კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოუგო ავთანდილ კახნიაშვილმა პატრულს სასამართლო და როგორ გაშიფრა მან ავტოინსპექტორების ხრიკები

სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი, ალბათ, ერთადერთია, ვინც საქართველოში საპატრულო პოლიციას სასამართლო მოუგო.  მან  ოთხჯერ წამოიწყო დავა სასამართლოში. მართალია, გამარჯვებული მხოლოდ ერთი პროცესიდან გამოვიდა, თუმცა მიაჩნია, რომ ეს მაინც უპრეცენდენტო ფაქტია და ამით ყველა იმ ადამიანს მისცა სტიმული, ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა ამ გზით არასდროს უცდია.  რაში ამხელს ავთანდილ კახნიაშვილი დღეს საპატრულო პოლიციას და რატომ იყო მისი მართვის მოწმობა „ჩანიშნული,” ამაზე  თავად ბატონი ავთანდილი გვიამბობს: ავტომობილებით  ძალიან დიდი ხანია, თითქმის ბავშვობიდან ვარ გატაცებული. ათამდე  თვითნაკეთი მანქანა მყავს, ასევე, რამდენიმე ძველი, უნიკალური მანქანის მფლობელიც ვარ. მყავს  30-იანი წლების „მერსედესი”, „ოპელი,” ასევე  50-იანი წლების „პობედა,” რომლითაც  ვმონაწილეობ ავტოგამოფენებში.  ამ სფეროში იმდენად დიდი ხანია, ჩართული ვარ, შეიძლება ითქვას, ავტოექსპერტად ჩამოვყალიბდი. 6 წიგნისა და 41 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ვარ სამართალში. ჩემი ნაშრომების თემებია:  ადამიანის უფლებები, სასამართლო რეფორმა, პრივატიზავია, დანაშაულის პრევენცია, კორუფცია –  ალბათ, ჩემი პროფესიული გამოცდილების გავლენაც არის, რომ ადამიანებს მუდმივად თავისი უფლებების დაცვისკენ მოვუწოდებ. სწორედ ამას უკავშირდება   ჩემი და საპატრულო პოლიციის ურთიერთობის გახმაურებული  „გამოცდილება”.  წლების წინ, ცოტა ხნით  გერმანიაში მომიწია ცხოვრება. მაშინ ვნახე, რა არის მოწესრიგებული სახელმწიფო.  მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩვენთან მოქალაქეობრივი კულტურა ჯერ  დაბალ დონეზეა და საკმაოდ  შორს ვართ  ცივილიზებული მიდგომისგან, რომელიც  კანონის უზენაესობაზეა აგებული.  თუ ამ კულტურას ჩვენც გადმოვიღებთ, ურიგო არ იქნება. მე ამ მიდგომით ვცხოვრობ დიდი ხანია.   უკვე 40 წელია, საკუთარ ავტომობილს ვმართავ, არც ძველი მილიციონერებისთვის და არც ახლანდელი პოლიციისთვის, მანეთი არ მაქვს გადახდილი. 

– ერთადერთი ხართ, ვინც საპატრულო პოლიციას სასამართლო პროცესი მოუგო. ეს  როგორ მოახერხეთ?

