ვის სიყვარულს გამოეთხოვა გრიგოლ რობაქიძე და როგორ იპოვეს სახლში რამდენიმე დღის გარდაცვლილი მწერალი
ლიტერატურის მუზეუმში ძალიან სიანტერესო წერილები ინახება. ეს არის გრიგოლ რობაქიძისა და გიტა ფონ შტრახვიტცის პირადი, რომანტიკული ხასიათის წერილები, რომლებიც მუზეუმს გიტას დამ, ბეტინამ გადასცა. რიგოლ რობაქიძე უკვე 75 წლის იყო, გიტა კი 31 წლის, როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს მეგობრების წრეში. ეს იყო 1960 წელს. მათ შორის მიმოწერა კი 1961 წელს დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ გიტა სპეციალურად სწავლობდა ქართულს და წერილის ბოლოში ყოველთვის წერდა: „გფარავდეს ლაშარი”. გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალება სწორედ გიტას მიერ მისდამი გაგზავნილი წერილით გახდა ცნობილი, როდესაც მას ეს წერილი უკან დაუბრუნდა. აღნიშნული ბარათი კიდევ რამდენჯერმე იქნა გაგზავნილი, ის კი ისევ უკან ბრუნდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ გატეხეს ბინა, სადაც გრიგოლი გარდაცვლილი იპოვეს.
ჩვენ დღეს ამ გენიალური მწერლის დღიურში ჩაგახედებთ, ამ უნიკალურ წერილებში, რომლებითაც სულ სხვა გრიგოლ რობაქიძეს გაიცნობთ. რასაც ახლა წარმოგიდგენთ, მხოლოდ ამონარიდებია ამ წერილებიდან.
15.6.1961
ჟენევა
ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც!
თქვენმა 8 ივნისის მშვენიერმა სტრიქონებმა გულის სიღრმემდე შემძრა. ვგრძნობდი განა ქვეცნობიერად, რომ ჩემს შეკითხვაზე, წაკითხული გაქვს თუ არა ჩემი რომანი „Die Huter des Grals”, შემდეგ პასუხს მივიღებდი? ეს წიგნი ჩემი შინაგანი შეხვედრა იყო თქვენთან, რომელიც შემდგომ ღრმა განცდად გადაიქცა. ბავშვობაში და სიყმაწვილეში ნანახი ყველა სურათი უეცარი რეალობით აღივსო. განა ეს ღრმა შინაგანი ნათესაობის შეცნობა არ იყო? (ნამდვილად! ასე ჩანს. ეს მახარებს)… გავიგე, რომ თქვენ ასტროლოგიურად unio mystica-ში ხართ მზესთან დაქორწინებული (გილოცავთ ამას). თუ თქვენს მარჯვენაზე აღნიშნულია ფიალა croix mystique-თი, ჩემს მარჯვენა ხელისგულზე გულის ხაზი მზის ფორმითაა გამოხატული, ეს ნიშნავს: გულისა და გონების ხაზები ერთადაა. როცა ხელს გართმევთ, ჩემი „მზის ხაზით„ ვეხები თქვენს „ფიალას“.
ამით ჩვენი შინაგანი ერთიანობა სამუდამოდ დადასტურებულია…
ვენა
14.9.1961
ჩემო ძვირფასო შეგირდო!
„შეგირდი”. ამაზე ამბობთ (3.9.1961): რით დავიმსახურე ეს სახელი? რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, გავხდე თქვენი შეგირდი, რადგანაც ვიცი, როგორია თქვენი „ცოდნა”. აქ საქმე მხოლოდ „ცოდნაში” არაა – მაშინ გიწოდებდით „მოსწავლეს”. ”შეგირდი” – „მოსწავლე”: ნიუანსის ახსნა საჭიროდ არ მიმაჩნია. ვფიქრობ თქვენზე. ამავე დროს ვკითხულობ თქვენს წერილს.
ძალიან ინტროვერტირებულად მეჩვენებით, რაც უფრო გახსნილად მოეპყრობით თქვენს სამყაროს, იმდენად თავისუფლად და ნაყოფიერად გაიხსნებიან თქვენი მდიდარი ბუნების შესაძლებლობები. ჩემთან შეგიძლიათ სავსებით გულახდილი იყოთ: დიახ, უნდა იყოთ – თქვენი ჩემდამი ურთიერთობის განსაკუთრებულობის გამო.
ვხედავ, ასტროლოგიაზე მაღალი აზრის ხართ. „ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს წყვეტს ადამიანის პირადი „მე,” რომელიც ბედის სასწორზეა შეგდებული… გუშინწინ გამოგიგზავნეთ ხელნაწერი ნიცშეს შესახებ. გთხოვთ, შემატყობინოთ მისი მიღება.
