მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N22(753)
– გვეყო ბაზარი. გოიმებივით ვდგავართ და არ დავიწვათ. წავედით. მანქანა ავიყვანოთ და ბაითში გავემგზავროთ, – თქვა სედოიმ და გასასვლელისკენ გაემართა. დანარჩენები კი უკან მიჰყვნენ.
კონსპირაციული ბინა, სადაც გაქცეულები დაბინავდნენ, ყოფილ ოლიმპიურ სოფელში მდებარეობდა. იქ მათ საშუალო ასაკის, გამხდარი მამაკაცი დახვდათ. ახალგამოსულები ბინაში შეიყვანა. კარი გადარაზა, სედოის გადაეხვია და ჰკითხა:
– როგორ ხარ, სედოი, ძმაო? ფრანტივით გამოწყობილხარ და სადმე რომ შემხვედროდი, ვერც კი გიცნობდი.
– შენ თვითონ როგორ ხარ, „მაკ“, ძმობილო? – მიუგო სედოიმ და მასპინძელს ზურგზე მოუთათუნა ხელები.
მაკი ცნობილი მძარცველი და სედოის ძველი პაძელნიკი იყო. კიჭას, მარსს და დიმკას მასზე ბევრი რამ სმენოდათ. ამიტომ, პირდაღებულები უყურებდნენ ძველი ძმაკაცების საუბარს და ხმას არ იღებდნენ.
– სედოი, ამ ხალხს არ გამაცნობ? – ჰკითხა მაკმა ძმაკაცს და გაიღიმა.
– კიჭა, მარსი და დიმკა – გაიცანი. პატიოსანი ხალხია და საქმე ერთად უნდა გავაკეთოთ, – მიუგო სედოიმ.
მაკმა ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი. გაეცნო და კვლავ სედოის მიუბრუნდა:
– კირიუშა სადღაა. ჩვენი ძველი ძმა და შემსრულებელი?
– მოკვდა. ღმერთმა აცხონოს მისი სული, – მიუგო სედოიმ.
– რას ლაპარაკობ. როგორ, რა დაემართა?
– შუმოკის დროს ზონაში დაბრიდეს. ვიღაც ნაბოზარმა შტირი გაუყარა ყელში და დააგდო.
– მერე, ის ნაბოზარი არ დასაჯეთ?
– დავსჯით.
– აქამდე რას უყურებდით?
– ვინაობა არ ვიცით. ბიჭები იკვლევენ და როგორც კი გაიასნდება, მაშინვე მოუყომარებენ.
– გასაგებია. ეეჰ, კირიუშა, კირიუშა... რა კაცი იყო, ღმერთმა აცხონოს მისი სული – სინანულით თქვა მაკმა, – არადა, როგორ გამოგვადგებოდა ამ საქმეში!
– ღმერთმა აცხონოს, – გაიმეორა სედოიმ.
– რას იზამ, გვეყოფა გლოვა. ოდესღაც ყველა საიქიოში წავალთ, – ხელი ჩაიქნია მაკმა, – წამოდით, მოშიებულები იქნებით და ვისადილოთ.
ჭამის დროს სედოიმ მასპინძელს უთხრა:
– მაკ, ეს ბაითი ხომ სუფთაა? ხომ იცი, ძებნაში ვართ და ძაღლები პირველად შენ მოგაკითხავენ.
– ბაითი სუფთაა. ჯერ კიდევ დო პერესტროიკი დავაკონსერვე და ეშმაკიც ვერ მოგვაგნებს. ძაღლები კი უკვე დამადგნენ.
– მართლა? როდის?
– გუშინ, დილით. მეძინა და ის ბოზები პირდაპირ საძინებელში შემომიცვივდნენ. ყველაფერი დაშმონეს და „მურში“ მივყავდი.
– მერე?
– რა მერე? – მხრები აიჩეჩა მაკმა, – პოლკოვნიკი იყო ერთი, მაგათი უფროსი და ასე ვუთხარი:
– უფროსო, ხომ იცი, რომ ასეთ საქმეებს უკვე დიდი ხანია, შევეშვი-მეთქი. ძველი დრო ხომ არ გგონია, სახლში რომ მივარდები და ინვალიდ კაცს მაწუხებ. „ცეკაში“ გიჩივლებ, ფირმა ჟურნალისტებს ინტერვიუს მივცემ და შენს უფროსს რომ საქვეყნოს გახდიან, პანღურისკვრით გააგდებენ, არც შენ დაგადგება-მეთქი კარგი დღე.
– რაო მერე, რა გიპასუხა? – გაეცინა სედოის.
– ატბოიო, – უთხრა ძაღლებს და წაიყვანა. ფირმების ხსენებამ შეაშინა, ალბათ, – გაეცინა მაკს.
– ჩემგან არ გესწავლება, მაკ, მაგრამ, ხომ იცი, ძაღლების ამბავი. კუდი ხომ არ დაგიტოვეს ნეტავ სათვალთვალოდ?
– დამიტოვეს, როგორ არა, – ჩაეცინა მაკს.
– მერე?
– მერე მატარებლამდე მომდია. მჩიჩმა და მჩიჩმა... ხოლო, რომ დარწმუნდა, გავემგზავრე, პირველივე სადგურში ჩავიდა და თავი დამანება.
