კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნამდვილი ერთგულება

კლარა კოკსტერი ყოველთვის სუფრის თავში იჯდა და ისე მიირთმევდა საკვებს, როგორც დედოფალი, ან, მინიმუმ – ჰერცოგინია. მარჯვენა მხარეს თავისი საყვარელი სიამის შავი კატა ეჯდა და საკუთარი ხელით ურჩევდა კრევეტებს. კატა ისე იყო განებივრებული, რომ მხოლოდ ყველაზე მსუქან და დიდრონ კრევეტებს მიირთმევდა, დანარჩენებს კი თეფშზე ტოვებდა. ამ სურათს დაუფარავი ზიზღითა და სიძულვილით შესცქეროდა კლარას მეუღლე, ჯორჯ კოკსტერი, რომელიც ცოლის მოპირდაპირე მხარეს იჯდა და მუდმივად მზად იყო, შეესრულებინა მეუღლის ნებისმიერი სურვილი, არა ნებითა და სიხარულით, რა თქმა უნდა და, ეს სულაც არ იყო გასაკვირი, რადგან ჯორჯს კლარა არ უყვარდა და ცოლადაც მისი ქონების გამო შეირთო, თუმცა მოტყუვდა – ქალი საკმაოდ ხელმომჭირნე და ანგარიშიანი აღმოჩნდა.

– ძვირფასო, ჩემს ყავაში ნაღები შეურიე, მაგრამ, ბევრი არ მოგივიდეს, თუ ძალიან გააცივებ, ვეღარ დავლევ...

„ძვირფასო“ – უფრო ბრძანებასავით ჟღერდა, კლარა მხოლოდ კატას ეფერებოდა ალერსიანი ტონით.

კოკსტერმა ნაღებიანი თასი ფინჯნისკენ წაიღო და ცოლის ყავაში ნაღები შეურია.

კლარამ მოსვა და დაიჭყანა.

– ოჰ, რა საშინელებაა... ისევ ყველაფერი გააფუჭე და ეს იმიტომ, რომ საერთოდ არ გაინტერესებ. არც ჩემი სურვილები და ჯანმრთელობა გადარდებს...

– აბა, რას ამბობ, კლარა... მე დავლევ შენს ყავას, შენ კი ახალს დაგისხამ.

– საჭირო არ არის, – კლარამ ფინჯნიდან ცოტა ყავა ფისოს ჩაუსხა თასში, ფინჯანში კი ყავა ჩაამატა, – შენ ხომ ვერაფერს მოიფიქრებ... ჰო, მართლა, ხვალ რობესპიერი უნდა წაიყვანო საპარიკმახეროში.

– მე? ჰო, მაგრამ, საყვარელო, ბოლოს რომ მყავდა პარიკმახერთან, ისე დამკაწრა, ლამის ნაკერი დამადეს. სისხლი მადინა. მე მას ვძულვარ.

– ვიყოთ გულახდილები, ჯორჯ, რობესპიერი შენც არ გეხატება გულზე.

– მაგ კატას მარტო შენ უყვარხარ, – გამოსცრა ჯორჯმა და გაიფიქრა, დიდი სიამოვნებით მიგახრჩობდით შენც და შენს მახინჯ კატასაცო, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმა არ შეეძლო – კლარასთვის ფული უნდა ეთხოვა და ამიტომ სიტუაციას ვერ გაამწვავებდა.

– ცოტა ფულს ხომ არ მომცემდი? სულ აღარ მაქვს, – ჯორჯმა შურით შეხედა კატას, რომელზეც მთლიანად იყო გადატანილი კლარას ყურადღებაც და სიყვარულიც. ქმარი იმის მესამედადაც კი არ უყვარდა, როგორც თავისი კატა... ჯორჯმა კიდევ ერთხელ იფიქრა, რომ სიამოვნებით დახოცავდა ორივეს.

– გამომართვი ასი დოლარი და ცოტა გაუფრთხილდი. ძალიან ბევრს ხარჯავ. მუშაობ, ჯორჯ და, წესით, შენი ხელფასი ჯიბის ფულად მაინც უნდა გყოფნიდეს, თუკი, რა თქმა უნდა, საყვარლებში და კაზინოში არ ფლანგავ...

– კლარა, აბა, რას ამბობ?

– იმას, რისი ეჭვიც მაქვს... მაგრამ ახლა ჩხუბი არ მინდა, სავარჯიშოდ უნდა წავიდე, ცოტას ვირბენ. ხომ არ შემომიერთდები?

– არა, გმადლობ. აივანზე წიგნს წავიკითხავ.

კლარამ მხრები აიჩეჩა:

– შენი ნებაა. თუმცა, ჩემი აზრით, ვარჯიში არ გაწყენდა, შესამჩნევად ხარ გასუქებული.

– აუცილებლად ვირბენ შენთან ერთად, ოღონდ, დღეს არა, – დაჰპირდა ჯორჯი. 

