ზნედაცემული ანგელოზები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N9-22(753)
დოდოშკამ ჩაფიქრებულმა მოისრისა შუბლი. ტატაშკა მოლოდინით შესცქეროდა. ლალი ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს, მაგრამ სიჩუმეს ამჯობინებდა. აღარ უნდოდა, ტატას ეყვირა ან დოდოშკასთვის ფიქრში შეეშალა ხელი.
– ბოლოს და ბოლოს, მეტყვი რამეს თუ არა? – ვეღარ გაუძლო ტატამ მტანჯველ მოლოდინს.
დოდოშკამ სიგარეტს მოუკიდა და მხრები აიჩეჩა:
– ძალიან უცნაური ვინმე ხარ. ისეთ რამეს მეკითხები, რაზეც პასუხი არ მაქვს.
– რატომ არ გაქვს? შენ ხომ სამედიცინოზე სწავლობდი? წესით, ეს ყველაფერი უნდა იცოდე.
– მე სამედიცინო კი დავამთავრე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეპროდუქტოლოგია უნდა ვიცოდე.
– რა? – ვერ მიხვდა ტატა, – რა „ლოგიაო“?! საერთოდაც, მაგ საქმეს კრიმინალის სუნი უდის.
– ვითომ რატომ?
– იმიტომ, რომ ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეიძლება. მგონი, იმ კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისგან შვილის გაჩენას აპირებ. თუ, სპერმის მოპარვა ქურდობა არ გგონია?
– არ მგონია და, იცი, რატომ? თავად არაფერში სჭირდება. პრეზერვატივთან ერთად აგდებს და, არ მითხრა ახლა, რომ მართალი არ ვარ.
– არ ვიცი, არ ვიცი... შეიძლება, მართალიც ხარ. გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ... თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ შეცდომას დაუშვებ.
– ჩემს შეცდომებზე თავად ვაგებ პასუხს, შენ მაგაზე არ იდარდო, – ჩაიცინა ტატაშკამ, – რა გინდა, ოდესმე ხომ უნდა გავხდე დედა?
– პათეტიკა არ გიხდება, – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა დოდოშკამ, – დედობა დიდი პასუხისმგებლობაა და, მეეჭვება, შენმა შვილმა გაგიგოს, როცა ეტყვი, მოპარული სპერმით გაგაჩინეო, – მიახალა შეუბრალებლად.
– იდიოტი ხარ, – გამოცრა ტატაშკამ და გაწითლდა.
– არა, უბრალოდ, ის რეალობა განგიმარტე, რომლის წინაშეც დიდი ალბათობით აღმოჩნდები.
– ნუ დამჩხავი... პირდაპირ მითხარი, რომ არ დამეხმარები.
– არ დაგეხმარები კი არა, ვერ დაგეხმარები, – ამოიოხრა დოდოშკამ, – ნეტავი ვიცოდე, ჭკუა რამ ამოგიტრიალა.
– მე ვიცი? – წამოიყვირა თვალებაცრემლებულმა ლალიმ, – რამ კი არა, ვინ!
– რა „ვინ“? – ვერაფერი გავიგე, მართლა... – დაიბნა დოდოშკა.
– რა ვერ გაიგეთ? შეყვარებულია... უყვარს ის კაცი და მისგან შვილის გაჩენაც ამიტომ მოუნდა... – მოზეიმე ხმით განაცხადა ლალიკომ.
დოდოშკამ სიბრალულით შეხედა გაბრწყინებულ ლალიკოს და სინანულით ჩაილაპარაკა:
– სად არის სამართალი, თორემ, ამას ხუთი შვილი და ქმარი როგორ არ უნდა ჰყავდეს?!
– გეთანხმები, – დაუდასტურა ტატაშკამაც, – ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ ამისი ადგილი ჩვენს სფეროში არ არის. აშკარად მაგარ გაუგებრობაშია.
– ვითომ რატომ ვარ გაუგებრობაში? – ეწყინა ლალიკოს, – ან რა ვთქვი ისეთი წარმოუდგენელი, არ შეიძლებოდა, შეჰყვარებოდა?
– არა! – თითქმის ერთ ხმაში გასცეს პასუხი დოდოშკამ და ტატამ და მერე ორივეს სიცილი აუტყდა.