– სად მიემგზავრებოდი? – ახლა უკვე სედოის გაეცინა.
– ესენდუკში, სამკურნალოდ. ასე ვუთხარი ძაღლებს. მე თვითონ კი ტულაში ჩამოვედი. მოსკოვში დავბრუნდი და პირდაპირ აქ მოვედი. ასე რომ, ძმაო, ახლა მე ესენდუკში ვმკურნალობ და ძაღლები აღარ დამიწყებენ ძებნას. საქმეს რომ გავაკეთებთ, მართლა იქ გავემგზავრები და ცოტას დავისვენებ.
– ყოჩაღ! არ იცვლები, ყველაფერი კარგად მოგიფიქრებია. საქმეზე რას გვეტყვი. როგორი გეგმა გაქვს?
სადილი რომ დაასრულეს, ყველამ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა. მაკმა კი გაქცეულებს გადახედა და უთხრა:
– გეგმა ასეთია. ქარხნის ინკასაციას, ფული ზუსტად დილის თერთმეტ საათზე მოაქვს. მოლარეა, ორი დამხმარე და ორიც ინკასატორი. იარაღები მხოლოდ ინკასატორებს აქვთ, ისიც „ნაგანები“. ორი ტომარა ფულია. ოთხასი-ხუთასი ათასი მანეთი, სავარაუდოდ. შეიძლება, ოდნავ მეტიც. ჩვენ ასე ვაკეთებთ. მძღოლი თავისი მიკროავტობუსით, ქარხნის შესასვლელიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით უნდა იდგეს და ძრავა ჩართული ჰქონდეს, რადგან, როგორც კი ფულიან ტომრებს დავითრევთ, მოვიდეს. ეს – რაც შეეხება მძღოლსა და მანქანას. ახლა, რას აკეთებენ დანარჩენები, ანუ – თქვენ, რადგან მძღოლი მე ვიქნები. ზუსტად თერთმეტს რომ ხუთი წუთი დააკლდება, თქვენ ოთხნი ქარხნის შესასვლელთან სპეცოვკებში გაიჩითებით. გააბოლებთ და შეყოვნდებით. მანქანა რომ მოვა და ფულიან ტომრებს გადმოიტანენ, ორი კაცი ინკასატორებს შეაყენებს. მათ მიწაზე დაწოლას აიძულებენ და მუშკაზე ეყოლებათ. მეორე წყვილი კი, იარაღის მუქარით ფულიან ტომრებს დაითრევს. ამ დროს მე მანქანას მოვაყენებ და ყველანი მოვტყდებით. ოპერაციის პირველი ფაზა, მაქსიმუმ, ნახევარ წუთში უნდა დასრულდეს.
– მეორე ფაზაც არსებობს? – ჰკითხა სედოიმ.
– რა თქმა უნდა, – მიუგო მაკმა, – დამწვარი მანქანით ხომ არ ვიმოძრავებთ? ამიტომ, მიკროავტობუსს ჩიხში დავტოვებთ. იქ სხვა მანქანაში გადავსხდებით და ეძიონ მინდორში ქარი. მანქანაში ფულებს ხუთ ჩანთაში გადავანაწილებთ და მეტროთი მშვიდად დავბრუნდებით სახლში. მანქანაშივე გამოვიცვლით სამოსს. როგორი გეგმაა?
– ორი შეკითხვა მაქვს... – თქვა სედოიმ.
– გისმენ, – მიუგო მაკმა.
– მაკ, ძმაო, თუ სწორად მივხვდი, გამოდის, რომ იმ ქარხანას მანქანების შესასვლელი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულს მანქანით შეიტანდნენ ეზოში და არა ხელით.
– მართალი ხარ, სედოი. ქარხანას არც ეზო აქვს და არც მანქანის შესასვლელი კარი.
– უცნაურია. აბა, რას ამზადებენ იქ? რაც არ უნდა იყოს, ნედლეული ხომ სჭირდებათ და ხელით შეაქვთ?
– ლოგიკური შეკითხვაა და გპასუხობ. ქარხანა საიდუმლო და გასამხედროებულია. ვფიქრობ, მიწისქვეშა გვირაბი აქვს და ნედლეულიც, ალბათ, იქიდან შედის. სხვა ახსნა მე არ ვიცი.
– ჭკუასთან ახლოა. ახლა მეორე: ვის რა როლი ეკისრება, ანუ, ვინ ვის შეაყენებს?
– ვფიქრობ, მარსმა და კიჭამ ინკასატორები უნდა შეაყენონ. შენ და დიმკა კი, ფულს დაითრევთ.
– გეთანხმები. ასე ჯობია, – თქვა სედოიმ.
– ჰო, კიდევ ერთი. ორი ტეტე მაქვს, ორი პარაბელიუმი და ერთი მაკაროვი. აირჩიეთ, ვის რომელი რკინა გევასებათ. ჩემთვის სულ ერთია, – თქვა მაკმა. კომოდის უჯრიდან პისტოლეტები ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა.
მარსმა და სედოიმ „ტეტე“ აირჩიეს. კიჭამ და დიმკამ – „პარაბელიუმები“. მაკს კი „მაკაროვი“ დარჩა და იარაღიც განაწილდა.
