეებში, როდესაც, ადგილი, სადაც არ შეიძლება ნაგვის დაყრა, არის მდინარე, რადგან მდინარე ისპობა. სიმდიდრე ჩვენ გარშემოა, მაგრამ ჩვენ რამის გამართლება რომ გვინდა, ასე ვიწყებთ საუბარს: საქართველო არის ღარიბი ქვეყანა. არადა, როგორ არის საქართველო ღარიბი? ხომ ვყოფილვართ აზერბაიჯანში, იმავე რუსეთში?! რუსეთი განფენილია 17 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე, სულ ზამთარია რუსეთში, მაგრამ ზამთრის ოლიმპიადა ჩაატარეს სოჭში. ანუ მთელი ამხელა ქვეყნის ტერიტორიაზე საკურორტო ქალაქი აღმოჩნდა სოჭი და სად არის სოჭი? კავკასიაში. ჩვენი მეორე ცუდი თვისება არის ის, რომ სულ ადვილ გამოსავალს ვეძებთ. ეს სწორი მიდგომაა, რადგან ადამიანი ყოველთვის უნდა ეძებდეს მოხერხებულ გამოსავალს, „ხერხი სჯობია ღონესაო” და ნაცარქექიაა ჩვენი მთავარი ზღაპრული გმირი, მაგრამ, ყოველთვის არ ამართლებს ადვილი გამოსავალი.
– ჩვენ ისიც გვასწავლეს, რაც არ იწვის, არ ანათებსო.
– ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ, უმეტესწილად არ ამართლებს. ამას გარდა, რთული პრობლემების გაუმართლებლად გამარტივება, ან, პირიქით, მარტივი პრობლემის გართულება ვიცით. აი, ეს არის ჩვენი ნაციონალური ხასიათის ხარვეზები: გვაკლია საკუთარი შესაძლებლობების შეფასების უნარი და ხვალინდელი დღის დაგეგმვა. შორს არ წავალ, ჩემი მეგობრებისა და ნათესავების მაგალითზე ვიტყვი: ძალიან უჭირთ დაგეგმვა და, როდესაც ამაზე ველაპარაკები, გაკვირვებულები მიყურებენ. ძალიან ხშირად ნახავთ ქართველს, ორ კაპიკს იშოვის და მანქანას იყიდის.
– ეს ჩვენი ხასიათის თვისების, თეატრალობის გამოვლენაა.
– ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანი იბრძვის თავისი ადგილისთვის და ეს, ბოლოს და ბოლოს, ყველა ცოცხალი ორგანიზმის თვისებაა, მაგრამ, არ არის სწორი, სახლს რომ გაყიდი და მანქანას იყიდი. დროს მოაქვს ცვლილებები და ჩვენი ახალგაზრდობა უფრო პრაგმატულია, ვიდრე, მაგალითად, მე ვიყავი მათ ასაკში. თუმცა ახალგაზრდობასაც ბევრი რამ აქვს დასაგეგმი. შესაძლებლობების შეფასება და დაგეგმვაა დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ათი წლის შემდეგ. ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და გეტყვით, რომ ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი, რა გვინდა. არ ვიცით, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს. 25 წელი გავიდა, მეოთხე ხელისუფლებაა და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ: არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაგეგმა ქვეყნის მომავალი და არც საზოგადოებამ მოსთხოვა მათ ეს გეგმები. არც საზოგადოება სვამს კითხვას: როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს? არადა, თუ ფუნქცია არ აქვს სახელმწიფოს, ის გაქრება. სხვათა შორის, მაშინაც, რომ წავიქეცით და გავქრით, ფუნქციადაკარგულები ვიყავით. ქართული სახელმწიფოს არსებობის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. დღეს არსებობს ამის საჭიროება. ძალიან დიდი პროცესები მიდის ჩვენს სამეზობლოში და საქართველო, მერწმუნეთ, ძალიან ბევრ ქვეყანას დასჭირდება. დასჭირდება ყველა ჩვენს მეზობელს, მათ შორის, რუსეთსაც, რაც უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ ახლა გვაქვს არასრულფასოვნების კომპლექსი: ჩვენ ხომ ასე ვართ, ხან გაგვივითარდება იდეა, რომ ყველაზე მაგრები და საუკეთესოები ვართ, ახლა კი ვართ იმ სტადიაში, როდესაც გვგონია, რომ ყველაზე სუსტი და უსუსური სახელმწიფო ვართ დედამიწაზე. არ არის ასე: დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოს. ხშირად მსაყვედურობენ, რატომ არ ჩანხარო, არადა, ეს არ ხდება ჩემი მიზეზით. არავის აინტერესებს თემატიკა, რაც ჩემთვის საინტერესოა და, ის თემები, რომლებიც ტელეეთერებშია, ჩემთვის არ არის საინტერესო: არ მაინტერესებს, ვინ იქნება პრეზიდენტის სასახლეში; არც ის, პრეზიდენტი რომ ქუთაისში ჩავა, ამ დროს იქ პრემიერ-მინისტრი დახვდება თუ არა და ამ თემებზე კვირეების განმავლობაში საუბარი. რა არის ჩვენი პოლიტიკოსების მიზანი, ჩვენი ჟურნალისტების მიზანი, რას ვადგენთ? თუ, უბრალოდ, სკანდალების მადევარი ხალხი ვართ?! ყველა ცივილიზაციას აქვს რაციონალური და ირაციონალური ნაწილი, წარმატებული ქვეყნებისთვის წარმმართველია რაციონალური, ჩვენ ირაციონალური გვაქვს უმაღლეს დონეზე განვითარებული. პრაგმატიზმის ნაკლებობაც ჩვენი ხასიათის ხარვეზია: პრაგმატიზმი გვაკლია. ვართ არაჩვეულებრივი ხალხი, გენიალური ადამიანები ძალიან ხშირად იბადებიან ქართულ სინამდვილეში. დამისახელეთ სხვა ოთხმილიონიანი ერი, ვისაც ასეთი წარმატებები ჰქონდეს კულტურაში, სპორტში, პოლიტიკაში?! ასეთი დამსახურებები ჰქონდეს ისტორიაში?! ქართველები ძველი ხალხების ათეულში შევდივართ. მაგალითს გეტყვით: დღეს ბიბლია ნათარგმნია 1 500-მდე ენაზე. პირველ ათასწლეულში 12 ენაზე იყო ნათარგმნი და ერთ-ერთი იყო ქართული. ისმის კითხვა: მაგრამ, ეს რაში შეიძლება მიეხმაროს ადამიანს?!
– თვითშეფასებაში.
– საკუთარი ღირსების განვითარებაში.
– ანბანზეც იგივე ითქმის?
– ანბანი თემაა, მაგრამ, ისევ დაუდევრობას ვიჩენთ საკუთარი მემკვიდრეობის მიმართ. მიდის ქართული ცეკვის, ღვინის, სიმღერის ბრენდირება, მაგრამ ანბანის ბრენდირება ვერ შევძელით. რაღაც კომპლექსი გვაქვს: როდესაც სომხები ამბობენ, მესროპ მაშტოცმა შეგიქმნათ ანბანიო, ჩვენ ეს არ გვჯერა, მაგრამ შიშები მაინც გვაქვს.
– ვთქვათ, შეგვიქმნა, მერე რა? ბოლოს და ბოლოს, სამი გვაქვს.