– რა უნდა გელაპარაკოთ! – განაწყენდა ლალიკო, – დამცინით, იმიტომ, რომ მე სოფლელი ვარ, თქვენ კი გამოსული, „სვეცკი” ქალაქელები? ვიცი, რომ თქვენში სიყვარული არ მოსულა და „ტეხავს”, მაგრამ, რამდენიც არ უნდა იცინოთ, მე მაინც მჯერა სიყვარულის და, მინდა, ვიღაცა მართლა მიყვარდეს. მერე რა, რომ ახლა სექსმუშაკი ვარ! ყოველთვის ასე არ ყოფილა და სულ ასეც არ იქნება.
– რა თქმა უნდა, არ იქნება, – დაეთანხმა დოდოშკა და შემრიგებლურად გაუღიმა, – შენ შეგიძლია გიყვარდეს და ეს მარტო შენი საქმეა. მე რომ სიყვარულმა კარგი არაფერი მომიტანა, იმას არ ნიშნავს, შენც გადაუკეტო გრძნობას გულის კარი.
– აჰა, ისევ დამცინი, – გაიბუსხა ლალი, – იცით, რამდენი ხანია, ვგრძნობ თქვენს ირონიულ დამოკიდებულებას ჩემდამი? მაგრამ ჩუმად ვარ. თუმცა, მწყინს.
ტატაშკამ მხრები აიჩეჩა:
– ცივი წყალი დალიე.
ლალიკოს ტუჩები აუკანკალდა:
– აი, ხედავ? მე ასე არასოდეს გეტყოდი. მართალი იყავი, როცა ამბობდი, ჩვენი მეგობრობა სასაცილოაო, მაგრამ, ასე თუ გეკიდე ფეხებზე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– ეეე, დაიწყო და აღარ დაამთავრა! აქვითინდება ახლა. ვერ ვიტან სენტიმენტებს და, ძალიან გთხოვ, ნუ ფშლუკუნებ, მოიღუშა ტატა, – არც არავინ დაგცინის. უბარლოდ, მეცინება შენს სულელურ რომანტიზმზე და ოპტიმიზმზე. რაც შეეხება სიყვარულს, საერთოდ არაფერ შუაშია იმასთან, მე რომ ბავშვის გაჩენა მომინდა.
– მე ეს ვიცი, – თავი დაუქნია დოდოშკამ, – თუ გინდა, ჭეშმარიტ და ერთადერთ მიზეზსაც გეტყვი, რატომ გადაწყვიტე მოპარული სპერმით შვილის გაჩენა.
ტატაშკამ უკმაყოფილოდ შეუბღვირა დოდოშკას. ლალიკომ ლოყებზე შემოირტყა ხელები:
– აი, ყველაფერი გამიგია, რაღა არ მინახავს ამ ცხოვრებაში, მაგრამ სპერმის მოპარვა ნაღდად არ გამიგია, დედას გეფიცებით. მოიცა და, მერე რა მოხდება? შპრიცით შეისხამ იმ სპერმას თუ როგორ იქნება ეგ საქმე?
– აუ, ახლა ამას რა გაანათლებს!.. ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რამე გსმენია? ჰე, დაძაბე გონება, დაძაბე, – ღიმილით წაახალისა ტატაშკამ
– მსმენია! – გამოაჯავრა ლალიკომ, – ეგეთი შტერიც კი არ ვარ, მაგრამ, ვერ წარმოვიდგინე, როგორ მოიპარავ სპერმას და მერე როგორ გაანაყოფიერებ იმით შენს კვერცხუჯრედს.
– ისე, მეც ვფიქრობ, რომ თეორიულად ეს, ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ, პრაქტიკაში როგორ მოხერხდება მისი განხორციელება, ვერ წარმოვიდგინე – სერიოზულად თქვა დოდოშკამ.
– წარმოიდგინე-მეთქი, არ მითხოვია. ზუსტად მინდა ვიცოდე, გამომივა თუ არა ეს ამბავი.
– ვერ გავიგე. შენ გინდა, რომ მე გავარკვიო ეს ამბავი? – განცვიფრებით ჰკითხა დოდოშკამ.
ჰო, – მშვიდად მიუგო ტატაშკამ.
– შეუძლებელს ხომ არ მთხოვ?
– არა მგონია, შეუძლებელი იყოს. თუ წამახალისებელი პრიზი გჭირდება, ფულსაც გადაგიხდი.
– რას იზამ? – დოდოშკა ადგა, დოინჯმომარჯვებული ტატაშკას წინ გაჩერდა და დაჟინებით მიაშტერდა.
– რას მიყურებ? – არ ესიამოვნა ტატას მისი მზერა, – რა გითხარი, ფულს გადაგიხდი-მეთქი.
– შეიძლება, ბოზი ვარ, მაგრამ, პრასტიტუტკობა მეტისმეტია. თუ შევძლებ და თუ მართლა გინდა, დაგეხმარები.
ტატაშკას სახე გაუნათდა:
– ეს უკვე მეგობრობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
– სიმპათიური მაინც თუ არის? – შეკრული შუბლი გახსნა დოდოშკამ.
ტატაშკამ თვალები მოჭუტა, რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა და გაიღიმა:
– კიიი, ძალიან... მაგრამ, მარტო ამაში არ არის საქმე, საჯიშე ტიპია.
– გეგონება, ცხენზე ლაპარაკობ, – ტუჩი აიბზუა ლალიკომ.
– რატომ? კაციც შეიძლება იყოს ჯიშიანი, – მხრები აიჩეჩა ტატაშკამ, – თან, ძალიან კეთილია, შეძლებული, ჭკვიანია...
– ანუ, მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელსაყრელია, შვილი გაუჩინო. – თქვა ლალიკომ და ისე ამოისუნთქა, თითქოს რაღაცისგან გათავისუფლდაო.
– თუნდაც, – არ უარყო ტატაშკამ, – მერე ეს ასეთი უმნიშვნელო გგონია? მე ცხოვრება მინდა, უზრუნველი და ლაღი ცხოვრება. ჰოდა, რა საშუალებაც მაქვს, გამოვიყენებ, ამას რომ მივაღწიო.
– ესე იგი, აქამდე ცუდად ცხოვრობდი? – შეუბრალებლად დაუკონკრეტა დოდოშკამ.
– რატომ ასეთი მწარე შეფასება? – გაიღიმა ტატამ, – არ მიმაჩნია, რომ აქამდე ცუდად და უაზროდ ვცხოვრობდი. მეტსაც გეტყვით: ძალიანაც მომწონს ჩემი არჩევანი. ეს წლები წყალში არ გადამიყრია, პირიქით, მაქსიმალური სიამოვნება მივიღე ცხოვრებისგან. მაგრამ, მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქრო? ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც გამისწორდებოდა და გართობასა და დროსტარებაზე უარის თქმას არც ახლა ვაპირებ.
– გისმენ და, სიმართლე გითხრა, არ მიკვირს, – მხრები აიჩეჩა დოდოშკამ, – თუმცა, შენი ლოგიკა არც ისეთი დამაჯერებელია.
– ლოგიკა არაფერ შუაშია, იმას ვლაპარაკობ, რასაც მართლა ვფიქრობ. შენ ჩემზე უკეთესად იცი, რომ ჩვენი ცხოვრების ეტაპებს ყველა ჩვენებურად გავდივართ. მე ახლა მინდა ახალი ეტაპი, რომელიც გამაბედნიერებს.
– მოპარული სპერმით გაჩენილი შვილი გაგაბედნიერებს? – ორაზროვნად იკითხა დოდოშკამ.
– რას ჩაიხვიე ეს მოპარული სპერმა, მოპარული სპერმა... თითქოს მართლა კრიმინალი იყოს.
– რა, არ არის? ცოტა უცნაური, მაგრამ, მაინც კრიმინალია.
– მოკლედ, არ მეხმარებით და ამ საქმეში მარტო ვარ, – დამარცვლით და მკაცრი ტონით წარმოთქვა ტატაშკამ.
– მე ბავშვის გაზრდაში მოგეხმარები, – გაუღიმა ლალიკომ, – თუ სხვა რამ შემიძლია, მითხარი და არ დაგზარდები.
– გმადლობ, ლალიკო, შენ მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ამას დაგიფასებ.
– მე კი ურჩხული გამომიყვანე, – ამოიოხრა დოდოშკამ, – არ არის ასე, მაგრამ, მინდა რეალური სურათი დაგანახვო.
– რეალური სურათი ის არის, რომ ყველა კაცი ჩემში მხოლოდ სექსუალურ პარტნიორს ხედავს. არც მინდა ვიფიქრო და დავუშვა, რომ ეს ადამიანი, რომელიც მესიმპათიურება, სერიოზულ ურთიერთობაზე უარს მეტყვის.
– აი, თურმე, რა ყოფილა. შენ იმედი გაქვს, რომ, თუ ჩუმად შვილს გაუჩენ, მისი დათრევის რაღაც შანსი გაგიჩნდება?