გელოდებათ თქვენი ნატრული
(გიგზავნით „Die Blitzberuhrte”).
10.4.1962
ჟენევა
ჩემო შეუდარებელო გიტა!
მწერ: (5.04.62.) „ნუ ხედავ ჩემში ბევრ, თანაც დიდ ღირსებებს; უფრო მესიამოვნება, რომ ის სისუსტეები, რასაც საკუთარ თავში ვხედავ, დამიდასტურო, რასაც ვერ ვხედავ – მიმითითო. ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა შენ?” გეუბნები: დღევანდელამდე მე შენში ერთი ნაკლიც ვერ მიპოვნია (შენ იცი, რა გულწრფელიცა ვარ). თუკი ოდესმე აღმოვაჩენ – დაუფარავად გეტყვი (ჩემი სიმართლისმოყვარეობაც აგრეთვე ცნობილია შენთვის).
მე შენს ქალურ არსებას „ქალწულებრივი” განსაკუთრებული მნიშვნელობით ვუწოდე.
რომლით? გერმანული ენა ამბობს: Die See – ზღვა – მდედრობითი სქესის; Der See – ტბა – მამრობითი სქესის. გენიალურია. ქალი ნამდვილად უსაზღვროა, როგორც ზღვა და კაცი ნამდვილად შემოსაზღვრულია, როგორც ტბა. არსებობს კიდევ შემზარავი ქალური „რაღაც”. თუ ის ერთხელ ქალში გამომჟღავნდა, იგი პიროვნებიდან უპიროვნო არსებად გადაიქცევა: ბრმა, ქაოტურ, ალოგიკურ, უხეშ. აქ შენ ბედნიერი გამონაკლისი ხარ. შენ ის „რაღაც” ქალური შენს პიროვნებას აქცევს უფრო ზეპიროვნებად და არა უპიროვნო არსებად. „ბრმის” ნაცვლად ხდები „ნათელი”. აქედანაა შენი შეუდარებელი ნათელმხილველობის უნარი. თუ ყველაფერს ამას თავს მოვუყრით, მე ვიტყოდი: შენი ქალური არსება შეედრება მაგდალინელს: ის წმინდაა, „ქალწულებრივი”. შენი არსების უდიდესი გახსნაა შენი სიყვარული: სიყვარული ჩემდამი. ამაოდ ვეძებ მსგავს სიყვარულს მსოფლიო ლიტერატურაში. უფრო გავს ჩემი ნორინას სიყვარულს ლევანისადმი („Die Huter des Grals”). ნორინას მსგავსად, შენც „მზის გზას” ადგახარ. მაგრამ, მისი სიყვარულისაგან განსხვავებით შენს სიყვარულს მისტიური საწყისი აქვს. შენ მე მიცნობდი მეტაფიზიკური სამყაროდან, გაუცნობიერებლად… სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი. ეს ნიშნავს: მემსახურა შენთვის. ქვეცნობიერად მჯერა, რომ გრძნობ ჩემს ტკივილს. ხშირად ხმარობ გამოთქმას „მე შენ გიღიმი”… „ჩემი გული უერთდება შენს გულს და გადაიქცევა შენს გულისცემად”, მესმის ჩემთვის ასე საყვარელი შენეული ხმა. მაგრამ ჩემი გული ერთხელ რომ შეწყვეტს ცემას! მერე? რა მოუვა შენს გულს, გიტა? იყავი მშვიდად! შენ ენგადი დაგამშვიდებს, რადგანაც მისი სუნთქვა ჩემს სუნთქვასთან მისტიურად დაქორწინდება. ცოტა ხნის წინ შენს არსებას „გენიალური” ვუწოდე. გადავამეტე? – არა! საოცარია: შენი ინტელიგენტობა, შენი სინათლე, ინტონაცია, განჭვრეტის უნარი, ღრმა აზრი არსებულზე და ლამაზზე, უნაკლო ლიტერატურული გემოვნება. კიდევ რა? მაგალითების მოყვანა აქ საჭიროდ არ მიმაჩნია.
ბოლოს შენი ხასიათი. ერთი კვირის მანძილზე ჩემს გვერდით განგიცადე. ერთხელაც არ ყოფილხარ ცუდ გუნებაზე, არც „faux pas” სიტყვაში ან მოქმედებაში. ყოველი ნიშანი – წამში გაგებული, ყოველი მინიშნება – აზრით მიღებული. ყველაფერში შეთანხმებულობა. „მე-ს ნაცვლად მეფობდა მხოლოდ „შენ”. როგორ არ უნდა ვიყო შენით გაოცებული? ვგრძნობ, რომ არ ხარ განებივრებული. ასე რომ იყოს, შენი ქებისაგან თავს შევიკავებდი.