– ახლა დაისვენეთ, ძმებო. მე კი წავალ და მანქანების ამბავს გავარკვევ. ბიჭებისთვის შეკვეთა მაქვს მიცემული და უნდა შევამოწმო. თან, ბეს გადავუხდი, – თქვა მაკმა და წამოდგა.
– მაკ, ძმაო, შენ ხომ ახლა ესენდუკში ხარ და შემთხვევით, რომ ვინმე ნაცნობმა ძაღლმა გნახოს, დაიწვები და ყველაფერი ჩაგვეშლება, – უთხრა მაკს სედოიმ.
მასპინძელს გაეცინა. ძმაკაცს არაფერი უპასუხა და მეორე ოთახში გავიდა. ათი წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა და სტუმრებს დაენახვა. მაკს მოტვლეპილ თავზე თეთრი პარიკი ჰქონდა მორგებული. ნიკაპზე კი ბლანჟე აეკრა. თავზე საზაფხულო ქუდი ეხურა. ხელში ტროსტი ეკავა და თეთრი სამოსი ეცვა. მუქი მწვანე სათვალე ეკეთა და ისე ჰქონდა გარეგნობა შეცვლილი, მშობელი დედაც ვერ იცნობდა.
– როგორია, ძმებო, ვგავარ ახლა მე ძველ მაკს? – იკითხა მაკმა, გაეცინა, კარისკენ გაემართა და სათვალთვალოში გაიხედა. შემდეგ ფრთხილად გააღო კარი, გავიდა და უხმაუროდ გაიხურა.
***
სამი დღის შემდეგ მაკი და ციხიდან გაქცეულები მოპარული „რაფის“ მიკროავტობუსით საქმეზე გაემართნენ. ძებნილები ქარხნიდან სამასი მეტრის მოშორებით ჩამოვიდნენ მანქანიდან და გზა ფეხით გააგრძელეს. მაკმა კი „რაფი“ ქარხნის შესასვლელიდან ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა. ძრავა არ გამოურთავს და მშვიდად გააბოლა. თან, ინკასაციის მანქანის გამოჩენას ელოდა. „რაფს“ ჯერ გაქცეულებმა ჩაუარეს. ქარხნის შესასვლელთან შეჩერდნენ. სიგარეტი გააბოლეს და ერთმანეთში საუბარი გააბეს. ზუსტად თერთმეტ საათზე, ქარხანას ინკასაციის მანქანა მიადგა. შესასვლელთან გაჩერდა და იქიდან ხუთი ადამიანი გადმოვიდა. წინ პირველი ინკასატორი მიდიოდა. შუაში – მოლარე და ფულის ტომარამომარჯვებული ორი დამხმარე. უკან კი მეორე ინკასატორი მიჰყვებოდა. მუშის უნიფორმებში გამოწყობილი, შეჯგუფული, პისტოლეტმომარჯვებული მძარცველები უცებ გაიშალნენ. მარსი წინა ინკასატორს გადაუდგა, კიჭა კი – უკანას. მათ იარაღები მიუშვირეს და მიწაზე დაწოლა აიძულეს. ამის პარალელურად, სედოიმ და დიმკამ დამხმარეები შეაყენეს, ფულით სავსე ტომრები აართვეს და „რაფისკენ“ გაქანდნენ, რომელიც უკვე ქარხნის შესასვლელთან იდგა. „რაფში“ პირველები სედოი და დიმკა შეხტნენ და ფულით სავსე ტომრები იატაკზე დაყარეს. შემდეგ კიჭა და მარსიც მანქანისკენ დაიძრნენ. ყველასთვის მოულოდნელად, მოლარე ქალმა, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია და რომელიც ერთ ადგილზე იყო გაშეშებული, ჩანთიდან „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი ამოაცურა და უკან მყოფ მარსს ესროლა. ტყვიამ მარსს გულის უკანა კედელი გაუხვრიტა და ადგილზევე მოკლა. სროლის ხმაზე კიჭა შემობრუნდა და დაცემული მარსისკენ გაქანდა, რომ დახმარებოდა. იმას კი ვერ მიხვდა, თუ ვინ ესროლა. სროლის ხმამ მიწაზე გართხმული ინკასატორებიც გამოაფხიზლა. მათაც „ნაგანები“ იშიშვლეს და დაწოლილებმა გაუხსნეს ცეცხლი კიჭას, რომელიც უკვე მოკლული მეგობრის წამოყენებას ცდილობდა. ერთი ინკასატორის მიერ გასროლილმა ტყვიამ, კიჭა ფეხის მარცხენა კოჭში დაჭრა და ძირს დააგდო. მეორის ტყვიამ კი წაქცეულ კიჭას თავის ქალა შუაზე გაუპო და ადგილზევე დაიღუპა. სროლის დაწყებისთანავე მაკი, დიმკა და სედოი პისტოლეტმომარჯვებულები გადმოხტდნენ „რაფიდან“ თავიანთი პაძელნიკების დასახმარებლად. მაკმა მოლარეს ესროლა. ქალი მხარში დაჭრა და ძირს დააგდო. მარჯვნიდან გადმოსულმა დიმკამ და სედოიმ კი, მიწაზე გართხმულ ინკასატორებს გაუხსნეს ცეცხლი. დიმკამ პირველი ინკასატორი მხარში დაჭრა და სროლა შეაწყვეტინა. სედოის იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ კი მეორე ინკასატორს ორივე ყბაში გაუარა და ისიც გააჩერა. ამის პარალელურად, ქარხნის შესასვლელიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ავტომატმომარჯვებული რიგითი ჯარისკაცი გამოხტა და მძარცველების მიმართულებით ავტომატის ჯერი გაუშვა. ტყვიებმა დიმკას ყურთან გაუწუილა და ერთი მათგანი სედოის მარჯვენა მკლავსა და ბარძაყში მოხვდა და მიწაზე დააგდო. მეორე ჯერმა კი მაკი დაცხრილა და ადგილზევე მოკლა. დიმკამ მიწაზე დაწოლა მოასწრო და ავტომატმომარჯვებულ ჯარისკაცს სამჯერ ესროლა. ერთი ტყვია მას წვივში მოხვდა და წააქცია. ავტომატი ხელიდან გაუვარდა და სროლაც შეწყდა. ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. სულ რაღაც ოცდაათიოდე წამი გაგრძელდა და სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხუთი კი დაიჭრა. ჯარისკაცი, მოლარე და ინკასატორები – მსუბუქად. სედოის ორი ჭრილობიდან კი ერთი მძიმე და სიცოცხლითვის საშიში იყო. ბარძაყში მოხვედრილმა ტყვიამ მას არტერია გადაუჭრა და სედოის ფეხიდან შადრევანივით ასხამდა სისხლი. დიმკამ სედოი ხელში აიყვანა და „რაფში“ დააწვინა. შემდეგ საჭეს მიუჯდა და ადგილიდან მოწყდა. თან, სედოის უღრიალა, – ჩქარა, ფეხზე პერანგის ნახევი შემოიჭირე, სისხლისგან არ დაიცალოო.
სედოი არ დაბნეულა. თვითგადარჩენის ინსტინქტმა და მრავალწლიანმა გამოცდილებამ ზონაში თავისი ქნა. ზურგჩანთიდან მან ბრიტვასავით ალესილი დანა ამოაცურა და ჯერ უნიფორმა გაჭრა, მერე კი, საშინელი ტკივილის მიუხედავად, სასწრაფოდ გაიძრო. შემდეგ პერანგი შემოიჭირა. საშინელი ტკივილი დაძლია და დაჭრილი მარჯვენა ხელის დახმარებით, ჯერ სახელო დაგრიხა, შემდეგ გაშიშვლებულ ბარძაყზე შემოიხვია და დაატრიალა. ამ მანიპულაციის დროს სედოის ჯოჯოხეთურად სტკიოდა დაჭრილი მარჯვენა მკლავი. ამიტომ, თან ნაჭერს ატრიალებდა, თან მგელივით ყმუოდა. რომ დაასრულა, მარჯვენა ხელი ჩამოუვარდა და მთელს სხეულზე სიმწრის ოფლმა დაასხა. მას დაგრეხილი ნაჭრის ნახევი მარცხენა ხელით ეჭირა და მართალია, ძალები ელეოდა, მაინც არ ნებდებოდა. რომ იტყვიან, სული კბილით ეჭირა.
– როგორ ხარ, სედოი? – ჰკითხა დიმკამ, რომელიც აუღელვებლად მართავდა „რაფს“ და შემდგომი მოქმედების გეგმა თითქმის მოფიქრებული ჰქონდა.
– არა მიშავს. სისხლდენა თითქმის შემიჩერდა, – მიუგო სედოიმ.
– მაგრად გეჭიროს და მალე მივალთ. იქ კი უკეთეს ნახვევს დაგადებ, – უთხრა დიმკამ.
– რას აპირებ?
– რაც დავგეგმეთ, იმას, – მიუგო დიმკამ, – თუმცა, მცირედი ცვლილებებით.
– მანქანის გამოცვლას გულისხმობ, ხომ?
– კი. კიდევ კარგი, რომ გუშინ მაკმა გენერალური რეპეტიცია გაგვატარა და ყველაფერი დავიმახსოვრე, თორემ ამ მანქანით შორს ვერ წავიდოდით. დარწმუნებული ვარ, ამ „რაფს“ უკვე მთელი მილიცია ეძებს. „ნივით“ კი შანსი გვაქვს.
დიმკამ რომ „რაფი“ ჩიხში შეაყენა, თორმეტის თხუთმეტი წუთი შესრულდა. ძარცვის დაწყებიდან სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთი იყო გასული. დიტომ „რაფის“ ფანჯარას, რომელზეც ფარდა ეკიდა, კაპრონის თოკი ჩამოაჭრა, ზედ ჯოხის ნაჭერი მიამაგრა, სედოის ბარძაყზე ამოსდო, დაატრიალა და დაუმაგრა. ძველი ნახვევი კი მოხსნა და იქვე დააგდო. შემდეგ სედოი „ნივის“ უკანა სავარძელზე დააწვინა. ფულით სავსე ტომრები უკანა სალონში დაალაგა. ჯერ ჩანთები დააწყო ზედ, ბოლოს კი ბრეზენტი გადააფარა. საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა. ჩიხს რომ სამიოდე კილომეტრით გასცდა, მანქანა ექვსსართულიანი კორპუსის ძველებური ეზოს ბნელ კუთხეში გააჩერა და სედოის უთხრა:
– მშვიდად იწექი. მალე მოვალ.
