არის თუ არა საქართველოში შესაძლებელი, მიიღო ხარისხიანი განათლება
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – ხარისხიანი განათლების კერა, ევროპული სტანდარტებითა და მიდგომებით. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა უნივერსიტეტში, აღფრთოვანებული დარჩება მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, აკადემიური პერსონალითა და სალექციო კურსით.
თუ რომელ გაცვლით პროგრამებს ახორციელებს და რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ამის თაობაზე რექტორს, ბატონ დავით ჩერქეზიშვილს ვესაუბრეთ.
– როდის ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და რა არის მისი დეკლარირებული პრინციპები განათლების სისტემაში, მისი განვითარების გეგმა?
– რამდენიმე წელია შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და ძალიან სწრაფი ტემპით შეძლო განვითარება. განათლების სისტემაში, შეიძლება ითქვას, არაერთი აღიარებული პრინციპი არსებობს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მივდივართ ერთადერთ და მთავარ პრინციპთან: ,,მხოლოდ ხარისხიანი განათლება – პირდაპირი გზა წარმატებისკენ“.
სწორედ რომ ხარისხიანი განათლება, საერთაშორისო საუნივერსიტეტო გამოცდილების მიღება და პრაქტიკული ცოდნის შეძენა გახლავთ ის ყველაზე ძვირფასი პროდუქტი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს.
– რომელი ფაკულტეტებია უნივერსიტეტში და რა სპეციალობებს დაეუფლებიან სტუდენტები თქვენთან სწავლისას?
– უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს იურიდიული, ბიზნესისა და ეკონომიკის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები.
საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე მოქმედებს: სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები), საერთაშორისო ურთიერთობების, ინგლისური ფილოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის, განათლების კვლევისა და ადმინისტრირებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამები.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის გახსნა იგეგმება მომავალი სასწავლო წლისთვის.
– სასწავლო პროცესი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში – რა სტანდარტებია, რითაა გამორჩეული, როგორ შეისწავლება საგნები და პრაქტიკული კურსი?
– სასწავლო პროცესი სტუდენტთა დასაქმებასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული; სწავლება მიმდინარეობს ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ კომპონენტს და, აგრეთვე, თანამედროვე ლიტერატურასა და სასწავლო მასალას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დინამიკურად და საინტერესოდ.
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტთა მოტივაციის ასამაღლებლად დაწესებულია სახელობითი სტიპენდიები („ჯინო ფერედაისის“ სტიპენდია – თვეში 100 ლარის ოდენობით; საუნივერსიტეტო სტიპენდია და ასე შემდეგ); ასევე, ყველა სტუდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, სარგებლობენ უფასო დაზღვევის ექსკლუზიური შეთავაზებით.
სტუდენტთა დასაქმების კუთხით, უნივერსიტეტი გამოირჩევა პარტნიორთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფით – უნივერსიტეტის პარტნიორები არიან: უზენაესი სასამართლო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო, იურიდიული დახმარების სამსახური, ცესკო; სხვადასხვა წარმატებული კომპანია: „ჯინო ფერედაისი,” სს „ლომისი”, შპს „დიო”; ასევე, ცნობილი იურიდიული კომპანიები, დასაქმების სააგენტოს ასოციაცია, ადამიანური რესურსების ასოციაცია, ბიზნესგაერთიანება „დამსაქმებელთა ასოციაცია” და არაერთი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სადაც სტუდენტებს აქვთ როგორც პრაქტიკების გავლის, ასევე მომავალში დასაქმების შესაძლებლობა. უკვე არაერთი სტუდენტია დასაქმებული ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებში და წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.
– პროფესორ-მასწავლებლებისა და სალექციო კურსის შესახებ გვიამბეთ. ცნობილია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საკმაოდ კვალიფიციური აკადემიური პერსონალია.
– აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დონე და მათი მაღალი კვალიფიკაცია ზუსტად ასახავს არსებულ რეალობას, რომელიც შეეხება მოპოვებულ ავტორიტეტს პროფესორ-მასწავლებელთა შესახებ. ზემოთ აღნიშნულ ყველა მიმართულებით სასწავლო პროცესს წარმართავენ გამოცდილი, ცნობილი და აღიარებული სპეციალისტები; ასევე, მოქმედი და წარმატებული პრაქტიკოსი ლექტორები, უცხოეთში მიღებული განათლების მქონე ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერები და უცხოელი პედაგოგები. ყველა სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო ეფექტურად და დინამიკურად წარიმართოს სასწავლო პროცესი. რასაკვირველია, ხელს გვიწყობს ის, რომ სალექციო პროცესს წარმართავენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. ჩამოვთვლი მხოლოდ პროგრამის ხელმძღვანელებს; ესენი არიან ზურაბ ძლიერიშვილი, ზვიად როგავა, შალვა მაჭავარიანი, ავთანდილ გაგნიძე, ვარდიკო გვარჯალაძე, გიზო ჭელიძე, ლილი ბიბილაშვილი, ნინო ბერუაშვილი, ირმა ბარბაქაძე, ნინო სოზაშვილი.
– თქვენი უნივერსიტეტი ცნობილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზებით...
– აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ნამდვილად კომფორტული გარემოა შექმნილი სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის. გარდა იმისა, რომ სასწავლო აუდიტორიები აღჭურვილია ახალი სასწავლო ინვენტარით, სტაციონარული პროექტორებით, ეკრანებით, გახმოვანების აპარატურით შესაბამის ადგილებში და, მოქმედებს სათანადოდ აღჭურვილი ორი საკონფერენციო დარბაზი (დიდი და მცირე), ასევე, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, გვაქვს ფეხბურთის მოედანი და ახლახან უნივერსიტეტის ეზოშივე მოეწყო ფრენბურთის მოედანი. უნივერსიტეტის მთელ შიდა პერიმეტრზე არის ინტერნეტზე წვდომა; ამავე დროს, მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე; ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი და სათანადოდ აღჭურვილი ბიბლიოთეკა.
– აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აწარმოებს გაცვლით პროგრამებს უცხოეთში. სულ ახლახან თქვენ რიგის უნივერსიტეტთან გააფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რას ითვალისწინებს აღნიშნული პროგრამა?
– აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი მხარე გახლავთ ის, რომ იგი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებებსა და საზაფხულო სკოლებს ლონდონის, პრაღის, ლინცის (ავსტრია), ლოძის (პოლონეთი), ტალინის, რიგის, ტურიბის, ბალტიის საერთაშორისო აკადემიასა და კონსტანტას უნივერსიტეტებში. ხაზგასასმელია, რომ სტუდენტი თავიდანვე სარგებლობს საუნივერსიტეტო სტიპენდიებით და, საერთო ჯამში, მას უწევს ძალიან დაბალი ფასის გადახდა. რამდენიმე სტუდენტი უკვე გაემგზავრა ლონდონის უნივერსიტეტებში და მათ საკმაოდ მაღალი საუნივერსიტეტო სტიპენდიები მიიღეს. მიმდინარე ზაფხულის პერიოდში არაერთი სტუდენტი აპირებს გამგზავრებას პრაღის, ლოძისა და რიგის უნივერსიტეტების საზაფხულო სკოლებში.
რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რიგის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენს სტუდენტებს შეეძლებათ ორმაგი ხარისხის მიღება საერთაშორისო ურთიერთოებების, სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებზე.
ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს ორმაგი ხარისხის მინიჭებას; შესაბამისად, ჩვენი სტუდენტები, რომლებსაც ექნებათ ორმაგი ხარისხის მიღების სურვილი, ისწავლიან ჩვეულებრივ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და ბოლო სემესტრს გაივლიან რიგის უნივერსიტეტში. ჩვენ ვაღიარებთ რიგის უნივერსიტეტში აღებულ კრედიტებს და, შესაბამისად, რიგის უნივერსიტეტიც აღიარებს ჩვენთან აღებულ კრედიტებს.
– დაბოლოს, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი აბიტურიენტმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტზე?!
– თუ გსურთ, მიიღოთ მხოლოდ ხარისხიანი განათლება; თუ სურვილი გაქვთ, უცხოეთში გააგრძელოთ სწავლა ან/და უცხოელმა პედაგოგებმა საქართველოში გასწავლონ; თუ გსურთ, რომ გასწავლიდნენ გამორჩეული და მაღალი დონის პედაგოგები; თუ გინდათ, რომ სწავლის პერიოდშივე გქონდეთ უშუალო შეხება პრაქტიკასთან, გაგაჩნდეთ კონრეტული დასაქმების პერსპექტივა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და, რაც მთავარია, მიიღოთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მომსახურება ისე, რომ არ გადაიხადოთ ზედმეტი, უნდა აირჩიოთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი!!!
ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც სულ ახლახან მოიპოვა სადოქტორო პროგრამის განხორციელების უფლება და, „აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის” ნაცვლად, მისი სახელია – „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“.