კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანებაზე უარს თეიმურაზ მამსუროვის პოსტიდან გათავისუფლებაში და როგორ მიაღწია უშუალოდ რამზან კადიროვს დაქვემდებარებული სამხედრო შენაერთის რაოდენობამ 50 000-ს

თეიმურაზ მამსუროვი ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლეს და იმდენად ჩამოალაბორანტეს, რომ პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად დანიშნეს „იუჟნაია ოსეტიას“ მიმართულებით. ეს ამბავი რომ მოხდებოდა, აპრილშივე გვაცნობა ვლადიმირ პუტინის პრესმიდივანმა დმიტრი პესკოვმა, ოღონდ მიზეზის კომენტირებისგან თავი შეიკავა. მამსუროვის მოხსნა  თითქოს იმას უკავშირდებოდა, რომ, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, პირი ორ ვადაზე მეტი ხნით ზედიზედ არ შეიძლება, იკავებდეს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტს (თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მას დაბალი რეიტინგი ჰქონდა). მეორე მხრივ, არანაკლებ მოულოდნელი იყო ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ტამერლან აგუზაროვის დანიშვნა (ვლ. პუტინმა შესაბამის ბრძანებას 5 ივნისს მოაწერა ხელი). ირწმუნებიან, რომ 52 წლის აგუზაროვს კავშირი არ აქვს არც ერთ კლანთან. საბოლოოდ, ის მაშინ გახდება პრეზიდენტი, თუკი ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტი უმრავლესობით აირჩევს რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამ კანდიდატს შორის. საინტერესო ისაა, რომ აგუზაროვის კანდიდატურა არც კი განიხილებოდა და ის მოულოდნელად გაჩნდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა თეიმურაზ მამსუროვის მუშაობით, თუ რატომ და რა გახდა მისი მაღალი პოსტიდან ჩამოშორების მიზეზი, ამის გაგებას კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძისგან შევეცდებით.

– რატომ შეირისხა კრემლის მიერ თეიმურაზ მამსუროვი?

– მამსუროვის ხელში ჩრდილო ოსეთმა დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც მას ჰქონდა ორი საუკუნის განმავლობაში –  რუსეთის ერთგვარი ფორპოსტისა ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს ფუნქცია გადაიბარა რამზან კადიროვმა. ამ ფუნქციის დაკარგვას მოჰყვა ცენტრიდან ტრანშების შემცირება და ჩრდილო ოსეთი გახდა ერთ-ერთი რესპუბლიკა ჩრდილო კავკასიურ 7 რესპუბლიკას შორის. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ოსეთში მკვეთრად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა და სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა. ამასობაში მოსკოვში ჩამოყალიბდა ოსური ელიტა –  ფინანსური და პოლტიკური, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი კანდიდატურის გაყვანა  ამ პოსტზე და მამსუროვი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. აი, ამან განაპირობა მამსუროვის წასვლა.

– მამსუროვის მმართველობის პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთში გაძლიერდა მუსლიმანური ფაქტორიო. ასეა?

– ესეც არის მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი, ოღონდ არა გადამწყვეტი. ოსური დიგორული თემი, რომელიც მუსლიმანურია, გაძლიერდა და გავლენა მოიპოვა რუსეთის საერთო ისლამურ სივრცეში. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩრდილო ოსეთის მუფტის მოადგილეების ლიკვიდაცია გახდა ტრადიციული: უკვე ორი მოადგილე დაუხოცეს, რაც უარყოფით კრიმინალურ გარემოზე მიუთითებს და ესეც ფაქტორია.

– თვითონ მამსუროვს რატომ მოუვიდა ასეთი იაღლიშები? სუსტი მმართველი იყო? თუ სუსტი იყო, ამდენ ხანს რატომ დატოვეს პოსტზე?

– მამსუროვი არის უშიშროების ოფიცერი. რაც მოუვიდა, იმიტომ მოუვიდა, რომ სუსტია. მანამ, სანამ მამსუროვი დაიკავებდა ამ პოსტს, მოსკოვში არ უნდოდათ, რომ ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი გამხდარიყო ბალუევი, ლუდ „ბალტიკის“ მფლობელი. იმ პერიოდში გამოკითხვებით მას მხარს უჭერდა ჩრდილო ოსეთის მოსახლეობის 40 პროცენტი, მამსუროვი კი მეხუთე ადგილას იყო, 5-პროცენტიანი მხარდაჭერით. მაგრამ, სამაგიეროდ, იყო სპეცსამსახურების თანამშრომელი და ამან განაპირობა მისი დანიშვნა ამ პოსტზე. საქმე იქამდე მიიყვანა მოსკოვმა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ბალოევს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. მამსუროვი იყო ნაცრისფერი ფიგურა, რომელიც არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენდა და მიკვირს, აქამდეც როგორ გაძლო.

– თუ სწორად მახსოვს, მამსუროვი იყო ჩრდილოეთ და „სამხერთ ოსეთის“ შეერთების წინააღმდეგი?

– არა, წინააღმდეგი კი არ იყო, მამსუროვი ასრულებდა მოსკოვის ბრძანებას. მოსკოვს არ სჭირდებოდა „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანება იმ ეტაპზე, როდესაც ამაზე ლაპარაკი დაიწყო. როდესაც ანატოლი ბიბილოვის პარტიამ გაიმარჯვა „სამხრეთ ოსეთში“, ამ პარტიას, სხვათა შორის, ჰქვია „ედინაია ოსეტია“, მისი ლოზუნგი სწორედ ეს იყო –  ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანება. მაგრამ მამსუროვი ყოველთვის ცდილობდა, დელიკატურად მიეწვდინა ჩრდილო და სამხრეთელი ოსებისთვის მოსკოვის ხმა, რომ გაერთიანება არ იყო მიზანშეწონილი. ამდენად, მე ვერ ვიტყვი, რომ ის წინააღმდეგი იყო, ის ასრულებდა მოსკოვის ნებას.

– ჩეჩენთმა, ანუ კადიროვმა გადაიბარა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ფორპოსტის როლიო, ესე იგი, მოსკოვს ჩრდილოეთ ოსეთის გაძლიერება უნდა? შეძლებენ ოსები ჩეჩნების საპირწონის როლის შესრულებას?

– მანდ დაბალანსების თემაა, რადგან კადიროვი განსაკუთრებით გაძლიერდა და მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ის უყვარს და მოსწონს, პუტინი ერთპიროვნულად არ მართავს რუსეთს, თუმცა ყველას ჰგონია, რომ ასეა. იქ საკმაოდ გავლენიანი ფიგურები არიან: სპეცსამსახურების ხელმძღვანელი, იგივე ივანოვი, ბორტნიკოვი და სხვები და მათ მიაჩნიათ, რომ კადიროვის ასეთი გაძლიერება მოსკოვს პრობლემებს შეუქმნის. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ მოხდა, რაც კადიროვმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის სპეცსამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეუძლიათ, ცეცხლი გაუხსნან რუსეთის სხვა რეგიონის ძალოვნებს, თუ ისინი სპეცოპერაციას ჩაატარებენ ჩეჩნეთში. იცით, რომ სტავროპოლელებმა ჩაატარეს გროზნოში სპეცოპერაცია და ამას მოჰყვა კადიროვის ეს განცხადება. რომელიც თავხედობად ჩაითვალა მოსკოვში და აბსოლუტურად სწორადაც. იმანაც გამოიწვია გაღიზიანება რუს ძალოვანებში, როდესაც კადიროვმა 60 წლის პოლიციელს მიათხოვა 17 წლის გოგონა. ანუ დღეს მოსკოველი ძალოვნებისთვის კადიროვი ასოცირდება იმასთან, რომ კადიროვს ყველაფრის უფლება აქვს, რაც ბევრს არ მოსწონს. როგორც ჩანს, დააჯერეს პუტინი, რომ მომავალში კადიროვი რუსეთისთვის პრობლემად იქცევა. დღეს კადიროვს 25 000 შეიარაღებული ადამიანი ჰყავს ოფიციალურად. ყველა გაერთიანებულია საერთო შენაერთში, მაგრამ ცალკე არის არასაუწყებო პოლკი, რომელსაც ვითომ ეხება ნავთობსადენების დაცვა. ამ პოლკის რიცხვი უკვე დივიზიამდეა ასული. სინამდვილეში 50 000-ა.

