რა ნიშნებით უნდა შეძლოს ცოლმა მოღალატე ქმრის გამოაშკარავება
თავიანთი ოჯახური ცხოვრების პერიოდში ცოლებს ძალიან ბევრის სწავლა უწევთ და ასე მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ გათხოვებამდე ძალიან ბევრი რამ არ იციან – კერძოდ, ურთიერთობის დელიკატური მომენტები და უამრავი ნიუანსი, რაც მათ ქმართან მშვიდობიან, სტაბილურ თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე ცოლები ფიქრს საკმაოდ გვიან იწყებენ ხოლმე მაშინ, როცა საშიშროების პირველი ნიშნები შესამჩნევი ხდება... ანუ, როცა ქმარი არაადეკვატურად იწყებს მოქცევას და ცოლს სხვა გამოსავალს არ უტოვებს, გარდა ერთისა – თავადაც შესაბამისად მოიქცეს...
იანა (35 წლის): მე არ ვარ რამით გამორჩეული, განსაკუთრებული ქალი. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს; თუმცა, არც არავისზე ნაკლები არ გახლავართ. საკმაოდ კარგად გამოვიყურები, მამაკაცების ყურადღებაც არ მაკლია და ჭკუაც მაქვს, ანუ, არ მოვტყუვდები, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გარკვეულია ჩემთვის...
– ანუ, ქმართან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ?
– მთლად პრობლემები არა, თუმცა, არც სიმშვიდეა. ერთი ქალბატონი თქვენთან იმ სიმპტომებზე საუბრობდა, რომლებიც ახასიათებთ მოღალატე ქმრებს და ძალიან შევშფოთდი. პირველად მაშინ დავფიქრდი ძალიან სერიოზულად, რომ შიშის საფუძველი მაქვს – ქმარს ვაკვირდები და ვღელავ.
– რატომ? ფიქრობთ, რომ გღალატობთ? რა სიმპტომები შენიშნეთ?
– ძალიან რთული შეკითხვებია, თან, ასე ერთბაშად რომ მომაყარეთ... იცით, როგორ არის საქმე? – უცებ ცივ წყალს რომ შეგასხამენ... რაღაცნაირად, ერთბაშად გამოვფხიზლდი: „ნუთუ მღალატობს?“
– ცუდი სამსახური გაუწევია იმ ინტერვიუს თქვენთვის.
– ამას ვერ ვიტყვი. შეიძლება, ძალიან კარგი საქმე გამიკეთა – შეიძლება, მეტისმეტად ვენდობოდი ჩემს ქმარს და ეს ძალიან ძვირად დამიჯდებოდა. თუმცა, ჯერაც არ ვიცი, გადავრჩი თუ არა ღალატს. სიმპტომები სახეზეა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, ძალიან საშიშ ნიუანსებს ვამჩნევ.
– შეგიძლიათ, ჩამოაყალიბოთ?
– დიახ, რატომაც არა. ერთი შეხედვით, ჩვენ შორის თითქოს ყველაფერი წესრიგშია: არ ვჩხუბობთ, არ გვაქვს სკანდალები, ვლაპარაკობთ და ვუსმენთ ერთმანეთს; გამოსასვლელ დღეებსაც ერთად ვატარებთ... მაგრამ, მე ვამჩნევ ქმარში მომხდარ ცვლილებებს. ჩემი ეჭვები ცალკე თემაა – ნამდვილად არაფერი მეჩვენება. თანაც, ეს ცვლილებები პროგრესირებს. ანუ, უარესობისკენ ვითარდება. ყოველდღიურად ახალ-ახალი აღმოჩენები მაქვს – ცუდი აღმოჩენები. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც გაიჩინა ან აპირებს...
– დეტექტივივით ლაპარაკობთ.
– ჩემს ქმარს ჩემზე უკეთ ვინ იცნობს ან დეტექტივი რაში მჭირდება. თქვენი ჟურნალის გარდა, სხვაგანაც წავიკითხე რაღაც-რაღაცეები. მოკლედ, „სიმპტომები“ მეტ-ნაკლებად არსებობს. მაგრამ, კოპირება არ შეიძლება – ყველაზე ერთი საზომით ვერ იმსჯელებ.
– მაგალითად?
– მაგალითად, ზოგიერთი კაცი საყვარელს რომ იჩენს, უხეში და აუტანელი ხდება, მიზეზებს ეძებს, რომ ცოლს აუშარდეს... ასე იმ კაცებს ემართებათ, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათი საიდუმლო გამჟღავნდება.
– ესეც სადმე წაიკითხეთ?
– წავიკითხე კიდეც და დაკვირვებების შედეგადაც მივხვდი რაღაცეებს. ხომ ვთქვი, რომ სულელი არ ვარ, თანაც, რამდენიმე დღეა, ჩასაფრებული ვარ და, უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემი ქმარი ამ პირველ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მისი მეტისმეტი თავდაჯერებულობა, რომელიც გაცნობის პირველივე დღიდან მომწონდა, არც ისეთი კარგი აღმოჩნდა. რამდენიმე დღეა, ქმარი თან მყვება. ისეთი ვნებიანია, გამაოცა – ესე იგი, რაღაც ხდება.