–  ჩემი მიზანი უპირველესად, იყო ის, რომ მოქალაქეებისთვის შემექმნა პრეცედენტი – მათთვის საკუთარი უფლებების კანონით  დაცვის მოთხოვნა გამეჩინა. დამოუკიდებელ სახელმწიფოში, როცა ევროკავშირისკენ გვაქვს სწრაფვა,  სამართლებრივი დონის ამაღლება იმით უნდა დავიწყოთ, რომ  კანონის ფარგლებში მოვაწესრიგოთ ურთიერთობები საპატრულო პოლიციასთან.  კომუნისტების დროს  ნამდვილად არ მიკვირდა, როცა მძღოლები  საგზაო წესების დარღვევისთვის, ან ზოგჯერ ამის გარეშეც,  ცდილობდნენ  გარიგებას, ქრთამის მიცემას. მაშინ ეს მიღებული პრაქტიკა იყო. ადამიანები იშვიათად ასაჩივრებდნენ თავის პრეტენზიებს ავტოინსპეციის მიმართ, თუმცა არსებობდა ეგრეთ წოდებული მეთორმეტე ოთახი,  სადაც ხდებოდა სადავო საკითხების განხილვა.  იმ დროს, არასდროს დამჭირვებია სასამართლოში წასვლა. ყველა დარღვევას, რომელსაც ჩემ მიმართ ჰქონდა ადგილი, ვასაჩივრებდი ამ სამსახურში და  რეაგირებით კმაყოფილი ვრჩებოდი.  საქმე ძირითადად ეხებოდა უსაფუძვლო გაჩერებებს სწორედ ფულის გამოძალვის მიზნით. ეს იყო  ადრეც და ახლაც „პოლიციური მახის” სახით უსაფუძვლო საჩივარს ხომ არ დავწერდი?!  თუ ვიცოდი, რომ მოძრაობის წესები დავარღვიე, ვიხდიდი ჯარიმას, ყოველგვარი გასაჩივრების გარეშე. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა აქტიურად დაიწყო  საპატრულო პოლიციის პიარაქციები  და პატრული, ახალი ხელისუფლების იმიჯად იქცა, სამწუხაროდ,  ბევრი რამ უცვლელი დარჩა. მათ შორის, უსაფუძვლო გაჩერებები,  საგზაო ნიშნები.  საპატრულო პოლიციაში იყვნენ  თანამშრომლები, რომელთაც საგზაო მოძრაობის წესებიც კი არ იცოდნენ,  მაგრამ არსებობდა  მიდგომა, რომ  პატრული ყოველთვის იყო მართალი.  არასწორად შედგენილი ოქმების გასაჩივრებას აზრიც კი აღარ ჰქონდა. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც არც თბილისის პოლიციის სამმართველოს, არც საპატრულო დეპარტამენტის მიერ არ მოხდა  ჩემი საფუძვლიანი საჩივრების დაკმაყოფილება, მე მომიწია წასვლა სასამართლოში.  ოთხჯერ მქონდა საქმე სასამართლოში, რომელთაგან ერთი პროცესი დასრულდა ჩემი საჩივრის დაკმაყოფილებით.  პატრულის თანამშრომელმა დარღვევად ჩამითვალა შუქნიშნის დამატებით სექციაზე გავლა იმ ვითარებაში, როცა ძირითად სექციაში ენთო მწვანე სიგნალი.  მე ეს საქმე მოვიგე, თუმცა დღემდე არ აღსრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დააკისრა შინაგან საქმეთა  სამინისტროს გადაეხადა ჩემთვის ის თანხა, რომელიც  ბაჟის სახით მე  გადავიხადე.  დანარჩენი  სამი შემთხვევიდან, რომელიც სასამართლოში წარიმართა, ოქმები ასევე  შედგენილი იყო უსაფუძვლოდ, ეხებოდა  საგზაო ნიშნის არასწორ მონიშვნას; ასევე ეგრეთ წოდებულ ოქმს ნასვამობაზე. თუმცა, მე ორ საათში მეჭირა ხელში საბუთი, რომლის მიხედვითაც სრულიად ფხიზელი ვიყავი. ოთხი სარჩელიდან  ორი პროცესი წავაგე, ჩვენი მოსამართლეები ხელს აფარებდნენ პოლიციას. ხუთასი ლარის ბაჟის გადახდა დამიჯდა ეს პროცესები. ერთი საქმე კი ისე გააჭიანურეს ოთხი წელი,  რომ სარჩელი  უკან გამოვიხმე.  მე ასევე, აქტიურად ვაპროტესტებდი საპატრულო  მანქანებზე კერძო კომპანიების სარეკლამო ფირნიშების  გამოყენებას. ყველა სარჩელში, გარდა უსაფუძვლოდ შედგენილი ოქმებისა, ამასაც ვითხოვდი. არც ერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი საფუძვლიანი მოთხოვნა, რომ საჯარო სამსახურის კუთვნილ ავტომობილს, „ჯეოსელის” ან სხვა  ნებისმიერი კერძო კომპანიის  რეკლამა  არ უნდა ჰქონდეს.  სასამართლო პროცესებზე  ჩემი უფლებების დამცველი მე თვითონ ვიყავი.  უფრო მეტსაც გეტყვით, შევარდნაძის დროს ჩემმა აქტიურობამ გამოიღო შედეგი. საპატრულო პოლიციაში მისაღები თანამშრომლების კონკურსში მეც ვიღებდი მონაწილეობას, როგორც სამართლის პროფესორი.