– შეიარაღებულები არიან?

– უახლესი ტექნიკით. მაგალითად, ავტომატი „ბორზი“ არის რუსეთის ელიტური სპეცრაზმის იარაღი და ჩეჩნეთში ეს შეიარაღება აქვს კადიროვის დაცვას. ამიტომ მოსკოვი ფიქრობს, რომ საჭიროა კადიროვის შეკავება და ისეთი ფიგურის მოძებნა, რომელიც კადიროვს დააბალანსებს. ამის გაკეთება ვერ შეძლო იაკუროვმა, ინგუშეთის პრეზიდენტმა, იმიტომაც, რომ ინგუშეთი პატარაა და ამის გაკეთება არ მოინდომა დაღესტნის პრეზიდენტმა, იმიტომ რომ მას საამისო თვისებები არ აქვს. ამიტომ უმჯობესია, თუ ამ ფუნქციას შეასრულებს ქრისტიანული რესპუბლიკა და დაიბრუნებს თავის ფუნქციას ჩრდილოეთ ოსეთი.

– მესმის, მაგრამ ამას რელიგიური მომენტი არ შეაქვს ჩრდილოკავკასიაში, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ოსებსა და ჩეჩნებს რთული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან?

– დღევანდელ გეოპოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რელიგია და ამ შემთხვევაშიც ასეა. ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ანგარიშს უწევენ მოსკოვში.

– რელიგიური თვალსაზრისით, რუსეთის ყველაზე დიდი მოკავშირეა საქართველო. აი, გასულ კვირას გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს აფერხებს საქართველოს სწრაფვა „ნატოსა“ და ევროკავშირში და კანონი ოკუპაციის შესახებ. ანუ რუსეთის მიერ ოკუპაცია კი არ აფერხებს, არამედ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ. გამოდის, უარი თქვით, „ნატოსა“ და ევროკავშირზე, აღიარეთ ცხინვალი და სოხუმი და ჩვენ მოვიფიქრებთ, რა ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობა დავამყაროთ თქვენთანო?

– ეს არის აბსოლუტურად უნიჭო, უადგილო და კონტრპროდუქტიული განცხადება. უნდა გითხრათ, რომ თვითონ მოსკოვში ამ განცხადებას საკმაოდ უსიამოვნო რეაქცია მოჰყვა თვითონ ძალოვნებში. ჩაითვალა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უაზრო ინიციატივა გამოიჩინა, რომელიც აბსოლუტურად არ სჭირდებოდა მიმდინარე მომენტს. ბუნებრივია, იკითხავთ, საიდან მაქვს მე ეს ინფორმაცია. განცხადებას კომენტარი გაუკეთა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და იგრძნობოდა, რომ ეს განცხადება მისთვის მისაღები არ იყო.

– ვითომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გააკეთა ეს განცხადება ლავროვის უწყებამ?

– რა თქმა უნდა, ეს განცხადება იქნებოდა შეთანხმებული რუსეთის პრეზიდენტთან. საქმე ისაა, რომ დღეს რუსეთს იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე საქართველოსთან ურთიერთობაა.  ამიტომ ხშირად პუტინს ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში არწმუნებენ ხოლმე საერთო დინამიკაში. ლავროვს კი ამის საოცარი ნიჭი აქვს.

– რას გვერჩის ლავროვი?

– მე მაინც მგონია, ეს არის მომავალი კარასინი-აბაშიძის შეხვედრის კონტექსტში გაკეთებული განცხადება.

– არ უნდათ, რომ მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა იყოს?

– უნდათ, მაგრამ ისიც უნდათ, რომ საქართველომ იცოდეს თავისი ადგილი. ასე ჰგონიათ ლავროვსა და მის გუნდს.

– ამდენი წელია, რუსეთი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, სულ უნდა, რომ თავში და მაღლა იყოს და იმის ილუზიასაც კი არ ქმნის, ვითომ თანაბარუფლებიან სუბიექტებად აღიქვამს მოკავშირეებსა თუ პარტნიორებს. არადა, ასეთი მდგომა მათვე მოუტანდა სიკეთეს.

– სხვათა შორის, ძალიან გააღიზიანა მოსკოვი თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნამ და აქედან გამომდინარე, იხელთეს დრო ლავრომა და მისმა გუნდმა.