– კარგი, – მიუგო სედოიმ და ბიჭს თვალი გააყოლა, რომელიც სადარბაზოში შევიდა.
დიმკა ხუთი წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა. წინა სავარძელი გადასწია და სედოის უთხრა:
– უნდა გადმოგიყვანო. ჭრილობაზე ხელი დაიდე, რომ არ გაგეხსნას.
სედოი უსიტყვოდ დაემორჩილა დიმკას. ბიჭმა ის სადარბაზოში შეიყვანა. ლიფტში ჩასხდნენ და დაიძრნენ.
– სად მივდივართ? – ჰკითხა სედოიმ დიმკას.
– სახურავზე.
– სახურავზე რა გვინდა?
– იქ დაგტოვებ. მე კი წავალ და ქირურგს მოვიყვან, რომ ჭრილობებს მიხედოს, – მიუგო დიმკამ.
სედოის ხმა არ ამოუღია. ბიჭს მორჩილად აჰყვა სახურავზე და გუდრონმოსხმულ ზედაპირზე წამიწვა. დიმკა კი სასწრაფოდ ქვევით დაეშვა და „ნივით“ უახლოესი პოლიკლინიკისკენ გაემართა, რომელიც ჯერ კიდევ გზაში შეათვალიერა. რეგისტრატურაში მან ქირურგის ვინაობა და კაბინეტის ნომერი გაიგო და მეორე სართულზე ავიდა. საბედნიეროდ, ქირურგი მარტო იყო კაბინეტში. დიტო მიესალმა მას და უთხრა:
– ქირურგი ბრძანდებით?
– დიახ. რით შემიძლია გემსახუროთ? – მიუგო ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცმა ბიჭს.
– თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს.
– გისმენთ, ბრძანეთ.
– ექიმო, რა უნდა გაკეთდეს ბარძაყიდან არტერიული სისხლდენის დროს?
– ჭრილობა უნდა დამუშავდეს და გაიკეროს, – მიუგო ექიმმა.
– მკლავზე ნატყვიარის შემთხვევაში? – კვლავ ჰკითხა დიტომ.
ექიმმა გაოცებული მზერა ესროლა დიმკას და კოპები შეკრა. მაგრამ, უცნაური სტუმრის მზერამ თვალი მოსჭრა და უთხრა:
– იქაც ასევე. ჭრილობა უნდა დამუშავდეს და გაიკეროს... ხოლო, თუ ტყვიაა ჩარჩენილი, ჯერ ტყვია უნდა ამოვიღოთ და მხოლოდ ამის მერე, გაიკეროს ჭრილობა.
– თქვენ ეს შეგიძლიათ?
– რა თქმა უნდა, მე ხომ ქირურგი ვარ.
– ექიმო, უნდა წამომყვეთ და ჩემს მეგობარს დაეხმაროთ. მას მარჯვენა ბარძაყის არტერია აქვს ტყვიით გაგლეჯილი და მარჯვენა მკლავშია ტყვიით დაჭრილი. ჩარჩენილი აქვს თუ არა, არ ვიცი. რომ ნახავთ, თვითონვე მიხვდებით.
ექიმმა რომ დიმკას სიტყვები მოისმინა, გაიფიქრა, დამცინისო. შემდეგ კი, ალბათ შეშლილიაო და თავიდან რომ მოეცილებინა, გაუღიმა და რბილად უთხრა:
– რა თქმა უნდა, მივხვდები და დავეხმარები. მაგრამ, თქვენი მეგობარი აქ უნდა მოიყვანოთ. თქვენ ახლა წადით და პაციენტი მომიყვანეთ, მე კი საჭირო ინსტრუმენტებს მოვამზადებ.
– აქ ვერ მოვიყვან და უნდა წამომყვეთ, – მტკიცედ უთხრა დიმკამ ექიმს.
– თქვენ რა, ამას სერიოზულად ამბობთ?
– აბსოლუტურად.
– ახლავე წაბრძანდით აქედან, თორემ მილიციას გამოვიძახებ, – ხმას აუწია ექიმმა, თან ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
დიმკამ ექიმს „პარაბელიუმი“ მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:
– დადე ყურმილი და გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ აქვე გაგათავებ!
ექიმი მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და უთხრა:
– კეთილი. წამოგყვებით. ინსტრუმენტებს გავამზადებ მხოლოდ.
– ჩქარა ქენით, ექიმო. დრო არ ითმენს, – უთხრა დიმკამ, – იცოდეთ, ზედმეტი არაფერი გაბედოთ, თორემ გაუფრთხილებლად გესვრით.
– გასაგებია, – მიუგო ქირურგმა. შემდეგ საკვოიაჟში საჭირო ინსტრუმენტები, სხვადასხვა წამალი და მედიკამენტები ჩაალაგა და დიმკასთან ერთად კაბინეტი დატოვა.
დიმკამ ქირურგი „ნივით“ წაიყვანა და სახურავზე რომ ადიოდნენ, გაოცებულმა ექიმმა მას ჰკითხა:
– სახურავზე მიგყავართ?
– დიახ, ექიმო.
– დაჭრილი იქ იმყოფება?
– სწორედ იქ და სახურავზე უნდა დაეხმაროთ მას, – უთხრა დიმკამ.