– რა უნდა ხდებოდეს?
– მაგალითად, უნდა, ამ ფორმით გამოისყიდოს დანაშაული, ან, თავისი ჭკუით, ამ ფორმით ალიბის შექმნას ცდილობს.
– რა ალიბის?
– რომ არ მღალატობს. ანუ, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. ერთ სტატიაში სწორედ ეს ამოვიკითხე: მამაკაცები, რომლებიც საყვარელს იჩენენ, იბნევიან, აქვთ ძალიან გაფანტული მზერა, ხშირად არც ესმით, რას ელაპარაკებიან და კონკრეტულ ფრაზებზე მწვავედ რეაგირებენ.
– რომელ ფრაზებზე? ან, რა შუაშია უყურადღებობა და დაბნეულობა? მამაკაცები ხომ ზოგადად ასეთები არიან.
– დიახ, ზოგადად, მამაკაცები დაბნეულები არიან, მაგრამ ასეთ დროს კიდევ უფრო იბნევიან. თუ კარგად დააკვირდებით, თურმე, მოღალატე ქმარს აბსოლუტურად უყურადღებო მზერა აქვს; თანაც, დამფრთხალ თვალებსაც სულ აცეცებს. რაც შეეხება ფრაზებს, რომლებზეც კაცები კურდღლებივით ფრთხებიან და თავს ყიდიან, ასეთია: „რაღაც უნდა გითხრა“, „სალაპარაკო მაქვს შენთან“, „რაღაც გავიგე“, „შენ ძალიან შეიცვალე“... ვერ წარმოიდგენთ, რა მოსდით ასეთ დროს კაცებს, რომლებმაც ცოლებს უღალატეს – ბნედა ემართებათ, შიშისგან თვალები უმრგვალდებათ... ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩემს ქმარს, თითქოს იმ მომენტში გამოვიჭირე ღალატში. მუდმივად სადღაც არის – ჩემგან შორს და, როცა ველაპარაკები, ფრთხება.
– ანუ, სტატიას ეყრდნობით...
– არა მხოლოდ სტატიას, ჩემს ინტუიციასაც. „შედარებითი ანალიზი“ კარგი საშუალებაა რეალობის დასადგენად. გულახდილად ვთქვათ, როცა ჩვენ ვართ სასიამოვნო მოგონებების ტყვეობაში, როგორ ვიქცევით? – არ გვინდა, ამაში ხელი შეგვიშალონ და განმარტოებას ვცდილობთ. ასეა ჩემი ქმარიც. სხვათა შორის, ეს ყველაფერი მე მას ვუთხარი.
– რა უთხარით?
– რომ „კულისებში“ ყველაფერი წესრიგში არ არის – ჩვენს „კულისებში“, ანუ შიდა სამზარეულოში. მე არ ვარ პროფესიონალი დიპლომატი და მაწუხებს ეს ამბავი, იმიტომ რომ, მითხრა – კუდიანი ალქაჯი ხარო.
– „კუდიანი ალქაჯი“ რას ნიშნავს? რატომ?
– იმიტომ, რომ ყველაფერი ვუთხარი, ყველა „ნიშანი“ ჩამოვუთვალე, რომლებითაც მისი ღალატის გამოაშკარავება შეიძლება. ჰოდა, გაბრაზდა, გაღიზიანდა და განერვიულდა... მგონი, კაცების უმრავლესობა, რომლებსაც ღალატში გამოიჭერენ, ფიქრობს, რომ მისი ცოლი ალქაჯია.
– თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ ქმარი გღალატობთ?
– ასი პროცენტით ამას ვერ ვიტყვი, რადგან, ის ყველაფერი, რაც მე ხელთ მაქვს, მხოლოდ არაპირდაპირი მტკიცებულებებია. ფაქტზე არ გამომიჭერია და ვერ ვიტყვი, რომ ეს ცოტათი არ მამშვიდებს. თუმცა, ალბათ, თავს ვიტყუებ – ყველა „ნიშანი“ სახეზეა. თვალს მარიდებს, არ მეჩხუბება, მაგრამ, ვატყობ, ნეგატივით არის სავსე... კუდიანი ალქაჯი არ ვარ და ეს მანაც იცის, მაგრამ, ეტყობა, რომ ძალიან ჩავაფიქრე. დისკომფორტი შევუქმენი. როცა დამნაშავე სააშკარაოზე გამოგყავს, მას ეს არ უხარია. მესმის მისი, მაგრამ, სამაგიეროდ, თავად დავიბენი... ახლა რა უნდა ვქნა, არ ვიცი – გავაგრძელო ჩემი ძიება თუ შევეშვა და ყველაფერი ისე დავტოვო, როგორც არის... არჩევანი უნდა გავაკეთო. ერთიც ძალიან რთული ვარიანტია და მეორეც... სადამდე მივალ, ჯერ არ ვიცი... ქმრის ნდობა აღარ მაქვს, მაგრამ, მიყვარს და მინდა, მის გვერდით ვიყო.