– რატომ? იმიტომ რომ „რესპუბლიკელი“ თუ პროდასავლელია? ალასანიაც ასეთივე არ იყო?

– ალასანიაც ასეთი იყო და ალასანიას დანიშვნაც არ მოსწონდათ.

– მათ ვარდიკო ნადიბაიძე მოსწონდათ, მაგრამ ის ვერ იქნებოდა მუდმივად თავდაცვის მინისტრი.

– მათ როგორც უნდათ, ისე არ იქნება, ბუნებრივია. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაცნაირად სიტუაცია შეარბილოს. ცდილობს, რომ ამ საერთო გეოპოლიტიკურ კრიზისში საქართველო არ გახდეს განსაკუთრებული სუბიექტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ინტერესი როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ, სხვათა შორის, უკრაინასთან ჩაბმამ შეიძლება, მოგვიტანოს სიკეთეები. პირველი, რაც მოგვიტანა, ეს იყო რიგის სამიტის შედეგები, ამიტომ ზუსტად ასაწონ-დასაწონია ყველაფერი. ცალმხრივი დამოკიდებულება და ერთ ვექტორზე ჩამოკიდება არ ივარგებს, მაგრამ ისიც არ ივარგებს, რომ შიშველი ხელებით დავხვდეთ რუსეთს. ამდენად, ჩვენ სწორად უნდა ვითამაშოთ და ვივაჭროთ საერთო პოლიტიკურ სივრცეში.

– რუსეთს საქართველო ხომ გამოადგებოდა კავკასიის შენარჩუნებაში? კავკასიასაც რომ თავი დავანებოთ, გამოადგება ჩრდილოეთ კავკასიის შენარჩუნებაში, რაც რუსეთის ინტერესიცაა, დასავლეთისაც და ჩვენიც, რატომ არ იყენებს ამ შესაძლებლობას?

– უამრავჯერ დამისვამს ეს შეკითხვა რუსი კოლეგებისთვის და ვერასდროს მივიღე მკაფიო პასუხი. ერთადერთი პასუხი, რომელიც ახლა გაჩნდა, ასეთია: ჩვენ, ანუ რუსებმა დავუშვით შეცდომა გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში, როდესაც ოსებსა და აფხაზებს დავუჭირეთ მხარი და ახლა გვიანია ამ შეცდომების გამოსწორებაო. ამას ამბობენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები. ეტყობა, ამის შესახებ მსჯელობენ, მაგრამ იმასაც ამატებენ, უკან დასაბრუნებელი გზა არ გვაქვსო. კიდევ ერთი – დასავლეთთან დაპირისპირების კონტექსტში რუსეთს უბრალოდ დრო არ აქვს, რომ სერიოზულად დაკავდეს კავკასიური პრობლემებით.

– ჩრდილო ოსეთის ფაქტორის გააქტიურება და დაპირისპირება ჩეჩნეთთან არ გამოიწვევს არეულობას ჩრდილო კავკასიაში?

– როდესაც პუტინი 10 დღით დაიკარგა და შეწყვიტა ურთიერთობა კადიროვთან, მათ ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ, კადიროვი პანიკაში ჩავარდა და ძალიან საინტერესო მოძრაობები დაიწყო ჩეჩნეთში: ყაზარმულზე გადავიდნენ, თუმცა ასეთი ბრძანება არ იყო. კადიროვი, რბილად რომ ვთქვათ, შეშფოთებულია და რუსული მედია სულ ცხვირში აჩრის იმ ფრაზას, რომ ის ერთგულია პუტინის და არა რუსეთის. ალბათ, ნანობს კადიროვი ამის თქმას, მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს?! ასეა თუ ისე, მცდელობაა, რომ კადიროვი დასვან თავის ადგილზე, რაც რთული გასაკეთებელია. ამისთვის საჭიროა, მეზობელ რესპუბლიკებში ისეთი პრეზიდენტები იყვნენ, რომლებიც კბილებს გამოაჩენენ. 

– თუ გაიხსენებენ რუსეთში, შამილი ვინ მოსვა თავის ადგილზე თავის დროზე, არ იქნება ურიგო.

– ვერ იხსენებენ…

скачать dle 11.3