ექიმს ხმა აღარ ამოუღია და სახურავზე ავიდა. ჯერ ჭრილობები დაუთვალიერა სედოის. შემდეგ საკვოიაჟი გახსნა და ყველაფერი ამოალაგა. თეთრ ხალათზე განალაგა და თქვა:
– მკლავზე მხოლოდ რბილი ქსოვილებია დაზიანებული, არც ტყვიაა ჩარჩენილი და არც ძვალზეა შეხებული. ამიტომ საშიში არაა. აი, ბარძაყი კი სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს და გაიკეროს. ბოლოს კი მკლავს დავუბრუნდეთ.
– გასაგებია. თუ დაგჭირდეთ, დაგეხმარებით, – მიუგო დიმკამ.
ექიმმა მანიპულაციები დაიწყო და ყველაფერი სამოცდაათ წუთში დაასრულა. შემდეგ თავისი ინსტრუმენტები კვლავ საკვოიაჟში ჩააბრუნა და მხოლოდ წამლები დატოვა. ცელოფნის პარკში ჩააწყო. ფურცელზე დანიშნულება დაწერა. პარკთან ერთად დიმკას მისცა და უთხრა:
– ამ ფურცელზე ყველაფერი წერია და ზუსტად ისე მოიქეცით, როგორც დაგიწერეთ. ნახევარ საათში, პაციენტს დაეძინება და მხოლოდ რვა საათის შემდეგ გაიღვიძებს. პირველადი დახმარება აღმოვუჩინე, მაგრამ სასურველია, მისი სტაციონარში გადაყვანა. აი, სულ ესაა.
– ექიმო, ქვევით ჩამაყვანინეთ, – უთხრა დიმკამ ქირურგს.
ქვევით რომ ჩავიდნენ, სედოი „ნივის“ უკანა სავარძელზე დააწვინეს. დიმკამ კი ფულიან ტომარაში ხელი ჩაყო, იქიდან ასმანეთიანების ათიათასიანი დასტა ამოიღო. ექიმს გაუწოდა და უთხრა:
– ძალადობისთვის ბოდიშს გიხდით, დახმარებისთვის კი – დიდ მადლობას. ეს კი – თქვენ. დაიმსახურეთ.
ექიმმა ფულს დახედა. გაეცინა, თავი გააქნია და დიმკას მიუგო:
– ვერ გამოგართმევთ, დაიტოვეთ.
– რატომ?
– სულერთია, უნდა ჩავაბარო და იმიტომ. თვალთმაქცობას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი, რომ ვალდებული ვარ, ეს ყველაფერი მილიციას შევატყობინო.
– გასაგებია, – მიუგო დიმკამ. ფულის დასტა კვლავ ტომარაში ჩააბრუნა. საჭეს მიუჯდა და სანამ მანქანას ადგილიდან დაძრავდა, ექიმს უთხრა, – მილიციაში წასვლას ნუ იჩქარებთ. ერთი საათი მაინც მოიცადეთ. კარგად იყავით.
ეზოდან რომ გავიდნენ და ფართო ქუჩაზე მისრიალებდნენ, სედოიმ დიმკას უთხრა:
– შენი დიდი მადლობელი ვარ და ამ ამაგს არასდროს დაგივიწყებ. ყოჩაღ, ძმაო!
– როგორ ხარ, სედოი?
– რა მიჭირს. რაც მთავარია, ცოცხალი ვარ, – მიუგო სედოიმ და დაამატა, – ახლა რას აპირებ?
– კონსპირაციულ ბინაში უნდა დავბრუნდეთ და დროებით ფსკერზე დავწვეთ. მაკმა ხომ თქვა, ამ ბინის შესახებ არავინ არაფერი იცისო და ჩვენც ვერავინ მოგვაგნებს.
დიმკამ „ნივა“ ბინიდან ასიოდე მეტრის მოშორებით, მყუდრო ადგილზე გააჩერა და ჯერ სედოი აიყვანა, შემდეგ კი ბრეზენტში გახვეული ფულის ტომრები. ისევ უკან დაბრუნდა და მანქანა მოსკოვის ცენტრში დატოვა. კონსპირაციულ ბინაში კი ტაქსით დაბრუნდა. ოთახში რომ შევიდა, სედოის უკვე ღრმად ეძინა.
***
დიმკამ საათს დახედა. ისრები სამს უჩვენებდა. ძარცვიდან ოთხი საათი იყო გასული. სედოის გაღვიძებამდე კი ექვსი საათი რჩებოდა. დიტო სავარძელში მოკალათდა. სიგარეტი გააბოლა და ჩაფიქრდა. შემდეგ ფული გაახსენდა. წამოდგა, ფულით სავსე ტომრებიდან დასტები იატაკზე დაყარა და დააჩერდა. ამდენი ფული არასდროს ენახა და ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა ასეთ რამეს. დიტომ მაგიდა გაასუფთავა და ფულის დათვლა დაიწყო. იატაკიდან დასტებს იღებდა, მაგიდაზე ალაგებდა და მათ რაოდენობას იმახსოვრებდა. ბოლო დასტაც რომ დადო, აღმოჩნდა, რომ ზუსტად ნახევარი მილიონი მანეთი იდო იქ. შემდეგ საათს დახედა. უკვე ხუთის ნახევარი სრულდებოდა. დიმკა კვლავ სავარძელში მოკალათდა. გააბოლა და ისევ ფიქრებს მიეცა. მალე იგრძნო, რომ ეძინებოდა. წამოდგა და სიგარეტი ჩააქრო. შემდეგ ფეხაკრეფით მივიდა კართან და სათვალთვალოში გაიხედა. დერეფანში სიწყნარე იყო. კვლავ უკან დაბრუნდა და ჯერ მძინარე სედოის დახედა, შემდეგ ფეხსაცმელები გაიხადა. გაიფიქრა, – ცოტას დავისვენებო. ტახტზე წამოწვა, მაგრამ დაღლილობამ თავისი ქნა და დიმკას ჩაეძინა.