მოგვიანებით, როცა აივანზე, სარწეველა სკამში იჯდა, სერიოზულად ფიქრობდა ცოლის მოკვლაზე. ჯერ კლარა უნდა მოეკლა და მერე რობესპიერიც ზედ მიეყოლებინა. პირველად კატა რომ მოეკლა, კლარას ვერ გადაურჩებოდა. მთავარი ახლა სხვა იყო – საშუალება, რომელიც საძულველ ცოლს მოაშორებდა. რომელი უფრო სძულდა – კლარა თუ რობესპიერი – ამ კითხვაზე მას პასუხი არ ჰქონდა. სამაგიეროდ, დარწმუნებული იყო, რომ ორივეს მოკვლით დიდ სიამოვნებას მიიღებდა... უცებ გონებაც გაუნათდა – ჭიქა ვისკიმ და სიგარამ თავისი საქმე გააკეთა – მეზობელი კლოდი ანტიკვარულ მანქანებს აგროვებდა. ბოლოს მუქი ლურჯი „შევროლე“ შეიძინა – ერთი საუკუნის მაინც იყო. სწორედ გუშინ ეუბნებოდა ჯორჯს, მოტორი იდეალურ მდგომარეობაში აქვს, სხვა დანარჩენი კი შესაცვლელიაო... გარაჟშიც აღარ მეტევა და სილვიამ ლამის მომკლასო... ანუ, „შევროლე“ გარეთ იდგა, მისი სახლის გვერდით. ჯორჯი თავის ადრეულ ახალგაზრდობაში, სანამ კლარას შეხვდებოდა, მანქანებს იპარავდა და „შევროლეს“ დაქოქვა არ გაუჭირდებოდა. კლარა გზატკეცილის განაპირას, ქარაფის პირას დარბოდა ხოლმე... ყურსაცმელებითა და თავისი განუყრელი ფლეერით... ამიტომ მანქანის მიახლოებას ვერ გაიგებდა... ჯორჯმა ისიც მოიფიქრა, როგორ შეექმნა ალიბი... ცოლს დაეჯახებოდა, მანქანას იქვე მიაგდებდა... სწრაფად გამოიქცეოდა სახლში და მოსამსახურეს პატარა სკანდალს აუტეხდა – მიზეზის მოფიქრება არ იყო რთული... რობესპიერის მოშორებაც იმავე საღამოს ჰქონდა გადაწყვეტილი... მორჩა, აღარ გადადებდა, დილითვე უნდა დაესრულებინა ეს საქმე... მანქანა ზუსტად სამ წუთში დაქოქა. სახლიდან რომ გამოდიოდა, კატა ფეხებში  გაებლანდა, გაბრაზებულმა შეიგინა და ჩაილაპარაკა – არა უშავს, დიდი დრო აღარ დაგრჩენიაო... „შევროლე“ უხმაუროდ დაიძრა, რამაც გაახარა... თუმცა, მოტორს რომც ეხმაურა, მეზობელი კლოდი ვერაფერს გაიგებდა – ასე ადრიანად მას ყოველთვის ღრმად ეძინა. მისი ცოლი კი სახლში არ იყო. რამდენიმე დღით შოპინგისთვის გაემგზავრა პარიზში...

კლარა ნელა გარბოდა. ყურებში ყურსაცმელები ეკეთა და, როგორც ჯორჯმა ივარაუდა, საერთოდ არაფერი ესმოდა... ყველაფერი, ალბათ, დაბაში მცხოვრებ ყმაწვილებს დაბრალდებოდათ – მათ გაიტაცეს მანქანა, საჭე ვეღარ დაიმორჩილეს და საცოდავ ქალს შეეჯახნენ. ჯორჯმა წარმოიდგინა, როგორი დამწუხრებული სახე ექნებოდა კლარას დაკრძალვაზე და მერე როგორ გაშლიდა ფრთებს მისი ფულებით. გაზის სატერფულს ფეხი დააჭირა და სიჩქარეს მოუმატა... მანქანასა და კლარას შორის მანძილი სულ უფრო მცირდებოდა... ჯორჯი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა, რომ ერთბაშად მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო კისერში და ხმამაღლა იბღავლა... მოულოდნელი დამაბრმავებელი და აუტანელი ტკივილისგან კოკსტერმა საჭეს ხელი გაუშვა, მანქანამ მკვეთრად შეიცვალა მიმართულება და დიდი სიჩქარით შეასკდა ვეება მუხას... ავტომობილის ჩამსხვრეული ფანჯრიდან რაღაც შავი გუნდა გადმოხტა. სწორედ იმ მომენტში, გამაყრუებელი აფეთქების ხმაც გაისმა და „შევროლე“ ცეცხლის ალში გაეხვია... ჯორჯ კოკსტერი მომენტალურად გამოეთხოვა სიცოცხლეს, შავი სიამის კატა კი მსუბუქი ნახტომებით მივიდა დიასახლისამდე და ფეხებზე მიეგლასუნა... კლარა გაშტერებული იდგა და განცვიფრებული შესცქეროდა ალში გახვეულ მანქანას, გამაყრუებელი ტკაცუნით რომ იწვოდა და ბინდიან ცას ანათებდა.

скачать dle 11.3