– თქვენ აცხადებთ,  რომ თბილისის ბევრ უბანში, საგზაო მოძრაობის ნიშნები განზრახ არასწორად არის დაყენებული,  რის გამოც ჯარიმდებიან მძღოლები და ამის შედეგად, ბიუჯეტში მილიონობით ლარი შედის. 

–  ადგილები, სადაც  საგზაო ნიშნები არაა სწორად განსაზღვრული,   თბილისში საკმაოდ ბევრია. ამ გზით ბიუჯეტში საკმაოდ დიდი  თანხა შედის.  ჩემი დათვლით, ალბათ, 50 მილიონამდე. ამას დაუმატეთ „სითი პარკიდან” შესული თანხებიც.  ეს წმინდა წყლის კორუფციული სქემაა. მერიის შესაბამისი სამსახური საგზაო ნიშნებს აყენებს „სითი პარკის” ინტერესების შესაბამისად, რათა ამ კერძო სექტორმა რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღოს მძღოლებისგან,  რაც მერე, „ატკატების” სახით, მერიის მაღალჩინოსმებთან ბრუნდება.  საგზაო ნიშნების ნაწილი დგას ისე, რომ ეს შედის საპატრულო პოლიციის ინტერესში, არა იმიტომ, რომ მოწესრიგდეს  მოძრაობა, არამედ პირიქით, შეიქმნას ეგრეთ წოდებული „პოლიციური მახე” – არასწორი მონიშვნით, არასწორი შუქნიშნით, რაც მიმართულია ბიუჯეტის შესავსებად. ასეთთა შორისაა ადგილები  წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან, ხეთაგუროვის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, სააკაძის მოედანზე, სპორტის სასახლესთან. ასევე, კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე, ისე რომ, შეიძლება მანქანიდან ვერ შეამჩნიოთ, დგას ნიშანი - „მართვა შესაძლებელია სავალდებულოდ მარჯვნივ”. ამ დროს მანქანები მასობრივად უხვევენ მარცხნივ, არ არის ეს, მახე? საკმაოდ ხშირია არასწორი მონიშვნები იქ, სადაც ვიდეოკამერებია.

– დღესაც ასაჩივრებთ ამ დარღვევებს? დაახლოებით, რამდენი საჩივარია თქვენს „ანგარიშზე”? 

–  ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, წელიწადში ხუთი საჩივარი მაინც იყო ხოლმე.  ამ წლებში დაახლოებით, ალბათ, ორმოცდაათამდე საჩივარი მექნება დაწერილი.  ბოლო წლებში,  ჯერ სასამართლოში არ წავსულვარ, თუმცა ამაზე ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობ, ვწერ პუბლიკაციებს, ვასაჩივრებ ყველა უსაფუძვლო ოქმს.  სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დღესაც არ ასაჩივრებენ დარღვევებს, 20-ლარიანი ჯარიმისთვის ორ სასამართლო ინსტანციაში  500 ლარამდე ბაჟის გადახდა არავის უნდა. ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები.  უნდა დამკვირდდეს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია. ადამიანებმა  არ უნდა  იფიქრონ, რომ  საჩივრის დაწერა ინტრიგნობაა. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ამ იარლიყს ძალიან ადვილად აკრავენ ადამიანს. თუმცა, ჩემთვის ეს არასდროს იყო პრობლემა. უფრო მეტსაც გეტყვით, შევარდნაძის დროს, პოლიციელებს მართვის მოწმობებზე ჰქონდათ სპეციალური აღნიშვნა, რომელსაც თვითონ აკეთებდნენ ჩუმად. ამ „ჩანიშვნებით” ზუსტად იცოდნენ, როგორ მძღოლთან ჰქონდათ საქმე. ამ ხრიკით  ხვდებოდენენ, რომ საქმე ჰქონდათ ადამიანთან, ვინც ყველა დარღვევას ასაჩივრებდა.  ასეთ ადამიანთან ფულზე საუბარი კატეგორიულად  არ შეიძლებოდა. ეს ნიშანი გვიან აღმოვაჩინე ჩემს მართვის მოწმობაში. ავდექი და ის ერთი „პტიჩკა”, ათად ვაქციე – მე თვითონ დავამატე დანარჩენი. ავტოინსპექტორი, რომელმაც გამაჩერა და მართვის მოწმობაში ათი „პტიჩკა” დაინახა, ცოტა კი დაიბნა, მაგრამ  მალე მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე (იცინის).  

скачать dle 11.3