ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ფერმერმა მოქალაქისგან სესხის სახით აიღო 2 000 დოლარი. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დააგირავა 40 ცხვარი. დაგირავების შემდეგ ნამატმა შეადგინა 16 ბატკანი. ფერმერმა ვერ დააბრუნა სესხი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოგირავნემ მოითხოვა, ვალდებულების სრულად უზრუნველყოფისთვის, გირაოს რეალიზაცია ნამატთან ერთად. კანონიერია თუ არა ეს მოთხოვნა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოცემული ურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან. უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. როცა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ, თუ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონება სრულად ვერ უზრუნველყოფს ვალის თანხას, შესაძლებელია, მოხდეს ვალის დაბრუნება სხვა ქონებითაც, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია, მოთხოვნა გავრცელდეს ნამატზეც და მოვალის სხვა ქონებაზეც. სხვა შემთხვევაში, სესხის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ქონებით, რომელიც გამოყენებულია სესხის უზრუნველსაყოფად.
კითხვა: ჩემს მეზობლად დასახლდა ირანის მოქალაქე, რომელსაც ირანში ჩადენილი ჰქონდა დანაშაული, კერძოდ, გააუპატიურა მცირეწლოვანი. გამოდის, რომ მან თავი შეაფარა საქართველოს. ამ დანაშაულისთვის ირანში გათვალისწინებულია სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა. ვალდებულია თუ არა საქართველო, მოახდინოს ამ პირის ექსტრადიცია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ არ შეიძლება, სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. შესაბამისად, საქართველო არ არის ვალდებული, მოცემულ შემთხვევაში, მოახდინოს ამ პირის ირანში ექსტრადიცია. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.
კითხვა: სამ მოქალაქეს თანასაკუთრებაში აქვთ სახლი. თითოეული 1/3ის მესაკუთრეა. საცხოვრებელი სახლი იყო ავარიული, რის გამოც ქუჩის კედელი ჩამოინგრა და დააზიანა გამვლელი მოქალაქე, რომელმაც მოთხოვა ზიანის ანაზღაურება. ერთერთმა მესაკუთრემ თანხა გადაიხადა თავისი წილის კვალობაზე. დანარჩენები უარს აცხადებენ, იმ მოტივით, რომ კედლის ჩამონგრევაში ბრალი არ მიუძღვით. როგორ უნდა გადაწყდეს დავა?
პასუხი: თუ განსაზღვრული არ არის სახლის რომელ ნაწილს რომელი მოქალაქე ფლობს, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია, პასუხისმგებლობა სოლიდარულად დაეკისროს სამივე მოქალაქეს. ზოგადად მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად მითითება არ იქნებოდა მართებული. თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს და თუ გადაწყვეტილებას გამოიტანს სამივე მოქალაქის წინააღმდეგ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ თითეულმა მოპასუხემ გადაწყვეტილების რა წილი უნდა შეასრულოს, ან აღნიშნოს, რომ მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია.