რატომ იბრძოდნენ ეგვიპტელებთან ომში ქართველები წინა ხაზზე და როგორ დაანგრიეს ძაღლური ყეფით ციხე-ქალაქი
1259 წელს, ჩინგიზ ყაენის ვაჟის, ტოლუის შვილმა, ილხანმა ჰულაგუმ (ქართული წყაროთი – ულო) ეგვიპტის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა და საქართველოს მეფეს, დავით მეშვიდე ულუს მოუწოდა თავისი ჯარით.
ჰულაგუს ჯარში იყვნენ ჩინგიზ ყაენის შვილის, ჯუჩის ძის, ოქროს ურდოს ახალი ბატონის, ბერქას მეომრებიც. ამ დახმარების სანაცვლოდ, ჰულაგუს ბერქასთვის ალაფის მესამედი უნდა გადაეგზავნა. ბერქა ყაენი დაინტრესებული იყო, ჰულაგუ რაც შეიძლება მოშორებით ყოფილიყო მისი ოქროს ურდოსგან. დიდ საყაენოში მწიფდებოდა შიდა მონღოლური ურთიერთდაპირისპირება. ოქროს ურდო აღმოსავლეთ კავკასიას, შირვანს, ჩრდილო და სამხრეთ ადარბადაგანს თავის საკუთრებად მიიჩნევდა და თვალი ეჭირა მცირე და წინა აზიაზე.
აღმოსავლეთ კავკასია, ირანი, ერაყი, თურქმენეთისა და ავღანეთის უდიდესი ნაწილები, ასევე, ტაჯიკეთის, პაკისტანის ნაწილი, ჰულაგუს ჰქონდა დაკავებული. მისი ვასალები იყვნენ: საქართველოს სამეფო, ტრაპიზონის საკეისრო და რუმის სასულთნო. არცთუ შორს იყო ჰულაგუს ულუსის დედაქალაქი მარაღაც, რომელიც ურმიის ტბასთან მდებარეობს (მერე თავრიზში გადაიტანა)...
იკვეთებოდა ჯუჩის შთამომავლებისა და ილხანების ინტრესთა დაპირისპირება.
ათიოდე წლით ადრე ეგვიპტის სასულთნო მამლუქებმა ჩაიგდეს ხელში. 1259 წლის ნოემბერში ეგვიპტის სულთანი გახდა მამლუქი ალ-მალიქ ალ-მუზაფარ საიფ ად-დინ ქუთუზი. მის შესახებ დადიოდა ხმები, თითქოს ჯალალედინის დისა და ბიძის შვილი იყო, მონღოლების მიერ ტყვედ აყვანილი და მონათა ბაზარზე გაყიდული. მანამდე ეგვიპტეს აიუბიდების დინასტია მართავდა. დინასტიის განაყოფი ამირები და მელიქები მართავდნენ სირიის, ერაყის, წინა აზიისა და პალესტინის ზოგიერთ ნაწილს, როგორც ვასალები სულთნისა, თუმცა, ხშირად არც ემორჩილებოდნენ. მამლუქებსა და ძველ დინასტიებს შორის დაპირისპირება დაიწყო, მაგრამ მონღოლების შეტევამ მათ გაერთიანება აიძულა.
მონღოლებმა გაიარეს შუამდინარეთი და შეიჭრნენ სირიაში, სადაც მათ შეუერთდა ანტიოქიის ქრისტიანი მთავარი ბოჰემუნდ მეოთხე თავისი ჯარით.
მაჰმადიანთა ჯარი მდინარე ევფრატის ხეობაში დახვდა მონღოლთა ჯარს. ამასობაში მონღოლებმა და მათმა მოკავშირეებმა გადალახეს მდინარე ევფრატი. მაჰმადიანთა და მონღოლთა ჯარები პირისპირ აღმოჩნდნენ.
„იქმნა ძლიერი ომი“. დავით მეფე და ქართველები წინამბრძოლობდნენ – იმდროინდელ ქართველებს სხვაგვარად არ შეეძლოთ, ჯერ ერთი, იმიტომ რომ, მიუხედავად ბოლო ხანების დამარცხებისა, რასაც ბედისწერას აბრალებდნენ და რაღაც ვითარებებს, საკუთარ მეომრობაზე და საქართველოზე მაინც განსაკუთრებული მოსაზრება ჰქონდათ და ვერ წარმოედგინათ ქართველი, რომელსაც ომში წინამბრძოლობა არ მოესურვებოდა.
მეორეც, გამწარებული იყვნენ მაჰმადიანთაგან, რადგან, თბილისის აღებისას სულთანმა ჯალალედინმა წარმოუდგენელი სისასტიკე გამოიჩინა და მთლიანად გაწყვიტა მთელი ქალაქის მცხოვრებნი, ასევე, ქალაქში შეხიზნული გაშემო სოფლებისა და დაბების მოსახლეობა.
ქართველები შურს იძიებდნენ...
მოაწყდა ორივე მხრიდან ურიცხვი მეომარი. მაჰმადიანები გაიქცნენ.
მიადგნენ ალეპოს. ექვსი დღე ლოდსატყორცნებს ესროდნენ ქალაქის კედლებს და დაანგრიეს. დედაციხემ ოთხი კვირა გაძლო. 1260 წლის იანვარში მონღოლებმა აიღეს ალეპო. მაჰმადიანური მოსახლეობა გაწყვიტეს, ქრისტიანული კი დაინდეს. შემდეგ მიადგნენ დამასკოს, რომელიც უბრძოლველად დანებდა.
ევფრატის ნაპირას დააბანაკა ყაენმა ჰულაგუმ თავისი არმია და დაასვენა. იქვე იყო ერთი პატარა ქალაქი, მდინარეზე გადმომდგარი, კარგად გამაგრებული: ერთი მხრიდან კლდე იცავდა, მეორე მხრიდან ევფრატი. ეს რომ იხილა ილხანმა ჰულაგუმ, მიხვდა, რომ ქალაქზე შეტევა უაზრობა იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თან ჰყავდა ჩინელი ინჟინრები, მის მეომრებს კი არაერთი ქალაქი ჰქონდათ აღებული.
როგორც უცნობი ქართველი ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, ყაენმა მოიგონა უცნაური ხერხი და ასეთი დავალება მისცა თავის სარდლებს: „შეუძლებელია ამ ქალაქის ალყით აღება. გიბრძანებთ, ამხედრდეთ, შემოერტყათ ქალაქს და დაიწყოთ ძაღლებივით ყეფა და ყმუილი“.
ყველას გაუკვირდა, მაგრამ, ვინ გაუბედავდა ყაენს შეპაექრებას ან ვინ გაბედავდა ბრძანების უარყოფას. ასეც მოიქცნენ: ამხედრნენ, მოიცვეს ქალაქი, მიუახლოვდნენ ციხის გალავანს და დაიწყეს ძაღლურად ყეფა. ყეფის ხმამ ქალაქამდე რომ მოაღწია, მოხდა საოცრება: გასკდა ქალაქი ორგან, ნახევარი წამოიქცა კლდესთან ერთად წყლისკენ და ბევრი ქალაქელი ჩაიყოლა. ასეთი საკვირველი მეთოდით ჩაიგდეს ხელში მონღოლებმა ეს ქალაქი. აღნიშნული სიუჟეტი ძალიან ჰგავს ბიბლიური ქალაქის – იერიქონის აღებას ებრაელთა მიერ. შესაძლოა, რაღაც ფარული მეთოდია ამით გადმოცემული ჩვენს წყაროში. შესაძლოა, ეს ალეპოს აღების ამბავი იყოს ლეგენდის სახით გადმოცემული.
ჰულაგუ ყაენმა წერილი მისწერა ეგვიპტის სულთანს: „ღმერთმა გამოარჩია ჩინგიზ ყაენი და მისი შთამომავლობა ამ ქვეყნის ბატონებად. ვინც არ დაგვემორჩილა, განადგურდა თავის ცოლებთან, შვილებთან, ახლობლებთან და მონებთან ერთად. დაეცა მათი ქალაქები. ჩვენი არმიის დიდება გავრცელდა ქვეყანაზე. დაგვმორჩილდი და გამოგვიგზავნე ხარკი და თავადაც ეახლე ჩვენს ნოინს მორჩილების ნიშნად. ან ემზადე ომისთვის“.
ამ დროს მონღოლთა ბანაკში მოვიდა ცნობა ჰულაგუ ყაენის ძმის, დიდი ყაენის – მანგუს (მუნქეს) გარდაცვალების შესახებ.
დავით მეფემ ჰულაგუ ყაენს სამშობლოში გაშვება სთხოვა, რადგან დიდი ხნის წამოსულები იყვნენ სალაშქროდ, ქვეყანას კი მიხედვა სჭირდებოდა. ყაენმა ულომ (ჰულაგუმ) გაათავისუფლა ქართველები სამხედრო კამპანიიდან. ჰულაგუ ყაენიც იძულებული იყო, წამოსულიყო დასავლეთ აზიიდან – მას მონაწილეობა უნდა მიეღო დიდი ყაენის არჩევაში.
მანგუ ყაენის გარდაცვალების შემდგომ გაიზრდებოდა ბათო ყაენის ძმის, ბერქას ამბიციები. ბათო ყაენის მიერ დაარსებულ საყაენოს და ილხანთა საყაენოს, ანუ ჰულაგუს მიერ დაარსებული სახელმწოფოს შორის დაპირისპირების საგანი იყო ადარბადაგანი, შირვანი და სხვა ტერიტორიები.
ამგვარად, ჰულაგუ ყაენი ვერ დატოვებდა თავის საბრძანებელს დიდი ხნით, თორემ, შეიძლება, დაეკარგა კიდეც. ვერც თავისი უმთავრესი მოკავშირის – დავით ულუს ჯარს შეელეოდა და ვერ დააძალებდა დარჩენას დასავლეთ აზიაში ეგვიპტელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ქართველები კარგ და ერთგულ მეომრებად ითვლებოდნენ და ამიტომ ქართული არმია ახლოს უნდა ჰყოლოდა ჰულაგუს – თუ ბერქა შემოიჭრებოდა კავკასიაში, ჯობდა, მას იქ მოწინააღმდეგედ ჰულაგუს მონღოლებთან ერთად დახვედროდა დავით ულუც. დავით ულუ ამ დროს კავკასიაში უმთავრესი ლიდერი იყო.
ქართველების რაღაც ნაწილი დარჩენილა ნოინ კიტბუღას მეთაურობით ჰულაგუს მიერ დატოვებულ მცირერიცხოვან არმიასთან, 20 000 მეომართან ერთად, თუმცა, უდიდესი ნაწილი, მეფეს წამოჰყვებოდა.
ამასობაში დავით ულუ თავისი ჯარის დიდი ნაწილით საქართველოსკენ წამოვიდა. დიდი ალაფით დატვირთული ქართველები ადარბადაგანის მხრიდან შემოვიდნენ ქვეყანაში და მოვიდნენ თბილისში.
ჰულაგუ ყაენის უკან გაბრუნებით გულმოცემულმა სულთანმა ქუთუზმა დაწვა ჰულაგუს წერილი და დახოცა მონღოლთა ელჩები.
კიტბუღა ყაენმა აიღო რამდენიმე ქალაქი პალესტინაში, თუმცა არ გამოიჩინა სიფრთხილე და ძალიან ღრმად შეიჭრა უკონტროლო ტერიტორებზე. ამასობაში ეგვიპტელმა მამლუქებმა გამოაცხადეს საყოველთაო მობილიზაცია ჯიჰადისათვის (საღვთო ომისათვის), შეკრიბეს დიდი ჯარი და გადმოვიდნენ პალესტინაში. მათ პალესტინის ქრისტიანთა ნაწილი ნეიტრალიტეტზე დაიყოლიეს, თავისუფლად გაიარეს და დაისვენეს იერუსალიმის სამეფოში (აკრში). მოიმხრეს მცირე აზიის რამდენიმე მელიქი, მათ შორის აიუბიდი ალნასირ უსუფი, ასევე, ბედუინები, ჰულაგუს მიერ დამარცხებული და დევნილი ქურთები და პალესტინის ტერიტორიებზე შესული კიტბუღას განადგურება გადაწყვიტეს.
1260 წლის 3 სექტემბერს ნაზარეთთან ახლოს, აინ-ჯალუთის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მონღოლები მოკავშირეებითურთ და მამლუქები მოკავშირეებითურთ.
მრავალრიცხოვანი ნაწილების სამი მხრიდან შეტევას ვეღარ გაუძლეს ხაფანგში მოქცეულმა მონღოლებმა და მათმა მოკავშირეებმა, კიტბუღამ უკან დახევა არ იკადრა. მონღოლები დამარცხდნენ, ნოინი კიტბუღა კი ტყვედ ჩავარდა. მაჰმადიანებმა მონღოლთა სახელგანთქმული ნოინი სიკვდილით დასაჯეს. ვინ იცის, რამდენი ასეული ქართველი ჩაწვა იმ დღეს პალესტინის მიწაში, რამდენი დაატყვევეს და გაყიდეს.