ადამი და ევა
მამაკაცი და ლტოლვა თვითდამკვიდრებისთვის...
ხშირად მამაკაცი ცოლს მარტო იმიტომ ღალატობს, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა შეემატოს... დიახ, ღალატის მიზეზი ძალიან არის კომპლექსი – არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელსაც, შესაძლოა თავადაც ვერ აცნობიერებდეს მამაკაცი. სამაგიეროდ, ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გრძნობს მისი მეუღლე... თუ მამაკაცი პატარაობისას დაჩაგრული იყო, თავის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა და არც არასოდეს აქებდნენ, მოზრდილობისას ამ ყველაფრის „გამოსწორებას,” კომპენსირებას შეეცდება. თვითდამკვიდრებისთვის კომპლექსიანი მამაკაცი გაცილებით გააფთრებული იბრძვის. ის ფიქრობს, თუ ბევრ ქალს „დაიპყრობს”, მაგარი „ტიპი” იქნება, ძალიან ძლიერი მამაკაცი, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რა უნდა ქნა, თუ შენი მეუღლე სწორედ ამ ტიპის არის?! – უპირველესად, უნდა მიხვდეთ, რა უნდა მას – შექება და აღიარება. დიახ, აღიარება მისი უპირატესობებისა, თუნდაც ისინი მას საერთოდ არ ჰქონდეს. შეეცადეთ, არ იფიქროს, რომ რაღაც არ გამოუვა. თუ კაცი თქვენთან ამას იგრძნობს და დარწმუნდება, რომ მართლაც „ყველაზე ყველაზეა”, ის დამკვიდრდება თქვენთან და აღარსად წავა.
შენ მას სჭირდები
როგორ იქცევით, როცა თქვენს საყვარელ ადამიანს მხარდაჭერა სჭირდება? გაქვთ კი თანადგომის უნარი?! ზოგჯერ მხოლოდ გვეჩვენება, რომ უპრობლემოდ მოვახერხებთ ამას, მაგრამ მთავარი პრინციპები ან არ ვიცით, ან გვავიწყდება. ჩვენ მაინც შეგახსენებთ, გამოგადგებათ:
1. ნუ გააუფასურებთ მის პრობლემას. მით უმეტეს, ნუ დაიყვანთ ნულამდე და ნუ შეეცდებით დაარწმუნოთ, რომ მისი წუხილი ბლეფია და სრული სისულელე. ამით ვერ დაამშვიდებთ. პირიქით, გააღიზიანებთ. „დამშვიდდი, ძალიან გთხოვ!“ – ესეც არ გამოდგება. ის თქვენგან სხვა რამეს ელის.
2. უთხარით საყვარელ ადამიანს, რომ თქვენზე მინდობა, დაყრდნობა შეუძლია. იმის განცდა, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს, საკუთარი თავის რწმენას შეჰმატებს. იფიქრებს, მარტო არ ვარო და იმედი მიეცემა. ეს პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.
ჰკითხეთ, რა უფრო სჭირდება კონკრეტულ მომენტში: რომ მოუსმინოთ და დაამშვიდოთ. მოიქეცით პასუხის შესაბამისად.
3. იყავით მაქსიმალურად დელიკატური. მოერიდეთ მის დადანაშაულებას, დამუნათებას – მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერში დამნაშავე თავად არის. საუბრისას გამოიყენეთ სიტყვები და ფრაზები: „რატომღაც მგონია“, „შესაძლოა“...
4. თუ თქვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა, რომელშიც მასთან ერთად ხართ გახვეული, მაშინვე აღნიშნეთ ეს. და კიდევ, თუ კონკრეტულ მომენტში მხარდაჭერა არ შეგიძლიათ, ჯობია, მაშინვე გულახდილად უთხრათ...
მომისმინე...