დიტო კანდელაკი სედოის ხმამ გამოაღვიძა. მას ზუსტად ცხრა საათზე გაეღვიძა და რომ ვერავინ დაინახა, რადგან საძინებელში იწვა, დიმკას დაუძახა. ბიჭი ტახტიდან წამოდგა. საძინებელში შევიდა და სედოის ჰკითხა:
– როგორ ხარ, სედოი?
– არა მიშავს, – მიუგო სედოიმ.
– ფეხი გტკივა?
– უფრო მკვლავი.
– ეგ არაფერი. ექიმმა თქვა, საშიში არ არისო. ფეხიც გაკერილია და მოგირჩება. გილოცავ გადარჩენას.
სედოიმ მადლიერი თვალებით შეხედა თავის გადამრჩენელს და უთხრა:
– შენი დამსახურებაა ჩემი გადარჩენა. მადლობელი ვარ, ძმაო და ამ ამაგს სიცოცხლის ბოლომდე არ დაგივიწყებ. ყოჩაღ, დიმკა! შენს ადგილზე ბევრი არ გააკეთებდა ასეთ რამეს.
– რის მადლობა. მთავარია, რომ დროზე დადგე ფეხზე და აქედან მშვიდობიანად გავაღწიოთ. კი ვართ მოყუჩებულები, მაგრამ, რა იცი, რა ხდება. ჩვენ ახლა მთელი ძაღლობა გვეძებს და ყოველ კუთხე-კუნჭულში დაიწყებენ ძრომიალს. ხუმრობა ხომ არაა, ნახევარი მილიონი წაგვიღია.
– მართლა? – სახე გაებადრა სედოის.
– კი. დავითვალე.
– ძმურად, სიგარეტი მომაწევინე, – სთხოვა დიტოს სედოიმ და რომ გააბოლა, თქვა, – ჩვენი საცოდავი პაძელნიკები. ის ნაბოზარი ქალი რომ არა, გადარჩებოდნენ და ყველანი ერთად ვიქნებოდით. უნდა ჩამეძაღლებინა ის ძუკნა. ვიზამდი კიდეც, რომ არ დავჭრილიყავი.
– ვინ წარმოიდგენდა, რომ მოლარეს იარაღი ექნებოდა, – თქვა დიმკამ, – ბედია ყველაფერი. არ გაუმართლათ იმ საცოდავებს.
– არ გაუმართლათ, მართალი ხარ.
– სედოი. მოგშივდებოდა და საჭმელს მოგიტან, – უთხრა დიმკამ.
– გარეთ უნდა გახვიდე?
– არა. მაცივარში ცოტა პროდუქტია და დღეს გვეყოფა.
– მიდი, ვჭამოთ.
სედოიმ და დიმკამ ივახშმეს. მიუხედავად იმისა, რომ სედოის არყის დალევა უნდოდა, დიმკამ არ დაანება და უთხრა:
– ექიმმა კატეგორიულად აგიკრძალა, არ შეიძლება, უნდა მოითმინო. ფეხზე რომ დადგები, შემდეგ ერთად შევუბეროთ.
– არა და არა, – გაეცინა სედოის და ხელები გაშალა, – ვემორჩილები რეჟიმს.
ნავახშმევს, სედოის ფეხის საშინელი ტკივილი დაეწყო. თავიდან ითმენდა. შემდეგ გაუძლიერდა. სიმწრის ოფლმა დაასხა და ისე გაფითრდა, რომ დიმკამ ჰკითხა:
– რა მოგივიდა?
– ვეღარ ვუძლებ ტკივილს. გული მიმდის და შეიძლება, გავითიშო, – მიუგო სედოიმ და რომ არ დაეყმუვლა, სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა.
დიმკამ ცოტა ხანს უყურა სედოის ტანჯვას. შემდეგ კი იძულებული გახდა, მისთვის გამაყუჩებელი ნემსი გაეკეთებინა, რომელიც ქირურგმა დაუტოვა. ნემსმა სედოი დაამშვიდა და ჩაეძინა. მეორე დილით, ნასაუზმევს, სედოის კვლავ განუახლდა ტკივილი და დიმკამ ბოლო ნემსიც გაუკეთა. შემდეგ სედოის დახედა და უთხრა:
– წამალი გამოილია. რამე უნდა მოვიფიქროთ.
– მოვიფიქროთ, მოვიფიქროთ... – მიუგო გაბრუებულმა სედოიმ და ჩაეძინა.