– არ შეუქმნია! წყაროში წერია, რომ მიეხმარა. ანბანს რომ ქმნი, ენა უნდა იცოდე. ენა არ იცოდა მესროპ მაშტოცმა. ჩამოთვლილია, რომელი ენები იცოდა. ხშირად ქართველისა და სომხის ურთიერთობა კომიკურ ხასიათს იღებს: სომეხი ამბობს, ანბანი ჩვენ შეგიქმენით, ქართველი ამბობს, ეს ასე არ ყოფილაო და, ამ დროს, არც ერთმა იცის სწორად, როგორ არის. ეს რაღაც ქვეცნობიერ შიშში გადაგვივიდა, თორემ, რა გახდა იმის აფიშირება, გატანა და მიწოდება კაცობრიობისთვის, რომ ანბანის მქონე ხალხი ვართ?! ნიშანდობლივი დამოკიდებულებაა ჩვენი მემკვიდრეობის – დამწერლობის მიმართ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სოროში რომ გვყავს ამდენი წელია, სომხებს კი მთავარ მოედანზე აქვთ. რატომ ვმალავთ?! არადა, ძალიან მარტივი ამბავია – კარგავ იმას, რასაც არ უფრთხილდები და მიაგდებ, რადგან, ვიღაც გამოივლის, დაავლებს ხელს და წაიღებს.
– იგივე მიდგომა არაა ქართული მიწისადმიც? ჩვენ არ ვამუშავებთ, მაგრამ არც სხვამ უნდა დაამუშაოს, ჩვენია და იმიტომო. არადა, თუ შენია, მოუარე.
– გვინდა თუ არ გვინდა, ეს ასე დამთავრდება: შენ თუ ვერ იყენებ ამ მიწას, ის დაიკავებს, ვინც გამოიყენებს. სანამდე გვინდა სასათბურე მდგომარეობაში ყოფნა? არ მომეკაროს არავინო?! მშრომელმა ადამიანმა, შესაძლოა, დიდ ფინანსურ წარმატებებს ვერ მიაღწიოს, მაგრამ, შიმშილით რომ არ მოკვდეს, ეს სავსებით შესაძლებელია. ამასთან, შენარჩუნებულია ძველი ჩვევები, მაგალითად, ქალაქში გადმოსვლა. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, როდესაც რუსეთის სავაჭრო კარი ცოტა შეიღო, რაჭაში (მე რაჭველი ვარ), კილო „ხვანჭკარა“ 8 ლარი გახდა და გლეხკაცობამ ძალიან იხეირა. მეზობელი გვყავს, რომლის ოჯახმა 45 000 ლარი აიღო. გლეხისთვის და არა მხოლოდ გლეხისთვის, 45 000 ლარი არის ციური მანანა. მაგრამ, რა გააკეთა ამ ჩემმა მეზობელმა? გლდანში იყიდა ერთოთახიანი ბინა. ვეუბნები: მიწიდან ამოგდის ფული, დაფასდა შენი შრომაც და ეს ჯიშიც-მეთქი, მაგრამ თბილისში გეგმავს გადმოსვლას და, რა უნდა გააკეთოს თბილისში?! ერთ ადგილას რაღაც იყიდოს და მეორე ადგილას გაყიდოს. არადა, ის, რისი საშუალებაც მას აქვს, ყველას არ აქვს, „ხვანჭკარა“ ყველგან არ მოდის; შენ რომ გაგიმართლა, რატომ გადმოდიხარ თბილისში?! ჩემი ძმა ნიუ-იორკიდან, 25 წელი ცხოვრობდა იქ, კოლუმბიის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, დაბრუნდა, დასახლდა რაჭაში და ფერმერობას მიჰყო ხელი. გაკვირვებულები არიან, ვერაფრით გამოიცნეს, რატომ დაბრუნდა. იმიტომ რომ ჩვენთან იგეგმება სოფლის მცხოვრებლის გადასვლა ქალაქში, როდესაც პირიქითაა პროცესი – ბევრი ქალაქელი ვიცი, სოფლისკენ რომ მიდის. მაგრამ ჩემი მეზობელი გლეხი გამონაკლისი რომ არ არის?! ამას რომ მასობრივი ხასიათი აქვს?! თუმცა ესეც გაივლის, უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ, ჯობდა, ჩვენით მივხვედრილიყავით. აი, ასეთი რაციონალური გააზრებები გვაკლია: ყაირათიანობა. სულ იმის მოლოდინი გვაქვს, ვიღაც მიშველისო. საკუთარი თავის იმედად ყოფნა არ ზის ჩვენს ხასიათში.