ყველას გვქონია ისეთი მომენტები, როცა ძალიან გვინდა, ვიღაცას მკერდზე მივეკრათ, ვიგრძნოთ ძლიერი მხრის სითბო და ავტირდეთ... ვიყოთ სუსტები... დაუცველები და ვიფიქროთ იმაზე, რომ მარტო არ ვართ – არსებობს ადამიანი, რომელიც მოგვისმენს... უბრალოდ, მოგვისმენს და შეეცდება მაინც, გაგვიგოს.
რას ველოდებით სანაცვლოდ?! ხშირად არაფერს, გარდა თანაგრძნობის სიტყვებისა და თავზე ხელის გადასმისა. მაგრამ ზოგჯერ, ჩვენც ვიბნევით და ისინიც, ვისგანაც ამ ყველაფერს ველოდებით. იმიტომ რომ, მოუსმინო – ძალიან რთულია. მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მოსმენა შეგიძლია. ეს რომ რეალობას შეესატყვისებოდეს, ადამიანებს ურთიერთობის პრობლემა საერთოდ აღარ ექნებოდათ. უფრო ხშირად, მოსმენა ძალიან ჰგავს ჭკუის დარიგებას... შენიშნვების მიცემას და იმის ხაზგასმას, რომ შენ მასზე ჭკვიანი ხარ! სწორედ ეს არის მიზეზი ახლობელი ადამიანების გაუცხოებისა. აჯობებს, გაჩუმდეთ და უბრალოდ მოუსმინოთ. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა გინდა, რომ შენ მოგისმინონ?! ვერ ხედავ სათანადო მხარდაჭერას? ნუ იჩქარებთ, საყვარელ ადამიანს გულგრილობაში დასდოთ ბრალი. ნურც საკუთარ თავს გაკიცხავთ, რომ მეტისმეტად გულახდილი იყავით... აუცილებლად უნდა თქვათ სათქმელი, რადგან, თუ ამას არ გააკეთებთ, ჯანმრთელობასაც ავნებთ და ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავის მოსმენაც ძალიან სასარგებლოა.
უბრალო სურვილები
მოდი, გავარკვიოთ – რა გვამოძრავებს, ანუ, რა გვინდა, როცა ხმამაღლა გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს, მეგობრის, საყვარელი ადამიანის გასაგონად... რისთვის გვჭირდება ეს? იმისთვის, რათა სწორად განვსაზღვროთ მოლოდინები.
* ვლაპარაკობთ ხმამაღლა – რადგან გვინდა გავთავისუფლდეთ დაგროვილი ნეგატივისგან, რომ ცოტა დავმშვიდდეთ.
* როცა პრობლემაზე ხმამაღლა ვლაპარაკობთ და თან, ვაანალიზებთ, გაცილებით მარტივი ხდება მისი გადაჭრის გზების დანახვა და გამოსავლის პოვნა.
* ბუნებრივი სურვილი – გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ მარტონი არ ვართ და გვყავს მხარდამჭერი – ის, ვინც მძიმე წუთებში ჩვენს მხარეს იქნება.
* ვლაპარაკობთ ხმამაღლა, რადგან გულწრფელად გვინდა, გავიგოთ მოსაუბრის აზრი, რომელიც უცხო თვალით შეხედავს ჩვენს პრობლემას. ის უკეთ დაინახავს იმ წვრილმანებს, რომლებიც ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩა.
* დიახ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული დახმარება, კონკრეტულ მომენტში. აშკარად შეიძლება, ამას არ ვითხოვთ, მაგრამ, რადგან ვლაპარაკობთ, ესე იგი, გვაქვს ამის იმედი.
* შეიძლება, არ ვაღიარებთ, მაგრამ, როცა ვისმენთ, რომ სხვასაც ჰქონია ჩვენნაირი პრობლემა, ჩვენნაირ მდგომარეობაში სხვაც ყოფილა, საკუთარი თავის რწმენა გვემატება – ისე აღარ ვნერვიულობთ.
აი, ის სურვილები, რომლებიც პრობლემაზე გვალაპარაკებს და ეს კარგია.