დიმკა საძინებლიდან გამოვიდა. სავარძელში მოკალათდა და ჩაფიქრდა. დიტო შანსებს წონიდა და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უზარმაზარი თანხით, ოთხ კედელს შორის იყვნენ გამომწყვდეულები ის და სედოი. თანაც, სედოის გადაადგილება არ შეეძლო. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ გამაყუჩებელი წამალიც გაუთავდათ. გაუთავდათ პროდუქტებიც, მაგრამ სურსათ-სანოვაგის ყიდვა გასტრონომში შეიძლებოდა. აფთიაქში გამაყუჩებელი წამლის ყიდვაც შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან სახიფათო იყო. ქირურგი, რომელმაც სედოი გადაარჩინა, მილიციას ყველაფერთან ერთად, იმასაც ეტყოდა, რომ ავადმყოფს სხვა წამლებთან ერთად გამაყუჩებელიც დასჭირდებოდა. მილიცია კი ამით ისარგებლებდა, ყველა აფთიაქს შეატყობინებდა და იმის დიდი შანსი იყო, ამგვარად გასულიყვნენ მათ კვალზე. მერე კი ორთავე შეეპყროთ. ყველაფერი ეს რომ გაიაზრა, დიმკა მიხვდა, რომ თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაღაც მომენტში სასოწარკვეთილებამაც შეიპყრო. დიმკას, რა თქმა უნდა, შეეძლო, სხვაგვარადაც მოქცეულიყო. მთლიანი თანხა თუ არა, ნახევარი მაინც აეღო და თავის გზაზე წასულიყო. მაგრამ, ისიც კარგად იცოდა, რომ ასეთ რამეს არ გააკეთებდა. სედოის განსაცდელში არ მიატოვებდა და თუკი ცუდი რამ ელოდათ, ამგვარი გზით არ შეეცდებოდა თავის დაღწევას.
მომდევნო ორი დღე დიმკამ სედოის არყით გაატანინა. გამაყუჩებლის ნაცვლად, ავადმყოფს ბევრ არაყს ასმევდა და აძინებდა. მესამე დღეს, სედოის უზომოდ გაუსივდა ფეხი, რადგან დაუჩირქდა და დიმკა მიხვდა, რომ ექიმის ჩარევის გარეშე ავადმყოფი განწირული იყო.
– დიმკა, არაყი დამალევინე, თორემ ფანჯრიდან გადავხტები. ტკივილს ვეღარ ვუძლებ, – კვნესოდა სედოი.
დიმკამ სედოის თითქმის ერთი ლიტრი არაყი დაალევინა. ამან ავადმყოფი დაამშვიდა და დააძინა. თუმცა ბიჭმა იცოდა, რომ სედოის სიმშვიდე ერთ საათზე მეტხანს არ გასტანდა და ტკივილი ახალი ძალით შეუტევდა. ამიტომ, სასწრაფოდ ჩაიცვა. მაგიდიდან ხუთი ცალი ასმანეთიანების დასტა აიღო და შავი ცელოფნის პაკეტში მოათავსა. პიჯაკი მოიცვა. ქამარში „პარაბელიუმის“ სისტემის პისტოლეტი ჩაიდო. პიჯაკის შიდა ჯიბეში ათმანეთიანების ერთი დასტა ჩაიცურა და სასწრაფოდ გავიდა ბინიდან.
დიტო კანდელაკი ნაცნობ ქირურგთან მიიჩქაროდა. მან იცოდა, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდა და ასეთი გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. დიმკამ ორასიოდე მეტრი ფეხით გაიარა. შემდეგ კერძო მანქანა გააჩერა და პოლიკლინიკისკენ აიღო გეზი.
– იური სერგეევიჩი დღეს არ მუშაობს. ისვენებს, – უთხრა პოლიკლინიკაში მისულ დიმკას ახალგაზრდა ექთანმა და დაამატა, – ხვალ იქნება.
– გუშინ ვიყავი დაბარებული და მოსვლა ვერ მოვახერხე. დღეს კი მივემგზავრები, – იცრუა დიმკამ, თან ექთანს გაუღიმა, – იქნებ, იური სერგეევიჩის ბინის მისამართი მომცეთ, ასე მითხრა, კიდევ ერთხელ უნდა გაგსინჯოო. თანაც, არც პატივი მიცია მისთვის. ეს კი თქვენ. რომ მცოდნოდა, ასეთი მშვენიერი გოგონა დამხვდებოდა აქ, ყვავილებსა და „ბანბანერკას“ მოგართმევდით. ჩათვალეთ, რომ მოგართვით, – დიმკამ ექთანს წითელი თუმნიანი ჩაუდო ჯიბეში და გაუღიმა.
გოგონამ ღიმილითვე უპასუხა დიმკას. ფურცელზე ქირურგის მისამართი დაუწერა, გაუწოდა და უთხრა:
– აი მისამართი. გამომართვით. ყვავილებისა და „ბანბანერკისთვის“ კი, მადლობელი ვარ.
– რის მადლობა... უკან რომ დავბრუნდები, ზღვა ყვავილებს მოგართმევთ და რესტორანშიც დაგპატიჟებთ, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა იქნებით.
– უარს არ ვიტყვი, – გაუღიმა დიმკას ექთანმა.
– ნახვამდის, ლამაზო... შეხვედრამდე.
– მე ლენა მქვია. თქვენ?
– პავლე.
– შეხვედრამდე, პავლე.
– შეხვედრამდე, ლენაჩკა. ნახვამდის.
გაგრძელება შემდეგ ნომერში