– რისი შანსი გამიჩნდება, ეს მე ვიცი, – დაიქადნასავით ტატაშკამ, – მოდი, შორს მიმავალ გეგმებზე ნუ ვილაპარაკებთ, არ მიყვარს. მაგრამ, ერთს გეტყვი: ამაზე ბევრი ვიფიქრე და დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცევი. ვნახოთ, რა შეუძლია ქალს, რომელიც მხოლოდ გასართობად გინდა და თან უმტკიცებ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია.
– მე ასეთი ქმარი მყავდა, – გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა დოდოშკამ, – თუმცა, ჩემით სხვანაირად გაერთო. იმედგაცრუება ისეთივე თანმდევია ჩემი, როგორც ბოზის იარლიყი.
შენ ცოტა ხანს მაინც იყავი პატიოსანი და უმწიკვლო რეპუტაციის. ცოლიც გერქვა და საზოგადოებაც შესაბამისად აღგიქვამდა.
– კარგი, დაგეხმარები, თუ რამე შემიძლია, – წარბშეკვრით ჩაილაპარაკა დოდოშკამ, – ოღონდ, ჩემს წარსულზე ლაპარაკი აღარ არის საჭირო. მინდა, ტვინში მეხსიერების ეგ უბანი საერთოდ გამოვრთო.
– ეგ შესაძლებელია? – გაოცებით იკითხა ლალიკომ.
– ყოველ შემთხვევაში, ვცდი მაინც, – დოდოშკა თავის თითებს ჩააშტერდა და უცებ ხმამაღალი სიცილი აუტყდა. რამდენიმე წუთი ჩაბჟირებამდე იცინოდა, ხელისგულებით ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლებს იწმენდდა და ყურადღებას არ აქცევდა გოგოების გაოცებულ მზერას.
ბოლოს ლალიკომ ვეღარ მოითმინა:
– რა გჭირს, წყალი ხომ არ მოგიტანო?
დოდოშკამ ამოისუნთქა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია:
– ნუ გეშინია, ისტერიკა არ მაქვს. უბრალოდ, რაღაც წარმოვიდგინე. ის ანდაზა რომ არის, ხომ იცით – „ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდიაო”... ტატაშკას თუ ეს ამბავი გამოუვიდა, ანდაზა თანამედროვე ელფერს შეიძენს – სპერმის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო. კაცები კი მაგრად დამანდრაჟდებიან, განსაკუთრებით – ფულიანები და ჯიშიანები: ნახმარ პრეზერვატივებს ჯიბეში ჩაიდებენ და სახლში წაიღებენ – გადაგდებულმა სპერმამ ცხრა თვის შემდეგ კარზე არ მოგვიკაკუნოსო.
– ჰა, ჰა, ჰა! ძალიან სასაცილოა! – გამოაჯავრა ტატაშკამ, – ძალიან ბოროტულად გამოგივიდა.
– ჰო, ცოტათი შავი იუმორი იყო, მაგრამ, რაეალური. კარგი, ახლა სერიოზულად, სამედიცინო ლიტერატურა უნდა გადავქექო. მოკლედ, თავსატეხი გამიჩინე. ფული და ნაცნობობაც დაგვჭირდება, თუმცა, ეს უკვე მოგვიანებით.
– ნაცნობობის რა გითხრა, მაგრამ, ფული არ იქნება პრობლემა, – თავი დაუქნია ტატამ და ხელები მოიფშვნიტა, – ერთი წელი არაფერს ვეტყვი, ორსულს სიმშვიდე დამჭირდება – ჯანმრთელი ბავშვი ხომ უნდა გავაჩინო?
– ანუ, პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენებ? – უკმაყოფილო ტონით ჰკითხა ლალიკომ, რომელსაც აშკარად არ მოეწონა ტატაშკას მსჯელობა.
– ფაქტის არა, ბავშვის, – გადაიკისკისა ტატაშკამ, – მაგრამ, იმის სურვილი, რომ ჩემ გამო ვინმეს ოჯახი დაენგრას, ნამდვილად არ მაქვს. ამიტომ ორივეს ინტერესში იქნება, საიდუმლოებას ფარდა არ აეხადოს, რაც ჩემი და ჩემი მომავალი შვილის კეთილდღეობის გარანტიაც იქნება...
გაგრძელება შემდეგ ნომერში