გეხვევა შენით აღტაცებული, შენით ზღაპრულად დასაჩუქრებული –
17.6.1962
ჟენევა
ჩემო შეუდარებელო სიყვარულო: გიტა!
(რომ იცოდე, როგორ ვიტანჯები!..) სიყვარული ჩემდამი. რა ღრმად გამიცანი. მხოლოდ შენით შევძელი ეს. ჰო, შენდამი სიყვარულში როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე. რადგანაც: შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის: ხარ – ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი.
ახლა ვეკითხები ჩემს თავს: როგორ შეძლებდა გრიგოლი, რომელმაც შენს არსებაში თავისი სიყვარულის „ნათელი” ასე ღრმად შეაღწია, როგორ შეძლებდა ის შენთვის „ჩაკეტილად” ყოფნას?!
სიყვარული თავად „გახსნა” არაა?
მერე ვეკითხები ჩემს თავს: როგორ შეძლებდა ენგადი – გიტა, რომელიც გრიგოლის სიყვარულში ყვავილივით გაიფურჩქნა – როგორ შეძლებდა ის უკან დაბრუნებისას თავის შინაგანი განცდების შესახებ მისთვის, თავისი არსებობის მთავარი მიზეზისთვის არაფერი აღარ ეამბნა?.. ტყუილად კი არ მეშინოდა და ეხლაც მეშინია ბოროტების ჩარევის ჩვენს საკრალურ ურთიერთობაში. მართალია, დედამიწაზე არანაირ ძალას არ შეუძლია ამ ურთიერთობის დარღვევა – მაგრამ წამიერი „არეულობა” ჩვენს გრძნობებში შეძლებდა ბოროტების ჩადენას. ალბათ გული მიგრძნობდა, ერთხელ რომ მოგწერე: ჩვენი სიყვარული პირადულზე მაღლა დგას: ამიტომ ჩვენ მოვალენი ვართ: ის „დავიფაროთ”, დავიცვათ. უახლოეს დღეებში, როდესაც ყველას სიცოცხლის აღდგომას მხოლოდ ერთადერთი შენი სიტყვა გამომაცოცხლებს. ეს სიტყვა, დარწმუნებული ვარ, არ გამოგრჩება…
რომ იცოდე, როგორ ვიტანჯები!
გეხვევი ძლიერ, ძლიერ, შენი, შენი –
18.6.1962
ჟენევა
ჩემო შეუდარებელო გიტა!
15 აპრილის წერილი. „წერილი” მხოლოდ ერთი სტრიქონი. იმედგაცრუების წამები. სტრიქონი: „ნაზად გეხვევა…” „ნაზად”. სინაზე მჭირდება ამ წუთში და თანაც: შენი (გუშინდლიდან მოყოლებული სული მეხუთება. გუშინ და გუშინწინ გწერდი ამის შესახებ). ახლა ვგრძნობ: შენი ხელები ეალერსებიან ჩემს დაღლილ საფეთქლებს. რა შვებაა…
„ჩემი გული იღვრება შენს გულში და იქცევა შენს გულისცემად”. მოხდებოდა ეს შენთვის რომ გულდახურული ვყოფილიყავი? მოხდება, თუ უკან დაბრუნებისას შენს შინაგან განცდებზე აღარაფერს მიამბობ.
აღტაცებული გეხვევა –
(გიგზავნი „Die ruhende Stutte”-ს).
27.IV.1962
ჟენევა
ჩემო ღვთიურო მეგობარო: ენგადი!
ჩემო შეუდარებულო სიყვარულო: გიტა!
ჩემო მისტიურო მეუღლევ: ჰატჰორ!
ეს წუთია მივიღე შენი წერილი, 24 აპრილს გამოგზავნილი. ის ყველაფერს ნათელს ჰფენს. იყავი მშვიდად, სრულიად მშვიდად!
მწერ: „შენ გეშინია ბოროტების, რომელმაც შეიძლება ავნოს ჩვენს სიყვარულს? მე არა. ჩვენი ფარული შენ და მე მიუწვდომელია ყოველგვარი ბოროტებისათვის”. დღეიდან აღარც მე მეშინია. ეს გრიგოლის – სიტყვაა, სიტყვა ლაშარის წინაშე.
დღეისათვის ეს იყოს. ხვალ მეტს მოგწერ…